ახალი სახელები
ახალი სახელები
გაიცანით - რატი იმერლიშვილი
ანკეტური მონაცემები: რატი იმერლიშვილი, 25 წლის, დაუქორწინებელი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. ერთხანს მუშაობდა თელავის აუდიტორულ კომპანიაში, ამჟამად "თიბისი" ბანკის განვადების მენეჯერია. ბავშვობიდანვე ფეხბურთით იყო გატაცებული, კარგი მონაცემების წყალობით თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა, მაგრამ ფეხბურთს არ გაჰყვა და 21 წლიდან ლექსების წერა დაიწყო.

- რატი, პოეზიის ნიჭი წინაპრებიდან ხომ არ მოგდევს?

- დედაჩემი წერს ლექსებს, დედის მხრიდან ჩემი ბიძაშვილებიც. რითმის შეგრძნება ბავშვობიდან მქონდა.

- პირველი ლექსი როდის დაწერეთ?

- მერვე კლასში ვიქნებოდი, როცა სერიოზული ლექსი დავწერე, ადრეული ბავშვობის დროინდელ ლექსებს აღარ ვთვლი. უკვე გამოსაცემად მზადა მაქვს კრებული, სადაც 40-ზე მეტი ლექსი იქნება თავმოყრილი. ეკლესიაში პატარაობიდან დავდიოდი, რადგან ეკლესიური მშობლები მყავს, ბავშვს, როგორც გაზრდი, ისეთი გამოდის, ჰოდა, მეც საკვირაო ქადაგებებს რომ ვუსმენდი ტაძარში, თავიდან რელიგიური ლექსების წერა დავიწყე, ჩემი მოძღვარი თვითონაც ლექსებს წერს, ჩემს პოეზიას რომ გაეცნო მანაც და სხვამაც კარგი შეფასება მისცა ვისაც ვაჩვენე. ახალ ლექსს ყოველთვის ნაცნობ-მეგობრებს ვუკითხავ. თუ მოეწონებათ, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.

- სიყვარულის გარეშე კარგი პოეზია ვერ შეიქმნება, როგორც ამბობ, თავიდან მოძღვრის ქადაგებებმა რელიგიური ლექსები შთაგაგონა. ზოგჯერ ცხოვრებისეული ტკივილიც ასაზრდოებს პოეზიას...

- ეკლესიური შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ ყოველდღიურობაც გადამწყვეტია. წიგნის კითხვა იყო, თუ ქადაგების მოსმენა, მრავალი წლის მანძილზე გატაცებული ვიყავი რელიგიური თემატიკით და აქედან წამოვიდა ეს პოეზია, მერე უკვე სხვა თემაც შემოვიდა ჩემს ლექსებში და ასე გადმოდიოდა ჩემი ნაფიქრი ფურცელზე.

- მოდი, ახლა გავაცნოთ მკითხველს ის ლექსები, რომლებიც ახლახან დაიწერა.

- სიამოვნებით.

დედა
ვიწყებ წერას და მომაშველე, ღმერთო, სიტყვები,
ღამეც მთვარისფრად შეეცდება აზრთა დაწყობას.
ჩვეულ მუსიკას უკრავს ჩემთვის ისევ სიჩუმე
და როგორც მუდამ, ახლაც შენ ქმნი წმინდა განწყობას.
დღეს ადრესატი სწორედ შენ ხარ, ლექსის იდეა,
ზღვაში წვეთია ყველა ჩემი თუნდაც ქმედება...
შენ გქვია დედა, აქ სხვა ახსნა უაზრობაა
მადლობა იმ ღრმა განცდებისთვის გულს რომ ედება.
მინდა, მინდა და სხვა გზაც არ გაქვს ღიმილის გარდა,
დაუსრულებლად უნდა მზრდიდე, როგორც თავიდან,
ღმერთმა ისმინოს ყველა ფიქრი, რაც ჩვენს გულშია,
ის ოცდახუთი წელიწადიც უკვე გავიდა.
დღეს კი, აგვისტოს ექვსი უდრის მარადისობას,
და რაც ლექსშია, გულში ასჯერ უფრო მეტია,
ვფიქრობდი, როგორ უნდა მეთქვა შენთვის მიყვარხარ
და ეს ცხოვრება არც მეყო და არც დამეტია.

გავექცეთ სამყაროს
როდესაც შენს გულში სიჩუმე ხმაურობს
თვალები მეტს ამბობს სიტყვებზე ასჯერ და
ტუჩებით მითხარი წვიმიან საღამოს
რომ გული სიყვარულს ამწუთას დასჯერდა.
მოგპარავ ცხოვრების არ ვიცი, რამდენ წელს,
ლექსებში აგირევ კოცნებს და აპრილებს...
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, ისე რომ,
გრძნობები გაექცა უსაზღვრო ნაპირებს.
აღარ მწამს უშენოდ ცხოვრება დღეიდან,
ყოველთვის შენთან და შენთვის და შენ გამო
იწამე, რომ ეს გზა არასდროს მორჩება
აიწყვეტს რითმების გზა უკიდეგანო.
სიცოცხლის საწყისად ჩემთვის ეს სუთქვაა
ზეცამდე დამჩემდი შენ, მხოლოდ ერთი და
წამოდი, გავექცეთ სამყაროს იქ, სადაც
თვალებით უგებენ და უყვართ ღმერთიდან.

- სხვათა შორის, ქალისა და მამაკაცის წმინდა სიყვარულით იმხელა გრძნობა შემოდის ადამიანში, არაპოეტსაც კი აწერინებს ლექსებს...

- ძალიან რომანტიკული ბუნება მაქვს, ამჯერად ალბათ, ადრესატს არა აქვს მნიშვნელობა. ჩემს პოეზიაში სიყვარულის თემას დიდი ადგილი უკავია. ვწერ დაკარგულ სიყვარულზეც, რამდენადაც ეს გრძნობა გამძაფრებულია ჩემში.

- რატი, ვინ არის შენი საყვარელი პოეტი?

- გამორჩეულად გალაკტიონი მიყვარს.

- რატომ გიყვარს ასე გამორჩეულად გალაკტიონი?

- გალაკტიონი გენიალურად მარტივია, შეიძლება დიდი რამ ისე მარტივად გადმოსცეს, გაგაკვირვოს, იგი ადვილად პოულობს სიტყვებს და მძივივით ასხამს, ისეთ საოცარ განწყობილებას ქმნის, ასეთი რამ არავის არ შეუძლია გალაკტიონის გარდა, იგი მარტოსულია თავის თავში და უდიდესი სიღრმეა მის პოეზიაში. და ამიტომაც ვგრძნობ ყველაზე კარგად თავს მისი პოეტური შედევრების კითხვისას.

- თანამედროვე ან თუნდაც შენი თაობის პოეტებში თუ მოგწონს ვინმე განსაკუთრებულად?

- ნიკო გომელაური. ვერ ვიტყვი, მისი გავლენის ქვეშ ვექცევი-მეთქი, მაგრამ ვაფასებ როგორც ნიჭიერ პოეტს, მან ქართულ პოეზიაში ახალი სიტყვა, ახალი ფერი შემოიტანა.

გიორგი ზანგურის პოეზიაც მომწონს. ზურა სალუქვაძის ლექსებიც საოცრად ემოციურია, მართალია, რითმა სუსტი აქვს, მაგრამ ისეთი გრძნობით წერს, დადებითისკენ განგაწყობს და ეს არის მთავარი.

- რომელია შენი პირველი ლექსი და პირადად შენ რომელი ლექსი გიყვარს განსაკუთრებულად.

- ჩემი პირველი ლექსია "უფალს მივენდოთ", რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან სავიზიტო ბარათივითაა, ბოლო ლექსია "მე და შენ".

უფალს მივენდოთ
უფალს მივენდოთ, გვეწეოდეს ღვთის მადლი წმინდა,
ყველამ ჩვენს ცოდვებს გადავხედოთ, ტირილი მინდა...
რა მოგვიტანა სხეულზე ზრუნვამ? - კითხვა მაწუხებს,
რით დავაღწიოთ ახლა თავი ცოდვის მარწუხებს?!
რატომ ვარჩიეთ ჩვენ ცხოვრება ვნებით მართული -
ცოდვების ჯაჭვი, ერთმანეთზე გადახლართული...
განსაცდელები გვიკვირდა მერე, - უფლის წყალობა,
ისევ ჩვენივე სასარგებლოდ რომ გვიწყალობა.
დროა გონს მოსვლის, გაღვიძების და სულზე ფიქრის,
ხვალ, ვინ რა იცის, რა მოგველის, დრო კიდევ მიჰქრის.
რატომ არ გვინდა ჩვენ, უღირსებს, უფლის გაგება,
აღსავსე მადლით, სიყვარულით, უფლის განგება...
როდესაც მიწას შეერთვება ჩვენი სხეული
და დაგვირჩება მერე სული მწარედ ეული,
მაშინ მივხვდებით სუყველაფერს, ტირილი მინდა...
სულით გლახაკის კუთვნილია ღვთის მადლი წმინდა.

მე და შენ
მე და შენ, უბრალოდ, მე, შენ და არავინ...
ოცნების ჰორიზონტს შევმატე ფერები.
შენით მთვრალ თვალებში შემხედე აბა და
მიხვდები, რომ მხოლოდ შენ შემეფერები.
მე და შენ ახლაც და ყოველთვის მე და შენ,
სიგიჟე ვერ იტევს მომავლის ქმედებას,
მოდი და ვაჩუქოთ ერთმანეთს მეცხრე ცა...
შენ გიძღვნი, მხოლოდ შენ, ჩემს შემოქმედებას.
მე და შენ, ეს სიტყვა ზეცაშიც წერია.
ჩემია, ჩემს გულში, შენში და ჰაერში
როცა წვიმს, როცა თოვს, ცა კოცნის ფერია
ტუჩებზე დამიდნა, ზეციდან დავეშვი.
მე და შენ, ცხოვრების მერეც და აქამდეც,
დავტოვებთ ნაკვალევს ყველგან და ყოველთვის,
შენ გიყვარს აპრილში ლექსებს რომ გიკითხავ.
მე მიყვარს სიგიჟე, ცხოვრება რომ ერთვის...
მე და შენ, უბრალოდ, მე, შენ და არავინ
ოცნების ჰორიზონტს შევმატე ფერები,
შენით მთვრალ თვალებში შემხედე აბა და
მიხვდები, რომ მხოლოდ შენ შეგეფერები.

ბეჭდვა
1კ1