რახან თამამად გიტვირთია მღვდლობის უღელი, სიმართლის გზით იარე
რახან თამამად გიტვირთია მღვდლობის უღელი, სიმართლის გზით იარე
სამღვდელოება, სულიერი თვალსაზრისით, იგივეა, რაც ჯარი - საეროთი. ჯარი ხალხს სახელმწიფოს მტრისგან იცავს, სულიერი მოძღვარი კი - ზნეობრივი თავდასხმებისგან. ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ მებრძოლებს, ასევე უდიდესი პატივის ღირსნი არიან სულიერი მოძღვრები, რომლებიც თავიანთი ღვაწლით სულიერი მტრებისგან იცავენ ეკლესიას, სარწმუნოებასა და ერის ზნეობას.

***
წმინდა ეკლესიის ყოველი მოძღვარი ორ დიდ საქმეს უნდა ემსახურებოდეს: საკუთარი სულისა და მისთვის აღსაზრდელად მინდობილი სულების ხსნას. "ეკრძალენით უკვე თავთა თქვენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა ეგე თქვენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა" (საქმ. 20:28). ესაა სამღვდელო მოღვაწეობის მთავარი კანონი.

***
ის, ვინც ქადაგებს, მაგრამ სიკეთეს არ თესავს და მართალი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ვინც ასწავლის, მაგრამ თვითონ არ იღვწის, მსმენელს ვერანაირ სარგებლობას ვერ მოუტანს და დაემსგავსება ქუხილს ელვის გარეშე, გასროლას უჭურვოდ, უისროდ მოზიდულ მშვილდს; მხოლოდ იქუხებს და სიტყვებს ისვრის, მაგრამ მსმენელთა გულებში ღვთის შიშს ვერ ჩათესავს.

***
სულიერი მწყემსი, რომელიც სხვებს სულიერ ცხოვრებას ასწავლის, თვითონ კი არ უგემია და გამოუცდია ის, იმ კაცს ჰგავს, რომელსაც არასოდეს გაუსინჯავს თაფლი და ცდილობს, სხვებს აუხსნას, თუ რა ტკბილია იგი.

***
ვისაც მდგომარეობის გამო ევალება სიწმინდეზე საუბარი, ის თვითონაც წმინდა ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს; ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მოსარჩლე, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი. ვინც საკუთარი სულის ხსნაზე არ ზრუნავს, ის არც მოყვასის სულზე იზრუნებს, რადგან შეუძლებელია სხვების ვნებებზე იბატონოს, ვიდრე საკუთარი არ დაუმარცხებია.

***
თუკი მენიჩბე შეცდება, დიდი უბედურება არ არის, ხოლო მესაჭის შეცდომა გემს დაღუპავს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: რიგითი ადამიანის ცოდვით დაცემა საზოგადოებისთვის იმდენად საზიანო არაა, რამდენადაც თვითონ მისთვის, მღვდლის ცოდვები კი ყველას ვნებს.

***
ჩვენ სულიერი მოძღვრის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე ხორციელი მშობლების წინაშე, რადგან ისინი ქვეყნისა და ამა ქვეყნად ცხოვრებისთვის გვშობენ, პირველნი კი - ზეცისა და უფალთან მარადიული ცხოვრებისთვის.

***
როცა არ იცი, ესა თუ ის მოძღვარი ღირსია თუ არა სამღვდელო ხარისხისა, ღვთის მცნების გულისთვის ნუ აითვალწუნებ მას. როგორც ტალახი ან სხვა სიბინძურე ვერას აკლებს ბაჯაღლო ოქროს ან მარგალიტს, ასევე, ვერც მღვდლობას შებილწავს მისი მიმღები ადამიანი, თუნდ ის უღირსი იყოს.

***
"იცით თუ არა, ვინ არის მღვდელი? - გვეკითხება წმინდა იოანე ოქროპირი და თავადვე პასუხობს: - ღვთის ანგელოზი. ამიტომ მღვდლებს მეტი პატივი უნდა მივაგოთ, ვიდრე მშობლებს, რადგან ისინი ქრისტეს მსახურნი არიან მიწაზე და ვინც მათ პატივისცემით ეპყრობა, ქრისტესაც პატივს სცემს".

***
თუკი წოდებული იყავი და საღვთო მღვდლობის მადლმოსილი ჩინი მიიღე, ნუღარ წუხხარ განვლილი ცხოვრების გამო, რადგან თუ წარსულში ცოდვებით დამძიმებულხარ კიდეც, ახლა უკვე, ღვთის მადლით, განწმენდილი და გამართლებული ხარ. მაგრამ ამის შემდეგ შენი უპირველესი საზრუნავი, რომლის მიმართაც სიფხიზლე და ყურადღება არ უნდა მოადუნო, ის უნდა იყოს, რომ ამ მადლს ჩრდილი არ მიადგეს, რადგან თუკი ვინმე, უგუნურებით, შენს მღვდლად ხელდასხმას შენი წარსულის გამო განიკითხავს, პასუხად ღვთის სიტყვა გაიგონოს: "რომელი იგი ღმერთმან წმინდა ჰყო, შენ ნუ შეგინებულ-გიჩნს" (საქმ. 10:15).

***
რახან თამამად გიტვირთია მღვდლობის უღელი, სიმართლის გზით იარე და სიმართლით გამართე ჭეშმარიტების სიტყვა. კრძალვითა და მოწიწებით იმსახურე, რითაც საკუთარი სულის ხსნას მოიპოვებ. რადგან უფალი ჩვენი მწველი ცეცხლია, თუ მას მიეახლები, ვითარცა ოქრო და ვერცხლი, ისევე ნუ შეგეშინდება დაწვისა, როგორც ბაბილონელი ყრმები არ დამწვარან ღუმელში; მაგრამ გეშინოდეს, ზეციერმა ცეცხლმა არ დაგწვას, თუ თივისა და ლერწმისა ხარ, რომლებიც კარგად იწვიან, მხოლოდ სინანულის ცრემლით დასველებულს ვერ მოგეკიდება სიმართლის ალი, როგორც ერთ დროს მაყვლის სუსტ ბუჩქს.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვა
1კ1