სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაგვირჩინა
სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაგვირჩინა
ძნელბედობისას, რაკი მტერი სვანეთამდე ვერ აღწევდა, ამ მხარეში ხიზნავდნენ საეკლესიო საგანძურს. სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაგვირჩინა. ამაში თვალნათლივ დავრწმუნდი, როცა მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ვინახულე.

მუზეუმი მდინარე მესტიისა და მუხურას შესართავს დაჰყურებს თავს. ეს ვეებერთელა შენობა ისე კარგად არის მოვლილი, ბევრი ვერ დაიკვეხნის.

მუზეუმი 1936 წელს საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფ ეგნატე გაბლიანის ინიციატივით დაარსდა. წლების განმავლობაში ის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში იყო განთავსებული, მცირე ხნის წინ კი ბევრად უფრო კეთილმოწყობილი ნაგებობა მიუჩინეს.

დაარსების დღიდან მუზეუმმა რამდენიმე ხელმძღვანელი გამოიცვალა. ამჟამად მას ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ჩოქჩიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც შესანიშნავი გიდობა გამიწია. მანვე მომითხრო მუზეუმის ისტორიაც.

ცარიზმის პოლიტიკის შედეგად მრავალი ქრისტიანული ძეგლი და მათში დაცული სიწმინდეები განადგურდა. იმ მძიმე წლებში საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა ეგნატე გაბლიანის თაოსნობით გადაწყვიტა, გადაერჩინა ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც სვანეთის ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა.

მუზეუმი სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული საგანძურის ბაზაზე დაფუძნდა. დროთა განმავლობაში მისი საცავი სვანეთის სხვადასხვა სოფლიდან მოტანილი ძეგლებით შეივსო. დღეს მუზეუმში ხუთი ათასზე მეტი ექსპონატია.

განძთსაცავში განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყავზე შესრულებული ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარ კოლექციას. მათ შორის უძველესია IX საუკუნის "ადიშის ოთხთავი", რომელიც 897 წელს შატბერდში გადაიწერა. ასომთავრულით შესრულებულ ამ წიგნს ულამაზესი მინიატურები ამშვენებს. საინტერესოა ასევე "მესტიის ოთხთავი", რომელიც 1033 წელს არის გადაწერილი ოშკში. იგი ნუსხურით არის შესრულებული და მასაც უნიკალური მინიატურები ამკობს. იქვეა XII საუკუნის "ლაფსყალდის ოთხთავი", იერუსალიმში გადაწერილი XII საუკუნის "ლაჰილის ოთხთავი", რომელიც ვინმე გრიგოლ ხფცხიანის დაკვეთით საგანგებოდ ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის შეუსრულებიათ. მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურებს სთხოვს, ღამით კვარს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით ხელნაწერს, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა უნიკალური ხელნაწერები.

ხელნაწერებთან ერთად მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.

სვანეთი მხოლოდ განძთსაცავს როდი წარმოადგენდა; შუა საუკუნეებში საქართველოს ამ კუთხეში არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნოები, მწიგნობრობისა და მონუმენტური მხატვრობის კერები. სვანეთში შესრულებული მანუსკრიპტები ამშვენებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს, იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკას.

KARIBCHE KARIBCHE
იონა წინასწარმეტყველი, XIIს.                                        ლაფსყალდის ოთხთავი

ერთხანს სვანეთში მოღვაწეობდა მეფის კარის მხატვარი თევდორე, რომელმაც აქ სამი ეკლესია მოხატა: იფარის მთავარანგელოზისა (1096 წელს), წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობისა, რომელიც სამონასტრო ცენტრსაც წარმოადგენდა (1112 წელს) და ნატიფარის წმინდა გიორგის სახელობისა (1130 წელს).

ხატების დარბაზში გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და უცხოეთში შესრულებული ნიმუშები. აქ განთავსებული ექსპონატები ერთმანეთისგან მხატვრული ტრადიციებითა და იკონოგრაფიული თავისებურებებით განსხვავდება. მათგან უძველესია IX-X საუკუნეებით დათარიღებული, ადგილობრივი ოსტატის მიერ დაწერილი ხატი - ღვთისმშობელი ყრმით წმინდა ბარბარესთან ერთად. აქვეა გვაზავების მიერ შესრულებული X-XI საუკუნეების ხატები (XI საუკუნის პირველ მეოთხედში სვანეთში გვაზავების საოქრომჭედლო სკოლაც არსებობდა).

მნიშვნელოვანი ექსპონატია XI საუკუნის მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკურთხევლის ოქროთი დაფარული ვერცხლის ჯვარი წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენებით, წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ჭედური ხატები, ორმოცთა მოწამეთა და ლაზარეს აღდგინების ფერწერული ხატები, ნაქარგი ხატი, რომელზეც ჯოჯოხეთის სცენაა გამოსახული, აგრეთვე - ქართველ მეფეთა და დიდებულთა შემოწირული მრავალი უნიკალური ნივთი.

ფასდაუდებელია მუზეუმის ოქროს ფონდი, რომლის მთავარ მშვენებას ძვირფასი თვლებით მოჭედილი სიწმინდეები წარმოადგენს. აქ ნახავთ ვერცხლის სურას, რომელიც გიორგი III-ს სეტის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს, ბაგრატ იმერთა მეფისა და მისი თანამეცხედრის თამარის მიერ შემოწირულ სურას (XIIს.), ალექსანდრე კახთა მეფის მიერ შეწირულ ზარებს. სვანეთში სულ 12 წარწერიანი ზარია. ამათგან რვა ალექსანდრე მეფის შეწირული ყოფილა.

არქეოლოგიურ ფონდში ექსპონირებულია ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ძეგლები. ყურადღებას იქცევს სპილენძის ყუადაქანებული ცულები, სპილენძის ყუნწიანი შუბის წვერი, კაჟის, ბრინჯაოს, რკინის საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები. მრავალი სამკაული, კერამიკისა და მინის ნაკეთობები, ბრინჯაოს კოლხური ცულები. აქვეა სხვადასხვა პერიოდის სამიწათმოქმედო იარაღები, მარცვლეულის სახეობები, რკინის ისრის წვერები და სხვა.

ფონდებში დაცულია ნუმიზმატიკური კოლექციები: ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნის ოქროს სტატერები, მაკედონიისა და ბიზანტიის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი და შემდგომი პერიოდების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მონეტა.

"სვანეთი უძველესი არქეოლოგიური კუთხეა, - განაგრძობს საუბარს ქალბატონი რუსუდანი, - აქაური ყოფაც ძირითადად ისეთივე იყო, როგორიც მთელ საქართველოში. საინტერესოა სვანური ხუროთმოძღვრება. ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს გვერდის კოშკი ამშვენებს. პირველ სართულს მაჩუბი ერქვა, მას საცხოვრებლად იყენებდნენ, მეორე სართული სამეურნეოდ ჰქონდათ განკუთვნილი, კოშკი კი თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. უშგულში გვხვდება სხვა ტიპის სახლებიც - სვანირები. აქ თავდაცვითი ფუნქცია კოშკს კი არა, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულს აკისრია.

წინათ თითოეულ ოჯახს თავისი უფროსი - მახვში ჰყავდა. ყველას არ შეეძლო, მახვში ყოფილიყო. მას სხვადასხვა კრიტერიუმით ირჩევდნენ: უნდა ყოფილიყო ჭკვიანი, სამართლიანი, გამჭრიახი... მისი ადგილი საკარცხლურში გახლდათ. ოჯახის არც ერთ სხვა წევრს არ ჰქონდა უფლება, მასში ჩამჯდარიყო. თავის სავარძელს უდიდესი პატივისცემის ნიშნად მახვში მხოლოდ სტუმარს თუ დაუთმობდა.

მუზეუმის ექსპონატთა შორის გამოირჩევა მოჩუქურთმებული სვანური საოჯახო ავეჯი.

KARIBCHEთანამედროვე სვანეთმა შემოგვინახა ადათ-წესების, ტრადიციების პატივისცემა, სისპეტაკე და პატიოსნება, რომელიც ჩვენს წინაპრებს ოდითგანვე ჰქონდათ. ტრადიციების პატივისცემა იმას როდი ნიშნავს, ძველს დავემონოთ და ახალი არაფერი მივიღოთ... კარგი თანამედროვე აზროვნება შერწყმული უნდა იყოს კარგ ტრადიციებთან. დღეს სვანეთში ეს ტენდენცია შესამჩნევია.

სასიხარულოა, რომ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვში ქართველებთან ერთად არიან უცხოელი ტურისტებიც. აქ შემოსული ადამიანი ადვილად შეამჩნევს, რა საიმედოდ არის დაცული მუზეუმის შენობა.

მუზეუმს აქვს თავისი ფილიალები, უშგულიდან დაწყებული, ლაფსყალდით დამთავრებული. თითქმის ყველა სოფელში გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ძეგლებს უვლიან და პატრონობენ. უშგულში, სვანურ კოშკში, სამ სართულზე, გამოფენილია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ქრისტიანული კულტურის ექსპონატები".

ქალბატონი რუსუდანის თქმით, სვანეთში კრიმინალური მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდა. "ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვით პრეზიდენტს და, რაღა თქმა უნდა, მესტიის გამგებელს ნინო ჯაფარიძეს. ის ყველაფერს აკეთებს, რათა სვანეთში ცხოვრება გაიოლდეს. მახარებს, რომ ქალაქში წასული მრავალი ოჯახი დაუბრუნდა სვანეთს, მიგრაცია შეწყდა. მეუფე ილარიონის, დეკანოზ გიორგი ჩართოლანისა და სქემიღუმენ ეგნატეს (კურტანიძის) წყალობით მესტიაში საეკლესიო ცხოვრება გამოცოცხლდა, აქაურებს დაუბრუნდათ რწმენა და ღვთის სიყვარული. ჩვენც ეს გვიადვილებს ცხოვრებას".
ბეჭდვა
1კ1