"ნუ მოძღვრავთ ბევრნი, ძმანო"
"ნუ მოძღვრავთ ბევრნი, ძმანო"
მეფე გუარამმა ჰკითხა ჯავახეთის კრების ეპისკოპოსებს: "ღვთის წმინდანებო, თუკი ჩვენი ქვეყნის ვიღაც ერისკაცი, საღვთო წიგნების მცოდნე და ენებშიც გაწაფული , მივა იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას და ნახავს რაიმე კარგ წესს, რაც ქრისტიანობას შეეფერება და ჩვენში არ არის, ან თუნდაც წმინდა წიგნებისგან გაიგებს იგი [ასეთ რამეს] და თვითნებურად აუწყებს უსწავლელ ხალხს, კარგი იქნება თუ ცუდი?" (ხოლო როდესაც იგი ამას ამბობდა, კიცხავდა ვიღაც მრავლისმეტყველებს).

მათ უთხრეს: "დაწერილია: "განსაზღვრული ტვირთი ეყოფა ნავს; თუ დაუმძიმებ, დაინთქმება. და თუ მსუბუქად იქნება, ქარები და ტალღები გაიტაცებს". ასევე, სჯულის ტვირთი და ქრისტიანობის წესი, რაც ამჟამად ჩვენს ქვეყანას აქვს დაცული, მეტად კარგია და ღმერთი კმაყოფილია, და ჩვენ ვართ თავდები იმისა, რომ თუკი ვინმე მტკიცედ დაიცავს მას და უცვლელად აღასრულებს საქმით (არათუ სიტყვით ივაჭრებს), "ას წილს აქვე მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს" უფლის სიტყვისებრ; ამასთან, შევიწყნარეთ მამა გრიგოლის თავდაპირველი სიტყვა, რაც წარმოთქვა, ჩვენ კი ამას ვამბობთ: თუკი ერისკაცი გაიგებს რაღაც ახალ კარგ წესს, შენი ბრძანებისამებრ, უმჯობესია დუმილი, როგორც თქვა იაკობ მოციქულმა: "ნუ მოძღვრავთ ბევრნი, ძმანო", მაგრამ თუ დუმილს ვერ შეძლებს, თვითნებურად არ იქადაგოს, არამედ აუწყოს თავის ეპისკოპოსს და თუ საჭირო იქნება, მან ასწავლოს თავის სამწყსოს; ამასთან, თუ ამპარტავნულად ითავხედებს ეს ერისკაცი და ხალხს პირველად დაუდებს სხვა წესს, ამგვარი ვინმე, ნაცვლად სარგებლისა, მოცილეებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად დაისჯება უფლის დიდებით მოსვლის დროს".

ხელმწიფემ თქვა: "ჭეშმარიტად სამართლიანია საღვთო განგების ეგ სულიერი სამსჯავრო და თუკი წიგნისმკითხველს ჰმართებს, რომ გამოიკითხოს, უფრო მეტად ესაჭიროება გამოკითხვა წესისა და სჯულის მასწავლებელს, და ყოვლითურთ თავის შეკავება, როგორც ამბობს [უფალი]: "მკურნალო, პირველად განიკურნე შენი თავი".

ბეჭდვა
1კ1