ჩვენ ნაკლებად გვეშინია გარდაცვალების და უსაშველოდ გვიყვარს სიცოცხლე!
ჩვენ ნაკლებად გვეშინია გარდაცვალების და უსაშველოდ გვიყვარს სიცოცხლე!
ბერმა ანდრიამ ამქვეყნიდან გასვლამდე, ჩვენი თავი მშობლებს ჩააბარა
ჩვენმა დედობილ-მამობილმა, თინათინმა და ნესტორმა (მილედი ჩხვიმიანი და ემზარ მილორავა), მიაღწიეს იმას, რომ ერთ ოჯახად შევიკარით, შევქმენით "ბერი ანდრიას სახელობის ფონდი", პატარა დღესასწაულებს ვაწყობთ, მოსალოცად ვმოგზაურობთ. დიდი გეგმა გვაქვს შედგენილი, ცხოვრება უნდა გავულამაზოთ ერთმანეთს, მაგრამ ყოველივეს განსახორციელებლად მატერიალური თანადგომა გვჭირდება. გვინდა ყველამ დაიჯეროთ, რომ "კიბო" არ ნიშნავს სიკვდილს, ჩვენ ხომ ამ დაავადებამ ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი გაგვხადა, სიცოცხლის ხალისი გაგვიორმაგა, ჩვენ ნაკლებად გვეშინია გარდაცვალების და უსაშველოდ გვიყვარს სიცოცხლე! - ეს სიტყვები სალომე ზავრადაშვილს ეკუთვნის.

- პრობლემები ასაკის შესაბამისად იზრდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გამონაკლისი ხდება და ჩვენი პრობლემა ჩვენს ასაკს ძალიან უსწრებს, - ამბობს სალომე.

სიტყვა "კიბო" ოდესღაც ჩემთვის გარდაცვალებას ნიშნავდა, აქედან გამომდინარე, ვერიდებოდი ადგილს, სადაც ამ თემაზე საუბრობდნენ ხოლმე. თუმცა... მე თავად მომიწია ამ თემის ერთ-ერთ მთავარ გმირად ყოფნა. 12 წლის ვიყავი, როცა ეს დიაგნოზი დამისვეს, სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში ექიმის სიტყვები - "კიბო იოლად არ რჩება". ექიმი მართალი აღმოჩნდა. 4 წელი გაგრძელდა ჩემი ავადმყოფობა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ყველა ბავშვი ფერმკრთალი და ყველა გოგონა თავსაფრიანი რატომ იყო. ორი თვის შემდეგ, მეც ზუსტად მათნაირი გავხდი - ფერმკთალი და თავსაფრიანი... დროთა განმავლობაში ყველა იქ მყოფი იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის, მეგონა, მთელი ჩემი ცხოვრება მათთან ერთად მქონდა გატარებული. მერე ბევრმა დაგვტოვა, წავიდნენ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან, იქ, სადაც სამუდამო სამყოფელია ჩვენი, სადაც, იმის მიხედვით, აქ როგორ მოვიხვეჭეთ სიკეთე, როგორ განაგრძობენ ცხოვრებას აქ დარჩენილი მშობლები თუ ახლობლები, გვხვდება სასუფეველი ან სიბნელე... დროთა განმავლობაში, მერე, იქ წასვლის შიში ნაკლებად მქონდა, იმის უფრო მეშინოდა, რომ სხვა "ჩვენი ბავშვი" წავიდოდა იქ. ფიზიკურ ტკივილსაც მივეჩვიეთ, მაგრამ სულიერს - ვერა.

ბერი ანდრიას მშობლები სწორედ იქ გავიცანი, გავიცანი და ჩემთვის ძალიან ახლობლები გახდნენ, ვერანაირი სიტყვით და ემოციით ვერ გადმოგცემთ, ისინი როგორი ძვირფასები არიან ჩემთვის!

ერთ დღეს ახალი ბიჭი მოიყვანეს - ნუგზარი. ძალიან მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თითქმის ერთი წელი არ გამოსულა პალატიდან, სულ იწვა. საშინელი ტკივილების მიუხედავად, დაუზარელი იყო, კეთილზე კეთილი, ეკლესიური, თურმე 11 წლიდან ოცნებობდა ბერობაზე და ეს ოცნება ონკოცენტრის კედლებში, საწოლს მიჯაჭვულს აუსრულდა, მარტყოფის ღვთაების მღვდელ-მონაზონმა, ჩვენმა მამა შალვამ აღკვეცა ბერი ანდრიას სახელით, ჩვენი სათაყვანო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, მეუფე იაკობისა და მეუფე შიოს კურთხევით. აღკვეციდან რამდენიმე თვეში გავიდა ამ ქვეყნიდან, მაშინ ხილული სასწაული მოხდა თინათინის ცხოვრებაში. ეუბნებოდნენ, - ბერს, გასვლისას, შვიდი ანგელოზი იცავს ბოროტისაგანო და მართლაც, მამა შალვა და მლეთის, ლომისის წმიდა გიორგის მამათა მონასტრის შვიდი ბერი მოვიდა მის გასაცილებლად... მარტყოფის ღვთაების ეზოში დაკრძალეს.

ბერმა ანდრიამ, ამქვეყნიდან გასვლამდე, ჩვენი თავი მშობლებს ჩააბარა - ჩვენზე სთხოვა, არ მივეტოვებინეთ და შეძლებისდაგვარად ეზრუნათ. შეძლებისდაგვარად კი არა, შეუძლებელია იმის ჩამოთვლა და გადმოცემა, რას გვიკეთებენ, ჩვენთვის ცხოვრობენ, შეუძლებელს გვიკეთებენ, დღედაღამ, დაუღალავად, წარბშეუხრელად გვერდით გვიდგანან ფიზიკურად და მატერიალურად, თვითონ ლტოლვილებს სახლიც კი აღარ აქვთ, ჩვენთვის კი სად არ დადიან, ვიღას აღარ სთხოვენ ჩვენს შეწევნას და დახმარებას. მთავარი კი ის არის, რომ მათ ჩვენ ერთმანეთი დაძმურად შეგვაყვარეს, ვერ გადმოგცემთ ყველაფერს ისე, როგორც მინდა!

მე თითქმის გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ჩემს ბავშვებს არასდროს, არასდროს დავტოვებ! თქვენთვის როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, მინდა ყველამ იცოდეს, იქაური ბავშვები რამდენად სიცოცხლისუნარიანები არიან! არ მინდა საზოგადოებას ვეცოდებოდეთ, განსაკუთრებულად გვექცეოდნენ, ან რაიმე მსგავსი, მე და ყველას, ჩვენ, გვინდა გვერდით გვედგნენ, არ ჩაგვთვალონ განწირულებად, არ გაგვრიყონ! იცით, ეს დაავადება ბევრ კომპლექსს ბადებს, განსაკუთრებით ჩემი ასაკის მოზარდებში: თმა გცვივა, სულ ფერმკრთალი ხარ. გარეთ რომ გავდიოდი, სანამ ხალხის საოცარ, შეშფოთებულ მზერას შევეჩვეოდი, დიდი ხანი დამჭირდა. ყოველივე ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე ვთვლი, რომ მკურნალობის 4 წლის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში უფრო ბევრი კარგი მოხდა, ვიდრე ცუდი. არ გეგონოთ, რომ ეს ცარიელი სიტყვებია, ან ვცდილობ ქულები დავიწერო ხალხის თვალში, მე მართლა ასე ვთვლი! აქ ხომ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერც კი აღვწერ მათ სიკეთეს! ჩემი მამა შალვა, მამუკა ექიმი, მილედი დეიდა - თინათინი, ემზარი ბიძია, გიორგი სტიქაროსანი, არ მინდა გამომრჩეს ვინმე და სხვებს აღარ ჩამოვთვლი, ჩემი ბავშვები - სიცოცხლისუნარიანები, მხიარულები, ძალიან იმედიანები, ძლიერები, თბილები, გვერდით მდგომები. ჩვენ ხომ იქ ერთმანეთის ტკივილი გვტკივა, ვაძლევინებთ ტკივილს ერთმანეთს. შანსი რომ მოგვცემოდა, ჩვენს ტკივილს გავიორმაგებდით, ოღონდ რომელიმე უფრო ცუდად მყოფს შემსუბუქებოდა, და ეს მართლა ასეა. ვერასოდეს ვიფიქრებდი იქ მოხვედრამდე, რომ ვინატრებდი, მე მტკენოდა, ოღონდ სხვა კარგად გამხდარიყო. იქ მივხვდი, რომ ასე ფიქრი სავსებით რეალურია.

მჯერა, ჩემი საუბრის შემდეგ, ადგებით და წამოხვალთ ჩვენკენ, ჩვენ ხომ არც ისე ბევრნი ვართ, გაგვიცნობთ და შეგვიყვარებთ, ისე შეგვიყვარებთ, რომ ვეღარ მიგვატოვებთ, ვეღარ დაგვივიწყებთ! მე ხომ საოცარი მეგობრები მყავს! თავად მიხვდებით, რა ბედნიერებაა მათ გვერდით ყოფნა!


ბეჭდვა
1კ1