მოგზაურობა საინგილოში
მოგზაურობა საინგილოში
საინგილოს მისადევარი საქართველოა და უამისოდ ის ვერ გასძლებს
საინგილო
"ივერია" 1894, 219, 15 ოქტ. გვ. 2-3.

1894 წელს, საინგილოში მოგზაურობის დროს, ავტორს გაუსინჯავს სიწმინდენი, დაცულნი კაკის მცხოვრებელის, ივანე ხუციშვილის სახლში, რომელთა საზოგადო სახელი არის "ხუციანთ ოთხთავი" ანუ "ხუციანთ ოჯახი". როდესაც ამ მშვენიერ ქვეყანაში უფლობდნენ ლეკნი და მტარვალობდნენ ელისოს სულთანნი, "ხუციანთ ოთხთავი" იყო ერთადერთი ნავთსაყუდელი აქაურ ქრისტიანებისა, იგი იყო მათი ნუგეშინისმცემელი, მათი სასოება და სულიერი მკურნალი. მის თაყვანისსაცემლად ინგილონი დიდის კრძალვით იკრიბებოდნენ ხუციანთ ოჯახში, აქ აღანთებდნენ ხოლმე სანთელს, აღაკმევდნენ საკმეველს და ლმობიერებით ითხოვდნენ შველასა და შემწობასა. მისი თქმით, ღირსია ყურადღებისა, რომ ამ "ხუციანთ ოთხთავის" წინაშე დასაკლავად ყველაზე უკეთეს მსხვერპლად, ხალხის თვალში, ითვლებოდა ოთხრქიანი ვერძი ანუ ოთხრქიანი ვაცი. ამგვარ საღმთოს შესაძენად ინგილო არ იშურებდა თავის ქონებას, რადგან იგი დაიმედებული იყო, რომ ასეთ მსხვერპლს შეიწირავდა უფალი. "ხუციანთ ოთხთავის" ბრალია უმთავრესად, რომ ეს განაპირა კუთხე სრულიად არ მოსწყდა საქართველოს და დაიცვა თავისი ხალხოსნობა-ქართველობა, თავისი ენა და რჯული. მისივე ბრალია, რომ ლეკთა ძალმომრეობამ ვერ დაჩაგრა ეს ერთი მუჭა ხალხი, და ინგილო ისევ დაშთა ქართველად; ამგვარი დიდი ღვაწლი მიუძღვის "ხუციანთ ოთხთავს" ქართველობის წინაშე და ამიტომაც იგი ღირსია, რომ გავიცნოთო, - აღნიშნავს კორესპონდენციის ავტორი. გადმოცემის მიხედვით, ხუციშვილების წინაპარი ყოფილა მღვდელი, რომლის შთამომავალნი არიან დღევანდელი ხუციშვილები, მცხოვრებნი სოფ. კაკში. ლეკთა მტარვალობის დროს, როგორც ყველა ინგილოს, ისე ხუციშვილებსაც გარეგნულად მიუღიათ მაჰმადიანობა. მიუხედავად ამისა ინგილოთ ქრისტეს სარწმუნოება არ დაუტოვებიათ და იდუმალად უსრულებიათ ყოველი ქრისტიანებრივი წესრიგი და ულოცნიათ ქურმუხის წმინდა გიორგი და "ხუციანთ ოჯახი", რომელშიაც კრძალვით შეუნახავთ ყოველი სამღვდელო ნივთი. ავტორი ჩამოთვლის ხუციშვილების ოჯახში დაცულ 16-ვე ნივთის სახელწოდებას:

სახარება ვახტანგ მეფის დროისა და მის მიერ დაბეჭდილი ტფილისში; კრებული, რომელიც შეიცავს ლოცვანს, ჟამნს, ზადიკს, სამოციქულოს; კონდაკი; კურთხევანი; კონდაკი; დაუჯდომელი; ფეშხუმი; ბარძიმი ჩუქურთმიანი; ღრუბელი; სამირვნეები ჩინური თიხისა; სანაწილე; სეფისკვერის ბეჭედი; ჯვარი ვერცხლისა; ჯვარი პატარა ყვითელიც თითბრისა; ჯვარი პატარა, გულზედ საკიდი ბარძიმი ვერცხლისა წარწერით... ავტორის სიტყვით, ვინ არიან ბერუკა, ჯიმშიტა, აბრამ მღვდელი, ლავრენტი მონაზონი, დიაკონი იოსები ჩვენი ისტორიიდან არა ჩანს, არც ზეპირ გადმოცემას შეუნახავს ცნობა მათ შესახებ.

საინგილოს გასაჭირი
"საქართველო" 1918, N4, 5 (18) იანვ. გვ. 2.
ნახევარი წელიწადია, რაც საინგილოში სწარმოებს შესაზარი ამბები და ჩვენმა ფართე საზოგადოებამ კი არა იცის რა ამის შესახებ რაოდენათმე სწორე და მართალი სიტყვა. გაზეთებში არ ისმოდა უსამართლობით აღკვნესებულ ხალხის მძვინვარე ხმა, მისი სულისკვეთება. მოგვდიოდა დეპეშის მშრალი ცნობები, ეს დაჰკლეს, ის მოჰკლეს, აქ დაგვარბიეს, იქ გაგვამაჰმადიანეს, მუნ აგვაწიოკესო. თვით ჩამოსულების ნაამბობიც ეგეთივე მოკლე იყო, მაგრამ ამ მოკლე ცნობებიდანაც სჩანდა, რომ ინგილოს აწვებოდა უშველებელი ტალღა, რომელიც აბობოქრებულიყო მათ წასალეკადა და რომ ინგილოები იმ ყოფაში იყვნენ, რა ყოფაში შეიძლება იყოს წინ წყლით და უკან მეწყერით მომწყვდეული ადამიანი.

ვუთვლიდით იქაურებს თქვენი გასაჭირი, თქვენი ჩივილი საჯამაათოდ წარმოუდგინეთ ამიერკავკასიის კომისარიატს, ქართულ ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, მათ უწმინდესობათ - პატრიარქ კირიონს და შეიხ-ულ-ისლამს ფიშნამაზ-ზადეს და მაჰმადიანთა ეროვნულ კომიტეტს, მაგრამ ასეთი მოწოდება დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მშრალი, ხშირად, უშინაარსო კერძო დეპეშები და საჩივრები კვლავ მოდიოდა, მოდიოდა... მაგრამ 30 დეკემბერს თბილისში მიღებულ დეპეშამ გაგვივსო მოთმინების ფიალა და იგი გაგვიხდა კარგ ნივთიერ საბუთად, რომ საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში წარგვედგინა შემდეგი მოხსენება.

"გასული წლის გაზაფხულითგანვე ქართველ ინგილოებს გადაეკიდა მეზობლების გაფანატიკოსებული ნაწილი. ჯერ იყო და დააწიოკეს ყორაღნელები - ძალით გამაჰმადიანება მოუნდომეს. ეს დანაშაულობა დაუსჯელად დასრულდა: ეს დიდსულოვნობა კომისარიატის მხრივ ხსენებულ ფანატიკოსობას მის უძლურებად მოეჩვენა, და უმეტესის გაბედულობით დაუწყო ინგილოებს რბევა, ძარცვა, ხოცვა.

სხვა რომ არ ჩამოვთვალოთ, ინგილოების აუტანელ ყოფა-ვითარების გასაშუქებლად საკმაოა დავასახელოთ საზარელი მკვლელობა თასმალოს მღვდლის ყულოშვილისა და ყორაღნელთა მოღვაწის საკნელაშვილისა, აგრეთვე აქვე მოვიყვანოთ 30 დეკემბერს მიღებული დეპეშა შესახებ ინგილოების სოფლების და ბინების დარბევისა მთელის 30 ვერსის მანძილზე. აი, სიტყვა-სიტყვით დეპეშის შინაარსი.

"დაარბიეს ქეშხუთანი. გაურეკეს 29 მიხეილს, 30 ტიმოთეს, აღაბეგს 120 თავი მსხვილი საქონელი, მოკლულია გიორგი მურთუზას ძე; ქოთუქლუს დაცემის დროს მოკლულია ორი; ყარა მეშა; გაირეკეს 11 თავი საქონელი; დაეცნენ დიდ-ალათემურს, ჩიგლოდამ პაპიაშვილს გაურეკეს 600 თავი ცხვარი. მცირე ბინები აიყარნენ (გადმოსახლდნენ). დამნაშავენი ძარცვისა ნუხელებია". (ნუხის მაზრელები).

"ეს დეპეშა ხელმოწერილია კარგა ცნობილ პაპიაშვილის და ბაჩალიაშვილის მიერ. კერძო ცნობებიდამაც სჩანდა, რომ ჩვენი სამშობლო საინგილო თავზე ხელაღებულებისაგან ისედაც აწიოკებულ და თავზარდაცემულ იყო და ახლა ამას დაემატა კიდევ ეს უკანასკნელი მოსევა. თურმე ფანატიკოსები ინგილოებისაგან მო-ითხოვენ ან გამაჰმადიანებას ან აყრას. და ან ერთის ან მეორის განსახორციელებელ სახსრად მიუჩნევიათ რბევა, ხოცვა მოთავე კაცებისა, თავზარდაცემა ქრისტიან ინგილოებისა, უწინაც ებრძოდნენ ინგილოებს კაციჭამია ბრბოები, მაგრამ მაშინ ინგილოებში სუფევდა დიდი ერთობა, სიმტკიცე პირისა, ახლა-კი მზაკვრულ რეჟიმმა იგინი გააცალკევა ისე, რომ დღეს თვით მაჰმადიან ინგილოების უმეტესობა ქრისტიან ინგილოების მოწინააღმდეგე ბანაკშია და თავისივე მოძმეებსა და ნათესავებს აღარ ინდობს. წარმოუდგენ რა ეროვნულ მაღალ დაწესებულებას ამ მოხსენებას, ვსასოებ იღონებს იგი რაიმე სახსარს საპატრონებლად ყოვლად უნუგეშოდ დატოვებულ ხალხისა, იმ ხალხისა, რომელსაც თავის წარსულ გმირულ ცხოვრებით დარაჯობა გაუწევია საქართველოს შორეულ აღმოსავლეთ კუთხისთვის.

ჩემის მხრივ დაუხანებლივ და აუცილებლივ საჭიროებად მიმაჩნია საქართველოს უმაღლეს საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტმა, შეთანხმებით მაჰმადიანების ამგვარსავე კომიტეტთან, წინადადება მისცეს ამიერკავკასიის კომისარიატს ა)ახლავე, რაც შეიძლება მალე, ზაქათალის და ნუხის მაზრებში წარგზავნოს ლოცვა-კურთხევითა და შეთანხმებით მის უწმინდესობის შეიხ-ულ-ისლამის ფიშნამაზ-ზადესი, მუფტისა და მის უწმინდესობის კირიონისა, მქადაგებლები ძმობისა, სიყვარულისა და ურთიერთის შეწყნარების, საკეთილდღეოდ ყველა იქაურებისა და გამარჯვებისთვის იმ რევოლუციისა, რომელიც არ არჩევს ელლინს, ებრაელს, სკვითს და რომელიც ეთაყვანება მხოლოდ თანასწორობას ყველა ხალხთა შორის მიუხედავად მათის ჩამომავლობისა, ენისა და სარწმუნოებისა და ბ) დაუყოვნებლივ გაგზავნოს აგრეთვე ქართველ და მაჰმადიან ნაფიც ვექილთა კოლეგია პირუთვნელ გამოძიების მოსახდენად და გასაგებად იმისა, ვინ არიან ის ვაჟბატონები, რომელნიც ინგილოების დარბევის საქმეში ხელმძღვანელობენ ფანატიკოს უმეცართა ლაშქარს. 1 იანვ. 1918. ქ. თბილისი".

აწ ამ მოხსენებას ვაქვეყნებთ, რათა მთელმა საქართველომ, რომელსაც ინგილოები ვით დღეს, ისე მუდამ უყურებდნენ როგორც თავის პატრონს, თავის განუყოფელობას, გაიგოს, რა ცეცხლი ტრიალებს სრულიად უდანაშაულო ინგილოთა შორის და მით დასაცველად აღმოხეთქოს თვისი ეროვნული მძაფრი ხმა.

თქმულა - ძმა ძმისთვინა, შავი დღისთვინაო. ინგილო-ქართველებს შავი დღეც უკვე კარს მოსდგომიათ მოსასპობლად. საჭიროა არათუ თანაგრძნობა, არამედ სწრაფი დახმარება ეროვნულ მძლავრ ხელის მიწვდენით, მაგრამ არა სისხლის აღების განზრახვით, არამედ მშვიდობის ქადაგებით სასურველ მშვიდობის დასამყარებლად უბედურ, გარნა შვენიერ მზიან საინგილოში.

კვლავ საინგილოს შესახებ
"საქართველო" 1918, N 223, 21 გიორგობისთვე, გვ. 1.
საქართველოს სხეულს მოსწყდა თავი - საინგილო. აქედგან ეფინება საქართველოს მზის ყოველდღიური სხივები. ეს არის ჩვენი აღმოსავლეთი და აქ იწყება შვენიერი და მდიდარი კახეთი. აქ სამხრეთიისკენ ბრუნდება კახეთზე აღმოსავლეთისკენ მომდინარე ალაზანი. საინგილო ბუნებრივი განგრძობაა კახეთისა, მის მიწა-წყლისა, ჰავისა, მცენარეულობისა, პირუტყვისა, ადამიანის ერთფერ მოწყობილობისა, მის ერთნაირ ადათ-ჩვეულებისა. უკეთ ვთქვათ, საინგილო იგივ კახეთია, მის განუყოფელი ნაწილი. კახეთს ვერ წარმოიდგენს ჩვენი კაცი უსაინგილოდ და საინგილოსაც უკახეთოდ. თვით ბუნებას უბრძანებია მათი იგივეობა.

საინგილოს ბოლოს რომ ალაზანი ჩაბრუნდება მტკვარში ჩასაქანებლად, მისკენ რკალივით მოიწევს დიდი კავკასიონი და იმდენად უახლოვდება ალაზანსა და მის აქეთს სიღნაღის მთებს, რომ შუაში რჩება მხოლოდ 15-იოდე ვერსი მანძილი. აი ეს 15-ვერსიანი მანძილი არის საქართველოს აღმოსავლეთის მხრით მიჯნა. და ამ მიჯნასაც ჩაჰყვება ღელე სისხლისკობი და მერე ეგრისხევი. ამ მიჯნას იქით ერთბაშად სწყდება ამიერ-იმერის (საქართველო-ადირბეჟანის) მსგავსება: აქეთ რომ აყრილი მცენარეულობაა, იქით უდაბური, უტყეო, მშრალი და ცხელი ველებია, გადამწვარი გორაკები და ფერდობები. საჭირო იყო თავიდგანვე ამ 15-ვერსოვან მიჯნაზე დაგვეყენებია 40-იოდე გერმანელი და ხუთიოდ ქართველი, რომ საინგილოც დღეს ჩვენი ყოფილიყო.

თურქებმა ცარიელი მიჯნა რომ ნახეს, ნუხის მხრიდგან გამოსწიეს, დაიჭირეს კახი, ზაქათალა, ბელაქანი, ალაზნის ბორნები, შეჰკრეს ყველა გზები და კაწები, ქვეყანას დაუნიშნეს ცალკე გუბერნატორი და აუკრძალეს ხალხს იქიდგან რისამე გამოტანა "საზღვარგარე" და "უცხო" ქვეყანა საქართველოს. სამაგიეროდ, როგორც გვატყობინებენ, იქიდგან გაიტანესო მილიონ ფუთამდე ბრინჯი, ათას ურმობით ხორბალი, ათას-თავი ყოველ მოსავლისა, კვლავ ხარკი და სხვ.

ასე, საქართველოს ღვიძლი კუთხე ერთადერთ უხვად მომცემი ბრინჯისა, აბრეშუმისა, ხილისა, ბოსტნეულისა, ღვინისა და სხვ. დაგვეკარგა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი დარაჯები დროით ვერ ჩავაყენეთ საინგილოს მიჯნაზე. ინგილოებს კი კისრები დაებრიცათ ჩვენკენ ცქერაში. ასეთი შეუნდობელი დაუდევრობა მოგვივიდა მაშინ, როდესაც საქმე შეეხებოდა არათუ მარტო ეკონომიურად დიდმნიშვნელოვან კუთხის ბედს, არამედ სტრატეგიულადაც თვალსაჩინოს: ვისაც უჭერია საინგილო, მის ბატონობაში ჰყვება დანაშთენი კახეთიც: მოგეხსენებათ, საინგილოში ლეკები რომ ჩამოსახლდნენ, მის შემდეგ უკუღმა დატრიალდა ჩარხი საქართველოში.

უნდა კაცმა თვითონ ნახოს აქაურობა, და მაშინ დარწმუნდება, რომ საქართველო უსაინგილოდ ვერ იცხოვრებს: ზურგით მას აყუდია დაღისტანი, და იქიდან ჩამოსულ ლეკებმა ჭარბელაქნელებთან ერთად რა უყვეს საქართველოს, ჩვენში ყველას უნდა ახსოვდეს. ეს სტრატეგიული თვალსაზრისით. ახლა რა უაღმატებულესი მნიშვნელობისაა საინგილო ზემო ჩამოთვლილ ნაწარმოებებითა და მრავალგვარ ლითონ-მადნეულობით. ყველა ამის ეკონომიური მნიშვნელობა ისე დიდია, რომ მისი განრიცხვა თითქმის შეუძლებელია ეხლავე...

რახან დროით მიჯნაზე ვერ დავდექით და, თქმისა არ იყოს, "უპატრონო საყდარი" სხვებმა დაიჭირეს, ჩვენ დაგვრჩენია, ერთადერთი გზა: მეგობრულად გამოველაპარაკოთ თვით იმ "საყდრის" პატრონებს, დავპირდეთ ადმინისტრატიული თუ კულტურული თვითმმართველობაც და ასრე შევუერთოთ ჩვენს რესპუბლიკას.

საინგილოს მისადევარი საქართველოა და უამისოდ ის ვერ გასძლებს. დროით მოვჭიდოთ ხელი საქმეს, რომ აქაც არ დაგვასწროს სხვამ და საუკუნოდ არ დავკარგოთ ყოველმხრივ შემკული ქვეყანა.

ბეჭდვა
1კ1