ქართველების ინგლისელი სიძე: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთისაა და სადაც ღვთის მადლი და სიყვარული სუფევს
 ქართველების ინგლისელი სიძე: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთისაა და სადაც ღვთის მადლი და სიყვარული სუფევს
ნოსტალგია უკან დაბრუნების ტკივილს ნიშნავს. ეს სენი მსოფლიოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებული სიმძლავრით შეეყრებათ ხოლმე. "ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი - საკვებისთვის, ადამიანი - საბრძოლველად და სამუშაოდ, მერე კი ყველანი დაბრუნდებიან. მხეცი ისევ თავის ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი - თავის ქოხს" (მ. ჯავახიშვილი).

თუ რას ნიშნავს "მშობლიური ქოხის მონატრება" და რამხელა ბედნიერებაა მშობლიურ მიწაზე თუნდაც გაჭირვებით ცხოვრება, ემიგრაციაში მყოფმა არაერთმა ქართველმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ღრმად გააცნობიერეს, რომ არავითარ წარმატებას და სიხარულს სხვა მიწაზე არ მოაქვს ჭეშმარიტი სიხარულის განცდა და რომ სრულ ბედნიერებას ადამიანი მხოლოდ სამშობლოში შეიძლება ეზიაროს.

ქართველი ქალის ღირსებებზე ბევრი დაწერილა და კვლავაც დაიწერება. მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არ "გადავარდნილა" ზნეობრიობა "მარად ნეტართა დედათა", რომელთა გულიდან ვერაფერმა აღმოფხვრა "სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი", ვერც "ქარმან ჩრდილოსმან", ვერც "დასავლურმა" ყოფამ... მათ შეინარჩუნეს და თავიანთ შვილებს გადასცეს საკუთარი ერის, ენის, მამულის სიყვარული.

თამრიკო ნეფარიძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ფრიადოსანი სტუდენტი გახლდათ, როდესაც კონკურსში გაიმარჯვა და გაემგზავრა ინგლისში, ქალაქ სვინდონში ჯოენის სახელობის ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სამუშაოდ. თამრიკომ შეძლო თავისი ნიჭისა და საქმისადმი თავდაუზოგავი სიყვარულის რეალიზაცია, რითაც მალე გაითქვა სახელი და ასახელა საქართველოც. ინგლისის გაზეთებში იბეჭდებოდა განცხადებები: სხვადასხვა საავადმყოფო სთავაზობდა სამსახურს თამარ ნეფარიძეს, რომელიც საქართველოდან იყო ჩასული.

ინგლისის საავადმყოფოში მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება შესძინა, რასაც დღეს უკვე თავისი ქვეყნის სამსახურში იყენებს. ამჟამად მუშაობს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის მიმღები განყოფილების მთავარი მედდა გახლავთ. არათუ ისე დიდი ხნის წინ ტესტირება გაიარა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იქაც შესთავაზეს დარჩენა სამუშაოდ. ამერიკიდან ჩამოტანილი მასალით კონსულტაცია გაუწია და მოამზადა არაერთი კვალიფიცირებული მედდა, რომლებიც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ.

ინგლისში ყოფნისას თამრიკოს ცხოვრებაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი და "მოულოდნელი" ფაქტი. მან გაიცნო რობერტ ჯორჯ დაუსი, რომლის მიმართაც მაშინვე ნდობით განეწყო. როგორც თავად ამბობს, ეს განწყობა რობის კეთილშობილურმა იერმა გამოიწვია. "რომ დავინახე, მივხვდი, რომ ის უნდა გამხდარიყო ჩემი ცოლი", - გვიმხელს რობი.

ცოტა ხანში რობი საქართველოში ჩამოვიდა და თამრიკოს მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. შემდეგ მართლმადიდებლურად მოინათლა ზემო ბეთლემის ტაძარში, ხოლო ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის დედაეკლესიაში დაიწერეს. ამჟამად 3 წლის გოგონასთან - მარიამთან ერთად ცხოვრობენ თბილისში, თამრიკოს დედ-მამასთან - ამირან და თამილა ნეფარიძეებთან. თვალხატულა მარიამს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში ყველა იცნობს. ბებიას და ბაბუას ყოველ კვირას დაჰყავთ ეკლესიაში, რომლის კედლებსაც, სხვათა შორის, თამრიკოსა და რობის მიერ შეწირული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხატები ამკობს.

ვესაუბრებით თამრიკო ნეფარიძეს.

- თამრიკო, როგორ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?

- საქართველოდან წასვლა არასოდეს მდომებია. გაჭირვების მიუხედავად, "უცხოობაში სიამე" არც მიძებნია, რადგან რაც არ უნდა მატერიალური კომფორტი შემქმნოდა უცხო მიწაზე, სულ მახსოვდა სახარებისეული სიტყვები, დედაჩემი ხშირად რომ მიმეორებდა: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაციო".

ინგლისურად კარგად ვლაპარაკობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისე არა, როგორც მშობლიურ ენაზე. ესეც გარკვეულწილად ბარიერს მიქმნიდა ადამიანებთან ურთიერთობაში. თანაც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემს ქვეყანაში უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, თუნდაც პროფესიული დახვეწის თვალსაზრისით. მშობლიური გარემო გაძლიერებს, გავსებს, გიხმობს შენი ვალის აღსასრულებლად. სამწუხაროდ, ამას სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

შვილი რომ გვეყოლა, საქართველოს მონატრება გამიათკეცდა. ხშირად ვრეკავდი ახლობლებთან, თუმცა რობისთვის არასოდეს შემიჩივლია, არ მითქვამს, წავიდეთ-მეთქი. რა უნდა შემეთავაზებინა ჩემს ქვეყანაში მისთვის? თვითონვე შემამჩნია მოწყენილობა. მითხრა: თუ ასე გიჭირს, საქართველოში წავიდეთ და იქ ვცადოთ ცხოვრება, თორემ მერე იქნებ სანანებლად დაგვრჩესო. აქ რობის ცოტა გაუჭირდა, თუმცა ისე არა, როგორც მე ინგლისში. ცხადია, ენატრებოდა თავისიანები, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავარდნილა. როდესაც წუხილის მიზეზს ვეკითხებოდი, მპასუხობდა, რაც მოხდა, მოხდა, უკან აღარ ვიხედებიო. ხანდახან ვფიქრობ კიდეც, ეგოისტურად ხომ არ მოვიქეცი. რობი ჩემს გამო მოსწყდა ახლობლებს, სამსახურს, სახლს... თავის სამყაროს. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მაშინაც ვაცნობიერებდი, როცა საქართველოში მოვდიოდით. ბოლოს თითქოს გადავიფიქრე კიდეც და ვუთხარი: მოდი, ნუ წავალთ-მეთქი. მაგრამ თვითონვე შემიწყო ხელი, რომ არ დავტანჯულიყავი. შეიძლება ძალიან უჭირდა, მაგრამ არ მაჩვენებდა.

ვესაუბრებით რობერტ ჯორჯ დაუსს.

- გავიზარდე დოროთი და ჰარი დაუსების ოჯახში. ვიყავით ანგლიკანური სარწმუნოების მიმდევრები, თუმცა ყოველ კვირას არ დავდიოდით ეკლესიაში.

- თქვენს მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც უთხარით, რომ საქართველოში მოდიოდით საცხოვრებლად?

- ინგლისელები, ქართველებისგან განსხვავებით, მეტად თავშეკავებულნი არიან ემოციების გამოხატვაში. მშობლებმა შეიძლება გირჩიონ რამე, მაგრამ შენს აზრსა და გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, გზა დაგვილოცეს. გვითხრეს, თქვენ როგორც გსურთ, ისე მოიქეცით, მთავარია, კარგად იყოთო.

- განსაკუთრებით რა მოგეწონათ საქართველოში?

- ერთხელ თამრიკოს მეგობართან, ეკა კობახიძესთან, ვიყავით. შესანიშნავი სუფრა გაგვიშალეს. ყველა თავზე მევლებოდა. ეს უჩვეულოდ მომეჩვენა, გული ამიჩუყდა და ავტირდი (მაშინვე ცხვირსახოცი მომირბენინეს). თამრიკოსთვის ინგლისში ჩემს ახლობლებს არ უჩვენებიათ ასეთი სითბო და სიყვარული. აქ კი, სადაც მივდიოდით, ყველგან უსაზღვრო სითბოთი გვხვდებოდნენ. საოცარია ქართული სუფრა, ქართული ღვინო. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ერი, ისეთი დახვეწილი, ყველასგან განსხვავებული, უსაზღვრო მჭევრმეტყველებით გამორჩეული სადღეგრძელო რომ ჰქონდეს, როგორიც ქართველებს. ქართული სადღეგრძელო ლოცვამდეა ამაღლებული. სადღეგრძელოებს მეც ვსწავლობ.

ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, მრავალფეროვნება, მთები, წყალ-ჭალები... თამრიკოს სოფელში ვიყავით, ამბროლაურის რაიონში. ვნახეთ გამოქვაბული, რომელშიც მზის სხივიც კი არ აღწევს. ამ გამოქვაბულში არის ტბა, რომლის წყალიც ყინულზე უფრო ცივია. აღტაცებულმა თავი ვეღარ შევიკავე და მაშინვე წყალში გადავხტი. რაჭა იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით დავრჩებოდი იქ საცხოვრებლად. საოცარია ქართული ეკლესია-მონასტრები. შეუძლებელია ქედი არ მოიხარო მათი სიძველისა და სიდიადის წინაშე; არ იგრძნო ღვთიური მადლი, რომელიც მათშია დავანებული. გამაოგნა შიომღვიმის მონასტრის ფრესკებმა. ისინი ასხივებენ სიმშვიდეს, სულიერებას და ამავდროულად წარმოადგენენ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს.

თამრიკოს დედა, ქალბატონი თამილა, ხშირად მესაუბრება და მაცნობს მართლმადიდებელი სარწმუნოების არსს. აღმაფრთოვანა საქართველოს გმირულმა წარსულმა. განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა გამიჩნდა დავით აღმაშენებლის მიმართ. ხშირად მივდიოდი მის ძეგლთან რუსთაველის გამზირზე და დიდხანს ვუყურებდი (ახლა უფრო ხშირად მაქვს საშუალება მისი ნახვისა, რადგანაც ჩვენს სახლთან ახლოს გადმოიტანეს).

შეძლებისდაგვარად ვცდილობ ვისწავლო ქართული ენა და უკეთ გავეცნო ქართულ კულტურას. ჩემს ინგლისელ მეგობრებსაც ვუყვები, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთისაა და სადაც ღვთის მადლი და სიყვარული სუფევს.
ბეჭდვა
1კ1