ფრანგების თვალით...
ფრანგების თვალით...
მადლობა უფალს, რომ ასეთი ლამაზი მოგზაურობა გვაჩუქა
უკვე რამდენიმე დღეა, რაც მესტიიდან ფეხით მივუყვებით ზემო სვანეთის ხეობებს, სოფელ უშგულის დათვალიერება გადავწყვიტეთ. ეს შხარის მთის ძირში მდებარე ბოლო სოფელია. ხელუხლებელი, ველური ბუნება, ათასგვარი ყვავილები, მცენარეები, ტყის ხილი - ყოველივე ამის ხილვა სულს გვიხალისებს.

ზურგზე ჩანთებმოკიდებულები მივუყვებით გზას. ხან მთიელები შემოგვხვდებიან, ხან კიდევ სხვა რეგიონიდან ჩამოსული იშვიათი სტუმრები.

***
მარიონი და მე, შარლოტა, ფრანგები ვართ. მარიონი პროფესიით ლოგოპედია, მე კი - მუსიკოსი. ჩვენ საქართველოს დათვალიერება გადავწყვიტეთ. ეს ხომ გეოგრაფიული ევროპის ბოლო ქვეყანაა, სადაც ევროპისა და აზიის გავლენა ერთმანეთში ჰარმონიულად არის შერწყმული და მიუხედავად ამისა, ეროვნული თვითშეგნება ყოველივეს სჭარბობს.

უკვე ორი კვირაა საქართველოში ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ "ქართულად" ვიცხოვროთ. ქართული კერძების, ქართული ენის, მუსიკისა და ცეკვის გაცნობით ვცდილობთ ვეზიაროთ ქართულ კულტურას.

ახლა კოკისპირულად წვიმს სვანეთის მთებში, ჩვენ გზას განვაგრძობთ. უყურებ ამ სილამაზეს და იმ შემოქმედს აქებ, ვინც ასეთი სილამაზე შექმნა. ღამით კეთილი მასპინძლები გვთავაზობენ თავშესაფარს. თითქმის ყოველ საღამოს მათთან ერთად ვმღერით - მხოლოდ ასეთი ურთიერთობით არის შესაძლებელი იმ ყინულის გადნობა, რომელიც ყველა მთიულის სახეზე აისახება ხოლმე პირველად შეხვედრისას... და ბოლოს ყოველივე მეგობრობით მთავრდება.

მგზავრობისას ჩვენი მეგობარი ნანა ფერაძე გვირეკავს. კეთილი, შეხვედრაზეც შევთანხმდით, კვირას, 26 აგვისტოს, დილის 10 საათზე ცაგერში. ამ დღეს ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად ვიზეიმებთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს.

როგორც ვიცით, წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ქრისტიანობის გავრცელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ნუთუ შევძლებთ დროულად ჩასვლას?

ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ... დანარჩენს კი უფალს მივანდობთ.

***
პარასკევ საღამოს უშგულში ჩავედით. ახლა სასწრაფოდ უნდა მოვნახოთ ისეთი პიროვნება, ვისაც არ გაუჭირდება მანქანით ციცაბო გზებზე სიარული და მეორე დღესვე დაგვაბრუნებს ლენტეხში ან ცაგერში. ამავე სოფლის მკვიდრი ბესო ჩაგელიშვილი ამ პირობაზე გვთანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ის ხვალამდე მოასწრებს მწყობრიდან გამოსული ავტომობილის შეკეთებას. ჩვენი მასპინძელი ბონდო ნიჟარაძეც სთავაზობს დახმარებას. მართალია ის დურგალია, მაგრამ ეხერხება მსგავსი სამუშაოები. შაბათს, დილის 9 საათზე, მანქანა უკვე მზადაა....

კოკისპირული წვიმა წამოვიდა. რა სამწუხაროა! 09.30-ზე მანქანა ვეღარ იქოქება.

არ გაგვიმართლა. მოვიწყინეთ!

მაგრამ აქ, ამ შუაგულ უშგულში, ჩვენ უკვე მივიღეთ ღვთის წყალობა, ჩვენი სვანი მეგობრების ყოფა გაგვეზიარებინა.

ბედს უნდა შევეგუოთ და, როგორც მარიონი ამბობს, მადლობა მოვახსენოთ უფალს.

იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენს მასპინძლებთან ერთად ვმღერით და თივის დაბინავებაში ვეხმარებით ნიჟარაძეების ოჯახს. შუადღეს ჩვენი მძღოლი ბესო გვირეკავს. მანქანა მზადაა. წვიმამ გადაიღო. ღრუბლები გაიფანტა... მზემ გამოანათა. შხარის დათოვლილი მწვერვალი ათასფერად აელვარდა.

ბედმა გაგვიღიმა! ალილუია!

შაბათ საღამოს ცაგერში ჩამოვედით. ღამე ბესოს მშობლებთან გავათიეთ და კვირა დილით, დათქმულ დროს, ჩვენს მეგობარ ნანას შევხვდით.

მაღალია უფლის განგება!

***
26 აგვისტო, 2007 წელი. წმინდა მაქსიმეს ხსენების დღე.

მღვდელმა ზარებს ჩამოჰკრა... წირვაზე მოუხმობს მორწმუნეებს...

ეკლესიაში შევდივართ, წირვა დაწყებულია. მრევლი ლოცულობს, სანთლები უკვე დაანთეს და წმინდა ხატებსაც ემთხვივნენ. მანდილოსნებს თავსაბურავი ახურავთ მორჩილების ნიშნად. იქვე სოფლის ახალგაზრდებისაგან შემდგარი მგალობლების გუნდია. ისინი წირვის დროს ორსაათნახევრის განმავლობაში იგალობებენ. შეიძლება ევროპელებს ეს დრო ხანგრძლივად მოეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ მივხვდით, თუ რატომ არ აქვთ წირვის განმავლობაში ეკლესიიდან მცირე ხნითაც კი გასვლის უფლება მორწმუნეებს და მღვდლებს. შესაძლოა მათთვის ლიტურგიის დროს საერთო ლოცვას უფრო დიდი მადლი აქვს, ვიდრე ინდივიდუალურს... წირვის დროს ფეხზე ვდგავართ. თუ დაიღალეთ, შეგიძლიათ ცოტა ხნით ჩამოსხდეთ, დაისვენოთ. ეკლესიის კართან, გარეთ ვდგავართ, გარეთაც ბევრი ხალხია. ძალიან ცხელა. მოთმინებით ვიტანთ ყოველივეს და ვცდილობთ სულით და გონებით წირვას შეუერთდეთ. მართალია, ქართულს ვერ ვიგებთ, მაგრამ, საბედნიეროდ, ნანა ჩვენს გვერდითაა, გვეხმარება და გვიხსნის ლიტურგიის მსვლელობას.

ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქერუბიმების გალობამ მოახდინა. ღვინისა და პურის, როგორც მაცხოვრის სისხლისა და ხორცის, კურთხევისას მათი ხმა თბილად იღვრებოდა ჩვენს სულში. უსმენ და გგონია, რომ მიწიერი არსებანი კი არა, ანგელოზები გალობენ.

"ღმერთი თქვენთანაა!"

წმინდა მაქსიმეს, ამ ეკლესიის მფარველს, მსოფლიოში ერთნაირად მიაგებენ პატივს როგორც მართლმადიდებლები, ასევე კათოლიკეები და პროტესტანტები.

ის ყოველთვის ქადაგებდა ქრისტიანულ რელიგიას, დროისა და დევნის მიუხედავად. ჩვენ გვახსენდება ის ქრისტიანები, რომელთაც კომუნისტურ რეჟიმს გაუძლეს.

წირვის დასრულების შემდეგ მლოცველები ქალაქთან ახლოს მდებარე მონასტერში წავედით წმინდა მაქსიმეს საფლავის მოსანახულებლად. ჩვენ ამგვარად შეგვიძლია პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და დახმარება შევთხოვოთ ჩვენი სულების გადასარჩენად.

დღესასწაულში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სამღვდელო პირებიც მონაწილეობენ. მღვდლებსა და მონაზვნებს სადღესასწაულო ანაფორები მოსავთ. ყველაფერი ძალზე შთამბეჭდავია. მლოცველებთან ერთად წმინდა მაქსიმეს ხატს ვუახლოვდებით და ვემთხვევით.

როდესაც საფრანგეთში დავბრუნდებით, უფრო ახლოს გავეცნობით მის ცხოვრებასა და წერილებს.

***
ახლა ნანას მივყვებით და მისი წყალობით სხვადასხვა საოცრებას ვეზიარებით. ერთგულმა მრევლმა სუფრა გაშალა, რის შემდეგაც საინტერესო და გულახდილი საუბრები გველის მეუფე სტეფანესთან.

გმადლობთ, მეუფე სტეფანე, ასეთი გულთბილი და მრავლისმომცველი საუბრისთვის.

მადლობა ნანას, ვინც ასე ახლოს გაგვაცნო მართლმადიდებლური ეკლესია და ქართული ქრისტიანული რწმენის ტრადიციები.

მადლობა ყველა ქართველს, ვინც მოგზაურობის დროს გავიცანით.

მადლობა უფალს, რომ ასეთი ლამაზი მოგზაურობა გვაჩუქა, რაც წმინდა მაქსიმეს ხსენების დღესასწაულით დაგვირგვინდა. იმ დიდი წმინდანის, რომელიც შორეულ საქართველოში მოგზაურობის დროს გავიცანით.

წერილების ავტორები შარლოტა უელტი
და მარიონ ელბაკსი

ფრანგულიდან თარგმნა მეგი ტაბატაძემ
ბეჭდვა
1კ1