უკრაინაში უდანაშაულო ხალხის, ბავშვების ტირილი, სისხლი იღაღადებს ღვთის წინაშე
უკრაინაში უდანაშაულო ხალხის, ბავშვების ტირილი, სისხლი იღაღადებს ღვთის წინაშე

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა, ღმერთმა უთხრა კაენს: "ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. და აწ წყეულ იყავ შენ ქვეყანისაგან".

 

ისტორია მეორდება არც კაენია მკვდარი და არც აბელი, ღმერთი კი თავისთავად უცვალებელი თავის სიყვარულში და რისხვაში.

 

ღმერთმა მაშინ კაენს რაც უთხრა, უთხრა ყველა კაენის მსგავსს.

კაენს ეშმაკმა ჩაადენინა ძმის კვლა, მაგრამ ღმერთმა კაენი დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტების ჩამდენი დამნაშავეა, ვერ გაიმართლებს თავს, თქვას, ბოროტება ჩამადენინესო. ასევეა სიკეთეც, სიკეთის კეთებაში ღვთის მადლი გვიბიძგებს, მაგრამ სიკეთის მკეთებელს ხომ ღმერთი აქებს.

 

ქრისტემ თქვა, მშიოდა, მწყუროდა, უცხო ვიყავ, შიშველ ვიყავ, უძლურ ვიყავ, საპყრობილესა ვიყავ, და არ მოხვედით ჩემდა არ შემეწიეთო, ამიტომაც: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის".

 

დავაკვირდეთ! ქრისტემ არა ბოროტების გამო, არამედ სიკეთის არ გაკეთების გამო დასაჯა და მაშინ რამდენად დაისჯება ის, ვინც ბოროტებას ჩადის?

უკრაინაში უდანაშაულო ხალხის, ბავშვების ტირილი, სისხლი იღაღადებს ღვთის წინაშე, პასუხს კი ყველა აგებს ვისაც ამ ომში წვლილი მიუძღვის, საეროა თუ სასულიერო, ვინც არ გმობს რუსულ აგრესიას, ვინც "არაა მონაწილე" და გულგრილად უყურებს სხვის ტანჯვას, მონაწილეა, ხოლო ვინც აქებს მათზე საერთოდ რა უნდა ვთქვათ?!

 

სიკვდილი არ არის დასასრული, დასასრული ღვთის განაჩენია, გამარჯვებული, მიწაზე მკვდარი და ზეცაში ცოცხალი, კაენისგან მოკლული აბელი იყო, დამარცხებული კი მიწაზე ცოცხალი და ზეცაში მკვდარი კაენი.

 

არც ტიტული, სახელი, რომელიც დღეს, აქ კაცს "ეკუთვნის", არაა მისი სახელის დასასრული, სინამდვილეში მისი სახელია, რასაც ქრისტე იტყვის მასზე.

 

სახარებაში ვხედავთ, როგორ დაარქვა ქრისტემ ყველას თავისი სახელი - პეტრემ როდესაც ქრისტე შეიცნო "ნეტარი" უწოდა, იუდაზე თქვა: "ეშმაკი", ჰეროდეზე - "მელა", მწიგნობრებს და ფარისევლებს უთხრა: "თვალთმაქცნო, უგუნურნო, ბრმანო, მსგავსნი ხართ შელესილი საფლავებისა, რომლებიც გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით, უსჯულოებით სავსენო, გველნო, იქედნეთა ნაშობნო".

ასე თქვა ქრისტემ, ასე იყო და ასეა დღეს...

 

 

ბეჭდვა
1კ1