შინ სულ სხვა ადამიანად - მორწმუნე კაცად დავბრუნდი
შინ სულ სხვა ადამიანად - მორწმუნე კაცად დავბრუნდი
"სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში სწავლისას სტუდენტებს შორის ერთგვარი შეჯიბრი იმართებოდა ხოლმე, ვინ უკეთ იქადაგებდა, ქადაგება კი მართლაც ჩინებულად გამოგვდიოდა - თავად ხომ მოგვწონდა და მოგვწონდა, მსმენელიც აღტაცებული რჩებოდა, მაგრამ ნამდვილი რწმენისგან შორს ვიყავით. ყველა ჩვენგანი, მართალია, ლამაზად, მაგრამ საოცრად ცივად და გამოფიტულად ვლაპარაკობდით, რადგან სასულიერო აკადემიაში სწავლა ზოგიერთს ჭეშმარიტი რწმენისგან უკუაგდებდა.

ამიტომ, როდესაც წმინდანად შერაცხული რუსი მღველმთავრის, ბელგოროდელი ეპისკოპოსის, იოასაფის წმინდა ნაწილების გახსნასთან დაკავშირებულ დღესასწაულზე ჩვენი სასწავლებლის წარმომადგენლის გაგზავნა შემოგვთავაზეს, ბუნებრივია, წასვლაზე ყველამ უარი განვაცხადეთ. რისთვის წავსულიყავით? სასწაულებს მოწყურებული ბნელი ხალხის სანახავად? ან რა სასწაულები შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენს დროში? მაგრამ რადგან ვინმე აუცილებად უნდა გაგვეგზავნა, წილის ყრა გადავწყვიტეთ. კენჭი მე მხვდა და, უნდა ვაღიარო, რომ მეტად უხალისოდ გავემგზავრე.

იქ ისეთი სანახაობა დამხვდა, მშვიდად ცქერა შეუძლებელი იყო - ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოსულიყვნენ სნეულები და ხეიბრები... იმდენი ტანჯულის ცქერაც კი მიჭირდა... რაც მთავარია, ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, საერთო განწყობა და სასწაულის მოლოდინი უნებურად მეც გადმომედო... რაც დრო გადიოდა, მღელვარება მემატებოდა - თუმც კი არ მწამდა, მაგრამ რაღაცას მაინც ველოდი.

ძალზე მიჭირს იმ სურათის თუ სანახაობის აღწერა: ათასობით სნეული, დაკრუნჩხული, ბრმა და ხეიბარი ქუჩის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყო - იქ, სადაც მღვდელმთავარ იოასაფის ნაწილები უნდა ჩაეტარებინათ.

ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ხეიბრებიდან ერთმა დაკრუნჩხულმა კაცმა მიიპყრო: საბრალოს სხეულის ყველა ნაწილი ერთმანეთს შეზრდოდა, თითქოს მიწაზე ადამიანი კი არა, ხორცის და ძვლების გორგალი იდო...

მოუთმენლად ველოდი, რას მიიღებდა იგი, ან შეიძლებოდა კი მისთვის რამენაირი დახმარების აღმოჩენა.

როგორც იქნა, წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა გამოასვენეს... მსგავსი არასოდეს მინახავს და ვეჭვობ, ოდესმე კიდევ ვნახო: გზის გასწვრივ მდგარი თითქმის ყველა სნეული იკურნებოდა - ბრმებს თვალისჩინი უბრუნდებოდათ, მუნჯები მეტყველებდნენ, ხეიბრებს კი სნეული ადგილები უსწორდებოდათ... თრთოლით, შიშითა და კეთილკრძალულებით ვუმზერდი ყოველივეს და იმ დაკრუნჩხულ ხეიბარს თვალს არ ვაცილებდი. როდესაც მას ლუსკუმა გაუსწორდა, სნეულმა ხელები გაშალა და ისეთი საშინელი ტკაცანი გაისმა, თითქოს მის სხეულში რაღაც ტყდებოდა და იგლიჯებოდა... მერე ნელ-ნელა გაიმართა და ბოლოს ფეხზეც დადგა... გავოგნდი... აღელვებულმა და თვალცრემლიანმა მივირბინე მასთან, შემდეგ რომელიღაც ჟურნალისტს ჩავავლე ხელი, ყველაფერი ვუამბე და ვთხოვე, ეს სასწაული ჩაეწერა.

პეტერბურგში სულ სხვა ადამიანად - მორწმუნე კაცად დავბრუნდი"
................
სურათზე: პეტერბურგი. 1911 წელი. წმიდა იოასაფის ნაწილების აღმოყვანება
ბეჭდვა
1კ1