ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი შვილი ჭეშმარიტ გზას ადგას
ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი შვილი ჭეშმარიტ გზას ადგას
არა, შვილო, შენ გაიხარე, შენ! მე კი... მე კი... მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლითღა ვივლი და ვიცოცხლებ...
ამქვეყნად დედა ყველაზე საყვარელი და სულზე უტკბესია. ნათქვამია, დედის ამაგს შვილი ვერასოდეს გადაიხდისო. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები. დამეთანხმებით, დედაშვილობა ღვთის წინაშე ორმაგად საპასუხისმგებლოა. მშობელმა ღირსეულად უნდა აღზარდოს შვილი, შვილმაც ღირსეულად უნდა იცხოვროს, რათა მშობლის პატივი ბოლომდე დაიცვას. ზრდასრული შვილი, ღვთის ნებით, მომავალს თავად წყვეტს. თუმცა ბევრი - მშობლის აზრის გათვალისწინებითაც მიუყვება ცხოვრების გზას.

თითქმის ყველა მშობელი ოცნებობს, რომ შვილმა მიიღოს განათლება, დაოჯახდეს და მშობლის ახლოს ტრიალებდეს. მაგრამ როცა ღვთის სიყვარული განუსაზღვრელად შემოდის ადამიანში, ის ყოველგვარ მიწიერს ამაოებად მიიჩნევს და მონასტერში განმარტოებულად, უჩუმრად, უსახელოდ ცხოვრებას ირჩევს, რათა საკუთარი თავი და ახლობლები ამგვარად გადაარჩინოს. მათ განზრახვას მშობლები ხშირად ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ღვთის ნებას წინ ვინ აღუდგება?

ბორჯომში გავიცანი ერთი სათნო ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც ერთადერთმა ვაჟმა სრულიად შეცვალა. ხელისგულზე ნატარებმა ბიჭმა, - როგორც ამას ქალბატონი ნინო ამბობს, - დაუტევა ეს სოფელი და მონასტერი აირჩია. ერისკაცობაში ლაშა გოგილაძე ახლა უკვე ბერი ლაზარეა. როცა ქალბატონ ნინოს ვთხოვე ეამბა თავის განცდებზე, უსიტყვოდ დამთანხმდა. თითქოს ელოდა ამ დღეს, რომ ვიღაცისთვის გაეზიარებინა დაგროვილი სათქმელი. გულში ვერდატეული ზოგი ქაღალდზე გადმოიტანა. ყველაზე მეტად ამ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა ჩამაფიქრა: "გაზაფხულის მეორე თვე დაიწყო... უზომოდ უგემურად... ანცი ქარი ქრიტინით დაქრის. აბორიალებულ თოვლის ფანტელებს აქეთ-იქით ცრის. ტყე-ტყე მივუყვები შენს გზას. ისევ შენზე ფიქრებში ჩაძირული. ქარი სადღაც გაძურწულა. უჩვეულო სიმშვიდეა ირგვლივ, უხვად ბარდნის, მთლად ვიფიფქები. მხოლოდ ჩემს გახურებულ ცრემლიან სახეზე ვერ იკიდებს ფეხს ეს გაზაფხულის დაუპატიჟებელი სტუმარი. ცრემლს კი აგრილებს.

მაინც ვამჩნევ ბუნების მშვენიერ ამღერებას. თოვლის საფარქვეშ განაბულან ყოჩივარდები. მათი ფერი თოვლის სისპეტაკეს შერწყმია. პატარა მდინარე ადიდებული, აბორგებული და თავაწყვეტილი მიექანება თავქვე.

ვჩერდები... ვფიქრობ... მერე ისევ ვაგრძელებ გზას... ისევ ვჩერდები... ჩვენი წარსული აფუსფუსდა ფიქრთა ნაკადში. ბარათაშვილის სიტყვები ჩამესმის:

"ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?"

სახე ამეწვა... ეჰ, როგორ არ ვგავარ ჩემს წინაპარ ქალებს, რომლებიც თავიანთი სურვილით აბარებდნენ შვილებს მონასტერში. იცოდნენ, რა ძალა ჰქონდა ბერმონაზვნობას ერისა და ქვეყნის გაძლიერებისთვის... წირვის მაუწყებელმა ზარის ხმამ გამომაფხიზლა. ფეხს ავუჩქარე. მონასტერში შევედი და მოკრძალებით დავდექი ხატის წინ. ენით გამოუთქმელი გრძნობა დამეუფლა, როცა შენმა ხმამ გაახმიანა ტაძარი, სითბო ჩამეღვარა სხეულში... ოთარაანთ ქვრივივით გავიფიქრე...

"არა, შვილო, შენ გაიხარე, შენ! მე კი... მე კი... მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლითღა ვივლი და ვიცოცხლებ..."

ქალბატონი ნინო შვილის სალოცავი კუთხისკენ მიმიძღვება. თვალცრემლიანი დედა წარსულს ახლა უკვე ტკბილად იხსენებს: "ორი ქალიშვილი მყავს, ჩემი მამა ლაზარე ოჯახის მესამე შვილია. იზრდებოდა ჩვეულებრივად, როგორც ყველა... ჭკვიანი იყო და მისი სიცელქე არავის გვახსოვს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაუჯდა სასულიერო ლიტერატურას, აგიოგრაფიით დაინტერესდა. მაშინ შეისწავლა "შუშანიკის წამება", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", "ვეფხისტყაოსანს" იზეპირებდა. შვილო, როცა დრო იყო, მაშინ ასე არ დაინტერესებულხარ-მეთქი. თურმე ბერობა, ასკეტური ცხოვრება მოსწონდა. ბოლოს მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. ჩვენი ძალდატანებით ინსტიტუტში ჩააბარა... დადიოდა ტაძარში, წირვა-ლოცვას არ აცდენდა. ჯარში წასვლამდე ერთი კვირით საფარაში წავიდა. იქიდან აღტაცებული ჩამოვიდა. ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერებაა იქ ყოფნა, დავმშვიდდი, ძალა შემემატა და ახლა უკვე დავრწმუნდი ჩემი გზის არჩევის სისწორეშიო, - მითხრა. ამის გაგონებაზე ელდა მეცა... ჯარში ჩემს ბიჭთან ერთად მისი მეგობრები, მორწმუნე ბიჭებიც წავიდნენ მოხალისეებად. იქ ისეთი ცუდი სიტუაცია დახვდათ, რომ გამოიპარნენ. დიდი უბედურება დაატყდათ თავს... მაშინ გადაწყვიტა საბოლოოდ ბერობა. წავიდა ბორჯომის მწვანე მონასტერში. მას შემდეგ იქაა. სამი წელიწადი მორჩილებაში გაატარა. შარშან, 26 აგვისტოს ბერად აღკვეცეს.

როგორც დედას, ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა... ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი შვილი ჭეშმარიტ გზას ადგას. ბევრი მეუბნება, ბედნიერი დედა ხარ და არ უნდა ინერვიულოო. მაგრამ დედის გული ხომ სულ სხვაა? სულ მენატრება ჩემი შვილი. თავი შესწირა ასკეტურ ცხოვრებას. მისთვის არ არსებობს დაბადების დღე, რაიმე მოლხენა. ასეთ დროს ჩვენს გვერდით არ არის. ყველაფერი ეს გულს მიკლავს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემი შვილი ჭეშმარიტებას ქადაგებს თავისი ცხოვრებით, რაც ცოტათი მამშვიდებს. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ. სხვას ვასწავლი სკოლაში აგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებებს. ვიცი, როგორი დედები არსებობდნენ, როგორი მამები - უფლისთვის თავშეწირულები და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ არ უნდა ვწუწუნებდე, მაგრამ ალბათ საამისოდ მომზადებული არ ვარ. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვთვლი, რომ ჭეშმარიტების გზას თავადაც უნდა დავადგე. ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემს მოსწავლეებს რწმენა გავუღვივო და ღვთის შიში ჩავუნერგო.

სხვათა შორის, ძალიან მკაცრი დედა ვიყავი, მცირე შეცდომასაც არ ვაპატიებდი. მახსოვს, ერთხელ სიმინდის ტაროები დატეხეს. შინდის მოსაკრეფად წავიდა და სიმინდის ტაროები მოიტანა შინ... ძალიან გავუჯავრდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ცემა შედეგს არ გამოიღებდა და მერე ვუთხარი, წაიღე და სანაგვეზე გადაყარე-მეთქი. მას შემდეგ სულ ნანობდა საკუთარ შეცდომას. ბოლო დროს მითხრა, - დედა შენ სწორად გვზრდიდიო. რა კარგად მოიქეცი მაშინ, ის ტაროები რომ გადამაყრევინეო. ვაკონტროლებდი, მის ყოველ ნაბიჯს ვამოწმებდი. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბავშვის ბუნებაც მნიშვნელოვანია. ჩემს შვილს მართლაც ჰქონდა რაღაც ღვთიური ნიჭი, უფალმა ცოდვისთვის არ გაიმეტა და ჭეშმარიტების გზაზე დააყენა.

ძალიან უყვარდა მარტოობა და ცოტას საუბრობდა. თუ უმსგავსობას შენიშნავდა, სიფიცხე მოერეოდა. როცა მორჩილად წავიდა და ბერობა გადაწყვიტა, ბევრი რამის დათმენა მოუწია.

ხშირად კითხულობდა ბერი ალექსი შუშანიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ამბობდა, მინდა ასეთი ბერი ვიყოო. მართლაც, ვინც იცნობს მამა ლაზარეს, ყველა ამბობს, რომ გამორჩეულია თავისი ზნე-ხასიათით. საოცრად სამართლიანია. როცა ტაძარში სეფისკვერებს არიგებენ ხოლმე, ზედმეტს არ მომცემს - როგორც სხვას, ისე შენო, სხვებისგან გამორჩეული არ ხარო.

როგორც ბერის დედა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. საკუთარ თავს სულ ვაკონტროლებ, რაიმე ისეთი არ ჩავიდინო და სხვისი გასაკიცხი არ გავხდე. რაც ჩემი შვილი წავიდა მონასტერში, მას შემდეგ მეც დავიწყე ეკლესიაში სიარული. ადრე კი დავდიოდი, მაშინ მაგალითიც გავხდი ჩემი შვილისთვის, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ ტაძარში სიარულს თავი დავანებე, სულიერი ძალები არ მეყო. ძალიან მინდა ჩემი შვილის გზას დავადგე და მეც მომცეს უფალმა მონაზვნობის ძალა. მინდა მივენდო ჭეშმარიტებას, უფლის ნებას.

ვლოცულობ ჩემს შვილებზე, ვიცი, რომ დედის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს.

ჩემი შვილის ბერად აღკვეცის დროს, დილით ვილოცე, უფალს ძალა მოეცა ჩემთვის, არ მეტირა. ხელში უფლის ხატი მქონდა და ღმერთს გაძლიერებას ვთხოვდი... თუმცა შინ დაბრუნებულს ნერვებმა მიმტყუნა...

26 აგვისტოს ერთი წელი გახდება, რაც ბერია ჩემი შვილი... შინ იშვიათად მოდის. მარხვის დროს კი მონასტრიდან არ გამოდის.

როცა ბერად აღიკვეცა, გზა დავულოცე. ღმერთს ვთხოვ, პირნათლად ევლოს არჩეულ გზაზე, ისე ეცხოვროს, რომ სასიკეთო კვალი დაეტოვებინოს, მონასტრიდან დაელოცოს ჩვენი ქვეყანა, მომავალი.

დედებს კი ვურჩევ, დაბრკოლებას ნუ შეუქმნიან შვილებს მონასტრული ცხოვრების არჩევაში. ეს ჭეშმარიტების გზაა, უფლის გზა. და თუ მათი შვილი მოწოდებულია ამ გზისთვის, უმჯობესია გზა დაულოცონ. ურჩობით შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიონ მათ...
ბეჭდვა
1კ1