ქინდლი თუ წიგნი?
ქინდლი თუ წიგნი?
ახალი თაობა ახალ ტექნოლოგიებზე
კომპიუტერული ტექნიკა ხალხმა მიიღო, როგორც აუცილებელი ნივთების ერთობლიობა, რომელსაც ცხოვრება უფრო საინტერესო და საქმიანი უნდა გაეხადა. როგორც უფროსები ამბობენ, ბევრი მართლაც შეიცვალა: მიუხედავად მანძილისა, ადამიანებს მშობლიურ და ნებისმიერ უცხო ენაზე ერთმანეთთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცათ, რაც, თავისთავად, ენების შესწავლას უწყობს ხელს; დღეს უკვე შესაძლებელია საბუნებისმეტყველო, ხელოვნების, რელიგიისა და სხვა დარგებში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, ეს კი მოზარდი თაობის მსოფლიო კულტურაში ორიენტირებისა და განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კომპიუტერული ტექნიკის არასწორად გამოყენებამ შეიძლება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე ზოგადად მომავალ თაობას ზიანი მოუტანოს.

ყოველწლიურად ინტერნეტქსელი სულ უფრო მეტ მომხმარებელს იძენს და ინტერნეტსივრცეში დადებული მასალის კონტროლირებაც უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქმნილებას ვერ უგებენ და აკრიტიკებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მათი ერთ-ერთი პრეტენზია იქიდან მომდინარეობს, რომ ისინი უკმაყოფილო არიან ახალგაზრდების წიგნისადმი დამოკიდებულებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ასაკის ადამიანები დღითიდღე შორდებიან წიგნს. ასაკოვან ხალხს ეს უკვირს, რადგან "არ შეიძლება ყუთმა, რომელიც ვითომდა ყველაფერს მოიცავს, ჩაანაცვლოს წიგნი"! ისინი ფიქრობენ, რომ თაობა სულ უფრო დამოკიდებული ხდება კომპიუტერზე და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე.

რადგან კომპიუტერული ტექნიკა ცხოვრების ორგანული ნაწილია, უნდა დავფიქდეთ, როგორ შეიძლება მისი კარგად გამოყენება. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა შეიქმნას საშუალო დონის სასკოლო მიზნებისთვის გამოსადეგი სპეციალური ტექნიკა, რომლის ინტერნეტშესაძლებლობები გარკვეულ წილად შეზღუდული იქნება. გვესმის, რომ ბავშვს თუ სურვილი აქვს სხვა კომპიუტერში შევა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სპეციალურ კომპიუტერთან ურთიერთობის შემთხვევაში, სწავლის პროცესში მას ხელი არ შეეშლება. მით უმეტეს, სულაც არ არის აუცილებელი უფროსების კომპიუტერი ბავშვის ოთახში. ის შეიძლება ნებისმიერ სხვა ადგილას იყოს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში იქნას გამოყენებული.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ XXI საუკუნეში წიგნმა მართლაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გამოჩნდა უამრავი ტექნიკა, რომელმაც ის ჩაანაცვლა. შესაძლებელი გახდა ნებისმიერი თხზულების წიგნის დახმარების გარეშე წაკითხვა. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა ე.წ. "ქინდლი" - ის საქართველოშიც მასობრივად შემოვიდა, რაც მისასალმებელია. ქინდლი ერთგვარი კომპიუტერია, რომელშიც ნებისმიერი წიგნი შეგვიძლია გადავწეროთ და მისი მცირე ზომის გამო ყველგან თან ვატაროთ. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ ქინდლი ჯანმრთელობისთვის პრაქტიკულად უვნებელია. რატომ არ შეიძლება განათლების სამინისტრომ შეიმუშავოს პროგრამა, რომელიც ქინდლს ხელმისაწვდომს გახდის და მასში ლიტერატურული ნაწარმოების გარდა, სასკოლო წიგნების შეტანაც იქნება შესაძლებელი. ეს უამრავ სასიკეთო ცვილებას მოუტანდა მოსწავლეებს. სწავლის პროცესიც გამარტივდებოდა, ბავშვებისთვის თანამედროვე ტექნიკა ისეთივე ბუნებრივი მოხმარების საგანი გახდებოდა, როგორიც არის რვეული, კალმისტარი და წიგნი. მეორე მხრივ, ეს სახალისოც იქნებოდა და მძიმე ჩანთების ტარებაც არ გახდებოდა საჭირო.

ქინდლის და კომპიუტერის გარდა სხვა ტექნოლოგიებიც გვაძლევს საშუალებას, წავიკითხოთ სასურველი ლიტერატურა, თუმცა ამ შემთხვევაში სწორი იქნება, რომ ვთქვათ, მოვუსმინოთ სასურველ თხზულებას. mp3-ის გამოყენებით არა მარტო მუსიკის, არამედ წიგნის მოსმენაც შეიძლება, რაც ამავდროულად სასიამოვნო პროცესიცაა. სამწუხარო ის არის, რომ ბევრმა ეს არ იცის და არც საჭირო ლიტერატურაა ამ ფორმატში ხელმისაწვდომი.

თუმცა ვრწმუნდებით, რომ ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვროა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროს ბევრი სასარგებლო სიახლის დანერგვა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მიღწევა ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს, ერთი რამ მაინც დანამდვილებით ვიცით: არიან ადამიანები, რომლებსაც წიგნის წაკითხვა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მიანიჭებს და საყვარელი წიგნის გადაფურცვლისას ჩვენც სულ სხვა შეგრძნება დაგვეუფლება.


ეთუნა შერმადინი
კერძო სკოლა "პეგასი"

ბეჭდვა
1კ1