ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი
ემიგრანტი ქართველობისთვის ყველაზე მეტად რთულია უცხოობაში შენარჩუნება რწმენისა, რომ უახლოეს მომავალში დაბრუნდება სამშობლოში და კვლავიდებურად საკუთარ კერაზე გააგრძელებს ცხოვრებას. სხვადასხვა პრობლემით წასული ქართველობა უსასრულო მოლოდინშია.

სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით ემიგრანტი ქართველების ჩანაწერებს. მათგან ეს ორი შევარჩიე.

თინათინ ჯმუხაძე:

ემიგრანტის ტკივილიანი ფიქრები...
იცით, რა ძნელია უცხო ქვეყანაში ცხოვრება? ამას ვერ გაიგებთ, თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობი არაა... ანუ არ ყოფილხართ ემიგრანტი... ხორცით უცხო მიწაზე დააბიჯებ, მაგრამ გული და სული სამშობლოში დაბორიალებს უმისამართოდ.... იცით, რატომ ვახსენე სიტყვა ბორიალი?

- ყველა გენატრება და ყველას ეძებ... გინდა ჩაეხუტო... დაელაპარაკო გემრიელი ქართულით და მოიგონო იქ გატარებული დრო, თუნდაც ტკივილიანი წუთები... ასეთი წუთები ხომ საქართველოში ბლომადაა - ყველასთვის გასაგები უმუშევრობა, უფულობა. ცდილობ, შრომობ და მაინც არაფერი გამოდის... ოჯახში საარსებო მინიმუმიც კი არ გაქვს... აბა, ეს ტკივილი არაა.. ამაზე მეტი ტკივილი რაღაა... ხედავ, შენს შვილს უჭირს და ვერ ეხმარები, თუნდაც წამალი სჭირდება და ფულიც არ გაქვს.

აი, რატომ ტოვებენ სამშობლოს და მიდიან ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში ტკივილიან და ეკლიან გზაზე.

იციან, ია-ვარდით არ დახვდებიან და მაინც მიდიან - უკანმოუხედავად.

უცხოეთის მიწაზე დააბიჯებ. შენ ირგვლივ ყველა და ყველაფერი უცხოა. მიდიხარ ქუჩაში და ამ უცხო ხალხში გეჩვენება, რომ ხედავ ნაცნობ სახეს. გახარებულს გგონია, მიხვალ და მოიკითხავ და უცებ ხვდები, რომ შენ უცხო მიწაზე ხარ. და მერე იწყება ტკივილიანი მოგონებები. გაგონდება და გენატრება ის ნაცნობი სახე, რომელიც შენი სულის ნაწილია. ესაა მეზობელი, მეგობარი, ნათესავი და ასე...

ემიგრანტი მეომარია, რომელიც სულ ფიქრებშია და გამარჯვების იმედს არ კარგავს არასოდეს და ეს იმედია "გზა სამშობლოსაკენ".

ნათია პაპიძე:

ემიგრაცია - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია
უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაეკარგა საქართველოს და, სამწუხაროდ, ეს დანაკარგი დღითი დღე უფრო მძიმე ფორმებს იძენს.

ჩვენი ქვეყნის მძიმე ბედის გამო ოდითგანვე წყდებოდნენ ფესვებს ქართველები და ამის მიზეზი ათასგვარი და მტკივნეული იყო: მონათა ბაზარი, რეჟიმს გაქცევა, ეკონომიკური რესურსების ძიება, ომი, ხელოვნებისა და სპორტის მაღალი საფეხურებისკენ სწრაფვა და სხვა მრავალი შეიძლება ჩამოვთვალოთ და ჩამოვცრემლოთ "დაკარგულების" "გასამართლებლად".

ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრირებულ ქართველებსა და მათი წარმატებების შესახებ.

პირველი ოფიციალური ცნობა ქართველთა აშშ-ში სტუმრობის შესახებ ჩნდება 1890 წელს.

12 გურული მხედარი პრინც ივან როსტომოვ-მაჭარაძის მეთაურობით მხედართა შეჯიბრებაზე ჩასულა. მათ სწრაფად მიუპყრიათ ამ ღონისძიების მაყურებელთა ყურადღება ენერგიულობის, განსაკუთრებული სტილის და დახვეწილი მხედრობის წყალობით.

შემდეგ უკვე 1910 წელს 30 ქალბატონისა და მამაკაცისგან შემდგარი ქართველთა ჯგუფი ძმები რიდინგების ცირკის არენაზე გამოსვლით იწვევდა მაყურებლის აღტაცებას.

პირველ მსოფლიო ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე, კი აშშ-ს ორმოცდაათამდე ქართველი ესტუმრა და დასავლეთ სანაპიროზე რკინგზის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო. ზოგიერთი მათგანი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და შორეულ კონტინენტზე არჩია დამკვიდრება.

მაგრამ პირველ დიდ ტალღას ქართველი ემიგრანტებისა 1921 წელს საბჭოთა რეჟიმს გაქცეული არისტოკრატია, სამხედრო და პოლიტიკური პირების ოჯახები შეადგენდნენ. ინგლისურის არმცოდნე და ეკონომიკურად მძიმე პირობებში მყოფმა ქართველებმა ურთულესი დღეები გადაიტანეს. ზოგიერთი ვერ შეეგუა ამერიკულ ცხოვრების წესს და ევროპაში დაბრუნებულები გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, თურქეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში ემიგრირებულ თანამემამულეებს შეუერთდნენ. ზოგიერთნი კი დაქორწინდნენ ამერიკელ ქალბატონებზე ან დაივიწყეს თავიანთი წარმომავლობითი სიამაყე და თავის გადასარჩენად არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ.

ქართველი ემიგრანტების მეორე ტალღა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გამოჩნდა ამერიკაში: ძირითადად ომში ტყვედნამყოფი ქართველები და მათი ოჯახები შედიოდნენ (საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემთხვევაში მათ, სულ მცირე, ციხე ელოდათ). ამ ჯგუფში ასევე საბჭოთა რეჟიმს ომამდე გამოქცეული ქართველობაც შედიოდა.

ემიგრანტების ამ ნაწილს ნამდვილად გაუმართლა, რადგან მათი უფლებების დასაცავად და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის ხელშესაწყობად სპეციალურმა ორგანიზაციებმა იზრუნეს (მათ შორის "ტოლსტოის საზოგადოებამ"). დაასაქმეს სამხედრო, ინდუსტრიის, იურისპრუდენციის თუ სხვა პროფესიულ სფეროებში.

მესამე ტალღის ემიგრანტები ეკონომიკური, რელიგიური, საგანმანათლებლო, ბიზნეს თუ სხვა ოჯახური მიზეზების გამო ეწვივნენ შორეულ კონტინენტს და ძირითადი დასახლებები ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ბოსტონის, დეტროიტის, ჩიკაგოს, სიეტლის, ატლანტისა და ლოს-ანჯელესის სიახლოვეს შექმნეს.

ამგვარად, აშშ-ში ქართველთა ემიგრაცია დღემდე ინტენსიურად გრძელდება და ეს ჩვენი ქვეყნის სიდუხჭირის გამოისობით ხდება.

ბეჭდვა
1კ1