ჯერ კიდევ 11 წლისა მედავითნე გახდა
ჯერ კიდევ 11 წლისა მედავითნე გახდა
მაშინ ამეხილა თვალი, პირველად დავფიქრდი ღმერთზე და ის დღე არასოდეს დამავიწყდება
"აცალეთ ბავშვებს და ნუ აბრკოლებთ მათ, რომ მოვიდნენ ჩემთან, რადგან ასეთების არის სასუფეველი ცათა" (მთ. 19,14) - მაცხოვრის ეს სიტყვები გამახსენა სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ მედავითნესთან, 14 წლის თორნიკე ტაბატაძესთან შეხვედრამ. თორნიკე ჯერ კიდევ 11 წლისა მედავითნე გახდა და მიუხედავად ასაკისა, მშვენივრად ართმევს თავს საქმეს. ტაბატაძეების ოჯახს რომ ვეწვიე, ისევ წმინდა წერილი გამახსენდა, სადაც პავლე მოციქული წერს, ოჯახი პატარა ეკლესიააო...

- ბატონო დავით, როგორ გახდა თორნიკე მორწმუნე, რამდენად მონაწილეობდით მშობლები ამაში? - ვკითხე თორნიკეს მამას.

- თორნიკე ეკლესიურ გარემოში დაიბადა. ჩვენი ოჯახის მოძღვარი მამა არჩილ მინდიაშვილია. ჩვილი თორნიკეც მამა არჩილმა მონათლა ქაშვეთის ტაძარში. ნათლობის შემდეგ მალევე ეზიარა. ოთხი წლისამ ისწავლა წერა-კითხვა და დილა-საღამოს ლოცვებს უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა.

- თორნიკე, პირველად როდის დაფიქრდი ღმერთზე?

- ჩვილობაში მშობლები მაზიარებდნენ, მაგრამ ჩემს მახსოვრობაში პირველი ზიარება უკავშირდება ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარს. მახსოვს, 4 წლის ბავშვი როგორი შიშით ველოდი წმინდა ზიარების მიღებას. მაშინ ამეხილა თვალი, პირველად დავფიქრდი ღმერთზე და ის დღე არასოდეს დამავიწყდება.

- დღეს მთავარი საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი მედავითნე ხარ. როგორ შეძელი ეს?

- უფალმა შემაძლებინა. ასომთავრული სკოლაში ვისწავლე, ნუსხური და მედავითნეობა კი თერთმეტი წლის ასაკში დიაკვანმა, მამა გიორგი ასათიანმა (მაშინ სიონის ტაძრის მედავითნემ) შემასწავლა.

- სიონთან ახლოს ვცხოვრობდით და თორნიკე ხშირად დადიოდა ტაძარში, - საუბარში ბატონი დავითი ჩაერთო, - თანაც რაღაცნაირი, განსაკუთრებული ლოცვა იცის და, ეტყობა, ამან მედავითნის ყურადღება მიიქცია. შემდეგ მკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, მედავითნეობა რომ ვასწავლოო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

- თორნიკე, ხომ არ გაგიჭირდა ხუცურის სწავლა?

- მამა გიორგიმ ლამინირებული ანბანი მომცა, რომელზეც ქართული დამწერლობის სამივე ფორმა იყო ჩამოწერილი. ორ დღეში ვისწავლე. მახსოვს, მამა გიორგიმ პირველად წმინდა ევსევის ტროპარი წამაკითხა. ვნერვიულობდი, მეშინოდა... როგორც მედავითნე, სიონის საკათედრო ტაძარში მოვინათლე. სრული წირვა პირველად პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, მამა არჩილის მსახურებაზე ჩავიკითხე. ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. მამა არჩილი ხომ ჩვენი ოჯახის მოძღვარია. ღვთის შეწევნით, ეს გამოცდაც ჩავაბარე... ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის იყო, რომ შარშან, ხარების დღესასწაულზე, წმინდა სამების ტაძარში, პატრიარქის წირვაზე ექვსფსალმუნება წავიკითხე ერთ-ერთ მედავითნესთან ერთად. თავიდან უწმინდესს ჰგონებია, ქალი კითხულობსო (ჩემი ხმის ტემბრის გამო). როცა მოახსენეს ჩემს შესახებ, დამლოცა და მომცა კურთხევა, ამერჩია კვირაში სამი დღე და მეკითხა სამების საკათედრო ტაძარში.

- რა იგრძენი, როდესაც პირველად ჩაიცვი სტიქარი და საკურთხეველში შეადგი ფეხი?

- ჩემი სტიქაროსნად კურთხევაც სიონის ტაძარში მოხდა. სტიქაროსნების უფროსმა, მამა დემეტრე დავითაშვილმა წარმადგინა პატრიარქთან. საკურთხეველში პირველად შესვლისას თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, ვიგრძენი დიდი მადლი.

- მედავითნეობამ შეცვალა შენი ცხოვრება?

- ალბათ უფრო დავუახლოვდი ღმერთს. თითქოს გავიზარდე კიდეც, ბავშვურ გართობებზეც მომიწია უარის თქმამ.

- თორნიკე, მხოლოდ იმ ბავშვებთან მეგობრობ, რომლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ, თუ მათთანაც, ვისთვისაც უჩვეულოა შენი ცხოვრების წესი?

- ჩემს მეგობრებს შორის არიან ეკლესიურნიც და არაეკლესიურნიც. ხომ შეიძლება, ჩემთან მეგობრობით მათაც გაუჩნდეთ ეკლესიაში მოსვლის სურვილი? ერთმა მთხოვა კიდეც, ტაძარში წამიყვანეო.

- შენს ტოლ ბიჭებს ფეხბურთის თამაში უყვართ. გრჩება საამისოდ დრო?

- კრივზე დავდიოდი, რაღაც წარმატებებიც მქონდა, მაგრამ დროის უქონლობის გამო თავი დავანებე. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვახერხებ კიდეც თამაშს. ჩვენს უბანში ბევრი ბავშვია, სტადიონიც გვაქვს...

- თორნიკე ალბათ თვითონ არ გეტყვით, - ჩაგვერთო საუბარში ბატონი დავითი, - მალე გამოვა წიგნი "პარაკლისი სავედრებელი ყოვლადწმიდა სამებისაი" (სადიდებელ-სავედრებელნი გალობანი ყოვლადწმიდისა სამებისაი). ეს საგალობელი თორნიკემ ზაზა სოსიაშვილთან ერთად პარაკლიტონიდან გადმოამხედრულა. ეს თორნიკესთვის დიდი სტიმულია.

- ქალბატონო ხათუნა, თორნიკეს ალბათ ხშირად უწევს გაკვეთილების გაცდენა. ამის გამო პრობლემები ხომ არ ექმნება მასწავლებლებთან?

- თორნიკე 30-ე საშუალო სკოლაში სწავლობს. დირექტორი ქეთევან თევდორაშვილი გაგებით ეკიდება იმას, რომ თორნიკეს საეკლესიო დღესასწაულებზე ხანდახან სკოლის გაცდენა უწევს. კლასის დამრიგებელი მანანა ნიორაძეც ძალიან უწყობს ხელს. ამისთვის მათი მადლობლები ვართ.

- თორნიკე, რას ფიქრობ მომავალ პროფესიაზე?

- ალბათ სასულიერო გზას გავყვები...

- რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

- იარონ ეკლესიაში, ისწავლონ ასომთავრული და ნუსხური. აუცილებელი არაა, ყველა მედავითნე იყოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ძველქართულად წაიკითხავენ საეკლესიო ლიტერატურას.

- რას გვეტყვი საუბრის დასასრულს?

- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აწ უკვე მამა გიორგი ასათიანს და ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც დამეხმარნენ მედავითნედ გახდომაში.
ბეჭდვა
1კ1