ყველას სიყვარულით ეპყრობოდა
ყველას სიყვარულით ეპყრობოდა
ღირსი იონა კიეველი
(დასაწყისი "კარიბჭე" #19)
ომის დროს ღირსი იონა ბევრს ლოცულობდა, ხშირად ფიზიკურად კელიაში იყო, ხოლო მთელი გონებით ომში იმყოფებოდა. მის მიერ მოხდენილი სასწაული მის ჩანაწერებშია მოთხრობილი: "ლიტურგიის შემდეგ, 12 საათი იქნებოდა, ვიჯექი და ვაკეთებდი ნავებს, თან ვფიქრობდი ყირიმის ომზე, უცებ მესმის ჩემი კელიის კართან ლოცვა: "ლოცვითა წმინდითა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შეგვიწყალენ ჩვენ". ქალის ხმა იყო, სუფთა და მკაფიო. მესმის, მაგრამ ვდუმვარ, ვიცი, რომ ჩემთან ქალები არ დადიან. ისევ მესმის ხმა, ისევ ვმდუმვარ. მაშინ კარები თავისით გაიღო, თუმცა ჩაკეტილი მქონდა... კელიაში შემოდის სამი ქალი. ისინი დადგნენ ღვთისმშობლის "სამხელიანად" წოდებული ხატის წინ, გადაისახეს პირჯვარი და გააკეთეს სამი დიდი მეტანია. მე ვიჯექი, ყურადღებას არ ვაქცევდი. გულში ვმრისხანებდი, როგორ გაბედეს ქალებმა ჩემს კელიაში შემოსვლა-მეთქი. თან არ ვიცნობ მათ, დამჯდარი ვფიქრობდი და ვაგრძელებდი ჩემს საქმეს. მათ ილოცეს და მომიბრუნდნენ. "ღვთის გულისათვის, უშველე, მამაო". ვუყურებ უბრალოდ ჩაცმულ, ქრისტიან ქალებს, თავზე მანდილები აქვთ მოხვეული. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: "ჩვენ მოვედით თქვენთან, რათა ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ ომში". როგორ წამოვალ ასე შორს, თანაც არაფერი საბუთი არა მაქვს-მეთქი.

პირველი ამბობს: "საბუთი არ არის საჭირო, შენ მხოლოდ გქონდეს სიყვარული, ხოლო უფლისათვის ყველაფერია შესაძლებელი. წავალთ, მოვემსახურებით მათ და უკან დავბრუნდებით. არაფერი წამოიღო, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მხოლოდ 2-3 პირსახოცი წამოიღე ჭრილობების დასამუშავებლად". მათ წაიკითხეს ლოცვა "ღირს-არსი". ყველამ გადაისახა პირჯვარი, გააკეთეს მეტანია - "დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". შემდეგ ისევ გააკეთეს მეტანია, თქვეს "უფალო შეგვიწყალენ" 3-ჯერ, გვაკურთხენ... ისევ მეტანია, "ამინ!" ერთმა თქვა: "უფალო, აკურთხე ჩვენი გზა", ყველამ გადაისახა ჯვარი. დავკეტე კელია და წავედით.

გამოვედით ეზოში, ცოტა გავიარეთ და კელიისკენ მივიხედე - აღარსად ჩანდა... გავიხედე წინ - ვდგავართ ძალიან დიდი შენობის წინ, რომელსაც აწერია: "აქ არის საავადმყოფო დაჭრილი მეომრებისთვის, ქრისტესთვის დაზარალებულთა, წმინდა რწმენა, ღმერთმა დაიფაროს რუსეთი".

პირველი მეუბნება: "მადლობა უფალს, რომ მოვედით!" შევედით შიგ, აქ წმინდა წამებულებია... თეთრ და დიდ ოთახში აქეთ-იქით იწვნენ დაჭრილი ჯარისკაცები. ერთს ხელი არ ჰქონდა, მეორეს - ფეხი, ვიღაცას ცხვირი, ერთს თვალი ჰქონდა ამოვარდნილი. სხვებს თავი ჰქონდათ დაზიანებული. მივედით, რომ გვენუგეშებინა სნეულნი. შემდეგ დავაპურეთ სნეულნი და დავიწყეთ ჭრილობების დამუშავება.

პირველ ავადმყოფს ჰკითხეს, - რა გქვიაო. ბასილიო. შემდეგ ერთ-ერთი ქალი მეუბნება, - დაიმახსოვრე ეს სახელი, მოვა დრო და ის მოგაკითხავსო. გავიდა დრო და ასეც მოხდა, როცა მონასტერში დავბრუნდი, მოვიდა ის ჯარისკაცი, ეზიარა უფლის სისხლს და ხორცს, მიცნო - სიზმარში ჰქონია მინიშნებული ადგილი, სადაც ვცხოვრობდი და ასე მომაგნო. რამდენიმე დღე დარჩა მონასტერში. მადლობა გადამიხადა და მშვიდობით გავამგზავრე.

ბრატსკის და გრეჩესკის მონასტრები
წმინდა ნიკოლოზის მონასტრის შემდეგ მამა იონა მცირე ხნით ცხოვრობდა ბრატსკის მონასტერში (საძმოს მონასტერში). 1857 წლიდან ეკატერინეს მონასტერში მოღვაწეობდა, რომელიც გრეჩესკის სახელით იყო ცნობილი. აქ, 1858 წლის 29 იანვარს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, ხელდასხმულ იქნა მღვდლად.

შემდეგ ღირსი იონა მოღვაწეობდა ვიდუბიჩის მონასტერში, რომელიც კიევის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა და სადაც მოგვიანებით აიგო სამების მონასტერი, რომლის აშენება სწორედ იონას ჰქონდა დავალებული ღვთისმშობლის მიერ (მისი წმინდა სხეული იქ განისვენებს).



ვიდუბიცის მონასტერი
ვიდუბიცის მონასტერში ძალიან ცოტა მომლოცველი მოდიოდა. ერთხელ ღირსმა იონამ უთხრა ძმებს: იყიდეთ ტომარა, რადგან შემოდგომაზე ფულის წვიმა იქნება და ასაკრეფი გვექნება. მის ნათქვამზე ბერებმა გაიცინეს. მართლაც, შემოდგომაზე უამრავი მომლოცველი ეწვია მონასტერს. ისინი იღებდნენ დალოცვას წმინდა მამისაგან. ხალხმა ისე იმატა, რომ მონასტერი ვეღარ უმასპინძლდებოდა მათ, შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომლის შემოწირულობით ააშენეს სასტუმრო და სატრაპეზო. ღირსი იონა დღე და ღამე იღებდა ხალხს, რჩევა-დარიგებებს აძლევდა და ანუგეშებდა. მონასტრის ბერებს შეშურდათ ღირსი მამისა, წუწუნებდნენ, - ადრე მონასტერში სიმშვიდე იყო, ახლა კი ძალიან ბევრი ხალხია, ზოგს აღსარება უნდა, ზოგს პანაშვიდი, მოსვენებას ვეღარ ვპოულობთო. მიუხედავად შევიწროვებისა, ბერი მაინც ყველას სიყვარულით ეპყრობოდა. მან ამ მონასტერშიც ბევრი განსაცდელი დაითმინდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვა
1კ1