"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი" ინგლისურ ენაზე
"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი" ინგლისურ ენაზე
ამიერიდან ეს წმინდანები იქნებიან მფარველნი ამერიკის ხალხისა
ქრისტიანობის ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ინგლისურენოვანი სამყარო პირველად შეძლებს სრულად გაეცნოს ქართველ წმინდანთა ცხოვრებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამერიკაში მცხოვრებმა დავით ნინოშვილმა თავის ამერიკელ მეუღლესთან - ლორენთან ერთად ინგლისურად თარგმნა დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის მიერ შედგენილი წიგნი "ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი". წიგნი ლადო მირიანაშვილისა და წმინდა გერმანე ალასკელის ძმობის წევრთა რედაქტორობით მომზადდა და 2006 წელს გამოიცა. 504-გვერდიან ტომში წმინდანთა ცხოვრება თვის დღეების მიხედვითაა განაწილებული. თითოეულ ცხოვრებას დართული აქვს შესაბამისი წმინდანის ფერადი ხატი. წიგნი გაფორმებულია საქართველოს ისტორიულ ძეგლთა რუკითა და ფოტოებით.

"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანის" ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. მას უწმინდესი და უნეტარესი დაესწრო და წიგნის შესახებ საზოგადოებას საკუთარი აზრიც გაუზიარა: "ინგლისურად თარგმნა დიდი მოვლენაა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და იმ ქვეყნებისათვის, რომელნიც ლაპარაკობენ ინგლისურად. ისინი გაიგებენ არა მარტო ისტორიას საქართველოსას და მის ცხოვრებას, არამედ ამიერიდან ეს წმინდანები იქნებიან მფარველნი ამერიკის ხალხისა".

წიგნის რედაქტორის, ლადო მირიანაშვილის განმარტებით, "ქართველ წმინდანთა ცხოვრებანის" ინგლისური ვერსიის გამოცემა არის საშუალება ქართული სულიერებისა და კულტურის მსოფლიო ასპარეზზე გასატანად. ამიერიდან ქართველთა შემწე და მეოხ ქართველ წმინდანთა ღვაწლსა და თავგანწირვას მთელი მსოფლიო გაიცნობს. დღემდე ამ მისიას ასრულებდა ჩვენი თანამემამულის, სასულიერო მოღვაწისა და მწიგნობრის, მიხეილ საბინინის მიერ 1871-1873 წლებში რუსულ ენაზე სამ ტომად გამოცემული "ცხოვრებანი". ეს იყო პირველი მცდელობა ქართველ წმინდანთა მოღვაწეობის დეტალების მიწოდებისა არაქართულენოვანი საზოგადოებისათვის. საბინინის ეს გამოცემა დღემდე რჩებოდა ერთადერთ წყაროდ როგორც არაქართველი მრევლისთვის, ისე მკვლევართათვის, თუ არ ჩავთვლით XX საუკუნის 50-იან წლებში დევიდ ლანგის მიერ თარგმნილ ხუთიოდე "ცხოვრებას". და აი, "ცხოვრებანის" რუსული ვერსიის გამოსვლიდან 135 წლის შემდეგ, ინგლისური გამოცემის მეშვეობით, მკითხველთა წრე გაიზარდა. დღეიდან ინგლისურენოვან მოსახლეობას, მათ შორის უცხოეთში დაბადებულ "ჩვენებურებს", რომელთაც, სამწუხაროდ, ქართული ენა არ იციან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ ქართველ წმინდანთა მოღვაწეობას.

"ცხოვრებანის" თარგმნის მძიმე საქმეს 2002 წელს დავით და ლორენ ნინოშვილები შეეჭიდნენ. ამ მადლიანი საქმის კეთებამ მათ პირად ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა და 2003 წელს, წიგნის თარგმნის დამთავრებასთან ერთად, თავიანთი შემდგომი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.

- ბატონო ლადო, წიგნზე მუშაობის პროცესი მართლაც შრომატევადი და საგულისხმო იქნებოდა, თანაც სასიამოვნოდ გასახსენებელი.

- 2005 წლიდან წილად მხვდა ბედნიერება, წიგნზე მუშაობის პროცესში ჩავრთულიყავი როგორც რედაქტორი. "ცხოვრებანის" თანარედაქტორია მამა ადრიანე, წმინდა გერმანე ალასკელის მონასტრის ბერი და მწიგნობარი, თუმცა მისი სახელი სატიტულო გვერდზე მითითებული არ არის. სამონასტრო ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თანარედაქტორად ზოგადად მონასტერია დასახელებული. არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ამ უაღრესად განსწავლულ ბერზე, რომელიც შრომისმოყვარეობასთან ერთად ფლობს მკვლევრისთვის აუცილებელ ყველა თვისებას. ჩვენი ურთიერთობა ვირტუალურად ხდებოდა და მას პირადად დღემდე არ შევხვედრივარ, სხვათა შორის, ისევე, როგორც წიგნზე მომუშავე ჯგუფის სხვა წევრებს.

დაახლოებით რვა თვის განმავლობაში, ყოველ მეოთხე დღეს, მე და მამა ადრიანე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. ვუზიარებდით მოსაზრებებს: ვეძებდით საუკეთესო ვარიანტს, ვხვეწდით თარგმანს. წიგნში ყოველი სიტყვა ერთმანეთთან შეთანხმებულია.

სარედაქციო სამუშაო ითვალისწინებდა ისტორიული მოვლენებისა და თარიღების დაზუსტებას, ზოგჯერ ეს ეხებოდა ძველი ქართული ენის ციტატების ინგლისური თარგმანის დახვეწას, ტექსტებისთვის კომენტარების დართვას, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიაში გაუცნობიერებელი უცხოელი მკითხველისთვის გაუგებარი არაფერი დარჩენილიყო.

წიგნის მნიშვნელობამ განაპირობა ამ გამოცემის მომზადებაში მრავალი ადამიანის - ხატმწერებისა და ფოტოხელოვანების უანგარო ჩართვა.

"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანის" ინგლისური ვერსია არის შედეგი თითოეულისგან ინდივიდუალურად გაღებული წვლილისა. ჩვენი შრომის საბოლოო ნაყოფის მაღალი დონე და მასზე დიდი მოთხოვნა ამერიკასა და ევროპაში გვაფიქრებინებს, რომ მის მომზადებაზე თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული შრომა ქართველ წმინდანთა დასმა შეიწირა.

განსაკუთრებული სითბოთი და სევდით მსურს მოვიგონო ახლახან გარდაცვლილი ბატონი ვახტანგ ჯობაძე, საქართველოს სიყვარულით დაფერფლილი მეცნიერი, სამშობლოდან ევროპაში, შემდეგ კი ამერიკაში გადახვეწილი მკვლევარი, რომელიც ქართული კულტურის ძეგლებს სწავლობდა ტაო-კლარჯეთსა და ანტიოქიაში. როდესაც ბატონმა ვახტანგმა შეიტყო "ცხოვრებანზე" მუშაობის შესახებ, გვერდში დაუდგა წმინდა გერმანე ალასკელის მონასტერს, დაუზარლად იძლეოდა რჩევებს და წიგნში გამოსაქვეყნებლად ოთხი შავ-თეთრი ფოტოც დაგვითმო.

მადლობას მოვახსენებ ამერიკელ ბერს, მამა თევდორეს, რომელსაც ამერიკულ მონასტერსა და ქართველებს შორის შუამავლის როლი ჰქონდა დაკისრებული. მადლობა ყველას, ვინც ამ წიგნზე იღვაწა და წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ბეჭდვა
1კ1