შეხვედრა ხანძთის წყაროზე
შეხვედრა ხანძთის წყაროზე
შარშან ხანძთელობას - 18 ოქტომბერს - ტაო-კლარჯეთში შევხვდი.
როცა ხანძთის გზას შევუდექით, გული კინაღამ ამოვარდა საგულედან ბედნიერებისგან.
ამ ფერდობებზე ოდესღაც წმინდა გრიგოლ ხანძთელი დააბიჯებდა. მისი ლოცვა ავსებდა მადლით აქაურობას.

ახლაც თითქოს თან დაგყვება წმინდა მამის ძალმოსილება. თითქოს საუკუნეების იქით გადაინაცვლე, ან სულაც დრო გამქრალა და შეერთებიხარ მარადისობას, წმინდა გრიგოლისეულ სამყოფელში.

აქა-იქ მოჩანს თითო-ოროლა მოსახლის ქოხი. მალე აქაურობას დიდი კაშხალი დაფარავს და ეს პატარა ნასოფლარებიც აღარ იქნება.

KARIBCHE

ღმერთო, რა სილამაზეა. რა სიმშვიდეა. სიტყვებს ვერ ვპოულობთ, რომ ერთმანეთს რამე ვუთხრათ. ან რა საჭიროა სიტყვა, როცა ერთმანეთის გულისცემა გვესმის.

ჩემო მიწა-წყალო, ჩემო ქართულო მთა-ბარო. ჩემო ტკივილო!

ჩვენი სალომე თითო ბალახს ეფერება - ეს ქონდარიაო, აქაურს სხვანაირი სურნელი აქვსო, დავკრეფ და თქვენც გიწილადებთო.

ფეხით ასავლელ გზას მივუყვებით და გზადაგზა ვტკბებით ხანძთის ხეობის მშვენიერებით. აი ქართული ხურმა, ბროწეულიც. ხანძთის "გემოც" გავიგეთ. უტკბილესი და უთბილესი ყოფილა ხანძთა.

ამ გზაზე შემთხვევითი გამვლელები არ დადიან. თუ ხანძთისკენ არ მოდის ვინმე, ისე არავინ შემოგეყრება. არა და, რამდენიმე მანქანა უკვე შეგვხვდა. შორიდანაც ჩანს კიდევ მომავალი. მოდიან, ქართველები მოდიან თავიანთ სამშობლოში.

ლექსოს შავი ღვინო აქვს წამოღებული - ხანძთის წყაროსთან უნდა დავილოცოო.

ხანძთის წყაროც გამოჩნდა. შევჩერდით. ათასწლეულის სიღრმიდან წამოსულა თითქოს ეს ანკარა ნაკადული და ჩვენამდე მოუტანია მთელი დიდებულება გარდასულ საუკუნეთა. შევსვით. ასეთი წყალი არსად დაგვილევიაო - ყველა აღნიშნავს. მართლაც არ დაგვილევია ასეთი წყალი, რომელსაც ერთად ჰქონოდეს ამდენი მადლი, სიყვარული, ტკივილი, სიხარული. გაგვიჭრდა ამ ყველაფრის ერთად დატევა.

ხანძთის ტაძრამდე სულ ერთი აღმართი დაგვრჩა. ერთი ამოსუნთქვა.

და ისიც - დიდებული ხანძთა. გაჩერდა წამი. ნეტავ ეს წამი მარადისობად იქცეს, ნეტავ აქ მამყოფა ჩემს ხანძთაში. ჩემს სამშობლოში. ცრემლებს ვუმალავთ ერთმანეთს. სულ ჩამონგრეულა გუმბათი. ხელის კანკალით ვანთებთ შინიდან წამოღებულ სანთლებს და წმინდა გრიგოლს ვავედრებთ ჩვენს ქვეყანას!

საძვალე ისევ ამოუთხრიათო - გიდი გვიამბობს - ოქროს ეძებენ ტაძრების სამარხებში თურქებიო.

ძვლები, ჩვენი მამა-პაპის, წმინდა მამათა ძვლები, ნეტავ განახათ - აქეთ-იქით უდიერად მიუყრიათ ჩვენი სალოცავი საგანძური.

დავაბიჯებთ ტაძრის მიდამოებში. წამოსვლა არავის გვინდა. არ გვემეტება აქაურობა. უფალო, შენ დაიფარე ჩვენი ხანძთა!

მოვდივარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ იქ რაღაც დამრჩა, ვხვდები, რომ დღეიდან ჩემი თანამგზავრი გახდება ეს უცნაური ტკივილი და აქაურობის მონატრება.

ისევ წყაროსთან შევჩერდით - ხომ უნდა დავილოცოთ ხანძთის წყაროზე. სისხლივით წითელი  ღვინო დავასხით ჭიქებში. იმ საქართველოდან წამოღებული. ამ საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამთ. ყელში ბურთი გვეჩხირება.

KARIBCHE

ხანძთის წყარო



შორიდან საუბრის ხმა მოგვესმა. ეტყობა კიდევ მოდიან ქართველები. მოგვიახლოვდნენ. სამი ახალგაზრდა კაცია. მათაც სახეზე ეტყობათ განცდილი. ყველაფერი ნაცნობია უკვე ჩვენთვის.

- გამარჯობა, ძმებო, მობრძანდით ერთი ჭიქით დალოცეთ ჩვენი სამშობლო!

ბიჭები შეცბნენ. ამას კი ნამდვილად არ ელოდნენ. მასპინძელივით დავხვდით სამშობლოში ჩამოსულებს! ემოციებს ვეღარავინ მალავს. ტკივილი ერთი გვაქვს, სიხარულიც. აი, აქ ვგრძნობთ ყველანი, რომ სამშობლოზე დიდი ამქვეყნიური სიხარული არაფერია!

ერთი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ. მაგრამ ერთი დღეც არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ტაო-კლარჯეთის გარეშე. ხან ფიქრით, ხან სიზმრად - სულ იქ ვარ. მე ხომ იქ გული დავტოვე!





ბეჭდვა
1კ1