ილიას მკვლელობის იმიტირებული სასამართლო დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადაში"
ილიას მკვლელობის იმიტირებული სასამართლო დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადაში"
1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი ისხდნენ , წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: "შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!" - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. მკვლელობის დეტალებზე დღემდე კამათობენ. ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან თითქმის საუკუნე გავიდა. მას შემდეგ ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ დაადგინა ვინმე "იმერელის" მეტსახელით მოხსენიებული ილიას ფიზიკური მკვლელის ვინაობა. ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი ადასტურებს იმერელისა და ილიკო იმერლიშვილის იგივეობას 2010 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში "თანმდევი სული". თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა თენგიზ სიმაშვილმა, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ცენტრალური არქივისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ფონდებში აღმოჩენილ მასალებზე დაყრდნობით გამოთქვა იგივე მოსაზრება, რომ ილიას მკვლელობაში მოხსენიებული იმერელი არა სერგო ორჯონიკიძე, ან სხვა პირი, არამედ ილიკო იმერლიშვილია. სავარაუდოდ, ილიკო იმერლიშვილი გიგლა ბერბიჭაშვილსა და პავლე ფშავლიშვილთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა ილიას მკვლელობაში. ვინ ესროლა ილიას? 1941-1942 წლებში გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ილია ჭავჭავაძეს გიგლა ბერბიჭაშვილმა ესროლა, მაგრამ ეს მეცნიერებს აეჭვებს: გიგლა ბერბიჭაშვილი ხშირად ამბობდა: - ილია შუბლში მე მოვარტყი ბერდანის ტყვიაო. 1907 წლის 31 აგვისტოს დუშეთის მაზრის ექიმის, ალექსანდრე იაშვილის მიერ გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ილიას მიყენებული ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა მკერდში, რამაც გული დააზიანა. ილია ჭავჭავაძეს შუბლზე არსებული ჭრილობა ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. ამ მასალების საფუძველზე საფიქრებელია, რომ გიგლა ბერბიჭაშვილს ილიასათვის ტყვია არ უსვრია.

შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხის ირგვლივ პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილისა და თენგიზ სიმაშვილის წინამორბედ მკვლევრებს არაფერი აქვთ ნათქვამი. სწორედ ამ ორი მეცნიერის, პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილისა და ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კვლევის დასკვნები "იმერელის" ილიკო იმერლიშვილთან იგივეობის შესახებ, გახდა საფუძველი დამოუკიდებელ საერო გიმნაზიის მოსწავლეებისათვის, ჩაეტარებინათ იმიტირებული სასამართლო ილია მართლის მკვლელობაზე.

გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადას" პედაგოგი ნათია ლაგვილავა:

- ვინ მოკლა ილია? საუკუნეზე მეტია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთული გამოდგა - ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა მასალა და დოკუმენტი გაანადგურეს, ეს მკვლელობა საქართველოს ისტორიის შავი ლაქაა. ვის შეეძლო ჩაედინა ეს სამარცხვინო მკვლელობა? არაერთი მეცნიერი დღემდე მუშაობს ამ საკითხზე, უამრავი მოსაზრება და ვარაუდია. ჩემთვის საინტერსო და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის კვლევები, რომელმაც, ფაქტობრივად ნათელი მოჰფინა და გამოკვეთა აქამდე უცნობი დეტალები. სწორედ ამ კვლევებმა გადამაწყვეტინა გამეკეთებინა ამ მკვლელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი "ილიას მკვლელობა". მოსწავლეებიც ძალიან დაინტერესდნენ, დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა. თვეების განმავლობაში იკვლევდნენ დოკუმენტებს, ბევრი სირთულის მიუხედავად, შეძლეს, თავი გაერთმიათ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმისთვის და შევძელით, ეს ყველაფერი გადმოგვეტანა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე.

დიდი მადლობა საქართველოს საპატრიარქოს, ამ იდეის განხორციელების ნებართვისთვის. ჩვენც ძალიან ფრთხილად და დიდი მოწიწებით მივუდექით საკითხს. მე და ჩემი მოსწავლეები ავედით მთაწმინდის პანთეონში და დიდი ილიას საფლავის წინაშე ქედი მოვიხარეთ.

მადლობას ვუხდი ჩვენი გიმნაზიის "შავნაბადას" დირექტორს, ბატონ გიორგი-გოჩა აბდუშელიშვილს დიდი ხელშეწყობისთვის.

მადლობა ასევე ჩემს მოსწავლეებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს. პროექტში მონაწილეობდნენ გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეები.

- პროექტის დაწყებამდე რა იცოდით ილიას მკვლელობის შესახებ?

მოსწავლე ანა კატუკია: - მუშაობის დაწყებამდე ცხადია, ინფორმაციას ვფლობდით ილიას მკვლელობაზე, მაგრამ მუშაობის პროცესში, დოკუმენტების გაცნობისას და სხვადასხვა გამოკვლევის წაკითხვისას, დავრწმუნდით, რომ ის, რაც სიმართლე გვეგონა, სულაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

- რა სიახლე მოგიტანათ პროექტმა?

მოსწავლე ნუცა სუბელიანი: - მასწავლებლის ეს იდეა თავიდანვე მოგვეწონა. ნამდვილი სასამართლო პროცესი, გამოძიება და თან ისეთი მოღვაწისა და წმინდანისა როგორიც ილიაა, ერთი შეხედვით ძნელი, მაგრამ ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, გაგონილი გვქონდა ილიას მკვლელობასა და მის საიდუმლოებებზე, მაგრამ როცა მასწავლებელმა ახალი მასალების შესახებ გვიამბო, გადავწყვიტეთ, ამ რთულ საქმეს შევჭიდებოდით. ასეთ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის სიახლე იყო.

მოსწავლე დათო ხასია: - ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დღესაც ბურუსითაა მოცული. წიწამურის ტრაგედია ყველა ქართველის გულისტკივილია. ამ ტრაგედიამ დრო გააერთიანა, ზღვარი წაშალა და დაგვაფიქრა, უამრავი კითხვა გაგვიჩინა. ვეცადეთ, გვეპასუხა ამ კითხვებისთვის. ილიას მკვლელობის იმიტირებულმა სასამართლომ წლები უკან დააბრუნა და თავი იმ ეპოქის ადამიანად მაგრძნობინა. ყველაფერი ისე განვიცადე, როგორც იქ მყოფები განიცდიდნენ. მუშაობის პროცესში უამრავ საინტერესო და ჩემთვის მანამდე უცნობ ფაქტს წავაწყდი.

- რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ პროექტზე მუშაობისას?

მოსწავლე ანა ხაზარაძე: - პროექტი საინტერესო და შრომატევადი გამოდგა. თემის მასალის უკეთ გასაცნობად მოვიძიეთ ლიტერატურა: ნოდარ გრიგალაშვილის "თანმდევი სული", თენგიზ სიმაშვილისა და გურამ ყორანიშვილის ნაშრომები. საჭირო იყო ასევე ხელნაწერებზე მუშაობა, გავეცანით უშიშროების არქივის დოკუმენტებს. დავიყავით ჯგუფებად და ვაანალიზებდით სხვადასხვა ისტორიკოსის ნარკვევს. განხილვისას აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანს სხვადასხვანაირი ხედვა აქვს ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით. გვინდოდა გაგვერკვია, რომელი იყო უფრო ობიექტური, რომელი წყარო იყო ჩვენთვის უფრო სანდო. ჩავთვალეთ, რომ სიმართლეს ყველაზე უკეთ თენგიზ სიმაშვილი ასახავდა, რადგან დოკუმენტებზე იყო ორიენტირებული. მის გამოკვლევას მივყავართ მთავარ მიზანთან: გამოკვეთილია მკვლელობის დამკვეთი ორგანიზაცია (რსდმპ ამიერკავკასიის კომიტეტი), რომლის სათავეში მდგომმა ადამიანებმა, რომლებიც შემდგომში თავს იწონებდნენ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვითა და დიდი ილიას იდეების ერთგულებით, თავიდან მოიშორეს დიდი მწერალი, რათა უკეთესად დაემარცხებინათ მისი ხალხი და ქვეყანა.

ბეჭდვა
1კ1