საიდუმლო სერობა
საიდუმლო სერობა
"პური, რომელსა მე მოგცემთ, ჩემი სხეულია"
გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი შოთა ასლამაზიშვილი:

- იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის შემდეგ ხდება საიდუმლო სერობა. უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ. მოუმზადეს პასექი და მწუხრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. ჭამისას თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე. მოწაფეები დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო? ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერება მისთვის: მაგრამ ვაი, იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, უთხრა: - მე ხომ არა ვარ? როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.

***
სამი მახარებელი: მათე, მარკოზი, ლუკა და მოციქული პავლე გვიყვებიან ჩვენ წმინდა საიდუმლო ზიარების, ანუ ღვთაებრივი ევქარისტიის დადგენაზე. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ავსებს რა სხვა მახარებელთა მონათხრობს, გვამცნობს მხოლოდ სულისშემძვრელ სიტყვებს უფლისა საიდუმლო სერობაზე. მისგან უწყებულში, სხვათა შორის, ვხედავთ, რომ იუდას გასვლით სიონის მაღლობზე მდებარე ოთახიდან, შეიძლება ითქვას, გადანთხეულ იქნა მთელი სიბილწე სიბნელისა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მისი სახით შეიჭრა იესოს მოწაფეთა სუფთა და ნათელ კრებულში. გამოსამშვიდობებლად მომზადებული მასწავლებლისა და მეგობრის გარშემო დარჩნენ მხოლოდ ისინი, რომელთათვისაც თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინა "ბავშვები". გავიდა უკანასკნელი საათიც ძველი აღთქმისა, უნდა დაწყებულიყო ახალი - არა ფარიდან გამოყვანილი კრავით, არამედ თავისი საკუთარი სხეულითა და სისხლით. ღმერთკაცის სახე განათებული იყო ზეციური ნათლით. მან აიღო მის წინ მდებარე პური, აკურთხა, გადატეხა ნაწილებად მოწაფეთა რიცხვის მიხედვით, და დაურიგა მათ; და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, ბერძნულად "არტოსი", ანუ გაფუებული პური და არა საფუარის გარეშე, შესაძლოა უფლის ბრძანებით საგანგებოდ მომზადებული, ახალი საიდუმლოს დასადგენად, რადგან პასექის მაგიდაზე უნდა ჰქონოდათ მხოლოდ აპრესნოკი, - და ქება აღავლინა თავისი ზეციური მამისადმი. გატეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მოცემული, ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა". ამ საიდუმლოს ეწოდება "ევქარისტია", რაც ბერძნულიდან თარგმნით ნიშნავს "სამადლობელს". წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: "უფალი მადლობს, რითაც გვასწავლის, როგორ უნდა შესრულდეს ეს საიდუმლო, გვიჩვენებს რა, რომ იგი თავისი ნებით მიდის ტანჯვა-წამებაზე, რითაც გვთხოვს ჩვენც მადლობით დავითმინოთ მწუხარებანი და გავაღვივოთ ჩვენში კეთილი იმედი". უფალმა შემოგვთავაზა თავისი ხორცი არა ერთხელ მისაღებად, იშვიათი და საგანგებო მიღებისათვის, როგორც სამკურნალო, არამედ მუდმივად და მარადიულ საკვებად: "ჭამეთ". უფალმა გვიბოძა იგი, როგორც საარსებო პური. მისი სიტყვისამებრ: "პური, რომელსა მე მოგცემთ, ჩემი სხეულია". ამით არა მარტო დაგვრთო ნება, არამედ დაგვიდგინა, რათა ხშირად მივაშუროთ მის ტრაპეზს. ჩვენ არ ვტოვებთ თავს დიდხანს ჩვეულებრივი საკვები პურის გარეშე, რადგან ვიცით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოვუძლურდებით და ვერ შევინარჩუნებთ ქვეყნიურ სიცოცხლეს. რატომ არ გვაშინებს ის, რომ დიდი ხნით ვტოვებთ თავს სიცოცხლის პურის გარეშე, რომელიცაა ზეციური და ღვთიური პური? "როცა უფალი ამბობს: "ესე არს ხორცი ჩემი", იგი გვაჩვენებს, რომ სამსხვერპლოზე გაწმენდილი პური არის თვით ხორცი ქრისტესი, და არა მისი სახე, რადგან მას არ უთქვამს, რომ ეს არის სახე ჩემი ხორცისა, არამედ "ესე არს ხორცი ჩემი". პური მოგვეწოდება აუხსნელი სახით (ნეტარი თეოფილაქტე).

"უფალმა აიღო სასმისი ღვინით, გააზავა იგი წყლით, აკურთხა ისევე, როგორც პური, ახალი, განსაკუთრებული კურთხევით", და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, არა სახე, არა გახსენება სისხლისა, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვის, ყველასათვის, ვინც კი ისურვებს შეუდგეს ცხონების საქმეს, დათხეული, მისატევებლად ცოდვათა. "როგორც ძველ აღთქმას, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - გააჩნდა დასაკლავი კრავი, ასევე ახალ აღთქმას გააჩნია უფლის სისხლი. ძველი აღთქმის სისხლი დაიღვარა პირველშობილთა გადასარჩენად," - პირმშო ისრაელებისთვის, ანგელოზის მახვილისაგან გადარჩენისათვის". "ხოლო ეს სისხლი იღვრება ქვეყნის ცოდვების მიტევებისათვის", როგორც შესაწყალებელი მსხვერპლი კაცთა მოდგმის ცოდვებისათვის. "და როგორც მოსემ თქვა, ამის ხსოვნა მარადის იქნება, ასევე ქრისტე ამბობს: "მოსახსენებლად ჩემდა" იმ დრომდე, ვიდრე მე მოვალ". ეს ანდერძი "თავისი მნიშვნელობის მიზეზითა და სულის შემძვრელობით, ისე ჩაიბეჭდა მოწაფეთა ხსოვნაში და მათგან მალე გავრცელდა მთელ თავდაპირველ ქრისტეს ეკლესიაში.

***
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და ნურაფერში შევეწინააღმდეგებით მას, მისი სიტყვები ჩვენი აზრებისათვის მიუღებლადაც რომ მოგვეჩვენოს.Dდაე, მისმა სიტყვამ მართოს ჩვენი ფიქრები და განსჯანი. მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ადვილად ცდება. ამიტომ, როცა ქრისტე ამბობს: "ესე არს ხორცი ჩემი", უნდა დავრწმუნდეთ, ვირწმუნოთ და ვუყუროთ ამას სულიერი თვალებით. შენ რომ ყოფილიყავი უსხეულო, მაშინ ქრისტე ამ ძღვენს უსხეულოდ გიბოძებდა; რამდენადაც შენი სული შეერთებულია სხეულთან, ამიტომ სულიერს გამცნებს გრძნობისმიერით. ბევრისგან გაიგონებ: ნეტავი მეხილა სახე ქრისტესი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა... აი, შენ ხედავ მას, როცა ეხები წმინდა საიდუმლოს და ჭამ მას. შენ გსურს მისი სამოსელის დანახვა, ის კი გაძლევს საშუალებას, არა მარტო მისი დანახვისა, არამედ შეხებისა და მისი საზრდელად მიღებისა. ასე რომ, არავინ უნდა მიეახლოს მას მოუფრთხილებლად, არავინ უნდა მივიდეს მასთან სულმოკლეობით, არამედ ანთებული სიყვარულით, დიდი მონდომებითა და სიფხიზლით. ცოტა სასჯელი არ ელის მათ, რომელნიც უღირსად ეზიარებიან.Dდაფიქრდი, რამდენი გულისწყრომა გიჩნდება გამცემლისა და მათ მიმართ, რომელთაც ჯვარზე გააკრეს ქრისტე. გაფრთხილდი, რომ შენც არ იქცე მოწინააღმდეგედ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. მათ მოაკვდინეს უწმიდესი სხეული უფლისა, შენ კი იღებ მას არაწმინდა სულით ამდენი სიკეთის შემდგომ. განა არ იყო მისთვის საკმარისი, რომ ადამიანად იქცა, იტანჯა და მოიკლა, არამედ საქმითაც გვაქცევს ჩვენ თავისად. როგორი წმინდა უნდა იყოს ის, ვინც ამ ძღვენით ტკბება? მზის სხივებზე, რადგან სუფთა უნდა იყოს ის ხელი, რომელიც ტეხს ამ სხეულს, ხოლო ბაგენი, სავსე სულიერი ცეცხლით, ენა კი გამთბარი საშინელი სისხლით? Gგაიზიარე, როგორი პატივი გარგუნა მან? როგორ ტრაპეზთან გიხდება განცხრომა? რასაც ძრწოლით ჭვრეტენ ანგელოსნი და ვერ ბედავენ შეხედვასაც კი მისგან გამომავალი ელვარების გამო, რითაც ვიკვებებით ჩვენ და რითაც ვიქცევით ქრისტესთან ერთადერთ სხეულად: "ვინმე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ ჰყვეს ყოველნი ქებულებანი მისნი" (ფს. 105,2). რომელი მწყემსი აჭმევს თავის ცხვრებს საკუთარ სხეულს? მაგრამ რატომ ვამბობ მწყემსს? ხშირად არიან დედები, რომლებიც ახალშობილთ სხვებს აძლევენ გამოსაკვებად. ქრისტე კი ამას არ ეგუება. იგი გვაძლევს საკუთარ სისხლს და გვიერთებს თავისთან, - ხედავთ, როგორი მონდომებითა სწოვენ ძუძუს ჩვილნი? როგორი დიდი სურვილით ეკვრიან თავიანთი ბაგენით მას? ასეთივე განწყობით უნდა მივეახლოთ ჩვენც უფლის ტრაპეზს.

ბეჭდვა
1კ1