"დარჩით ქართველებად, რადგან ბერძნები ვერასდროს გახდებით"
"დარჩით ქართველებად, რადგან ბერძნები ვერასდროს გახდებით"
საქართველო და ქართველობა უცხოობაში მყოფებს რომ განსაკუთრებით აღელვებთ, ამას საბერძნეთში მყოფ ემიგრანტთა ამ წერილის წაკითხვისას დარწმუნდებით. ეს მათი ერთი ნაწილის გულისნადებია, თუმცა, ეს უმრავლესობის სულის გამოძახილიცაა.

ათენში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში მოღვაწე ქართველი მოძღვრის, არქიმანდრიტ თეიმურაზის მრევლმა, ემიგრანტ ქართველ ქალთა ორგანიზაციამ - "საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი" (თავმჯდომარე ნუნუ ღურჭუმელიძე), სულიერ მოძღვარს ამგვარი წერილით მიმართა. მამა თეიმურაზი ამჯერად საქართველოშია.

ემიგრანტობა - საზოგადოების კიდევ ერთი იძულებითი მოვლენაა.

მწარეა ქართველის სამშობლოს ნატვრით დამძიმებული საზრუნავი არამშობლიურ მხარეში, მაგრამ უფლის ნებით, საერთო ქარისტიანულ-მართლმადიდებლურ გარემოში.

უამრავი ქართველი უსარქლო ფარასავით ისევ უფლის თანადგომის იმედსაა ჩაჭიდებული და წინააღმდეგობებს უძალიანდება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ასევე ბერძნული ეკლესიის თანადგომით მოღვაწეობენ ქართველი სასულიერო პირები ათენში.

მადლობა უფალს, მათი ასე გაძლიერება-ამაღლებისთვის, მიმობნეული ქართველების თანადგომისა და სიყვარულისთვის.

მამა თეიმურაზ (სინესიოსი) კალანდაძის ხვედრი, მოვალეობა და სურვილი... 1999 წლიდან, ათენში სასულიერო სწავლასა და მსახურებას ერთდროულად ზიარებული.

ხვედრი ღირსეული, დროული, სულზე მისწრებული. კურთხეული და შესაძლებელი, შემთხვევით ხომ არასდროს ხდება განსაკუთრებული... მამა თეიმურაზ კალანდაძეს ათენში მივლინებამდეც ამშვენებდა საერო და სასულიერო უმაღლესი აკადემიური განათლება, რომელსაც ასპარეზი უცხოეთში მიეცა, საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებზე უფრო რთული, შრომატევადი და სავალდებულო უფლისგან.

მამა თეიმურაზი - მოძღვარი, ბერი, ადამიანი, შეზავებული ქართული ეროვნული და სასულიერო აღზრდის მარილითა და მადლით, არა მარტო ქართველ ემიგრანტთა გულისგულის მოძღვარი, არამედ საქართველოს მრავალმხრივი დესპანი გახდა. ჩვენს გვერდით იყო ყველგან, აუცილებელ სიტუაციაში, ოჯახებში, საპატიმროებსა და საავადმყოფოებში, ომის საპროტესტო აქციებში. მამა თეიმურაზმა უცხოობის, მარტოობის, ენის ბარიერის მარწუხებით შებოჭილი ქართველები წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ქართულ წირვა-ლოცვაზე მიიხმო, ანუგეშა და გაამხნევა. უცხოობაში უსაშველოდ გრძელდება წლები, დღეები და წუთებიც კი. ჩვეულებრივზე დამძიმებულია თითოეული წამი, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა განუზომელ უნუგეშო მდგომარეობაში ჩააგდო სამშობლოში ვერწასული ქართველობა, მაგრამ ჩვენს გვერდით იყო ჩვენი მოძღვარი, მამა თეიმურაზი, საყოველთაო და საგანგებო წირვა-ლოცვა-პარაკლისებით აგვავსო და წამოგვაყენა დაჩოქილები, სასოწარკვეთილები... რამდენი დედის რამდენი შვილი იყო ჩათრეული ამ უთანასწორო, გაუაზრებელ ომში, იმ დედებისა, რომლებმაც იძულებით დატოვეს სამშობლო მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის, იმაზე მეტი მძიმე რა უნდა იყოს მშობლისათვის, რომელიც უცხოეთში თითქმის პატიმრის მდგომარეობაში შრომობს და როცა მათ სამშობლოში დატოვებულ შვილებს ტყვიას ესვრიან. სწორედ ამ დედებისათვის და არა მარტო მათთვის ლოცულობდა ჩვენი კეთილი და გონიერი მოძღვარი მამა თეიმურაზი.

***
წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში იმდენი სანთელი არასდროს დანთებულა, ალბათ. ამ სანთლებთან ერთად ენთო და არ დამწვარა ჩვენი იმედიც სამშობლოს და შვილების მომავლისა. სამწუხაროდ, ყველას როდი გაუმართლა, ომმა თავისი წასაღები წაიღო, ჩვენი საჯიშე შვილები! სწორედ ამ სისხლსა და ჯიშს მისტიროდა თითოეული ქართველი. ცრემლად იღვრებოდა უფლისადმი ჩვენთვის მავედრებელი მოძღვარიც მამა თეიმურაზი.

რა გვეშველება? საწყალობლად ებჯინებოდა მოძღვრის მზერას ემიგრანტი მრევლის თვალები და მამა თეიმურაზმა ამ უსიტყვო, მაგრამ მეტყველ კითხვას საყოველთაო პასუხი ათენის კონსტიტუციის მოედანზე გასცა ომის საპროტესტო მიტინგზე.

როგორც უცხო ქვეყანაში მყოფ მისიონერს, მრავალი დილემა ექნებოდა და ექნება ყოველთვის ყოველ ეპოქაში, მაგრამ მამა თეიმურაზმა თავის მრევლს და საერთოდ შეგნებულ ემიგრაციას თვალნათლივ დაანახვა უფლის რწმენის ძალა და მისი მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის. იყო შემთხვევები, როცა მამა თეიმურაზს ოჯახებში იწვევდნენ ბერძნები ჯანმრთელობისა და სამშვიდობო პარაკლისებისათვის, განა იმიტომ, რომ მათ თავიანთი მოძღვარი აკლდათ, არამედ სმენოდათ მისი უანგარო მსახურების შესახებ.

სიცოცხლე ყველგან გრძელდება, ტრადიციულ ქართველს ბედნიერებას ანიჭებდა წყვილთა ჯვრისწერის და ნათლობის საიდუმლოს აღსრულება მამა თეიმურაზის მიერ. არც უპატრონო სულთმობრძავი და მიცვალებული დაუტოვებია უზიარებელი. მამა თეიმურაზი ხშირად იმაზე მეტსაც აკეთებდა, რაც მოეთხოვება ერთ მართლმადიდებელ მოძღვარს.

მამა თეიმურაზი წირვა-ლოცვას აღავლენდა საბერძნეთის პირველ დედაქალაქ ნავპლიოშიც.

"დარჩით ქართველებად, რადგან ბერძნები ვერასდროს გახდებით", - შთააგონებდა ქართველ მოზარდებს საკვირაო სკოლის ყოველ შეხვედრაზე, ასწავლიდა და მოძღვრავდა მათ. ეს შეგონება ყველაზე მეტად ესაჭიროება უცხო მხარეს შეკედლებულს, გზებგადახლართულს, რომ ერთ საჭირო და აუცილებელ დღეს შინ დაბრუნებულს სიხარული ჭირად არ შეეცვალოს და აკაკი წერეთლის ღამურასავით არ დაემართოს.

მამა თეიმურაზის ყოველი გამოსვლა ტაძრის გარეთ და მის კედლებშიც ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნების შეხსენებით იწყებოდა და მთავრდებოდა, ასევე აფრთხილებდა მრევლს და ერს გამოეჩინათ სიფხიზლე და გონიერება ცხოვრებაში მოძალებული ეშმაკისეული ცდუნებებისადმი. ემიგრანტებისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ მამა თეიმურაზმა ღრმად ჩახედა მათ სულს, სამართლიანად აღიქვამდა მათ მდგომარეობას, დამსახურებას საკუთარი ოჯახისა და სრულიად საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერების საქმეში.

გმადლობთ უფალო, ეს გზა, რომელსაც მილიონობით ქართველი ადგას და არა მარტო ქართველი, საბერძნეთში მყოფ ქართველებს რომ გვარგუნე გამოცდისთვის. ამ იძულებით სასურველ გზაზე, წვალების გარდა, ისინიც შეგვხვდნენ, რომელთა შეხვედრა აუცილებელი იყო, მათ შორის მამა თეიმურაზიც, რომელიც გვტოვებს საკმაოდ მოძლიერებულებს რწმენაშიც და ყოფაშიც.

უფლის ნებით, თუ ჩვენი დაბრუნების ოცნებაც ახდა, მის გზას დიდი სიხარულით გავუყვებით, მანამდე კი მის მიერ გაღვივებული რწმენის ძალით და შთამბეჭდავი მოგონებებით დავრჩებით: "ომონია", ქრისტეშობის უსაყვარლესი და კრიალა დღე, ქართველ მგალობელთა გუნდი, ჩოხოსნები და მათ შორის ბერი ლუხუმივით მდგარი, ალილოს მომღერალი ჩვენი საყვარელი მოძღვარი მამა თეიმურაზი, ეს მისი მხრიდან უფლის შობის სიხარულით ტკბობის და სამშობლოში წამიერად გადანაცვლების მცდელობა იყო.

"ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა", - თქვა ვაჟა-ფშაველამ თავის დროზე საქართველოს მომავალზე, ჩვენ კი, დროებით უსამშობლონი, ასე ვიტყვით: როცა უფალი დაფანტულ ერს თანადგომას გამოუგზავნის სულიერი მამების სახით, იმედია, რომ ჩვენც დაგვაბრუნებს.

ბეჭდვა
1კ1