ამ ქაოსურ სამყაროში წონასწორობის შესანარჩუნებლად გვჭირდება ორი რამ: ცოდნა და ზნეობა
ამ ქაოსურ სამყაროში წონასწორობის შესანარჩუნებლად გვჭირდება ორი რამ: ცოდნა და ზნეობა
"კარიბჭის" მკითხველს ახალ რუბრიკას ვთავაზობთ - თვალსაწიერი. ეს ფართო მნიშვნელობის რუბრიკა მკითხველს შესთავაზებს სხვადასხვა საკითხის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებას. ამჯერად საკუთარ თვალსაწიერს გაგვაცნობს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი):

"დღევანდელი ადამიანების უმეტესობას იმდენად მატერიალიზებული და ანგარებითი ინტერესები აქვს, რომ აბსოლუტურად ვერ გრძნობს საკუთარ თავში სულის არსებობას. მისთვის სული ბიოლოგიურ სუნთქვასთან ასოცირდება მხოლოდ. მას, აგრეთვე აღენიშნება ონტოლოგიური დეზორიენტაცია, რის გამოც ვერ აცნობიერებს საკუთარ გარემოსა და მის როლს მოცემულ სივრცეში.

ალბათ, ყველას განგიცდიათ მსგავსი რამ: თანამედროვე, თავმომწონე ადამიანის წინ დიდსულოვნად დგახარ, უცებ ის იწყებს სრულიად განყენებულ თემაზე საუბარს, შენ ზრდილობის გამო უსმენ, ზოგჯერ კი ცდილობ, სულიერებაზე დაელაპარაკო, მაგრამ შენ წინ სალი კლდეა, რომელზეც ვერაფრით აღმოაცენებ ყვავილს, რადგან ნიადაგი არ გააჩნია. წვალობ, გულით გსურს, რომ მარადისობაზე დააფიქრო, მაგრამ ამაოდ. ხედავ სურათს: - მაცხოვარი დაუღალავად უკაკუნებს მისი გულის კარს, ის კი ირონიული ქირქილით არ უღებს, რადგან სტომაქისა და ამბიციებისათვის არ სჭირდება ქრისტე. დასანანია და საწყენი, როცა ასე გულცივად უარყოფენ შენ თვალწინ ჭეშმარიტებას და როცა უარსაც არ კმარობენ და აქეთ დაგცინიან რწმენისათვის. სადღეისოდ, ლიბერტარიანულ გარემოში, თუკი ვინმე რიტორიკასა თუ ქმედებაში ქრისტესადმი ერთგულებას გატყობს, რაც უნდა პარდოქსული იყოს, უმალ ფანატიკოსს გიწოდებენ და ბნელად მოგიაზრებენ.

ზოგადად კი ნებისმიერი მანკიერება, უსიყვარულობისა და ურწმუნოების შედეგია. პიროვნებად შეუმდგარი ჰომოსაპიენსები, მუდამ უპირისპირდებოდნენ სულიერ იდეალებსა და მარადიულ ღირებულებებს. ასეთ მატრაბაზებს სძულთ ადამიანი, სამშობლო, ღმერთი და ყოველივე ამ სამთაგანით გაჟღენთილი. სინდისისაგან მხილებულთ, ვერ დაუტევიათ სიწმინდე და სულ მის დამცირებას ლამობენ. ყოველივე ნახსენები სიმახინჯე, უსიყვარულობით მოჟამული რეალობა იმიტომ ხდება, რომ უნათლესია უფალი და დაბინდულნი მას ვერ ხედავენ, უწმინდესია უფალი და უწმინდურნი მას ვერ გრძნობენ.

ადამიანს კეთილი მიზნის მიღწევაში მხოლოდ სიყვარული ეხმარება. თუკი დასახულ ამოცანებს ვერ ვახორციელებთ, ეს სათანადო სწრაფვის ნაკლებობის ბრალია. აღარაფერს ვამბობ მტრის სიყვარულზე, რომელიც მატერიალისტურმა მსოფლიომ ლაჩრობად მოიაზრა და დაუფიქრებლად უგულებელყო. წუთისოფელში ზედმეტად ამბიციურ ადამიანებს ახასიათებთ ნიჰილიზმი და სარკასტული ბოღმა გარემომცველი სამყაროსადმი. ისინი ყველას ავალდებულებენ და თავად პასუხისმგებლობას გაურბიან. იმდენად ეგოცენტრულნი არიან, რომ მათთვის მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს. ასეთი ადამიანები შეუმდგარი პიროვნებები არიან. მეტად საშიშნი და საბრალონი, რადგან მათთვის ღმერთი, როგორც უზენაესი ჭეშმარიტება, არ არსებობს. მეტიც, ეჯავრებათ მისი სახსენებელიც, რადგან მუდმივად შიშვლდებიან მის წინაშე, როგორც ბილწნი და უღირსნი. ზოგჯერ მგონია, რომ ეშმაკსაც კი უკვირს-მეთქი მათი ცბიერება. ასეთებს გული არ უნდა გადაუშალო და არასოდეს უნდა ჩაახედო სულის სიფაქიზეში, რომ არ დაზიანდე. დასკვნა ერთია: ამპარტავნები მუდამ ბორგავენ და დრტვინავენ, სძულთ წარმატებულები და წმინდანები და მათ დასცინიან კიდეც, ხოლო თავმდაბალნი ყოველთვის ბრძნულად მოქმედებენ, არასოდეს "პროვინციულ" და მატერიალისტურ სიხარბეს არ იჩენენ, ყველაფრისთვის ცრემლებამდე მადლობელნი არიან, ღვთისა და სულიერ სიმშვიდეში ცხოვრობენ. მათი გული ლაღია, გახსნილი და ამიტომაც სხვისგან ნასროლი ქვა ვერასოდეს ლეწავს მათ სარკმელს, რადგან დაგმანული არასოდეს არაფერი ხვდებათ მომხვდურთ.

ამ ქაოსურ სამყაროში, წონასწორობის შესანარჩუნებლად გვჭირდება ორი რამ: ცოდნა და ზნეობა. იდეალურია, როცა ეს ორივე ერთმანეთს მოიცავს და როცა ტყუპი ძმებივით არიან ერთმანეთზე შეყვარებულები. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტი. ჩვენს წარმოდგენაში, სოციალური გაგებით ადამიანი უნდა წარმოადგენდეს უმაღლეს პიროვნულ არსებას, ხოლო სულიერი თვალსაზრისით კი უფლის უაღმატებულეს ქმნილებას, რომელიც პოტენციაში ღმერთია მადლის მიერ და არა ბუნებითად.

ღმერთმა გონიერი არსება, ანუ ადამიანი შექმნა მარადიული ცხოვრებისათვის. ზეცისა და ქვეყნის შეკავშირება არის ადამიანის ცხოვრების მისია და დანიშნულება. ჩვენი ამქვეყნად მოვლინების უპირველესი მიზანი არის პიროვნული სრულყოფა, რაშიც ქრისტიანული სწავლების სწორად შემეცნება და მისი ცხოვრებაში განხორციელება, ანუ ღვთის მადლი გვეხმარება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლოცვის შესაძლებლობა და მისი მისტიკური უნარი. იგი გვეხმარება ფსიქოანალიზსა და პირადი ,,მეს" წვდომაში, რომლის მეშვეობითაც ადამიანს ეძლევა რეალური ნიჭი საკუთარი თავიდან ნიღბის ჩამოხსნისა, რაც პირდაპირ ხელს უწყობს კომპლექსებისაგან გათავისუფლებას.

დაკნინებულ დღევანდელობაში, ცხოვრებისეული საზრისის პრობლემა ჭეშმარიტებისა და იდეალის ძიების პრობლემაა. მისი შემეცნება განსაზღვრავს ადამიანის მოღვაწეობისა და ხასიათის მიმართულებას. ამჟამად ადამიანებს უჭირთ თავიანთი ფუნქციის გაცნობიერება, მუდმივად გაურბიან მარტო დარჩენასა და ფიქრს თავიანთ მდგომარეობაზე, რადგან მათთვის ერთგვარი სტრესი და დამთრგუნველი სიმძიმეა ცხოვრებისეულ სინამდვილეზე მსჯელობა, რამეთუ სინდისი არცთუ ისე ჯანმრთელად შერჩენიათ. ყველაზე უფრო კი შემეცნების პროცესს ამპარტავნება ეღობება, რომელიც დაუნდობლად ახშობს ადამიანის გულს და ბინდავს მიუკერძოებელ აზროვნებას. იგი ასევე ხელს უშლის ზნეობრივი არჩევანის სიჯანსაღესა და პასუხისმგებლობის გამომუშავებას.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საზოგადოებას ერთმანეთისაგან ვერ განურჩევია ყოფითი და ყოფიერი ზნეობა. ყოფითი ზნეობა, შესაძლოა ვლინდებოდეს მოქალაქეობრივ სიმწიფეში, კანონმორჩილებასა და სხვებთან ურთიერთობით პატიოსნებაში, რასაც სრულებით არ სჭირდება უფლის დიდება და ის ათეისტებსაც კი ხელეწიფებათ, რომლებიც უარყოფენ ობიექტურ ჭეშმარიტებას, სახარებისეულ ცოდნას შეფარდებითად მიიჩნევენ და რელატივიზმის ტყვეობაში იმყოფებიან, ხოლო ყოფიერი ზნეობა კი, სულიერი ღირსების უმაღლესი გამოვლინებაა, რომელიც არ ჯერდება ბიო–რობოტულ და ფიზიოლოგიურ ყოფას. ყველა შემთხვევაში არ ემონება ქვეყნიურ ლოგიკასა და ფსევდოსამართლებრივ ჩარჩოებსა და გამოგონილ პრინციპებს. მისი ხედვა გაცილებით უფრო ფართოა, მეტაფიზიკურია და შორსმჭვრეტელი. იგი არ ეგუება ხორციელ ინსტინქტებსა და დაუცხრომლად ცდილობს ვნებათა დაძლევას. მას აქვს შინაგანი წუხილი, ამბოხი ცოდვების მიმართ, რამეთუ აცნობიერებს რა მათ მავნებლობას, იცის, რომ მის სამომავლო ხვედრზე ეს დამაკნინებლად აისახება.

ნიშანდობლივია, რომ ნებისმიერ პიროვნებას გააჩნია თანდაყოლილი რესურსი, იმისათვის, რათა მიზანმიმართულად მიისწრაფვოდეს სრულყოფილებისა და ჭეშმარიტებისაკენ. თუკი ის გააცნობიერებს საკუთარ როლს და არ იქნება დეტერმინირებული ამ მიზეზ-შედეგობრივ სამყაროში, სადაც ყოველივე ერთმანეთზეა ჯაჭვურად გადაბმული და თუ არ შეურიგდება წუთისოფლის სიამეებს, მაშინ ის აუცილებლად მიაღწევს ნამდვილ უკვდავებას, რომელიც თავისუფლების უმაღლესი სინონიმია. ადამიანის არსებობის მიზანი უნდა იყოს სიცოცხლე და არა უბრალოდ ბიოლოგიური არსებობა. მისი ბედნიერება უნდა ვლინდებოდეს სიხარულში, შინაგან აღმაფრენასა და თავისუფლებაში და არა ამქვეყნიურ კეთილდღეობაში.

დღეს, როდესაც ირგვლივ რწმენის უკმარისობა და სიამაყეა გამეფებული, არის საშიშროება იმისა, რომ ყოფიერების საზრისი წარიხოცოს. ამიტომაც გაბედულად და საჯაროდ უნდა ვაღიაროთ ღმერთი, რადგან ღია რწმენა სინათლეს ჰფენს ადამიანთა ყოფას. ამასთან, როცა ცხოვრება უფალზეა მინდობილი, თვით ტანჯვა და სიკვილიც კი ახალ აზრს იძენს. ჭეშმარიტი რწმენა არ არის გაუბედავი ხალხის თავშესაფარი, იგი თვალსაწიერის გაფართოვებაა, რამეთუ ის ადამიანს რეალობისაგან კი არ წყვეტს, არამედ ეხმარება, რომ ჩასწვდეს მის სიღრმისეულ მნიშვნელობას, თავად აწარმოოს საინტერესო აღმოჩენები. ვისაც მართლად სწამს, ყოველთვის ცდილობს, რომ ქრისტეს თვალებით უყუროს სამყაროს და უკუაგდოს პირადი მერკანტილიზმი, რომელიც მხოლოდ ეგოზე გადის.

ძალზე ხშირია ისეთი მომენტებიც, როცა ადამიანები კარგავენ სიმარტივეს, ხელოვნურად ირგებენ ეკლესიურობის ეტიკეტს, დროზე ადრე ცდილობენ წმინდანებთან მიმსგავსებასა და ხიბლისმიერად ქმნიან საკუთარი თავისაგან მისაბაძ იდეალს, რომელიც ,,არასდროს არ ცდება". არადა ადამიანის სულიერი განვითარება და წინსვლა, ერთგვარად უნდა განასახიერებდეს არქეოლოგიურ გათხრებსა და ძიებას, რომელიც ფენა-ფენა, ნელ-ნელა, ძალიან ფაქიზად მიმდინარეობს, იმისათვის, რათა არ დაზიანდეს მოცემული მიწის მონაკვეთი. ამჟამად, ჩვენს პლანეტაზე, სამართლიანობის მწვავე კრიზისი დგას. იგი განპირობებულია იმ ინოვაციური კულტურით, რომელიც მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესზე ამყარებს იმედს, ან ცალკეული ადამიანის ნიჭზე, ამა თუ იმ ინდივიდის ინტელექტუალურ თუ სოციალურ უპირატესობაზე და არა საერთო სიკეთეზე.

ღმერთმა ყველას აგვიხილოს გონებისა და გულის თვალი, დაგვაფიქროს სიცოცხლის მშვენიერებაზე, მის მაცხოვნებელ საზრისზე და მოგვიტევოს უგრძნობელობა ჩვენი. ამინ.

ბეჭდვა
1კ1