მართლმადიდებლობავ, სიქადულო ჩვენო
მართლმადიდებლობავ, სიქადულო ჩვენო
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასმა" აბასთუმნელი ბერ-მონაზვნების მიერ მოწყობილ საოცრად საინტერესო გამოფენას უმასპინძლა - "მართლმადიდებლობავ, სიქადულო ჩვენო". თემა მართლაც ამაღელვებელი იყო - ყოფილი კათოლიკე, ახლა კი გამართლმადიდებლებული ადიგენელი ბავშვების ნახატების გამოფენა.

მათი მშობლიური სოფელი არალია, საიდანაც მამა იოსებმა, დედა ბარბარემ და მორჩილებმა ჩამოიყვანეს, რათა მათ ცხოვრებაში მომხდარი საოცარი მოვლენა - მართლმადიდებლური სარწმუნოების მიღება და ამ მოვლენით შთაგონებულთა მიერ შექმნილი ნახატები გაეზიარებინათ ჩვენთვის. როგორც მორჩილმა იოანამ გვიამბო, სოფელი არალი, ისევე, როგორც მისი მეზობელი რამდენიმე სოფელი ადიგენის რაიონში, მათ შორის უდე, თითქმის 4 საუკუნეა კათოლიკურ სარწმუნოებას მისდევს. ისტორიულმა ქარტეხილებმა ისეთი რეალობა მოიტანა, რომ მართლმადიდებლური საქართველოს ცალკეული ნაწილები გაკათოლიკდა. მიზეზი ბევრი გახლდათ - თურქთა შემოსევის შემდეგ შექმნილი გარემო, სომხეთიდან მოსახლეობის ჩამოსახლება და ა.შ. ფაქტი ერთია - თითქმის ოთხი საუკუნე ადგილობრივი ქართველები კათოლიკეები იყვნენ და მხოლოდ ახლა, ერთი-ორი წლის წინ, დედაეკლესიამ სცადა ისტორიული რეალობა აღედგინა და დროებით დაკარგული სულიერი შვილები დაებრუნებინა.

KARIBCHE KARIBCHE

მამა იოსებმა, დედა ბარბარემ და რამდენიმე მორჩილმა ეს საქმე სოფელ არალიდან დაიწყეს, სადაც კეთილი ადამიანის მიერ გამოყოფილ სახლში სამლოცველო გახსნეს.

მრევლი თანდათან შედგა, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, ახლა უკვე 40-მდე ადამიანია სამლოცველოში. მშობლებმა თავიანთი შვილებიც მიიყვანეს, ჭეშმარიტ რელიგიას აზიარეს და მონათლეს. ბავშვებს განსაკუთრებულად მოეწონათ მამა იოსებთან - როგორც თვითონ ამბობენ, იქ სილაღე დახვდათ. მამაომ ხატვა ასწავლათ, მორჩილმა იოანამ - სიმღერა. ჰოდა, თავიანთი წკრიალა ხმებით გამოფენაზე მისული საზოგადოებაც მოხიბლეს. ნახატები განსაკუთრებით საოცარი იყო - არალელი ბავშვების შემოქმედება მათ სულში მომხდარ გადატრიალებას ნათლად ასახავდა - ყველა სურათზე ეკლესიაა, ღრუბლებივით შექუჩებული ცხვრები, მღვდლები, ბერები, მონაზვნები, დავით აღმაშენებელი... ყველა ნახატი გულწრფელი, ცოტათი სევდიანი და ძალიან ფაქიზია. ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ ბავშვმა შექმნას, თანაც ბავშვმა, რომელმაც ახალი და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა.

KARIBCHE

ბავშვები თვით უწინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოინახულა. გაფაციცებულნი ელოდნენ პატრიარქის შემოსვლას. როდესაც მან შემოაბიჯა, ერთხმად დაიწყეს მესხური "მრავალჟამიერი" და ყველა მათგანს, ვინც ამ ამბავს ესწრებოდა, ცრემლები მოაწვა თვალებზე - ახალმონათლული ბავშვების წკრიალა ხმები და პატრიარქი... სანამ რაიმეს იტყოდა, პატრიარქმა სათითაოდ დაათვალიერა ყველა ნახატი და მხოლოდ შემდეგ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ის თავადაც იყო არალში, იცის იქ შექმნილი სიტუაცია და მისი აზრით, მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მამა იოსების მიერ წამოწყებულ საქმეს. მან ბავშვებს საჩუქრებიც მიუტანა, თუმცა მათი მთავარი საჩუქარი მართლაც ის სხივია, რომელმაც მათ სულებში სულ ახლახან შეაღწია.

მოამზადა ლელა ზურებიანმა
ბეჭდვა
1კ1