ფარისევლობის როლში ყოფნა იწვევს ადამიანის შინაგან დაკნინებასა და ფსიქოლოგიურ სტრესს
ფარისევლობის როლში ყოფნა იწვევს ადამიანის შინაგან დაკნინებასა და ფსიქოლოგიურ სტრესს
გვესაუბრება მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):

- ადამიანის გონება არასდროს უნდა იქცეს ეპოქის გამყინვარების მსხვერპლად. მოაზროვნე არსება, ანუ პიროვნება, არ უნდა შეეგუოს გარემომცველი საგნებისა და მოვლენების მომხიბვლელ ძალმომრეობას თავისუფალ ნებაზე, შინაგან სილაღესა და სულიერ მისწრაფებებზე... ფარისევლის როლში ყოფნა იწვევს ადამიანის შინაგან დაკნინებასა და ფსიქოლოგიურ სტრესს (ნგრევას), მეტადრე მაშინ, როცა საზოგადოებაც ამაში ხელს გიწყობს თავისი თითიდან გამოწოვილი ხოტბა-ქათინაურებით. ღირსეული ადამიანი კი ვერასოდეს ხედავს საკუთარ წარმატებას, მუდმივად უკმაყოფილოა მიღწეულით და ყოველთვის მორიდებით ეკიდება თავის პლუსებს, უწყის რა, რომ იგი საბოძვარია ღვთისა და მასვე უნდა დაუბრუნდეს მოყვასისადმი სიკეთეში რეალიზებული.

ვფიქრობ, დღეში სულ მცირე, ათი წუთით მაინც უნდა დავფიქრდეთ, რას ვემსახურებით, რამდენად მივიწევთ მარადისობისაკენ, რამდენად ნამდვილია ჩვენი დაჯერება და რწმენა, რამდენად გვსურს ჭეშმარიტების თანაზიარობა და რამდენად ვიხარჯებით და გავცემთ მსხვერპლს ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად.

უნდა დავეკითხოთ პირუთვნელ სინდისს: მოჩვენებითია თუ გულწრფელი ჩვენი მსახურება? სოლიდარულია თუ ეგოისტური ჩვენი ზრახვები? უზენაესისადმი შეწირული ძღვენია თუ ვნებების ნავსაყუდელი ჩვენი გული? გულუბრყვილონი ვართ თუ მზაკვარნი?

ამ კითხვებზე პასუხი ალბათ სულის სარკეშია, რომელსაც ზოგჯერ მეორე მხრიდანაც ვერცხლით ვღებავთ, კვლავაც ამაოებაში განცხრომით თავმომწონეობთ და ფუფუნებასა თუ კომფორტს ადევნებული სურვილებით მატერიალიზმში ვინთქმებით, როგორც ზღვაში ჩაგდებული უგრძნობი ქვა.

მიმაჩნია, რომ ვისაც არ სტკივა ქრისტეს გზაზე წაფორთხიალებისას ფეხის ტერფები (გული და გონება), ვისაც არ აწუხებს თანამედროვე სამყაროში გამეფებული უსიყვარულობა და თავხედური მკრეხელობა, ვისაც ადამიანურად მაინც არ ებრალება ჯვარცმული მაცხოვარი, ვისაც ეზარება გოლგოთის აღმართზე ასვლა და ვისაც სამართალი ურჩევნია წყალობას, ის ჯერ კიდევ შორს არის ცოცხალი ღმერთის განცდისა და ქრისტიანული ფასეულობებისაგან.

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია საკუთარი თავისაგან, დანარჩენი ადამიანებისა და ბუნებისაგან. მისი აზროვნება პრაგმატული და მომხვეჭელობითი გახდა. იგი გადაიქცა საბაზრო საქონლად და საკუთარი ცხოვრების ძალებს ისე აღიქვამს, როგორც კაპიტალს, რომელმაც მას არსებული ბაზრის პირობებში მაქსიმალური მოგება უნდა მოუტანოს.

ინდივიდი, რომელიც ადამიანის აუცილებელ მისიასა და ცხოვრებისეულ საზრისს ვერ სწვდება, განწირულია მარტოსულობისათვის. ჩვენი ამჟამინდელი ცივილიზაცია ადამიანს ფსიქოლოგიურ სტრესში აგდებს, რომლის განმუხტვის მიზნითაც წარმავალი და ხორციელი გართობის ინდუსტრია ყველაზე უფრო მოთხოვნადია, რაც, უმეტესად, არათუ განკურნებას, არამედ პიროვნების სულიერ დეგრადაციას იწვევს.

თანამედროვე ადამიანის სახე ახლოს არის ინგლისელი მწერლის - ოლდოს ლეონარდ ჰაქსლის მამხილებელ ფორმულირებასთან: "მაძღარი, კარგად ჩაცმული, ყველანაირად დაკმაყოფილებული, მაგრამ საკუთარ "მეს" და საკუთარ კონტაქტებს მოკლებული... მას ჰგონია, ბედნიერება "სიამოვნების მიღებაშია". სწორედ ამიტომაც, საბოლოოდ, ყოველთვის იმედგაცრუებული რჩება".

ჩვენი დაკნინებული ღირსება თითქმის მარტო იმაზეა მორგებული, რომ ცვლიდეს და იღებდეს, ვაჭრობდეს და მოიხმარდეს. მხოლოდ დოვლათისა და ფიზიკური მარაგის გაფართოებაა ამჟამინდელი ჰომოსაპიენსის ორიენტირი თუ შემოქმედებითი დისკურსი, რაც, ალბათ, მძიმე შედეგებს უქადის მომავლის კაცობრიობას.

ბეჭდვა
1კ1