"კეთილისმთქმელი" მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება
"კეთილისმთქმელი" მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება
ზარის რეკვა
ტაძრის შესასვლელთან, ზოგჯერ კი მის გასწვრივ, სამრეკლოს აღმართავენ ზარებისათვის, რომელთა რეკვით მორწმუნეებს უხმობენ სალოცავად, ღვთისმსახურებაზე, ანდა რეკავენ ღვთისმსახურების უმთავრესი მომენტების დროს.

ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ებრაელები ღვთისმსახურების დაწყებას ბუკით ამცნობდნენ ერთმანეთს და სალოცავ კარავში იკრიბებოდნენ. საყვირს ხმარობდნენ იერუსალიმის ტაძარშიც. პირველ ქრისტიანებსაც უნდა ჰქონოდათ ეს წესი, მაგრამ რადგან დევნიდნენ, მალულად იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე და ამ წესს ვერ იყენებდნენ. ისინი რომელიმე მორწმუნის მეშვეობით აგებინებდნენ ერთმანეთს ლიტურგიის დაწყების დროს. შემდგომ, როცა ქრისტიანობა გაძლიერდა, ფიცრის სარეკელს (ანუ ძელის ზარს) იყენებდნენ: რკალისებრ სპილენძს ურტყამდნენ ფიცრის ნაჭერს და მლოცველნი ამ ხმაზე იკრიბებოდნენ ტაძარში. სპილენძისა და ფიცრის ჩამოსაკიდებლად აგებდნენ გადახურულ კოშკებს. აქედან უნდა იღებდეს სათავეს სამრეკლოების შენება. ეკლესიებში ზარების ხმარება შემოიღეს IV საუკუნეში. მის დამკვიდრებას ეკლესია იტალიელ ეპისკოპოსს, წმინდა პავლეს მიაწერს. წმინდა პავლეს აწუხებდა ზარის ფორმისა და ზომის საკითხი. ერთხელ მან ველად ნახა ზარის მოყვანილობის ყვავილები და გადაწყვიტა, ზარებიც მათი მსგავსი დაემზადებინა... თავიდან ზარები ძნელად მკვიდრდებოდა, თუმცა VIII-IX საუკუნეებში ევროპაში გავრცელდა, XII საუკუნისთვის კი უკვე მთელ ქრისტიანულ სამყაროში გამოიყენებოდა.

ეკლესია-მონასტრებში ზარებს განსაკუთრებული წესით რეკავდნენ: სადაგი დღის მწუხრისა და ცისკრის ლოცვის დაწყებისას მხოლოდ ცალ ზარს რეკავდნენ, თანაც 33-ჯერ. დიდი მწუხრისა და ლოცვის, ასევე ღამისთევის ლოცვის დაწყებისას ჯერ დედო ზარს (მთავარი, ყველაზე დიდი ზარი) დარეკავდნენ რამდენჯერმე, შემდეგ ყველას ერთად. წირვის დაწყებისას ჯერ კვეთის ზარს რეკავდნენ, შემდეგ დედო ზარს, მერე კი ყველა ზარს ერთად.

ზარები ირეკება წირვის მსვლელობისასაც: ზოგან "ღირს არსის" გალობისას, ზოგან სახარების კითხვისას, წირვის შემდეგ კი ყველა ზარი ერთად აგუგუნდება.

მწუხრის, ცისკრის ლოცვისა და წირვის დაწყებისას ზარის რეკვა ნიშნავს ხალხის მოწოდებას სალოცავად. ზარები ერთად ირეკება იმისათვის, რომ ამა თუ იმ დღესასწაულზე ღვთისმსახურებას საზეიმო ელფერი ჰქონდეს. ზარების რეკვას თავისი წესი აქვს გლოვის დროსაც. წირვის წინ ცალი ზარის რეკვა ნიშნავს წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებას ქრისტეს შესახებ და მორწმუნე ერის მოლოდინს მისი განკაცებისა. ამის შემდეგ ზარების ერთად რეკვა ნიშნავს იმას, რომ წინასწარმეტყველება ახდა და ღმერთი ხორციელად იშვა. შუა წირვის ზარი მორწმუნეებს მოაგონებს, რომ იწყება უსისხლო მსხვერპლშეწირვის განსაკუთრებული მონაკვეთი, როცა სულიწმინდის მეშვეობით პური და ღვინო გარდაიქმნება სისხლად და ხორცად.

როდესაც ტაძარს ვუახლოვდებით, ჯერ კიდევ შორიდან გვესმის ზარების ერთმანეთში გარდამავალი ხმები. დიდი ზარის ბგერა მიცურავს არემარეში, თითქოს ავსებს ჰაერს, ხოლო ამ ფონზე რეკავენ და ეხმიანებიან სხვა ზარები. ისინი გვაუწყებენ, რომ ახლოვდება ღვთისმსახურების ჟამი. მაგრამ ზარი არა მარტო ლოცვაზე მომხმობი "გონგია", არამედ ნამდვილი მუსიკაა, გამოტანილი ტაძრის გარეთ, ქუჩაში. ზარებზე შეიძლება აჟღერდეს რთული მუსიკალური ნაწარმოები. ძველად ეკლესია-მონასტრებს ჰქონდათ ჟღერადობის საკუთარი "სტილი".

ზარების ჟღერადობა მადლს ჰფენს ტაძრის მიდამოებს, განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს პეიზაჟს. ზარის ჟღერადობა საშუალებას აძლევს ყანაში მომუშავე გლეხს ან მგზავრს, რომ აზრით, გონებით ტაძარში იყოს. ის თითქოს ადამიანის სადარაჯოზეა, არ აძლევს მას ყოველდღიურობასა და ამაოებაში გასვრის საშუალებას. იგი სინდისისკენ უხმობს მას, ვინც დაივიწყა თავისი ვალი, ანდა მზადაა წავიდეს არასწორი გზით. ტყუილად არა აქვს გოეთეს ნათქვამი, რომ სააღდგომო ზარების ხმამ აიძულა ფაუსტი, გადაეგდო შხამით სავსე ფიალა. ზარი არის ეკლესიის ხმა, მძინარე კაცობრიობის გამღვიძებელი, ჭეშმარიტად "კეთილისმთქმელი" მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება.
ბეჭდვა
1კ1