წიგნის პრეზენტაცია
წიგნის პრეზენტაცია
ბერი ერმოლაოსის კიდევ ერთი წიგნი...
ათონის მთაზე წმინდა პანტელეიმონის მონასტერმა სააღდგომოდ თავის საგამომცემლო სერიის, "XIX-XX საუკუნეების რუსული ათონი" ფარგლებში გამოსცა ამ სერიის II და VII ტომები, რომელთა ავტორია ჩვენი თანამემამულე ათონელი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია).

სერიის II ტომის სახელწოდებაა "ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის მონახოლოგიონი", რომელიც წარმოადგენს ენციკლოპედიურ ცნობარს და შეიცავს ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ყოფილი რუსეთის იმპერიიდან გამოსული ბერების მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს. საბოლოოდ, 4612 პიროვნების მონაცემია ამ წიგნში თავმოყრილი, მათ შორის 12 ქართველისა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწეობდნენ. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული ბერების ფოტოსურათებით.

სერიის VII ტომის სახელწოდებაა "ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის სლავურ-რუსულ ხელნაწერთა კატალოგი", რომელშიც მოცემულია ათონის რუსული მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული 1435 სლავურ-რუსული ხელნაწერის ბიბლიოგრაფიული აღწერა. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული. ყოველი ხელნაწერის აღწერას თან ახლავს შესაბამისი ილუსტრაცია.

16-18 მაისს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "ათონი და სლავური სამყარო", სადაც მამა ერმოლაოსმა წარადგინა წიგნის VII ტომი. პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა ერთსულოვნად აღნიშნეს ამ წიგნის აქტუალობა და ისტორიული მნიშვნელობა.

"კარიბჭის" მკითხველს ვამცნობთ, რომ შემდეგი ნომრიდან კვლავ განვაგრძობთ ბერი ერმოლაოსის სულისათვის სასარგებლო საუბრებს.

ბეჭდვა
1კ1