მაშინ დასავლეთ საქართველოში არც ერთი საწარმო არ არსებობდა და იქაურები არც ვაჭრობაში იყვნენ დახელოვნებული.
იაკობ ზუბალაშვილმა დიდძალი ქონება იშოვა და არყის ბიზნესი თბილისში გადმოიტანა. მან ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა გახსნა. მთავრობამ მის ბიზნესს სააქციზო გადასახადი მოუხსნა, რაც დიდი შეღავათი იყო. ზუბალაშვილის ისედაც სოლიდური კაპიტალი კიდევ უფრო გაიზარდა. მეწარმემ ამ კაპიტალის დაბანდებასა და საქველმოქმედოდ ხარჯვასაც მიჰყო ხელი.
პირველი საჩუქარი, რომელიც იაკობ ზუბალაშვილმა თბილისს მიუძღვნა, სასტუმრო "პალასი" იყო, სადაც მოგვიანებით სასულიერო სემინარია გაიხსნა. ამჟამად კი ხელოვნების მუზეუმია. ამ შენობაში მას საქართველოში ჩამოსული იმპერატორი, ნიკოლოზ I სტუმრობდა. იქვე, ცეკავშირის შენობის ადგილას, ზუბალაშვილის უზარმაზარი საცხოვრებელი სახლი მდგარა, სადაც ბიზნესმენი თბილისში ჩამოსულ ალექსანდრე დიუმას ორი კვირა მასპინძლობდა.
ბაქოში ძმებმა თავიანთ მუშა-მოსამსახურეებს არნახული პირობები შეუქმნეს: სამედიცინო მომსახურება, კვება, ქალიშვილის გამზითვება და ვაჟის ქორწილი, ოჯახის წევრის დაკრძალვა, ოცდღიანი შვებულება - ყველა ამ ხარჯს მეპატრონე ფარავდა. მოგვიანებით, 1905-07 წლებში, როცა მთელი ბაქო აჯანყებამ მოიცვა და ნავთის საწარმოებიც გაიფიცნენ, აჯანყებულთა შიშით ნავთის ყველა მრეწველი გაიქცა, მხოლოდ კონსტანტინეს ვაჟები დარჩნენ იქ გაღებული სიკეთის იმედად და არც გაწბილებულან.
ამაზეა ნათქვამი, მადლი ჰქენი ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო...
კონსტანტინე ზუბალაშვილის მეუღლე ელისაბედ თუმანიშვილი იყო. მათ 8 შვილი ჰყავდათ. კონსტანტინე მე-20 საუკუნის დასაწყისშივე გარდაიცვალა და შვილებს თბილისში სახალხო სახლის ასაშენებლად 100000 მანეთი დაუტოვა. შვილებმა პირნათლად შეასრულეს მამის ანდერძი, თანხა ქალაქს გადასცეს და 1905 წელს გაიხსნა "სახალხო სახლი" - მუშათა თეატრით, სამკითხველოთი და უფასო სასადილოთი. ახლა ამ ადგილზე მარჯანიშვილის თეატრია.
აღსანიშნავია, რომ ზუბალაშვილები თბილისის კომერციული ბანკის უმსხვილესი აქციონერებიც იყვნენ, რომელიც ჯერ კიდევ იაკობ ზუბალაშვილმა დააარსა თბილისელ დიდვაჭრებთან ერთად.

საბავშვო ჟურნალი "ჯეჯილიც" ზუბალაშვილების სახსრებით გამოდიოდა. მან "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" მიანდო "ზუბალაშვილის სტიპენდიის" კომისიის შექმნა და ამ სტიპენდიით მრავალი ქართველი ახალგაზრდა გაემგზავრა სასწავლებლად რუსეთსა და ევროპაში. გარდაცვალების შემდეგ, სტეფანე ზუბალაშვილი, ანდერძისამებრ, თბილისში ჩამოასვენეს და მშობლების გვერდით სოლოლაკში დაკრძალეს. მაშინდელი პრესა იუწყებოდა, რომ ბევრ ქართველს არ ღირსებია ისეთი გულწრფელი ცრემლი. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელს და სხვა ცნობილ ადამიანებს წარმოუთქვამთ სიტყვა.
სტეფანეს შვილები არ დარჩენია. ძმებმა გადაცვლილის სახელზე 100000 მანეთად ააშენეს ბავშვთა საავადმყოფო, დღევანდელი ქალაქის პირველი კლინიკური სავადმყოფოს უძველესი კორპუსი. პარადოქსია, მაგრამ იქაურობას დღემდე რატომღაც "არამიანცის საავადმყოფოს" ეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ არამიანცმა მხოლოდ ერთი პატარა კორპუსი ააშენა და ისიც ქალაქს მიჰყიდა. სტეფანე ზუბალაშვილი ვერ მოესწრო, მაგრამ მისმა ძმებმა გაიხარეს უდიდესი საქმის - სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობის დასრულებით, რაც შემდგომში ზუბალაშვილების 50000-მა მანეთმაც დააჩქარა.
დიახ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობაში ზუბალაშვილებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს:
უფროსმა ძმამ, ლევანმა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოსკოვში გაატარა. შთამომავლობა არც მას დარჩენია - სამივე შვილი დაეღუპა. თბილისში დატოვებული ქონება, მისივე ანდერძით, ქალაქს გადაეცა, ხოლო მოსკოვის გამგეობას თითქმის ნახევარი მილიონი მანეთი დაუტოვა, რომელიც უკვალოდ გაქრა. მას დარჩა ასევე ორი მდიდრული სახლი აგარაკ უსოვოში, რომელსაც შემდეგ ზუბალოვო ეწოდა. წლების შემდეგ, ამ სახლებიდან ერთ-ერთში, ზაფხულობით სტალინი ცხოვრობდა, ხოლო მეორეში - მიქოიანი. დიდხანს უცნობი რჩებოდა მისი უნიკალური კოლექციის - ხატების, ძვირფასი ნივთების და მხატვრული ტილოების ადგილსამყოფელი. კარეტების კოლექციაც კი თითქოს უკვალოდ გაქრა. ბოლოს ეს ყველაფერი რუსეთის სხვადასხვა მუზეუმში აღმოჩნდა.
მოსკოვში სტუმრად ჩამოსულ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსს თოთხმეტი ხატისგან შემდგარი უნიკალური კოლექცია აჩვენეს, რომელთაგან თერთმეტი - ზუბალაშვილისეული იყო, თუმცა ცხადია, ეს მითითებული არ ყოფილა. რუსებმა აღტაცებულ პრეზიდენტს ერთ-ერთი საჩუქრადაც მიართვეს.
იოლია სხვისი საგანძურის მითვისება და მერე განიავება!
სამაგიეროდ, ლუვრში ხელოვნების 561 ნიმუშს აქვს წარწერა: "იაკობ ზუბალაშვილის კოლექციიდან". უმცროსი ძმა იაკობი პარიზში საქმიანობდა. უშვილოდ ბერდებოდა და ერთადერთ სიამოვნებას კოლექციონერობით იღებდა: დეგა, სეზანი, მატისი, მონე, პიკასო, როდენი... ამ ავტორების ქმნილებები იაკობს სიცოცხლეშივე ანდერძით საქართველოსთვის გადმოუცია და პარიზში ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიულად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია. მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წელს, მოხუცს სახლში ქართველები შეეჭრნენ და გაძარცვეს...
ასეა, შენიანის მუხთლობა ყველაზე მწარეა!

კონსტანტინეს ბიძაშვილი, ნიკოლოზ იგორის ძე ზუბალაშვილი, ძირითადად პარიზში ცხოვრობდა, ცოლიც ფრანგი ჰყავდა, საოცარია - ისიც უშვილო იყო და ორ-სამ წელიწადში ერთხელ თბილისში ჩამოდიოდა. დღევანდელ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფო მან აჩუქა ქალაქს. იქ ე.წ. "სამათხოვრო სახლი" ყოფილა, სადაც ყველა უპოვარს შეეძლო მისვლა, ღამის გათევა და დანაყრება. ასეთივე უფასო პანსიონი - სამსართულიანი შენობა სასადილოთი, ნიკოლოზს კოჯრის გზის დასაწყისშიც აუშენებია და "სამადლო" დაურქმევია. გარდაცვალების შემდეგ კი საყვარელ ქალაქს 270000 მანეთი უანდერძა. 1921 წლის თებერვალში დედაქალაქში ამ გზით შემოსულმა წითელარმიელებმა ნანგრევებად აქციეს იქაურობა, თუმცა სახელი -"სამადლო" იმ ადგილს დღემდე შემორჩა.
საელჩოს გახსნისას, როგორც წესი, სახელმწიფო შენობას ყიდულობს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და ჩვენი ქვეყნის საელჩოს უსასყიდლოდ გადასცა ის სახლი ბაქოში, სადაც ზუბალაშვილები ცხოვრობდნენ. მათი ღვაწლი მეზობელ ქვეყანასაც ახსოვს და აფასებს.
მათ საქმიანობას შეიძლება მოვარგოთ რუსთაველის სიტყვები: "რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია";
"ვინც ღირსია შველისა, მოვალენი ვართ ვუშველოთ" - სტეფანე ზუბალაშვილის ეს სიტყვები ამ საგვარეულოს ცხოვრებისეულ კრედოდ შეიძლება მივიჩნიოთ.