ყველა ცხონდება, ვისაც სინანული აქვს
ყველა ცხონდება, ვისაც სინანული აქვს
საპყრობილესა შინა მყოფნი
რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და სოფელ დიღმის კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შიო მენაბდემ პატიმართა ორი წერილი გადმომცა, სადაც ორი ადამიანის წლების განმავლობაში ნაფიქრი, განცდა და სულის გამოძახილია გადმოცემული..

"სიკვდილმისჯილის ნათელი სხივი"
ყველაზე გასაოცარი კი იყო, რომ მას სრული სიმშვიდე დაუფლებოდა. გაბოტილი იდგა საცრისოდენა, რიკულებიან ფანჯარასთან და ხარბად შეჰყურებდა თავის კუთვნილ ცის ნაგლეჯს, ცისას, რომელსაც ის ვეღარასოდეს იხილავდა. იცოდა, რომ მასთან ნაშუადღევს ჯერ მღვდელი მოვიდოდა, შემდეგ ფორმალობას მოაგვარებდნენ, მერე, მერე კი... სამუდამო უკუნი მდუმარება ელოდა, თუმცა ეს სულაც არ აშინებდა და სიკვდილიც ადამიანის ერთ-ერთ მოვალეობად მიაჩნდა. ახლა კი გარინდებულს აგონდებოდა განვლილი დღეები. თვალწინ სლაიდებივით ჩაირბინა წარსულმა - რა იყო მისი ცხოვრება? ბავშვობა, რომელიც ნახევრადმშიერმა გაატარა, ციხე, ძარცვა, მკვლელობები, აზარტი და კიდევ უამრავი ცოდვა, რომელთა მოსანანიებლად ორი სიცოცხლეც არ ეყოფოდა. ბარაბას არასდროს სწამდა ღმერთი, ის საკუთარი თავისთვის ღმერთიც იყო და ეშმაკიც. ის ძალადობას და ნგრევას ეთაყვანებოდა, კერპებს, რომლებმაც სიკვდილმისჯილთა საკნამდე მიიყვანეს. თითქმის წელიწადია, მისი პირიდან სიტყვა არავის გაუგია, მდუმარება მისი თანამგზავრი გახდა, თითქოს ემზადებოდა მარადიულ სიმყუდროვეში გადასასვლელად. ეს იყო, მხოლოდ ძილი წართმეოდა, ხოლო დროის იმ პატარა მონაკვეთებში, როდესაც თვალის მოტყუებას ახერხებდა, ოფლში გაწურულს, კოშმარებით შეძრულს ეღვიძებოდა, ნერვები სიმებივით ჰქონდა დაჭიმული და ყოველ გაფაჩუნებაზე ჩვილივით კრთოდა. მათი სახეები ეზმანებოდა, ვინც კი ოდესმე ფულის თუ სხვა რაიმე სარგებლის გამო მოუსავლეთში გაუმგზავრებია, ხედავდა მათ შიშითა და მუდარით სავსე თვალებს, ამ თვალებში კი ერთადერთი რამ იკითხებოდა - რატომ? რისთვის? ამის გახსენებაზე ბარაბას გააჟრჟოლა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და მისდაუნებურად ის კეთილი საქმეებიც გაახსენდა, ადრე რომ გაუკეთებია. აი, თუნდაც ის უსინათლო მათხოვარი, რომელიც ზამთრის სუსხში სანაპიროზე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. საქმიდან მობრუნებული ბარაბა მას შემთხვევით გადაეყარა. მოხუცი საწყალობლად მობუზულიყო, გამოხუნებულ ლაბადაში გახვეულს ჭაღარა თმა-წვერს ქარი უწეწავდა. Bბარაბამ აკანკალებულ მათხოვარს გვერდზე რომ ჩაუარა, რაღაც ძალამ აიძულა, შეჩერებულიყო და მის ამოღამებულ უპეებში ჩაეხედა. მოხუცმა იგრძნო, რომ მის წინ ვიღაც იდგა და ის იყო, დაზეპირებული მონოლოგის თქმას აპირებდა, რომ ბარაბამ მხარზე ხელი დაადო და მბრძანებლურად უთხრა: - არ გინდა! დღეიდან შენ ყველაზე მდიდარი მათხოვარი ხარ ამ ქალაქში, - თქვა და მათხოვრის ფეხებთან ოქროს მონეტებით სავსე ზურგჩანთა დააგდო. შემდეგ კი იქაურობას სწრაფად გაეცალა.Mმოხუცი გაოცებული მისჩერებოდა იმ ადგილს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ უცნაური მწყალობელი იდგა, მაგრამ ნაბიჯების ხმაზე მიხვდა, რომ სიკეთის მქმნელი ისე გაეცალა მან მადლობაც ვერ უთხრა - მოიცა, შვილო, იცოდე, ღმერთი დიდია, იცოდე, ყველა ცხონდება, - ამ სიტყვებმა ბარაბამდე ძლივს მიაღწია, თავჩაქინდრულმა მოხუცმა კი უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა, - ყველა ცხონდება, ვისაც სინანული აქვს. მერე სიხარულით აცახცახებულმა, ჩანთაში დაიწყო ხელების ფათური.

უცებ ზმანება გაქრა. ბარაბა ისევ რეალობას დაუბრუნდა.Aამ დროს საკეტებმა გაიჩხაკუნა და ოფიცერმა საკანში ახალგაზრდა, ოცდახუთიოდე წლის მღვდელი შემოიყვანა.

- მამაო, ნახევარი საათი გაქვთ, - თქვა და საკნიდან გავიდა. ბარაბა არ შემოტრიალებულა, ზურგშექცევით იდგა. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. მოძღვარს უჭირდა საუბრის დაწყება, მას თითქმის ყოველდღე უწევდა სიკვდილმისჯილებთან ურთიერთობა და მათი სულისშემძვრელი ამბების მოსმენა, უძნელდებოდა განწირულთა ნუგეშისცემა, რადგან გულში სასტიკი წინააღმდეგი იყო ამგვარი დასჯისა.Mმას სჯეროდა, რომ ღმერთის გარდა, არავის ჰქონდა უფლება სიცოცხლის ხელყოფისა, თუნდაც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს. მოსამართლე, პროკურორი და ყველა ის, ვინც სხვისი ბედით მანიპულირებდა, ბრმა იარაღები არიან კანონის ხელში. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ამით თავიანთ სულებს უპატიებელი ცოდვებით ამძიმებენ. მოძღვარი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა პატიმარს, მხარზე ხელი შეახო და წყნარად ჩაულაპარაკა: - იქნებ სათქმელი გაქვს რამე, შვილო ჩემო... პატიმარი ფიქრიდან გამოერკვა, მძლავრი მხრები შეარხია, მღვდლის ხელი მოიცილა და როდესაც შემოტრიალდა, მისი ბაგე დამცინავმა ღიმილმა გააპო - რა უნდა უთხრას ამ ღლაპს, ის, რომ მთელი სიცოცხლე მოძულებული ნადირივით დაძრწოდა?! რომ სხვანაირად არ შეეძლო არსებობა...

- არა, არაფერი მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, შვილო ჩემო, - დაამატა ირონიულად და მღვდელს ზურგი შეაქცია.

- რაღაც სათქმელი ყველას გვაქვს უფლის წინაშე. შენ კი დიდი განსაცდელი გელოდება, არა იმიტომ, რომ შენი სიცოცხლე ასეთი მოკლე გამოდგა, არა, შენ სინანული არ გაქვს, ხოლო ის, ვინც არ ინანიებს, სულით წარწყმდება.Aარ არსებობს სასჯელი უმეტეს ღვთის რისხვისა. იცოდე, შვილო ჩემო, - მღვდელი გაჩუმდა, შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, თხრობა დაიწყო, - ბარაბა, - ამ სახელის წარმოთქმისას მღვდელი შეყოვნდა, - ბარაბა, - თქვა და კვლავ გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ პატიმარმა აღარ აცალა, შეშლილი სახით მიეჭრა მღვდელმსახურს და ხმადაბლა ჩაისისინა: - საიდან? საიდან იცით ჩემი მეტსახელი? ბარაბას ამქვეყნად მხოლოდ ერთი ადამიანი მეძახდა, ჩემი გამზრდელი. ის დიდი ხნის მკვდარია... საიდან? მღვდელი აფორიაქებულ პატიმარს ხელზე შეეხო და წყნარად განაგრძო:

- არა, ეს შენი სახელი არ არის, ასე ერქვა ერთ-ერთ ავაზაკს, რომელიც ქრისტეში გაცვალეს. ქრისტე ჯვარს აცვეს და მოკლეს, მას კი თავისუფლება მიანიჭეს, მაგრამ ავაზაკად დარჩენილმა ჯოჯოხეთი დაიმკვიდრა. ხოლო მეორე ავაზაკი ქრისტეს გვერდით ჯვარზე გააკრეს, - მან კი, ვიდრე სულს დალევდა, მაცხოვარს შენდობა სთხოვა, ცოდვები მოინანია და პირველი იყო იმათგან, ვინც სასუფეველი ცათა დაიმკვიდრა. იცოდე, ყველა ცხონდება, ვინც წრფელი გულით ინანიებს, ყველანი ღვთის შვილები ვართ, მეც და შენც. წრფელი გულით მოინანიე და მოგეტევება.

მღვდელმა სათქმელი დაამთავრა. ბარაბას სახეს აკვირდებოდა.

მოულოდნელად გაცოფებული ეძგერა ბარაბა მღვდელს, გაშმაგებული უჭერდა ხელებს მღვდლის კისერს და საზარელი ხმით გაჰყვიროდა:

- არა, არ შემიძლია, არაა.

ყვირილზე ციხის მუშაკები მოგროვდნენ. მალე ბარაბა იატაკზე აღმოჩნდა. პოლიციელები გამეტებით ურტყამდნენ ხელკეტებს, მას კი არც მათი გინება ესმოდა და ვერც ტკივილს გრძნობდა, ყურებში მხოლოდ ერთი რამ ჩაესმოდა - "მოინანიე, ცხონდები"... საიდანღაც მოხუცი მათხოვრის ამოღამებული თვალებიც ამოცურდნენ და მათში უცნაურ ალთა კრიალი გამოისახა, ხოლო ის კუთხეში იდგა, ნატკენ ყელს იზელდა და ბარაბას იმედიანად შესცქეროდა.

- ბარაბა! კარგად დაფიქრდი, შვილო, ღმერთი დიდია, იცოდე, - თქვა და კარს მიღმა გაუჩინარდა.

რამდენიმე საათი ბარაბამ უმოძრაოდ, ბეტონზე დაგდებულმა გაატარა, მის ყურთან კი ვიღაც გამუდმებით იმეორებდა მღვდლის ნათქვამ სიტყვებს, მოხუცმა მათხოვარმაც ხომ იგივე უთხრა, ოღონდ ერთი განსხვავებით - ღმერთი დიდიაო, ყველა ცხონდებაო, ამან კი... ხო, რა უთხრა - ცხონდები, თუ სინანული გექნებაო, ღვთის რისხვა, სასჯელი - არა უმეტეს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩაესმოდა ბარაბას და მის მბორგავ სულს უარესად აფორიაქებდა.

დრო შეუმჩნევლად გავიდა. როდესაც საკანში მოხელეები შემოვიდნენ, ბარაბა ისევ იატაკზე ეგდო. წამოაყენეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და ტანისამოსი მზრუნველად ჩამოუბერტყეს. ისე ექცეოდნენ თითქოს ჩამოსახრჩობად კი არ მიჰყავდათ, თეატრში უპირებდნენ გასეირნებას, მაგრამ ჩვენი სიცოცხლეც ხომ ერთი დიდი თეატრია დრამებითა და ტრაგიკომედიებით აღსავსე.

ბარაბა მიხვეულ-მოხვეული ტალანებით გაატარეს, ის ინსტინქტურად ადგამდა ნაბიჯებს და უაზროდ იღიმებოდა, თითქოს იპოვა ის, რაც დიდი ხნის წინათ დაკარგა. პატარა ოთახში, სადაც განაჩენი უნდა აღესრულებინათ, ნათურა ენთო, ბარაბამ შესვლისთანავე შეამჩნია თოკი, რომელიც კვადრატული უჯრედის ზემოთ ეკიდა. მიმოიხედა. ცოდვიან ოთახში ხუთნი იყვნენ, მღვდლის გარდა. ღვთისმსახური მოწიწებით იდგა ჩაბნელებულ კუთხეში, აკანკალებული ხელებით სკვნილს მარცვლავდა და ლოცვებს ამბობდა. განაჩენის წაკითხვის შემდეგ, ბარაბა კვადრატული უჯრედის შუაგულში დააყენეს და კისერზე გასაპნული მარყუჟი ჩამოაცვეს. არავის შეწინააღმდეგებია, ბედს შეგუებული, დასაკლავი ხარივით თვინიერი იყო, მღვდლის პირდაპირ ციხის თანამშრომელი იდგა, ცალი ხელი ღილაკზე ედო და უფროსის ნიშანს ელოდებოდა. მოძღვარს გულმა აღარ გაუძლო და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გაიმეორა:

- ბარაბა, გახსოვდეს, არ არსებობს სასჯელი უმეტეს ღვთის რისხვისა. შეინანე.

ბარაბას ბუნდოვნად ჩაესმა მისი სიტყვები. გარინდებულს ფიქრის ძაფი უცნაურმა ჩხაკუნმა გაუწყვიტა. იგრძნო, როგორ წაეჭირა ყელში გასაპნული თოკი, სუნთქვა შეეკრა, სისხლი თვალებში მოაწვა, მაგრამ ვიდრე გონება წაერთმეოდა, არა ამქვეყნიური ხმით დაიღრიალა:- მამაო, მე ბარაბა ვარ. შემინდე...

საზარელი იყო მისი ხრიალში გადაზრდილი ძახილი, მაგრამ ღიად დარჩენილ თვალებში სინათლის სხივი ჩასდგომოდა, მხოლოდ მოძღვარმა შეამჩნია ეს სხივი და მიხვდა, რომ ბარაბას სულში ნათელმა სამუდამოდ დაივანა.

ეს მცირე მონათხრობი გიორგის ეკუთვნის.

უფალი ყველაფერს ხედავს...
ირა, როგორ ხარ? იმედია, კარგად იქნები, მაგრამ რასაც მართლა კარგად ყოფნა ჰქვია, ნაბიჯი ვერ გადაგიდგამს, ეკლესიაში ვერ მისულხარ, მოძღვარი რომ გაგესაუბროს. შენ თავს არ დაუჯერო, საწინააღმდეგოდ მოიქეცი და მიდი, გაესაუბრე, თვითონ დაგეხმარება, შენ მხოლოდ გულწრფელად დაელაპარაკე. ამით შენ უფალს ელაპარაკები და უკვე ნაბიჯი გექნება გადადგმული, შვებას იგრძნობ, სულიერი მდგომარეობის გამოჯანმრთელებას შეუწყობ ხელს. უფალი ყველაფერში დაგეხმარება, ოღონდ მოინდომე. შენს თავს არ ენდო, გადაწყვიტე, რომ უნდა მიხვიდე მოძღვართან და დანარჩენში ღმერთს მიენდე, მოთმინებით, მორჩილებით მოძღვრისა... არ მოგერიდოს საუბარი და რჩევები სერიოზულად მიიღე. შეუდექი მის გამოსწორებას. იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველაფერი მცირედან ანუ პატარიდან იწყება. ჯერ პატარა დაამარცხე და ნახავ, რამხელა სიხარულს იგრძნობ, სული იზეიმებს და ეს იმხელა ზეიმია, სულს რომ არასდროს უგრძნია.Mმესმის, ძნელია, რადგან მიჩვეული ვართ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრებას, ანუ რაც ჩვენ გვინდა და კიდევ ბევრი რამ, რითაც ჩვენ სხეულს ვკვებავთ, ვანებივრებთ, ვართობთ, ვაჭმევთ და ყველაფერს, რაც გვსიამოვნებს ვაკეთებთ. აი, ეგ არის ჩვენი ცხოვრება. ღმერთი არ გვახსოვს, თუ გაგვახსენდება, მხოლოდ გასაჭირში და ვითხოვთ დახმარებას, სხვას ვერაფერს ვხედავთ, ამ დროს საერთოდ არ ვიცნობთ. ჩვენი ცხოვრებით ძალიან შორს ვართ უფლისგან, არაფერს ვაკეთებთ სულისთვის, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ და ცხოვრებაში მცირე რამ მაინც შევცვალოთ სასიკეთოდ. ამის შემდეგ ვისწავლით, რა უნდა ვთხოვოთ უფალს და ჩვენთვის უკეთესი რაც იქნება, ღმერთი ისე დაგვეხმარება. ასე რომ, ძალიან მინდა სულიერად გაძლიერდე და სწორი ხედვა გაგიჩნდეს ყველაფრის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ლოცულობ. ერთიც დაამატე - ცხოვრების გამოსწორებაც დაიწყე და კარგი საქმეების კეთება, დახმარება, თავმდაბლობა. ღმერთის წყალობით სიკეთე და მოთმინება ისედაც გახასიათებს. გაძლიერდი რწმენაში, ლოცვაში და ყველაფერი ერთად აკეთე შერწყმულად და ღმერთი დაგეხმარება.

მეც ასე ვარ. ხომ არ გგონია, რაიმეს მივაღწიე. ვზარმაცობ. ეგ არის, რომ თავს ძალას ვატან.

მარტო ლოცვა უსაქმოდ მკვდარია. ერთმანეთს ხელს შეუწყობთ, ცუდად აღარ იქნებით და სულიერად გაძლიერდებით. სულიერად გაჯანსაღდით და ილოცეთ, უპირველესად მიცვალებულებისთვის. ცუდს რომ კარგით ვცვლით და ვცდილობთ გამოსწორებას, ამით ჩვენ თავსაც ვშველით, ჩვენს მიცვალებულებსაც და ღმერთის მფარველობაშიც ვართ. უფალი ყველაფერს ხედავს, ჩვენს უძლურებას - რა გვიჭირს, რა სჭირდება ჩვენს სულს, ამის მიხედვით გვეხმარება. მადლობა ღმერთს ყველაფერისთვის. ღმერთმა გაგვაძლიეროს რწმენაში.

გკოცნით - ვახო
ბეჭდვა
1კ1