თამარ მეფის საფლავი
თამარ მეფის საფლავი
ერთხელ წმინდა გაბრიელმა (ურგებაძე) ინატრა თურმე: "ნეტავი, ვინ იქნება ის ბედნიერი ადამიანი, ვინც თამარ მეფის საფლავის ადგილ-სამყოფელს გაიგებს , - თვალები დახუჭა და იხილა, როგორ დასდგომოდა თამარ მეფე საკუთარ საფლავს და გაბრიელს ეძახდა: - აქა ვარ, გაბრიელ, აქაო. მაშინვე ვიცანი ეს ადგილი, - ყვებოდა მერე ბერი გაბრიელი, - მე ვიცი, სად არის თამარ მეფის საფლავი, ოღონდ მალე თვითონ გამოჩნდება. სანამ მუზეუმიდან ანჩის ხატს არ გამოიტანენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არ ჩამოვა, - როგორ გაბრწყინდება საქართველო?!

***
ერუშეთში ერთ ციხესიმაგრეს ქაჯეთის ციხეს უწოდებენ. შოთა რუსთაველის ქაჯეთის ციხის მსგავსად მიუვალია. იქ მცხოვრებ ქართველს ერთი თქმულება უამბნია ქართველი პროფესორისთვის: ციხესიმაგრეში ორი ოთახია. ერთ ოთახში თამარის საუნჯე - ოქრო-ვერცხლია მოთავსებული, მეორეში კი ოქროს კუბო, რომელშიც თამარი ასვენია. ოქროს კუბო ცხენშებმულ ოქროსავე ეტლზე დევს. ეს ამბავი მთხრობელს მამისაგან სცოდნია, რომელიც თურმე ეხვეწებოდა, - არ დაგავიწყდეთ, თაობიდან თაობას გადაეცით, იქნებ ოდესმე მოვიდნენ ქართველები და მათ უამბეთო. გადმოცემის მიხედვით, თამარი კუბოში უხრწნელია. ერუშელ ქართველს ქალბატონ შუშანასთვის უთხოვია, იქნებ ქართველი არქეოლოგები თურქ არქეოლოგებს შეუთანხმდნენ და ეს ადგილი გათხარონ, მინდა ჩემს სიცოცხლეშივე ვიხილო ის მეფე, რომელზეც ამდენი ლეგენდა გვსმენიაო.

ბეჭდვა
1კ1