რატომ ვერ მიდიან ადამიანები ტაძარში?
რატომ ვერ მიდიან ადამიანები ტაძარში?
უფლის მადლით, მრევლი ეკლესიას უბრუნდება, თუმცა მაინც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ისეთ ადამიანს, თითქოს ურწმუნოსაც რომ ვერ დაარქმევ, მაგრამ რაღაც აბრკოლებთ, რომ ეკლესიურად იცხოვრონ. საინტერესოა, რა უშლით ხელს, დაადგნენ ჭეშმარიტ გზას და საკუთარი სულის გადარჩენისთვის დაიწყონ ზრუნვა?

გიორგი: ღმერთი მე ჩემებურად მწამს, არსებობს რაღაც ძალა, რომელმაც სამყარო შექმნა და აწესრიგებს. მიმაჩნია, რომ ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს, მაგრამ ტაძარში სიარულს საჭიროდ არ ვთვლი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

თეა: ღმერთი მწამს, ეკლესიაშიც შევდივარ სანთლის დასანთებად, ბიბლიასაც ვკითხულობ, მაგრამ ვჭოჭმანობ, ვერ გადამიწყვეტია, ეკლესიურ ცხოვრებას შევუდგე - მგონია, ყველაფერს ისე ვერ გავაკეთებ, როგორც საჭიროა. მარხვის შენახვას ვერ შევძლებ, გამიჭირდება აღსარების თქმა, მოძღვართან ცოდვების გულახდილად აღიარება... თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ დადგება დრო, როცა მრევლთაგანი გავხდები.

დავითი: ღმერთის არსებობა არ მწამს, არც მარადიული ცხოვრებისა მჯერა. ჩემი მიზანი ის არის, ქონება დავაგროვო, შევიძინო კარგი სახლი, კარგი მანქანა, ვიმოგზაურო და სანამ ვარ, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან.

მაია: საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე. ასაკით არც ისე დიდი ვარ, მაგრამ უამრავი სულიერი ტრავმა გადავიტანე. ჩემმა მშობლებმა, მატერიალურად ძალიან რომ გაგვიჭირდა, სხეულით ვაჭრობა დამაწყებინეს. ყველამ მომიძულა და გამწირა. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე... უფლის იმედიღა შემრჩა. მინდა, ყველაფერი დავივიწყო და ცხოვრება თავიდან დავიწყო. ოჯახი შევქმნა... მაგრამ ერთი რამ მაბრკოლებს - ასეთმა ცოდვილმა ტაძარში მისვლა როგორ გავბედო? თან ყველა ის სისაძაგლე, რაც ჩამიდენია, მოძღვარს როგორ გავანდო?

ქეთევანი: ბედნიერად, უზრუნველად ვცხოვრობდი. მყავდა მოსიყვარულე მეუღლე და მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, რომ იმდენი ქონება დაგვეგროვებინა, ჩვენს ვაჟს არაფერი გასჭირვებოდა. ჩემმა მეუღლემ უკანასკნელი გამოშვების "მერსედესი" ჩამოიყვანა გერმანიიდან, სახლის აშენებას ვაპირებდით, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩვენი სიხარული - ერთ საღამოს ყაჩაღები დაგვესხნენ თავს და ჩემს მეუღლესა და ვაჟიშვილს მანქანა და სახლისთვის გადადებული ფული მოსთხოვეს. ჩემები, რა თქმა უნდა, გაუძალიანდნენ და... ქმარ-შვილი თვალწინ დამიხოცეს. ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება შევხაროდი, ერთ წამში დაინგრა. ახლა ვხვდები, რომ ეს განსაცდელი უღმერთობის გამო დაგვატყდა თავს. იმ უმძიმეს დღეებში პირველად გამახსენდა ღმერთი... მინდა, დარჩენილი სიცოცხლე მაინც გავატარო უფლის დიდებაში, მაგრამ ამას როგორ შევძლებ, არ ვიცი.

კახა: ცხოვრება უმძიმეს ტვირთად დამაწვა. თითქოს ყველა უბედურებამ ჩემთვის მოიცალა. ერთ დროს მშვიდი და კეთილი ადამიანი საშინლად გავბოროტდი... საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულმა მეუღლემ მიღალატა და ოთხი შვილი მე შემატოვა ხელში. უკიდურესად მიჭირს, სულიერადაც და მატერიალურადაც, დახმარების ხელს კი არავინ მიწვდის, არავის ვჭირდები. ღმერთი რომ არსებობდეს, ჩემს დღეში მყოფ ადამიანს არ დაეხმარება?

ნუგზარი: ეკლესიის გვერდით ვცხოვრობ და ყოველ დილით ზარების რეკვა მაღვიძებს. ვხედავ, როგორ მიიჩქარის ხალხი ტაძრისკენ, მაგრამ მე თვითონ, რატომღაც, ვერ მივედი. არადა, ცოლ-შვილი მორწმუნე მყავს. ზედმიწევნით იცავენ ქრისტიანული ცხოვრების წესს, მარხულობენ, ლოცულობენ და მეც მთხოვენ, ეკლესიური ცხოვრება დავიწყო. სახლიც გვიკურთხა მოძღვარმა. სასულიერო პირები და მორწმუნენი ჩემი ოჯახის ხშირი სტუმრები არიან. მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ ადამიანის სულში უნდა მოხდეს გარდაქმნა, უნდა იგრძნოს ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობა, თორემ რაც არ უნდა უჩიჩინო, კაცს მორწმუნეს ვერ გახდი... ვფიქრობ, ოდესმე ჩემშიც მოხდება სულიერი ფერისცვალება.

მოამზადა
თამაზ სახეიშვილმა
ბეჭდვა
1კ1