"ყინწვისის ანგელოზი"...
"ყინწვისის ანგელოზი"...
მთიდან ამოწვერილ სინათლეს შემოდგომისფერი სიმკრთალე დაჰკრავდა თითქოს. ტაძრის გუმბათზე ჯვრის აელვარება შენი დანიშნულების სიწრფელეს მახსენებდა.

მოყვითალო ფოთლებით მოფენილ მონასტრის მიწას აქა-იქ ეტყობოდა შენი ნაფეხურები, მამა შიო. ეს მანამ, ვიდრე თეთრად არ შემოსილა ყინწვისის მიდამო, თუმცა ბერთა გარიყულ ხეობას ყველგან ახსოვს შენი ყოფნის სევდიანი მოგონება.

ქოზიფის კლდეში გამოკვეთილ ერთ პატარა სენაკს ამაოდ ვესტუმრე და მხოლოდ სინანული და ისევ იშვიათად ამოსუნთქული სინანული ვიგრძენი და კიდევ - ყინწვისის ანგელოზისფერი თვალების მონატრება, რომელთა დანახვაც მარადისობის წიაღში ჩაკირულ ფრესკას უსათუოდ მოგაგონებდა.

ასე ადრიანად რამხელა სიყვარული და ნდობა შეძელი, ანგელოზებრივი ხარისხით მიწას სცილდებოდი, სცილდებოდი ერთ გარკვეულ სამყოფელს და მთელი ხალხის, დედამიწის საკუთრება იყავი, ისეთი, როგორც ყინწვისის მთიდან ამოწვერილი მზის სხივები, რომლის სითბო ყველაში თანაბრად იღვრება.

მაკლიხარ, მეიმედები, ვნუგეშობ, ვამაყობ, რომ გიცნობდი. Gგიცნობდი – ღვთისმოშიშს, მორჩილს, თავმდაბალს, მშვიდს - ვიცნობდი მიწიერ ანგელოზს, რომელმაც დროებით ჩამოგვიარა ყველას და ჩვენს გაუცხოებულ გულს მიუსაფართა თანაგრძნობა ასწავლა. გვასწავლა განცდა, ტკივილი და მერე ისევ ყინწვისიდან შეუერთდა თავის ჭეშმარიტ სამყოფელს. დუმილით ახმაურებული ყინწვისის ზარები ხშირად გოირგობას, ნიკოლოზობას თუ სხვა საუფლო დღესასწაულებს გვილოცავენ, მაგრამ ცხრამეტ ნოემბერს, იმ მოღუშულ და წელში მოწყვეტილ დღეს, შენს გარდაცვალებას ჩამოჰკრავენ, საფლავს შეამკობენ მარადიული იებით და ყველა თავისთვის იტირებს შენთან განშორებას, მამაო.

როცა მთიდან ამოწვერილ სინათლეს ოქროსფერი სიმკრთალეც შეერევა, ყინწვისში ორი ანგელოზის ჩურჩული ჩაგესმის თითქოს.

მღვდელი
პეტრე კვარაცხელია
ბეჭდვა
1კ1