მთავარია, მთელი ცხოვრება გაჰყვეს ის უბრალოება და სიმშვიდე, რომელიც დღეს აქვს
მთავარია, მთელი ცხოვრება გაჰყვეს ის უბრალოება და სიმშვიდე, რომელიც დღეს აქვს
ბავშვებს შესწევთ უნარი, უშუალოდ და წრფელად აღიქვან სამყარო; ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა და რისი ჭვრეტაც შეიძლება: ცა, ვარსკვლავები, მკრთალი ღრუბლის ფთილები, წყარო, ტყე, მინდორი... შექმნილია, რათა გვახალისებდეს, გვავსებდეს თავისი წილი სიკეთით. მაგრამ ჩვენ, "დიდებს", თითქოს რაღაც სულიერი სენი შემოგვეპარა, სილაღე დავკარგეთ... აღარ გვცალია... ჩვენი გული ვეღარ ეძლევა, ჩვენი მზერა ვეღარ წვდება ამ მშვენიერებას...

უფალი ამბობს: "ემსგავსენით ბავშვებს, რადგან ეგევითართათვისაა სასუფეველი ცათა". ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" მახსენდება: "ბავშვები ძალზე მოწყალენი უნდა იყვნენ დიდების მიმართ". ძნელია ბავშვის უმანკო და აუმღვრეველ სამყაროში შეღწევა. "რა არის სერიოზული თუ არასერიოზული, ამაზე პატარა უფლისწულს თავისი აზრი ჰქონდა, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდებოდა დიდების შეხედულებისაგან". თუ გინდა ჩასწვდე ბავშვის (პატარა უფლისწულის) საიდუმლოს, ჭეშმარიტად უნდა აღიარო: "სასარგებლოა ის, რაც მშვენიერია".

7 წლის ლუკა ოთარაშვილის ნახატებში ბავშვის უმანკო მზერით დანახულ ქვეყანას ვეცნობით, რადგანაც სამყარო სარკეა ღმერთისა, ნახატი კი - ადამიანისა, მისი სულის გამონაშუქი. ბავშვი თვალის გახელისთანავე ფერებით აღიქვამს სამყაროს. დროთა განმავლობაში კი უგროვდება შთაბეჭდილებები, განცდები, შეგრძნებები. შემდეგ მას მათი გამოხატვის მოთხოვნილება უჩნდება, რაც "შინაგანად განცდილის გარეთ სწრაფვის ტენდენციის ნიადაგზეა აღმოცენებული" (დ. უზნაძე).

ლუკას ნამუშევრები თემატურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათში ჭარბობს რელიგიური თემები: გამშვენებული ჯვრები, ტაძრები, სამრეკლოები... გვხვდება ფანტაზიით შექმნილი სხვადასხვა კომპოზიციაც. ლუკას შთაგონების წყაროა ასევე ზღაპრები. ყოველ ნახატს ეტყობა იმ ბავშვური და გულუბრყვილო სამყაროს კვალი, რომელსაც პროფესიონალი მხატვრები ეძიებენ, თუმცა ხშირად არ გამოსდით და ნახატებს არაბუნებრივ ელფერს სძენენ.

ლუკა ვაკის წმინდა სამების სახელობის ტაძრის სტიქაროსანია. მისი ბავშვობა ეკლესიის წიაღში მიედინება. მისი ნახატებიც ეკლესიის მადლით არის გამთბარი და ნასაზრდოები.

ლუკას ფერთა შეხამების საოცარი უნარი აქვს. მის ნამუშევრებს მკვეთრი და ცოცხალი კოლორიტი გამოარჩევს. ჭრელი, ხასხასა, მუქი მწვანე, წითელი, ყვითელი, იისფერი ფერებით შეზავებული და უხვი ორნამენტებით შემკული ნახატები სამყაროს მრავალფეროვნებასა და ფერადოვნებას ახალი ძალით შეგვაგრძნობინებს. ლუკა საქართველოს ძირძველი კუთხის - საინგილოს შვილია.

პატარა მხატვარსა და სტიქაროსანს წინ დიდი და საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს, გზა ცხოვრების, ადამიანების, საგნების თვალებში "ჩამზერისა", სამყაროს შემეცნებისა, საკუთარი მოწოდების გაცნობიერებისა. თუნდაც პროფესიონალურად დაოსტატებისა. დალოცვილი ყოფილიყოს მისთვის ეს გზა. პატარა ლუკას შემოქმედებას დიდ შეფასებას აძლევს მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი: "ლუკას ორიგინალური ხელწერა აქვს. ვფიქრობ, იგი უკვე ჩამოყალიბებული მხატვარია. ლუკას ნახატები დასრულებული და სრულყოფილია, რაც მისი ასაკის ბავშვებისთვის ნაკლებად დამახასიათებელია. აქვს არაჩვეულებრივი კომპოზიციის გრძნობა, ძალიან ლამაზი ფერები, აბსტრაქტული კომპოზიციები".

ლუკას მოძღვარმა, ვაკის წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მიქაელ წულუკიძემ გვითხრა: "ამა თუ იმ ადამიანს, ზოგს სიყრმიდან, ზოგს სიჭაბუკიდან, ზოგსაც მოხუცებულობაში, გამოარჩევს და თავისთან იხმობს უფალი, რა თქმა უნდა, ყველას მოუწოდებს, მაგრამ ადამიანის ნებელობა მაშინ ვლინდება, როცა ის ღვთის მოწოდებას გულს გაუღებს და ტაძარში მივა.

KARIBCHEლუკა რომ გავიცანი, 4 წლისა იყო, საბავშვო ბაღში დადიოდა. დედა ასეირნებდა ხოლმე ტაძრის ეზოში. რომ დამინახავდა, გამოიქცეოდა და - "მამაო, დამლოცეო", - მეტყოდა. ლუკას მშობლები ეკლესიური წესით ცხოვრობენ და ბავშვი ხშირად დაჰყავდათ საზიარებლად. დედ-მამას სხვა მოძღვარი ჰყავს, მაგრამ ლუკა რატომღაც ჩემთან მოვიდა და მთხოვა, მისი მოძღვარი ვყოფილიყავი. მას შემდეგ უკვე ორი წელია, ორივენი ვცდილობთ, ეკლესიაში ერთად ვადიდოთ უფალი. რაც უნდა საოცარი იყოს, 4 წლის ასაკიდან მთხოვდა, სტიქაროსნად მსახურების უფლება მიმეცა. ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე, ვერიდები ბავშვების საკურთხეველში შემოყვანას, მით უმეტეს, მსახურებაში დაშვებას, რადგან ეს უდიდესი საიდუმლოა. საკურთხეველი ხომ ზეცას განასახიერებს, სადაც ანგელოზები მსახურობენ. ბავშვმა, თავისი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება ითამაშოს ან გაერთოს. ამიტომ ჯობს ჩამოყალიბებულ ასაკში მიიღოს მსახურებაში მონაწილეობა. მაგრამ გამონაკლისი მოხდა. ლუკა ძალიან სერიოზული ბავშვია. მთავარია, მთელი ცხოვრება გაჰყვეს ის უბრალოება და სიმშვიდე, რომელიც დღეს აქვს.

შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ლუკა საოცრად კარგად ხატავს. მე, პირადად, ასეთი ნამუშევრები არ მინახავს. ეს სრულიად ახალი რამ არის. იგი ბევრს მუშაობს. ლუკას რომ ჰკითხეს პირველად, "საიდან ხარო, "ჰერი ვარო", - უპასუხა. ღმერთმა ამრავლოს ქრისტიანები ამ კუთხეში. ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლუკას ოჯახი ხშირად დადის სალოცავად. მიხარია, რომ ლუკა ღვთის შვილია, უფალთან ერთობაშია. ვუსურვებ, ღვთის სალოცავად ეღვაწოს".

ლუკა მკვირცხლი, ხალისიანი ბავშვია. ჭკვიანი მზერა აქვს. თამამად საუბრობს, თუმცა, შიგადაშიგ ბავშვური სიმორცხვეც სძლევს.

- ლუკა, დედაშენმა მითხრა, 3 წლისამ უკვე ანბანი იცოდა, ხუთისა კი სკოლაში მივაბარეთო. რომელ სკოლაში სწავლობ?

- 54-ე სკოლაში. სტუდქალაქში ვცხოვრობ და ეს სკოლაც იქვეა.

- ხატვა როდიდან დაიწყე?

- 4 წლისამ. მამაჩემი ხატავდა და რომ ვუყურებდი, მეც დავიწყე ხატვა. თავიდან ეკლესიებს ვხატავდი, მერე კი სხვა რაღაცებზეც გადავედი. მაგალითად, ეს არის დევი, ეს არის ციხესიმაგრე (მაჩვენებს)...

- რომელი ფერი გიყვარს ყველაზე მეტად?

- ყველა ფერი მიყვარს.

- რითი ხატავ?

- ფერადი პასტებით. ღამით ეს ნახატები ანათებს, რადგან პასტა ფოსფორს შეიცავს. ზეთის საღებავით ხატვა ჯერ არ მიცდია. სამხატვრო სკოლაში კი გუაშით ვხატავთ.

- სამხატვრო სკოლაში რას გახატინებენ?

- პეიზაჟებს, ქალაქს, სოფელს...

- ხანდახან შენც ხომ იგონებ თემებს?

- ვიგონებ თავისუფალ თემებს და ვხატავ.

KARIBCHE- გამოფენებში თუ მიგიღია მონაწილეობა?

- დიახ, ორჯერ. ორჯერვე დიპლომი მომცეს. ამის მერე უფრო გავხალისდი და სულ ვხატავ და ვხატავ.

- მერე, ასწრებ ყველაფერს? ეკლესიაში სამსახურს, გაკვეთილებიც მოსამზადებელი გაქვს...

- ჯერ გაკვეთილებს ვამზადებ, მერე კი ვხატავ. ერთ დღეს რომ ვიწყებ დახატვას, მეორე დღეს ვასრულებ. ცეკვაზეც დავდივარ.

- ეკლესიაში მსახურება მოგწონს?

- ძალიან. რაც საჭიროა, მეუბნებიან და ვეხმარები.

- რომ გაიზრდები, რა გინდა გამოხვიდე?

- მინდა მღვდელი გამოვიდე და თან მხატვარიც.

- ყველაზე მეტად რომელი ქართველი მხატვარი მოგწონს?

- ფიროსმანი. რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებიც მომწონს. ჩემს სოფელშიც არიან მხატვრები, ეკლესიას ხატავენ. ერთ-ერთს გოგია ჰქვია.

- რომელი ეკლესიებია შენს სოფელში?

- ქურმუხის ეკლესია, სამების ეკლესია, წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები...

- შენ არა გაქვს ჰერეთი დახატული?

- ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად დავხატავ.

- ლუკა, როგორი გინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რას უსურვებ ქართველ ხალხს?

- როგორი და ქრისტიანული. ჩემს ხალხს მინდა ვუთხრა - გვიყვარდეს და დავეხმაროთ ერთმანეთს!
ბეჭდვა
1კ1