უწმინდესმა ძეგვის დედათა მონასტერს დაავალა ქუჩის ბავშვებზე მზრუნველობა
უწმინდესმა ძეგვის დედათა მონასტერს დაავალა ქუჩის ბავშვებზე მზრუნველობა
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაარსებულUძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის ბავშვთა თავშესაფრის ისტორია 1995 წლიდან იწყება. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი აღმოჩნდა ქუჩაში და უწმინდესმა გადაწყვიტა, მათი მოვლა-პატრონობა მონასტრებისთვის დაეკისრებინა. ქართული ტრადიციების მიხედვით, სოფელი, ადგილობრივი მკვიდრნი ზრუნავდნენ თავიანთ გაჭირვებულებზე, მაგრამ ამის აუცილებლობა რომ დადგა, უწმინდესმა ძეგვის დედათა მონასტერს (წინამძღვარი დედა მარიამი (ჯაფარიძე) დაავალა ქუჩის ბავშვებზე მზრუნველობა. 2003-2004 წლიდან აქ არსებობს შერეული ტიპის თავშესაფარი, სადაც ცხოვრობენ მოხუცებიც, ფსიქონევროლოგიური ტიპის ადამიანებიც, მათ შორის შიზოფრენიითა და ოლიგოფრენიით დაავადებულები. რემისიის პერიოდებში ანუ როცა კარგად არიან, იმ პერიოდებში თავშესაფარში არიან, თუ მდგომარეობა უმძიმდებათ, საავადმყოფოში გადაჰყავთ. აქვე ცხოვრობენ მარტოხელა დედებიც და შვილებიც. რამდენიმე სკოლის მოსწავლეცაა.

- დედა მარიამ, როგორ მოდიან თქვენს თავშესაფარში მიუსაფარი ადამიანები?

- გაჭირვებული კაცი თავშესაფრის ძებნას იწყებს. როცა ადგილი არ გვაქვს, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ მათ მზრუნველობა-დახმარებას. ჩვენი თავშესაფარი საპატრიარქოს ფინანსური ხელშეწყობით არსებობს. აქ იმ თანხების გამოყენება ხდება, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას ქველმოქმედებისთვის აძლევს. ასე რომ არ იყოს, ჩვენი თავშესაფარი ვერ შეძლებდა არსებობას. გარკვეული პერიოდი უცხოური ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ. დიდი ხარჯები გვაქვს კომუნალურ გადასახადებში, მედიკამენტებში, სამედიცინო თვალსაზრისითაც. A

თავშესაფარში ამჯერად დაახლოებით 60-მდე ადამიანი ცხოვრობს. საცხოვრებლად საკმაოდ ნორმალური პირობები გვაქვს. აქვთ სითბო, ნორმალური კვება. სკოლის მოსწავლეები სწავლობენ მცხეთის #1 საშუალო სკოლაში. წელს გვყავს ერთი აბიტურიენტი. ვისაც სურს სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში ჩაბარება, ისინი სათანადოდ ემზადებიან. თავშესაფარში გაზრდილმა რამდენიმე ბავშვმა დაამთავრა კიდეც უმაღლესი სასწავლებელი. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ვეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველას განათლების მიღებაში.

***
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერში მუდმივად აღესრულება ღვთისმსახურება. გვყავს მოძღვარი. თავშესაფარში მცხოვრებთ სურვილი აქვთ ეკლესიური ცხოვრებისა და ამას ასრულებენ კიდეც.

დედა მარიამი თავშესაფრის ბინადრებთან ერთად

თავიდან მონასტერს თავისი შენობა არც ჰქონდა. ღვთის შეწევნით და შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მიქაელის თანადგომით მიმდინარეობს მონასტრისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობის აგება. შენობის უქონლობის გამო ძალიან ვერიდებოდით ახალი ადამიანების მიღებას.. მალე ეს პრობლემა აღარ გვექნება.

***
ცხოვრების წესმა მოიტანა, რომ აუცილებელი გახდა თავშესაფრების არსებობა... თაობათა შორის ურთიერთკავშირი გაწყდა და ოჯახის წევრები ვეღარ ახერხებენ ერთმანეთზე ზრუნვას. ეს არ არის მაინცდამაინც სიკეთისა და სიყვარულის მომასწავებელი. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი და ძალიან მძიმეა, როცა ქვეყანაში ამდენ გაჭირვებას ხედავ. ღვთის ძალიან დიდი წყალობაა, რომ ჩვენს თავშესაფარში ადამიანები მშვიდ გარემოში, ეკლესიის წიაღში ცხოვრობენ. Mმადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

ბეჭდვა
1კ1