პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ გამაძლიერა
პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ გამაძლიერა
ივანე გელაშვილი სახალხო თეატრის რეჟისორი და მსახიობი, მოგვიანებით საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის "ხალხური შემოქმედებისა" და "სახალხო მეურნეობის" რედაქციების რეჟისორი, ჟურნალისტი გახლდათ... ამ ცოტა ხნის წინ მან და მისმა მეუღლემ 50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს...

- პროფკავშირების კულტურის ცენტრში თბილისის პენსიონერთა და ვეტერანთა საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ადერკი კოპლატაძის თაოსნობით შეიქმნა კლუბი, სადაც უმუშევრად დარჩენილი ინტელიგენციის წარმომადგენლები ვიკრიბებით და ვცდილობთ, ერთმანეთს დარჩენილი ცხოვრება გავულამაზოთ.

- როგორც ვიცი, რამდენიმე წყვილმა ჯვარიც დაიწერა...

- დიახ. ჩემი ანუ ვაკე-საბურთალოს რაიონული კომიტეტის თავმჯდომარემ
ქ-ნმა ნანა ტაბატაძემ მაცნობა, რომ ხუთი წყვილი დავიწერდით ჯვარს. ეს მართლაც დიდი და მოულოდნელი საჩუქარი იყო, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ.

- ბატონო ვანო, ჩვენ რელიგიურ თემებზე უნდა ვესაუბროთ მკითხველს...

- ბავშვობაში ისეთი რამ გადამხდა, რომ მას შემდეგ გულით ვატარებ რწმენას...

ბორჯომში, სოფელ ტბაში დავიბადე. ულამაზესი თორის ხეობაში, ნადარბაზევში გავატარე ბავშვობა და სიყმაწვილე. 10-12 წლისა ვიქნებოდი. ხეზე ავედი და ხილს ვკრეფდი. უცებ თავთან რაღაცის უსიამოვნო შეხება ვიგრძენი. ხელი ავიქნიე და კრეფა განვაგრძე. ცოტა ხანში თვალთ დამიბნელდა და მიწაზე უგონოდ ჩამოვვარდი. თურმე უცებ დავსივდი და ტანზე რაღაცამ გამომაყარა. დედა დაჩოქილი შესთხოვდა ღმერთს ჩემს გადარჩენას. მერე იხსენებდა, სასოწარკვეთილს თეთრსამოსიანი კაცი მომიახლოვდა, ხელი ეკლესიისკენ გაიშვირა, მითხრა, ილოცეო და გაქრაო. დაუწყია დედას ლოცვა, უთხოვია კარის ეკლესიისთვის, ოღონდ შვილი გადამირჩინეთ და აუცილებლად გეახლებით მცირე შესაწირითო. შეუსმენია უფალს და დაცხრობა დაუწყია სიმსივნეს, გამქრალა გამონაყარიც. შემდეგ თავზე ორ ადგილას შემხმარი სისხლის წვეთი უნახავთ - უთუოდ ქვეწარმავალმა დაკბინაო.

ამის შემდეგ ისედაც მორწმუნე დედაჩემს, უკრაინიდან თორში ჩამოსახლებულ შევჩენკოს ქალს, კიდევ უფრო გაუძლიერდა ღვთის შიში და სიყვარული. რამდენიმე დღის შემდეგ ახალ სამოსში გამომაწყვეს კარის ეკლესიაში წასასვლელად. მე კი ამაყად განვაცხადე, - უღმერთო ვარ და მაგ ცრურწმენას არ ავყვები-მეთქი.

- ეგ რას ნიშნავს?

- მოსწავლის ბილეთის ნაცვლად მაშინ წითელყდიან წიგნაკებს გვირიგებდნენ, რომელსაც სიტყვა "<ტპ,ჯ;ყბრ" - "უღმერთო" ეწერა. თან მკაცრად გვაფრთხილებდნენ, რომ ღვთის არსებობა არ უნდა გვეწამებინა. მეშინოდა, მასწავლებელს რომ გაეგო, ეკლესიაში წავედით, შესაძლოა სკოლიდან გავერიცხე. მშობლებმა თავისი გაიტანეს. ის იყო, ეკლესიის გარშემოვლა დაიწყო დედამ, ისევ ავყვირდი, მერე გონება დამებინდა, მეტყველების უნარი დამეკარგა, თვალში დამიღამდა და დავეცი. რამდენიმე მეტრი ვიგორე, უცნაურად გამოშვერილ კლდეზე დავეცი და იქ დავრჩი... არ ვიცი, როგორ ამოვედი იქიდან, როგორ მივედი მშობლებთან და უსიტყვოდ გავყევი უკან. ეკლესია კლდეზე იდგა, უზარმაზარი უფსკრულის პირას და რომ გადავვარდნილიყავი, იქიდან ვერავინ ამომიყვანდა. მოკლედ, დიდი შიში ვჭამე. ღვთის არსებობაც იმ წუთიდან ვირწმუნე და მივხვდი, ქვეყნად არაფერი ხდება მისი ნების გარეშე. ამ ორმა ფაქტმა ხილულად მაჩვენა ღვთის ძალა. მგონი, მშობლების სარწმუნოებისადმი დამოკიდებულებამ მათი პატივისცემაც მასწავლა. ორი წელიწადია დედა გარდამეცვალა. მერეღა ვიგრძენი, რამხელა ძალა ყოფილა, ის რომ გულში ჩამიკრავდა, "შვილოს" და "ბიჭოს" მეტყოდა. ღმერთს სულ ავედრებდა ჩემს თავს, სულ ვგრძნობდი უფლის მადლს, დედის შემწეობით რომ გადმომეცემოდა. ახლა თითქოს მარტო დავრჩი და ძალიან გამიჭირდა. სწორედ სულზე მომისწრო ამ ჯვრისწერამ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ გამაძლიერა.

- თქვენი საქმიანობითაც მიაგეთ პატივი ქართულ ეკლესია-მონასტრებს...

- 80-იან წლებში საქართველოს ტელევიზიაში ტელეჟურნალისტი ომარ ჩიტაია ამზადებდა მართლაც ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილ გადაცემების ციკლს "მამული ჩემი". სად არ დავდიოდით, რომელ კუთხეში არ გადავიღეთ ტაძრები თუ ნანგრევები. გამორჩეულად მახსოვს ერთი ამბავი. ყინწვისის მონასტერს ვიღებდით. გარედან გადაღების შემდეგ ტაძარში შევედით. გავოცდით - არა და არ გვიჩვენა პირი ყინწვისის ანგელოზმა, თითქოს თვალს გვარიდებდა. მერე კი სასწაული მოახდინა. სადილობამდე იქვე, ცივ წყალში ჩავდგით ღვინო. როცა ყველაფერს მოვრჩით, სცენარის ავტორმა თამაზ ქიქავამ ღვინიანი ჭურჭელი სუფრისკენ წამოიღო. უეცრად ხელიდან გაუვარდა და ბოცა ბეტონის ბორდიურზე დაეცა. ვინ იფიქრებდა მის გადარჩენას! ის კი, ვითომ ძირს ბამბა დახვედროდეს, რბილად დაეშვა მიწაზე და ბზარიც არ გასჩენია...

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმადიდებლები ვართ. მკრეხელობაა, იყო ქართველი და არაქრისტიანი! ურწმუნო კაცი ცარიელ კასრს ჰგავს, რომელიც უაზროდ ატარებს ცხოვრებას. ქრისტესა და ღვთისმშობლის დიდი სიყვარული გვიხსნის ბოროტებისა და გაჭირვებისაგან.

მოამზადა
თამარ კაპანაძემ
ბეჭდვა
1კ1