ჩვენი სულიერების ერთ-ერთი საგანძური უცხოელებმა ნახეს
ჩვენი სულიერების ერთ-ერთი საგანძური უცხოელებმა ნახეს
"ჯრუჭის ოთხთავის" საერთაშორისო აღიარება
საქართველო რომ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა, ამას უცხოელებიც აღიარებენ. სასიხარულოა, სპეციალისტები ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს ადგილზე ეცნობიან და ცდილობენ მისი სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანონ.

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული გამოფენაც ნათელი მაგალითია უცხოელი სპეციალისტების ქართული კულტურის საგანძურისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისა.

ვაშინგტონში, სმიცონიანის მუზეუმში, პირველ ათასწლეულში ყველა ენაზე შესრულებული ბიბლიის ხელნაწერები თითქმის სამი თვე (2006 წლის 27 ოქტომბრიდან ა.წ. 6 იანვრამდე) იყო გამოფენილი. სიძველით და უნიკალურობით საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული X საუკუნის "ჯრუჭის სახარება" გამოარჩიეს.

X საუკუნის ძველი ოთხთავი 297 ფურცლისგან შედგება. ტყავგადაკრული ხის ტვიფრული ყდის ორივე შიგნითა მხარეზე გადაკრულია პირისფერი თხელი აბრეშუმის ქსოვილი. ზემო ყდა შემკულია ვერცხლის სამსჭვალებით გაკეთებული ჯვრებით. დიდი ჯვრის შუაგულში ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებაა. მცირე ჯვრების ცენტრში თვლების ცარიელი ბუდეებია. ხელნაწერს შიგადაშიგ აკლია ფურცლები, ამოვარდნილი 97-ე ფურცელი XVIII საუკუნეში ნუსხურით ქაღალდზეა აღდგენილი. მომგებელია გრიგოლ მირდატის ძე, გადამწერი - გაბრიელი. ხელნაწერში არის მოხატული კანონები, მინიატურები, რომლებიც შესრულებულია "კამარათა მწერლის თევდორეს მიერ".

გამოფენაზე ჯრუჭის სახარებასთან ერთად წარმოდგენილი იყო კიდევ ორი ქართული ხელნაწერი. ერთი - XI საუკუნის I ნახევრისა, რომელიც სინას მთაზე ინახება და პეტერბურგში დაცული IX საუკუნის პაპირუსზე შესრულებული ფსალმუნის ფრაგმენტები.

KARIBCHE

ჯრუჭის სახარება ყოველგვარი სიფრთხილის დაცვით ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ზაზა ალექსიძემ ჩაიტანა ვაშინგტონში. გამოფენის დამთავრების შემდეგ ჩვენი საგანძური ხელნაწერთა ფონდების მთავარმა მცველმა შალვა გლოველმა და საგარეო ურთიერთობების კოორდინატორმა თამარ გეგიამ კვლავ ხელნაწერთა ინსტიტუტს დაუბრუნეს.

ზაზა ალექსიძე: - ვაშინგტონში, სმიცონიანის მუზეუმში გამოსაფენად საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ჯრუჭის ოთხთავი ამერიკაში პირადად მე ჩავიტანე. უკვე წინასწარ ვიცოდით, რა პირობებში მოათავსებდნენ სახარებას, როგორი კლიმატი იქნებოდა. ჩემს თვალწინ გააკეთეს სპეციალური სტელაჟი და ისე დავდგით გამოფენაზე. მანამდე ჩატარდა დიდი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ყველა ქვეყნის ცნობილი სპეციალისტები. გამოფენის პირველივე დღიდან დამთვალიერებლებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი ხელნაწერისადმი. მუზეუმში გარკვეული შეზღუდვით უშვებდნენ მნახველებს, სამ ქართულ ხელნაწერთან ერთად წარმოდგენილი იყო სომხურ, ეთიოპიურ, კოპტურ, ლათინურ, ძველ ინგლისურ ენებზე შესრულებული ხელნაწერები. ასე რომ, ქართულმა ხელნაწერებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ასპარეზზე.

შალვა გლოველი: - ჯრუჭის სახარება ზემო იმერეთში, ჯრუჭის მამათა მონასტერშია აღმოჩენილი და სახელიც აქედან მიიღო. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ორი სახარება - ჯრუჭი I და ჯრუჭი II. ჯრუჭი II - ორი საუკუნით გვიანდელია და XII საუკუნით თარიღდება. ჯრუჭი I, რომელიც ამერიკაში გამოფენაზე გვქონდა, X საუკუნისაა. გადაწერილია შატბერდში და ექვთიმე თაყაიშვილმა ჯრუჭის მონასტრიდან ჩამოიტანა.

გამოფენის თემა გახლდათ - ბიბლია პირველი ათასწლეულის პერიოდისა. ამ მაღალი დონის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ყველა ის ქვეყანა, სადაც დაცულია პირველი ათასწლეულის ბიბლია. საამაყო და სასიხარულოა, რომ ნუსხაში საქართველოც შევიდა. ჯრუჭის სახარების დაცვა-ტრანსპორტირება აშშ-მა იკისრა. საქართველოდან სახარება სპეციალურად დალუქული, პაროლდადებული ყუთით გავიტანეთ. უკან წამოღების დროსაც ჩვენს თვალწინ შეფუთეს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც ბოლომდე მათ იტვირთეს. ჯრუჭის სახარების საქართველოში დასაბრუნებლად თამარ გეგიასთან ერთად ჩავედი. მინდა გადმოგცეთ ჩემი სიხარული: თითქმის სამი საათი ვიდექით რიგში მუზეუმში შესასვლელად. როგორც გვითხრეს, ბოლო ორი დღე გამოფენას 16 ათასი მნახველი ჰყავდა. თბილისში დაბრუნებისას თვითმფრინავით 25 საათი ვიმგზავრეთ. ავსტრიაში დილით ადრე რომ ჩავედით, საღამოს 11 საათისთვის ვიყავით თბილისში. ამ ხნის განმავლობაში სპეციალურ მოსაცდელში მოგვათავსეს. როცა ვთხოვეთ, ჩვენი საგანძური სეიფში ჩაეკეტათ, უარი გვითხრეს - ის თან უნდა გქონდეთო. ამიტომ იმ ოთახში გაუნძრევლად 12 საათი გავატარეთ.

ბედნიერი ვარ, რომ უცხოელებმა ნახეს ჩვენი სულიერების ერთ-ერთი საგანძური. ვისურვებდი, ასეთი დიდი წარმატება უფრო ხშირად გვქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე.
ბეჭდვა
1კ1