როგორ შეიძლება მოვკვდეთ, თუკი სული ღვთისა ჰგიეს ჩვენ შორის?
როგორ შეიძლება მოვკვდეთ, თუკი სული ღვთისა ჰგიეს ჩვენ შორის?
"ჩვენი მოქალაქეობაი ცათა შინა არს, ვინაიცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა" (ფილიპ. 3,20), - ამბობს პავლე მოციქული. თუ რატომ მიენიჭებათ ცათა შინა ცხოვრება და მოქალაქეობა იესო ქრისტეს მომლოდინეთ, ქრისტეს მოციქული სხვა ადგილას განმარტავს: იქ, ცათა შინა, უფალი ცხოვრობს, ხოლო მასში უკვე ჩვენც ყოველნი ვცხოვრობთ.

რა იქნება ჩვენი ამ საკვირველი თანაცხოვრების შედეგი ქრისტესთან? - ის, რომ უფალმა არა მხოლოდ "გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩვენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანა-ხატ ხორცთა მათ დიდებისაი მისისათა (ფილიპ. 3,21), არამედ როგორც თვით უფალი გვეუბნება, "რომელმან სძლიოს, მივსცე მას დაჯდომაი ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა იგი მე ვსძლიე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდართა მისსა" (გამოცხ. 3,21).

რანი იყვნენ კაცნი ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე? - ღვთის ქმნილებანი და მეტნი არავინ, და არა თუ ოდენ ქმნილებანი, არამედ უწმინდურნი ქმნილებანი დამონებულნი ცოდვას, ხოლო ცოდვის მიერ - ეშმაკს, და ამისთვის განწირულ-განსჯილნი სიკვდილისათვის, - აღნიშნავენ განმმარტებელნი. სამუდამო ტანჯვა ჯოჯოხეთში, აი, რა იყო ადამიანური ხვედრი ქრისტეს ხორციელ ქმნამდე! მაგრამ აი, ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და მისი სახელი მორწმუნეებს გვესმის სახარებიდან, რომ ჩვენ უკვე ოდენ ქმნილებანი კი არა ვართ ღმერთისა, არამედ შვილნი მისნი, არა უცხონი, არამედ თვისნი ღმერთისა; არა მტერნი, არა უცხონი, არამედ თვისნი ღმერთისა; არა მტერნი, არამედ მეგობარნი მისნი; არა შვილნი საღვთო რისხვისა, არამე შვილნი მისი კურთხევისა, არა მონანი ცოდვისა და ეშმაკისა, არამედ მემკვიდრენი საუკუნო ცხოვრებისა და თანამედროვენი ქრისტესი. აი, რა მოგვმადლა ქრისტემ და აი, როგორი ძღვენი, საბოძვარია გამზადებული ჩვენთვის მისი მკვდრეთით აღდგომით! მაშ, მარადის გახსოვდეს ეს, ჰოი, ქრისტიანო ძეო და მემკვიდრევ ღმრთისაო! გახსოვდეს, ვითარი ღირსებით ხარ პატივდებული უფლისაგან და გეშინოდეს - არ მოაკლდე ამ ღირსებას და განსაკუთრებით გახსოვდეს ეს აღდგომის ბრწყინვალე დღეს.

წმინდა ეფრემ ასური ამბობს: "ყველანი ისეთ სხეულებს მიიღებენ, რომლებიც შესაბამისი იქნება მათი საკუთარი საქმეებისა (აქ საუბარია საყოველთაო აღდგომაზე). მართალთა სხეული მზის სინათლეზე შვიდგზის უფრო გაბრწყინებული იქნება, ხოლო ცოდვილთა სხეულები - ბნელნი და სიმყრალით აღვსილნი, და თითოეულის სხეული მის საქმეებს წარმოაჩენს: იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ საქმეებს სხეულითვე ვატარებთ".

მკვდრეთით აღმდგარი უფალი პირველებმა მენელსაცხებლე დედებმა იხილეს.

მრავალი საშიშროებისა და დაბრკოლების მიუხედავად, რაც მათ საფლავის მცველებისა და იუდეველებისგან ელოდათ, მენელსაცხებლე დედებმა დაივიწყეს საკუთარი თავი და ადრიან დილით, უფლის საფლავს მიაშურეს, რათა ებრაული ჩვეულებისამებრ, ჯეროვანი პატივი მიეგოთ ჯვარცმული უფლისათვის. რა კეთილსაამო მსხვერპლია, რა მაღალი სახეა უფლისადმი სიყვარულისა, რომელიც მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს ყოველი ქრისტიანისათვის, ვისაც ასეთი სურვილი ამოძრავებს, შეუძლია დღესაც მენელსაცხებლე დედათა მსგავსად მოვიდეს უფლის საფლავად და ჯეროვანი პატივი მიაგოს მას, მისთვის საამო მსხვერპლი შესწიროს სიყვარულისა, სინანულისა და გულშემუსვრილებისა. დაე, მზის ამოსვლასთან ერთად აღდგეს ძილისაგან და ეკლესიას მიაშუროს ცისკრის ღვთის მსახურებაზე, არ დაიზაროს საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება, მწუხრის მსახურებაზეც მივიდეს და ქება-დიდების საგალობელი აღუვლინოს უფალს მისი უსაზომო კაცთმოყვარებისათვის, ენით უთქმელი მოწყალებისათვის მის მიმართაც და მთელი კაცთა მოდგმის მიმართაც ("საკვირაო სახარების განმარტება", გრიგოლ დიაჩენკო, 2001წ.)

წმინდა მელეტი ეპისკოპოსი. ხშირად მსჯელობენ, თუ როდის მოხდა მაცხოვრის აღდგომა? თუ ანგელოზის გარდამოსვლამდე აღდგებოდა, რაღა საჭირო იყო ანგელოზის მიერ კარის გაღება? თუ შემდეგ აღდგა, რატომ ვერ იხილეს იგი დედებმა, რომლებიც ანგელოზის მოსვლის შემდეგ მოვიდნენ? არც ადრე აღმდგარა და არც დედების მოსვლის შემდეგ, არამედ ანგელოზის მოსვლისას.

თუ ვინმე იტყვის, ღამე აღსდგა და დახშული სამარის კარიდან გამოვიდაო, მაშინ, რაღა საჭირო იყო სამარის კარის გაღება? თუ დედათათვის გაიღო, რათა ეხილათ ტილონი და გულისხმაეყოთ, რომ სამარეში არ არის, მაშინ რატომ არ იქნა ნათქვამი, რომ აღდგომის ჟამს გაიღოო?

მახარებელთაგან ერთი ამბობს, რომ დედები "შაბათის დამლევს მოვიდნენ (მათ. 28,1); მეორე ბრძანებს, რიჟრაჟი იყოო (იოანე 20,1), ხოლო მესამე ამ დროს მზის ამოსვლას ასახელებს (მარკ. 8,2). როდესაც იხილა ანგელოზმა მაცხოვრის სამარისაგან გამოსვლა, დაჯდა ლოდზე, რათა სპეტაკი სამოსლით შეემკო თავისი უფლის სამარის კარი და ბრწყინვალების გამოცემით განეშორებინა ბნელი სამარისათვის, რამაც მცველნი ისე შეაშინა, რომ მკვდრებს ემსგავსნენ. მცველებს ანგელოზი შემაძრწუნებლად გამოეცხადა, ხოლო როცა დედანი მივიდნენ, სახე იცვალა, შევიდა სამარეში და დაჯდა მარჯვნივ იმ ადგილიდან, სადაც იდო გვამი უფლისა. სამარეში იმიტომ შევიდა, რომ უფალი უკვე აღმდგარი იყო და დედათ არ ჰგონებოდათ, გვამი მოიპარესო, ამცნო მათ ღვთისგან სიკვდილის დათრგუნვა და აღდგომა.

ანგელოზი, რომელიც ნათლის მსგავსად ჩანდა კართან, სამარეში ჭაბუკის გარეგნობა მიიღო, რათა დედებს არ შეშინებოდათ და უთხრა მათ: "ნუ გეშინინ! უწყი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ეძებთ, რომელი იგი ჯუარს ეცუა" (მარკ. 16,6); არ იფიქროთ, რომ უფალს ნაზარეველი იმიტომ უწოდა, ან ჯვარი იმის გამო ახსენა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, არა, არამედ დაამოწმა, რომ ქრისტე აღსდგა, რის შესახებაც იწინასწარმეტყველა, ხოლო დედანი გაკვირვებულნი იყვნენ და ფიქრობდნენ, - ვინ იყო იგი, რომელიც უფლის არც ერთ მოწაფეს არ ჰგავდა და ეშინოდათ, რაიმე ეკითხათ მისთვის. ამ დროს კიდევ გამოცხადდა ორი ანგელოზი, რომელთაც პირველის სიტყვა დაამოწმეს. ესენი გამოცხადდნენ ნათელის მსგავსად, რადგანაც შეიძლებოდა თვალით სახილველნი ყოფილიყვნენ, ისინი იმდენად ბრწყინავდნენ, რომ დედანი თავდადრეკილნი და შეშინებულნი იდგნენ. მათ კიდევ ერთხელ დაამოწმეს, რომ ქრისტე აღსდგა.

დედები, რომლებიც მკვდრის საცხებლად მოვიდნენ, აღდგომის მახარებელნი შეიქმნენ, ქალაქში მოწაფეთა ნუგეშის საცემად გაიქცნენ. მაგრამ მაგდალინელი ყველას უსწრებდა. იგი შევიდა შეწუხებულ მოწაფეებთან - იოანესა და სიმონ-პეტრესთან, რომლებიც ჰურიათა შიშის გამო დამალულნი იყვნენ. მათ შეხედეს დედაკაცის პირს, რომელიც სიხარულითა და შიშით იყო აღსავსე და გაუკვირდათ. მან კი დაიწყო თხრობა, თუმცა მოწაფენი თვალით ანიშებნენ, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ არ დაცხრა და თქვა: დღე არის სიხარულისა და რატომ მაჩუმებ? ჟამია სიხარულისა და გაჩუმება არ ეგების, თავადაც არ იცოდა, რას ამბობდა, როცა აცხადებდა: "აღიღეს უფალი სამარისაგან და არა უწყი სადა დადვეს იგი" (იოანე, 20,2).

ჰოი, მარიამ, რატომ გგონია, რომ ვინმემ წაიღო იქიდან უფალი? აჰა, მცველნი იცავენ მის საფლავს, ხოლო მოწაფენი შეშინებულნი გარბიან, აწ ვინ მოვიდოდა და მოიპარავდა, ჰოი, მარიამ, ცუდი ამბავი მოუტანე პეტრეს და არ ახარე: რატომ გაქვს პირი სიხარულით აღსავსე, როგორც მახარებელს, თუ აღდგომას არ ქადაგებ? სიტყვანი შენი, შენს სახეს არ ემოწმებიან და ხმა შენი სიხარულისა არ არის.

მარიამის სიტყვებმა და მისმა საქციელმა გონს მოიყვანა შეშინებული მოწაფენი, უკუაგდეს ჯვარცმულთა შიში და განცხადებულად გაიქცნენ სამარისაკენ.

იოანემ, რადგან ფეხმალი იყო, გაუსწრო პეტრეს, თუმცა გონებით მასზე მტკიცე არ გახლდათ და სამარესთან მივიდა. მალე მოვიდა პეტრეც და მათ იხილეს დაყრილი ტილოები და დაკეცილი სუდარა, ერთ ადგილზე დადებული, ანგელოზნი კი არ ჩანდნენ, რადგან იქ იყვნენ და იცავდნენ ტილოებს, რომ არავის მოეპარა, რადგან ის მაცხოვრის აღდგომის დამადასტურებელი გახლდათ და ამავე დროს, მეორედ მოსვლის ჟამს მკვდართა აღდგომას გამოსახავდა. მაცხოვარი დიდებით აღდგა და არა, ტილოითა მით", ასევე ჩვენც, ჩვენი საქმეებით აღვსდგებით და არა "შესამოსელით", ღვაწლით და არა სამკაულით.

ასეთ მწუხარებაში მყოფმა მარიამმა იხილა იქვე მდგარი იესო, რომელმაც ჰკითხა: "შენ დედაკაცო, რაისა სტირი? ვის ეძიებ?" ხოლო მარიამმა ვერ იცნო იგი, მებაღე ეგონა, მის ნუგეშისსაცემად მოსული და ჰკითხა: "შენ თუ აიღე უფალი ჩემი, მითხარ მე, სადა დასდევ?" (იაონე 20-15).

ხედავდა მაცხოვარს და ვერ გულისხმაჰყოფდა, რომ ის იყო, რადგან შეცვლილი იყო მისი ხატიც და ხმაც.

როცა იხილა უფალმა, რომ ასე გულმოდგინედ იდგა ის ჯვართან და ახლა სამარეთან, შეიცვალა უცხო ხმა და უწოდა მას სახელი. და მოიქცა მარიამ უცნობელობისგან - ცნობად, ურწმუნოებისგან - სარწმუნოებისაკენ, უსასოობიდან - სასოებისკენ, მწუხარებიდან სიხარულისკენ. მარიამს სიხარულმა მწუხარება დაავიწყა და აღდგომილისაკენ მიისწრაფვოდა, უფალმა სიყვარულით უთხრა; "ნუ შემომეხები მე, რამეთუ არაღა ასრულ ვარ მამისა ჩემისა" (იოანე 20,17). ზოგი ამბობს, იმიტომ არ ისურვა მარიამი შეხებოდა მის სხეულს, რომ არ ირწმუნა ანგელოზის სიტყვები; სხვები აცხადებენ, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ იგი ქალი იყო, ევას შთამომავალი, რომელმაც აცდუნა ადამი; ასევე ამბობენ, რომ იგი მოუნათლავი იყოო და სხვა.

მაცხოვარმა უთხრა მარიამს: წადი ჩემს ძმებთან და უთხარი მათ არა ჩემი ვნებისა და აღდგომის შესახებ, არამედ ის, რომ ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან და ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან (იოანე 20,17).

წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: ვერც ლოდმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე მიაგორეს მშვენიერი მზრახველის, იოსებ არიმათიელის მონდომებით, ვერც ქრისტეს მტრების მიერ ქვაზე დადებულმა ბეჭედმა, ვერც მაცხოვრის საფლავთან დაყენებულმა მცველებმა, ვერავინ და ვერაფერმა დააკავა საფლავში უფლის უწმინდესი სხეული. თვით უფლის აღდგომის დროს არ გვაუწყებს წმინდა სახარება.

პირველად ქრისტეს აღდგომა ეუწყათ წმინდა მენელსაცხებლე დედებს ქრისტეს საფლავთან მჯდომი ანგელოზისგან. ანგელოზის მიერ მაცხოვრის საფლავიდან ლოდის გადაგორებას თან ერთვოდა მიწისძვრა, რამაც ძალიან შეაშინა საფლავის მცველნი, რომელნიც გაიქცნენ და იყვნენ უნებლიე მახარებელნი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა მისი მტრების წინაშე.

როგორც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა პირველად წმინდა მენელსაცხებლე დედებს ეუწყათ ანგელოზისგან, ასევე თვით მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე პირველად დედებს გამოეცხადა, - გვასწავლის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - გველის პირიდან მიიღო პირველი სიცრუე და ამასთანავე, ქალმა თვით მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ბაგეთაგან გაიგონა სასიხარულო უწყება, რათა ვისმა ხელმაც მოამზადა სასიკვდილო სასმელი, მასვე მიეწოდბინა უკვდავების ფიალა". მენელსაცხებლეთა წინაშე გამოცხადების დღესვე მკვდრეთით აღმდგარი უფალი გამოეცხადა პეტრე მოციქულს, შემდეგ ორ მოციქულს, რომლებიც ემაუსს მიდიოდნენ, და იმავე დღეს, საღამო ჟამს გამოეცხადა თორმეტ მოციქულს, რომლებიც ერთ ოთახში იყვნენ შეკრებილნი და იუდეველთა შიშის გამო კარი ჰქონდათ დახშული. ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ეწოდება პასექი, ძველი აღთქმის დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდა ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად, ამ დღესასწაულზე ქრისტეს აღდგომის გახსენების შესაბამისად, პასექის სახელწოდებამ ქრისტინულ ეკლესიაში შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა და გახდა სიკვდილიდან სიცოცხლეში, მიწიდან ზეცაში გადასვლის აღმნიშვნელი.

წმინდა იოანე კრონშტადტელი: "და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?"

ჰე, უფალო, მრწამს და არასოდეს მოვკვდები, როდესაც სული ჩემი სხეულს გაეყრება, ეს იქნება მხოლოდ მსგავსება სიკვდილისა, რამეთუ სული ჩემი არასდროს განშორდება ღმერთს და იგი უკვე აღარ იქნება სიკვდილი, რომლისგანაც მიხსნა ჩვენ ქრისტემან, გამოგვტაცა რა ცოდვისაგან შობილ უბოროტეს მტერს. "უკანასკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკვდილი" (I კორ. 19,26). ამით ჩვენ მტკიცედ და ურყევად გვწამს, რამეთუ ვინ "შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულისა ღმრთისასა?" (რომ. 8,39).

ჩვენ ქრისტეს სხეულის ასონი ვართ, მას ვეკუთვნით, საუკუნოდ შევუნაწევრდით ქრისტეს და იგი ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვებს. როგორ შეიძლება მოვკვდეთ, თუკი სული ღვთისა ჰგიეს ჩვენს შორის? შეუძლებელია ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე განშორდეს მას, წყაროს სიცოცხლისას. თავად ქრისტეა სიცოცხლე ჩვენი და იგი ღვთის მიერ ჩვენთვის იქმნა არა მარტო "გამოხსნა, არამედ სიმართლე", რათა ჩვენ, ცოდვისგან განწმენდილნი, გავმხდარიყავით იმ ზეციური სასუფევლის ღირსნი, სადაც ვერ შევალს ვერაფერი არაწმინდა (I კორ. 1,30). ვუმზერ რა მას, წინ მივემართებით იმ ურყევი რწმენით, რომ შეუძლებელია დაიღუპონ ჩვენი სულები, კვდებიან რა ცოდვისთვის ქრისტეს წმინდა სისხლით, მის მიერვე განცოცხლდებიან საუკუნო ცხოვრებისთვის, სამარადისო ნეტარებისთვის.

წმინდა ტიხონ ზადონელი: ადამიანო! შენი ცხოვრება ანთებული სანთლის მსგავსია. რაც მეტხანს იწვის სანთელი, მით უფრო დნება, ასევეა შენი ცხოვრებაც - რაც უფრო ხანგრძლივად ცხოვრობ, მით უფრო მოკლდება დღენი შენი. დაიღვენთება ბოლომდე სანთელი და უმალ ქრება - კაციც ამთავრებს წუთისოფელში ყოფნას და კვდება; ისე გაილევა და ქრება სანთელი, თითქოს არც არსებულა, კაციც ასეა - გარდაიცვლება, დაიმარხება და სულ მალე გაქრება ნიშანი მისი მიწიერი არსებობისა.

ადამიანო, ხედავ, რა არის შენი ცხოვრება?

გახსოვდეს, რომ სანთელივით დაილევა შენი დრო-ჟამიც. ადამიანო, შენ ხომ გონიერი არსება ხარ, ამიტომაც თადარიგი დაიჭირე ბოლო დღისათვის, რათა მშვიდობით შეჰვედრო სული მაცხოვარს.

"ესერა ზომით ჰყვნენ დღენნი ჩემნი და არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე, რმაეთუ ყოველითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი. დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს: რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არათუ შენ, უფალო? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს" (ფს. 38, 5-7).

ბეჭდვა
1კ1