საქართველოში პირველად გამოიცა "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი"
საქართველოში პირველად გამოიცა "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი"
ქართველი საზოგადოება ფრიად სასიხარულო მოვლენის მომსწრე გახდა - ქართველ მეცნიერთა ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად საქართველოში პირველად გამოიცა "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი". ამ ლექსიკონის შესადგენად მუშაობა ჯერ კიდევ 1982 წელს დაიწყო, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უშუალო ინიციატივითა და კურთხევით. სამუშაოს შესრულება დაევალათ კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს: ენრიკო გაბიძაშვილს (ხელმძღვანელი), მაია მამაცაშვილსა და ანა ღამბაშიძეს. ავტორ-შემდგენელთა ჯგუფი თითქმის ოცი წელი მუშაობდა და, ღვთის წყალობით, მათი ნაშრომი მკითხველთა წინაშე წარდგა.

ლექსიკონში შეტანილია სხვადასხვა შინაარსის მასალა - სრულად არის წარმოდგენილი ქართული ეკლესიისა და საეკლესიო მწერლობის ყველა საკითხი და მათთან დაკავშირებული ტერმინოლოგია: ღვთისმსახურება, საღვთო წერილი, საღვთისმსახურო წიგნები, საეკლესიო შესამოსელი და წმინდა ჭურჭელი, სასულიერო მწერლობის ყველა დარგი, საეკლესიო კანონმდებლობა, სამწერლო-სამონასტრო კერები, ხელნაწერი წიგნისა და საეკლესიო სიგელ-გუჯრების ძირითადი საკითხები, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის ცალკეული პრობლემები, ცნობები ეკლესია-მონასტრების, მათი დაარსებისა და ისტორიის, ხუროთმოძღვრული თავისებურებებისა და მოხატულობის შესახებ.

ავტორ-შემდგენლებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, მასში ასევე შეეტანათ ძირითადი ცნობები საზოგადოდ მართლმადიდებელი ეკლესიის (ეკლესიის გამოჩენილი მამები, საეკლესიო მწერლები და მათი თხზულებები, მწვალებლობები და სხვა), ქრისტიანობის სხვა აღმსარებლობების (კათოლიციზმი, პროტესტანტობა და სხვა), აგრეთვე იუდაური, მაჰმადიანური, ბუდისტური და წარმართული რელიგიების შესახებ.

ლექსიკონში დიდი ადგილი ეთმობათ მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, ქრისტიანული ეკლესიისთვის თავდადებულ მოწამეებსა და გამოჩენილ ბერ-მონაზვნებს, ყველა იერარქიის საეკლესიო პირებს, საეკლესიო მწერლებსა და მთარგმნელებს, ხელნაწერთა გადამწერებს, დამკვეთებს, ეკლესიის მაშენებელ-ქტიტორებს, კალატოზებსა და ხუროთმოძღვრებს, მეფეებსა და დიდებულებს - მათ, ვისაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქრისტიანული ეკლესიის წინაშე. აქვე არიან შეტანილნი იმ სექტებისა და მწვალებლობების დამაარსებლები და ცნობილი მოღვაწეები, რომლებთან ბრძოლაშიც იწრთობოდა ქრისტიანული სარწმუნოება.

ლექსიკონში ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან შეტანილია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული პუნქტები და პირები, საღვთო წერილის უმნიშვნელოვანესი სიმბოლურ-ალეგორიული სახეები, საღვთისმეტყველო ცნებები და ტერმინები.

ლექსიკონის შედგენისას ავტორთა ჯგუფს დიდი სიძნელეების დაძლევა მოუხდა. მთავარი სირთულე კი სალექსიკონო მასალის შეკრება გახლდათ, რადგან წერილობითი წყაროების ნაწილი (ხელნაწერები, საეკლესიო-ისტორიული საბუთები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა საეკლესიო სიძველენი) ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოქვეყნებული. შესაბამისად, მათი გამოყენება და დამუშავება ავტორთა მცირერიცხოვან კოლექტივს დიდი შრომის ფასად დაუჯდა.

ავტორთა ღრმა რწმენით, ეს ლექსიკონი ნაწილია იმ უზარმაზარი სამუშაოსი, წინ რომ უძღვის საქართველოს ეკლესიის სრული ენციკლოპედიის შედგენას - უახლოესი მომავლის ფრიად საშურ საქმეს. ამჟამად კი გამოსაცემად მზადდება "საქართველოს ეკლესიის მოკლე ენციკლოპედია".

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი" 1000-ზე მეტგვერდიანი ნაშრომი გახლავთ. მის გარეკანს ოქროს ასოებით შესრულებული წარწერა ამშვენებს, რომელიც ეკლესიის თაღს მოგვაგონებს.

ეს წიგნი მკითხველს მეგზურობას გაუწევს მისთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ სპეციალური ლიტერატურის მოძიებაში და გზას გაუკვალავს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღისაკენ.
ბეჭდვა
1კ1