როგორი იყო მამა შიო
როგორი იყო მამა შიო
ცოტა ხნის წინ ყველა დაგვამწუხრა ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ შიოს გარდაცვალების ამბავმა.
უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს. მკითხველს ვთხოვთ, ილოცონ ახალშესვენებულის სულისათვის.


ახლა კი გავიხსენოთ, როგორი იყო მამა შიო - გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაზეთში "მახვილი მესიისა".

იცით, ცხოვრებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ძალიან ბევრი რამ დამანახა... უაზროდ, ფუჭად მივიჩნიე წუთიერი, მიწიერი ცხოვრება და უკვე 14 წლის ასაკში ღმერთისკენ, ღვთის სამსახურისკენ გამიწია გულმა... იმ დროს ბოლომდე გააზრებული მქონდა, რა მინდოდა და სად მივდიოდი...

***
ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა ჩემზე და რასთან შეგუებაც არ მინდოდა, ეს იყო წარმავლობა, დროებითობა, ამქვეყნიურობა - დროებითი, მოჩვენებითი და წარმავალი იყო მწუხარებაც, სიხარულიც, სიყვარულიც, მე კი უფრო მეტი მინდოდა, მეტს ვეძებდი... მინდოდა ის, რაც სრულყოფილი, მარადიული იყო... ერში ასეთი არაფერია... და მეც აქეთ - უფლისაკენ, მარადიული ჭეშმარიტებისაკენ წამოვედი...

***
ბერად 19 წლისა აღვიკვეცე ბათუმის სამების ტაძარში. მღვდლად ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მაკურთხეს, დიდ მარხვაში, 30 მარტს... 20 წლისა უკვე მოძღვარი ვიყავი.

ღვთის წინაშე ვამბობ, არასოდეს მიფიქრია, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. პირიქით, როგორც უნდა გამიჭირდეს, ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს - შენ ბერი ხარ და მეტის დათმენა გმართებს... თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ამ გზას ავირჩევდი... მიუხედავად სიმძიმისა, ტკივილისა, იმ სიმწარისა, რასაც ბერი შინაგანად განიცდის და ხალხი ვერ ხედავს, ბერობა მეტად ტკბილია.

***
იცით, ნატვრად მქონდა გადაქცეული, ყინწვისის ტაძარში წირვა აღმევლინა და დღეს უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ აქ ყოფნით. ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრობა უზომოდ ბევრს მავალდებულებს. როცა ყინწვისის ანგელოზის მადლით განათებულ ტაძარში წირვას აღავლენ და თამარი გიყურებს, ამაზე დიდი რა უნდა იყოს? ეს ენით აუწერელი ნეტარებაა! ყინწვისის ტაძარი ჩემში უდიდეს შინაგან კრძალვას იწვევს და ვცდილობ, უფრო წმინდად ვემსახურო უფალს... თუმცა, მიუხედავად ჩემი უდიდესი სულიერი ბედნიერებისა, აქ გადმოსვლის დღიდან ვუთხარი მეუფეს, რომ თუ მისი კურთხევა იქნება, მზად ვარ ნებისმიერ წამს დავტოვო ეს დიდებული ტაძარი და წავიდე იქ, სადაც მაკურთხებს. ადამიანი მიჯაჭვული არაფერზე უნდა იყო... ჩემთვის ყველაზე უმთავრესი კურთხევის შესრულებაა.

***
ვერც მხოლოდ დაყვავებით და ტკბილი სიტყვით გაზრდი შვილს და ვერც მხოლოდ გაბრაზებით და ჩხუბით. მოძღვარი მკაცრიც უნდა იყოს და თბილიც. მრევლს, უპირველეს ყოვლისა, მართებს მოძღვრის მორჩილება, რადგან სადაც მორჩილებაა, იქ ღვთის მადლი სუფევს, სადაც ღვთის მადლია, იქ ურთიერთობები ისე ყალიბდება, როგორც უფლისთვის სათნოა. მრევლისთვის მოძღვარზე მთელი გულით მინდობაა აუცილებელი.

მოძღვრის ტვირთი მძიმეც არის და მწარეც, უფრო სწორად - ტკბილ-მწარე. ადვილი ნამდვილად არ არის, ადამიანმა მეორე ადამიანის ტკივილი იტვირთო, მაგრამ უფალი ბრძანებს: "ურთიერთას ტვირთი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". მოძღვარი ხომ ანგელოზი არ არის, მასაც თავისი სულიერი ბრძოლები აქვს. უნდა იტვირთო უამრავი ადამიანი - ყველა მათგანი ხომ სულიერად ჯანმრთელი არ არის - და ამ ადამიანებთან ერთად იარო წინ ისე, რომ არ შეგეშალოს, არ ატკინო, არ აწყენინო, რადგან თითოეული მათგანი უფალმა შენ ჩაგაბარა, თითეულ მათგანზე პასუხს აგებ უფლის წინაშე!

***
უფალს ნახევრად ვერ ემსახურები. უფალი წმინდა წერილში ამბობს - ან ცხელი იყავი, მდუღარე, ან ცივიო. გულგრილი მსახურება სძაგს უფალს. ნელთბილი წყალი ხომ გულს გირევს? ასევეა გულგრილი ადამიანიც უფლის წინაშე.

***
ბერობა, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან მუდმივად ბრძოლა, თავის უარყოფაა. ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ადამიანს სამი რამის წინააღმდეგ უხდება ბრძოლა: წუთისოფლის, საკუთარი თავის და ეშმაკის წინააღმდეგ. ბევრისთვის ეს ბრძოლა კიდევ უფრო მკაცრი და რთულია... როგორც ამბობენ, ბერობა არის ანგელოზებრივი ცხოვრება ამ ქვეყანაზე...

***
უფალმა უდიდესი წყალობა მოიღო ჩვენს ერზე და უმთავრესი საუნჯე - მართლმადიდებლობა მოგვმადლა. მართლმადიდებლობაა მხოლოდ ის ქვაკუთხედი, რომელზე დაყრდნობითაც გადავრჩებით. უამისოდ მთელი ქვეყანა დაემსგავსება ქვიშაზე აშენებულ სახლს, რომელსაც სულ უმნიშვნელო სიოც კი დაანგრევს. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ცრემლით შემოგვინახეს ეს მადლმოსილი სარწმუნოება და განა გვაქვს უფლება, მას თვალისჩინივით არ ვუფრთხილდებოდეთ? მართლმადიდებლობაა მხოლოდ საყრდენი ჩვენი ერის გადარჩენისა, სხვა ყველაფერი ამაოა, ცრუა, ყალბია, ჩვენს თავს ძალით მოხვეული უგნურებაა! ამიტომაც ვიდგეთ მტკიცედ და მყარად მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და გადავრჩებით!

***
ბერძენი ბერი იყო - კირილე ლავრიოტისი, რომელიც ათანასეს ლავრაში მოღვაწეობდა. მან იოანეს გამოცხადება განმარტა - ბოლო ჟამს ერები მოვლენ საქართველოში, ქართველი ერისაგან ისწავლიან მართლმადიდებლობას, რადგან საქართველო იქნება უძლიერესი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომლის წყალობითაც ბევრი ერი განათდებაო. აი, რამხელა მისია აქვს საქართველოს კაცობრიობის წინაშე!

...მადლიანი ქართული მიწა დედა ღვთისმშობელს თავისთვის შემოუნახავს, თავის წილხვედრად დაუდგენია და ვაი იმას, ვინც ქვეყნიერების დედის ამ სამფლობელოს თავისი ბილწი ხელებით შეეხება, მის დაგლეჯას და დანაწევრებას შეეცდება!
ბეჭდვა
1კ1