"დედა ენა"
"დედა ენა"
უხვი წყარო ჭეშმარიტი მამულიშვილობისა
1876 წელს იაკობ გოგებაშვილმა დასტამბა ათი წლის შრომის ნაყოფი, უკვდავი "დედა ენა". იაკობი ამ წიგნის 33 გამოცემას მოესწრო.

"დედა ენის" პირველი გამოცემიდან 130 წელი გავიდა. და აი, წლეულს ეს უკვდავი წიგნი კვლავ გამოიცა პირვანდელი სახით. ეს გამოცემა "დედა ენის" 130-ე წლისთავს მიეძღვნა.

ძველი "დედა ენის" აღდგენის სურვილი დიდი ხნის წინ გაუჩნდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა კონსტანტინე გიორგაძეს, მაგრამ მიზეზთა გამო ამ სურვილს ახლაღა შეესხა ხორცი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევა და დიდი სურვილია, რომ "დედა ენა" არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთაც გავრცელდეს - ეს წიგნი ხომ დიდსა თუ პატარას ოდითგანვე უღვიძებდა ცოდნის ინტერესსა და მისდამი ცნობიერ მისწრაფებას; ამაღლებდა ხალხის წიგნიერებას, კულტურას, აფაქიზებდა მის ზნეობას, აღვივებდა პატრიოტულ გრძნობას და ნერგავდა უკეთესი მომავლის რწმენას.

- მამაო, რა მიზანს ისახავს წინამდებარე გამოცემა?

- დაწყებითი კლასების მასწავლებელი დღეს უდიდესი არჩევანის წინაშე დგას. გამოიცა ახალი თუ განახლებული სახელმძღვანელოები, გადაისინჯა სწავლების მეთოდოლოგია და მეთოდიკა, შემოთავაზებულია არაერთი ცდა ამ სახელმძღვანელოთა გათანამედროვეებისა. ახლის ძიებისას თითქოს მივივიწყეთ და მივჩქმალეთ უკვე მიღწეული, ჯანსაღი, ქართული სულიერებით განმსჭვალული დიდებული სახელმძღვანელო - იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" - ქართველი ერის უძვირფასესი განძი, ქართული პედაგოგიური აზროვნების ფასდაუდებელი ძეგლი.

პედაგოგები, ვისაც დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოს შედგენისა და სწავლების უდიდესი გამოცდილება აქვთ, გვიდასტურებენ, რომ გოგებაშვილის "დედა ენაში" გატარებული მეთოდოლოგიური პრინციპები უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს. მხედველობაში გვაქვს ასო-ნიშანთა გრაფიკული განვითარება, კითხვა-მიგებანი ანუ სასაუბროები, ტექსტის გადანაწილება და მონაცვლეობა და სხვა. წინამდებარე გამოცემის უმთავრესი მიზანია, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" ხელმისაწვდომი გახადოს დღევანდელი მკითხველისთვის, უპირველეს ყოვლისა - დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.

- ას წელიწადზე მეტი ხნის წინათ გამოცემული სახელმძღვანელო, ცხადია, საგანგებო გადამუშავებას, გათანამედროვეებას მოითხოვდა. რა გაკეთდა ამ მიმართულებით?

- ტექსტი ჩასწორდა ორთოგრაფიული, ლექსიკური, გრამატიკული, სტილისტური, ტექსტობრივი და აზრობრივი თვალსაზრისით. მასალის მეტისმეტად მოძველებული ნაწილი შემცირდა. თუმცა ამგვარი გადამუშავებით მთლიანობაში არ შელახულა გოგებაშვილისეული "დედა ენის" სულისკვეთება და სწავლების მაგისტრალური მიმართულება. გამოცემის ერთ-ერთი მიზანიც ეს გახლავთ - აღდგეს ტრადიცია, რომლითაც ქართველი ყმაწვილი ეზიარება ქართულ სულიერებას, ზნეობრიობას, სიტყვიერებას, ლიტერატურას, ეთნოგრაფიას, ჩვენი ქვეყნის წარსულს, ფლორასა და ფაუნას, გეოგრაფიას და ყოფა-ცხოვრებას.

დღევანდელ სკოლებში გოგებაშვილისეული "დედა ენა" თითქმის აღარ ისწავლება. თანამედროვე სახელმძღვანელო მხოლოდ წერა-კითხვის სწავლებას ითვალისწინებს. არადა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თაობების აღზრდა გოგებაშვილის "დედა ენის" პრინციპებით. ის მხოლოდ წერა-კითხვას კი არ ასწავლიდა ბავშვებს, არამედ ყოველდღიურ, მარტივ, სასარგებლო ცოდნათა თანმიმდევრული და ზომიერი გაღრმავებით ბუნებრივად შეჰყავდა ნორჩი თაობა ცოდნათა უფრო მაღალ სფეროებში, უვითარებდა გონებრივ-შემოქმედებით ძალებს, უღვიძებდა კვლევისა და ძიების ინტერესს. პროფესორი უშანგი ობოლაძე წერს: "დედა ენა" იყო უშრეტი სალარო საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხის უთვალავ თაობათა მიერ შემუშავებული სიბრძნისა, მაცნე და მოძღვარი ხალხის სულიერი სიმდიდრისა, უხვი წყარო ჭეშმარიტი მამულიშვილობისა, მართალი აზრისა, პატიოსნებისა, შრომისა და გარჯისა. ეს იყო წიგნი დედაბუნების სიკეთეზე, მადლიან დედაშვილობაზე, ადამიანთა შორის გულითად სიამტკბილობასა და მშვიდობაზე". "დედა ენა" ოდითგანვე იყო ეროვნული თვითშეგნების მადლიანი აღმზრდელი, სულიერი განვითარების უშრეტი წყარო. მისი ამაგი ფასდაუდებელია. ამიტომ ვერც ერთი სახელმძღვანელო ვერ შეცვლის გოგებაშვილის "დედა ენას".

- ახალი გამოცემა რა მნიშვნელოვან სიახლეებს შეიცავს?

- ეს წიგნი სამი ნაწილისგან შედგება (ანბანი, საკითხავი და სამოძღვრებო ნაწილი). პირველ ნაწილში თითოეულ ასო-ნიშანს თან ახლავს მრგლოვანი და ნუსხური შესატყვისები. ამით მოსწავლეს ვამზადებთ წიგნის მესამე ნაწილის ასათვისებლად. ასომთავრული და ნუსხური ასოები ჩაემატა ბავშვის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ ძველი ქართული ანბანის საგანგებო შესწავლის გარეშეც დაამახსოვრდეს ეს ასოები და შეეძლოს ძველქართულად წერა-კითხვა, რაც ყველა ქართველის ვალია. ეს ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის, რომელმაც ბრძანა: "ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ". ახალ გამოცემაში ასო-ნიშნები უცვლელად გადმოვიტანეთ სიტყვებითა და მათ ადეკვატურად გამომხატველი სურათებით. რაც შეეხება ასო "ჯ"-ს, "ჯარა"-ს ნაცვლად ჩავსვით სიტყვა "ჯვარი" სათანადო გამოსახულებით. აღვადგინეთ ძველი დედაენისეული ნახატები და დავუტოვეთ პირვანდელი სახე. წიგნი შემკულია ფერადი ილუსტრაციებით, ასევე - მაკა ჩხეიძის მიერ შესრულებული ხატებით. წიგნის მხატვარია ნოდარ სუხიტაშვილი, რედაქტორები არიან დოდო (მარიამ) ღლონტი და ნანა მაჭავარიანი.

მადლობა უფალს, რომ შეგვაძლებინა, ვალი მოგვეხადა ღვთისა და ერის წინაშე და აღგვესრულებინა ეს უაღრესად საშური საქმე.

წიგნის შეძენის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 895 93-25-13; 877 50-28-54
ბეჭდვა
1კ1