ციცო დეიდა - მოგონება
ციცო დეიდა - მოგონება
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს... "ვისაც რა შეეძლო, ის დამიტოვა. ზოგმა სევდა, ზოგმა სიხარული, ზოგმა გულგრილად ჩაიარა, ზოგმაც სიყვარული შემომაშველა". (გოდერძი ჩოხელი).

ციცო დეიდა იმ ფრინველს მაგონებდა, თვალებით რომ შესცინის მზეს. იშვიათად მცნობია მასავით დინჯი, სიკეთის მთესველი და სიკეთის უძლეველობაში დარწმუნებული ადამიანი. ზოგი თამაშობს ნაივურობას. ის კი ბუნებრივი და გულუბრყვილოდ კეთილი იყო, გაზაფხულივით გაბადრული, სათნო და კეთილი თვალებით.

ჩვენ, ადამიანები, უცაბედად ვუვლით ხოლმე გვერდს ერთმანეთს ცხოვრების პროზაულ ლაბირინთში; დღიური ყოფის მანერაში ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება უცნაურად იკარგება და ერთმანეთის შეცნობას ვეღარ ვახერხებთ. მაგრამ ამ პროზაულ რეალობაში, რუტინაში, ციცო დეიდას ნახვა ნამდვილი დღესასწაული იყო. რა მიზიდავდა მისკენ, მისი სახლისკენ, რომელშიც განსაკუთრებული აურა ტრიალებდა. განსაკუთრებული ბგერებით და არომატით იყო შებურვილი. მის ეზოში ბებერი მუხის უდრტვინველი მყუდროებაც სხვაგვარად ხმიანობდა. ბალახიც სხვანაირად ბიბინებდა მწვანე ხავერდივით. ყვავილებიც სხვანაირად ჰყვაოდნენ და მათი სტუმრები, პეპლებიც, საამურად ფარფატებდნენ მათ თავზე. მოფათქუნე ფრინველების გუნდიც სხვაგვარად გალობდა. უცხო სურნელი გადაჰკრავდა ეზოს. გოგრის ფოთლებიც სხვაგვარად თრთოდნენ. მზეც სხვანაირად ეფერებოდა მის ბაღს. ლანდად მორიალე მთვარეც სხვაგვარად დაჰნათოდა. სიოც სხვაგვარად ეჩურჩულებოდა ხეთა მხრებზე წამოსკუპულ თოთო ფოთლებს, რომლებიც, თავის მხრივ, სულ სხვაგვარად ესიტყვებოდნენ მას.

ახლაც მახსოვს მისი სახლის გემო. სიჩუმის გემო. მის სახლში სულ მზე იდგა.

პირველად რომ მივედი, უმალ თვალში მომხვდა ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები. წიგნები და საქსოვი. ციცო დეიდა წიგნის ტრფიალი გახლდათ და შინ ჰქონდა იშვიათ წიგნთა კრებული. სიკეთის ქმნის ბედნიერებასთან ერთად მას უხვად ჰქონდა მიმადლებული კითხვის პროცესში სიამოვნების მიღების უნარი. ამდენად, სოფლის ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში ყოველთვის პოულობდა ესთეტიკური ტკბობის მომენტს. როდესაც სოფელს ეძინა და ღამით მოწანწალე ქარები სტვენდნენ, ატორტმანებდნენ ხეებს, გაძარცვული ტოტებიდან კი მთვარე საბრალოდ იჭყიტებოდა, ის ამ დროს წიგნებში პოულობდა შვებას.

ძალიან უყვარდა ბუნება და ღრმად სწვდებოდა მის სულს. მთელი არსებით სწამდა, რომ სიცოცხლე დილაა, გათენებაა. სიხარულით ეგებებოდა მზის პირველ სხივს. უხვ მზეს ეფიცხებოდა. მის სახლსაც სულ მზე ედგა.. ჩვენ ხომ ყველას მზე გვიზიდავს. თან დაგვყვება გაზაფხულის მძლავრი და დაუძლეველი მონატრება. ამიტომაც მიზიდავდა ციცო დეიდას სახლი. მისი დედობრივი ალერსი, მზესავით უხვად მფენი მაცოცხლებელი სხივების. ციცო დეიდა ალერსიანი სიტყვებით დარჩება ჩემს მეხსიერებაში..რადგან ჩვენ ყველას, მით უმეტეს ცხოვრებისაგან ყინულით მოსრულებს, გულღორღიანებს, ხომ გვიხარია თბილი და ალერსიანი სიტყვები, მზესავით. "ენა გულისას იტყვის". მის მკერდში დაღლილი და ავადმყოფი, თუმცა საოცრად სათუთი გული ტორტმანობდა. ერთხელ და სამუდამოდ, უხილავი ხელის მიერ ფაქიზად მომართული. მიმტევებელი, დამთმობი, ლმობიერი, კეთილი და მოსიყვარულე გული ...სუფთა და ბავშვური.....ოთახში უეცრად შემოჭრილი მერცხალივით მოფათქუნე, თავბრუდახვეული აქეთ-იქით რომ მიმოაწყდება და გასასვლელსა თუ დამხვედრ სიკეთეს ეძებს... ახლა კი მან გასასვლელი ჰპოვა ახალი, მარადიული სივრცეებისკენ.
სულ ვფიქრობდი, განა მას არ მოექცა ცხოვრება უსამართლოდ? განა ბედმა მას არ უავგულა? განა მას არ დააწვა მხრებზე "ხანი უნდობარი"? განა მის ეზოში არ ახველებდნენ ქარები ზამთრის უსასრულო ღამეებში? მაგრამ მის გულს გესლად არასდროს მოსდებია ტკივილი და სევდა, მის ბაგეს არ დასცდენია ავგუნებიანი სიტყვა. დილიდანვე შეყოლილი მზის პირველი სხივი "უვარაყებდა გუნებას." იშვიათად შემხვედრია ადამიანი, მით უმეტეს დღეს, სიხარულის ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული. ამდენ ბოღმასა და აგრესიაში ძალაუნებურად გაგიჩნდება კითხვა: "რატომ არ გამოდიან ადამიანები ფრინველებივით მზის ამოსვლისთანავე და სიხარულს არ გამოხატავენ? რა, ფრინველებს გამზადებული ხორბლის გორები ელოდებათ? მაშ, რა ახარებთ, ცას რომ მიწისკენ ეხვეწებიან და მიწას - ცისკენ, ისეთ საგალობელს მღერიან, ისე ჭიკჭიკებენ და ჟრიამულობენ, რომ ლამის არის, ტყე აიტაცონ....და ველის შროშანები? განა სიხარული არ ეწევა მათ ზეცისაკენ - მიწაზე ვართო, ამ ღელიდან შემოგხარითო! რატომ არ ციმციმებენ ადამიანები დილის ნამისგან და სიხარულს არ აღავლენენ? აკი სიხარული არის ღვთისგან ჩადგმული სული!" (ბესიკ ხარანაული).

ციცო დეიდა გოგლა ლეონიძის "დეიდა მაიკოს" მაგონებდა, "თვალებში სიყვარულჩამდგარს". მე არც მეგონა, ასეთი ადამიანები კიდევ თუ არსებობდნენ დედამიწაზე. ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული მისი სიტყვები: "ტკბილო, საყვარელო, მშვენიერო, შემოგევლე, შენი გულის ჭირიმე, დედიკო." მარტო ადამიანებს კი არა, ყველა სულდგმულს ეფერებოდა და ეალერსებოდა: "აყვავებულ, აბრიალებულ ხეებს, კამკამა ჭავლს, ხასხასა ყანებს, ბროლის ნიავს, იისფერი ცის ღიმილს, დილის ოქროს ქრიალს, მზეკაბანის ღელვას ყანებზე, ქვეყნის მამშვენებელ ვარდებს, ყოველთა მხედ ალვის ხეებს, მოხასხასე ნახნავებს, აყნოსებულ ცაცხვებს, პატარძლებივით კოპწია ატმებს, საღამურის სიგრილეს".... ჩიტის თვალებით უყურებდა ქვეყნიერებას, სიცოცხლეს სასწაულად აღიქვამდა.

"– რათ გინდა დარდი, გადააგდე, თუ ჩემი ხათრი გაქვს!

დარდი აბერებს! სიცილით იმუშავე, ვერ გაიგებ, დღე ისე გავა! ცხოვრება ტანჯვისკენ კი არ გვეძახის, - სიხარულისკენ! უნდა იმღერო, სიმღერა ნათელს ერთვის!"

"– დილის სხივს აჰყევ, თორემ ცხოვრება გაგიძნელდება! მზის ჭიატი გწამდეს ყველაზე მეტად და ბედნიერი იქნები! – თუ ეს კრიალა ცა, ეს აყვავებული ატმის ხე საჩუქრად და ღვთის წყალობად არ ჩათვალე, არ დატკბი, არ გაიხარე, რაღა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს", _ ეს იყო ციცო დეიდას უღალატო მრწამსი და სარწმუნოება.

გაზაფხულის გაღვიძებული და აღტყინებული სიცოცხლის სიმფონიასავით, მოლაღურის გალობასავით, ჩამესმის მისი ტკბილი სიტყვები და ძალაუნებურად ფიქრობ, მართლაც, ნუთუ დრო მოჭამეს ამ სიტყვებმა? ნუთუ დაიკარგნენ, მოკვდნენ, გადაშენდნენ? "რა იქნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში? ნუთუ ისე გახევდა ჩვენი გული, რომ ეს თბილი, მდედრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო. რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!" (გ. ლეონიძე).

"იქნებ იმიტომ, რომ სულაც მოსიარულე სიტყვები ვართ ადამიანები და მეტი არაფერი... იქნებ მხოლოდ სიტყვებად ვილექებით სხვებში და მაშინ, როცა წლების შემდეგ ლანდად გადაურბენს ვიღაცის მეხსიერებას ჩვენი სახელი, ვერაფერს გაიხსენებს, გარდა სიტყვებისა, რომლებიც მისთვის გვითქვამს.
ზოგჯერ ძალიან უბრალოდ, შორისდებულად ამოძახილი ,,გენაცვალე, ჩემო კარგო", _ იმაზე დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ათასი გრძნობა, ვიდრე ათასი სიტყვა ერთად აღებული." (ნ. ბეკოშვილი).

ციცო დეიდა ნაადრევად დაქვრივდა. ორი ვაჟის დედა იყო, იმ მადლმოსილი დედების პლეადიდან, სულიწმინდით დაჯილდოვებულმა ბუმბერაზმა კაცმა ძეგლი რომ დაუდგა: "დედაშვილობაში შენ-ჩემობა ვინა სთქვა? ვინ მოიგონა? დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? რად უჭრის დედას ერთი თვალი თავისად და მეორე შვილისად?! ვინ _ ვისთვისაო? დედაშვილობაში რა საკითხავია?! ვაი, რომ საკითხავი ყოფილა, ამის ჭიდილია თურმე დედა- შვილობაცა! არა, შვილო, შენ გაიხარე! მე კი ჩემისად მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლითღა ვივლი და ვიცოცხლებ.." ("ოთარაანთ ქვრივი"). არსებობს ტყუილის ასეთი სახეობა _ "დედის ტყუილი". ციცო დეიდას გული აწუხებდა, თუმცა სულ ამბობდა, ხუმრობით: "ჩემი გული ისევ 16 წლისააო". შვილებს უმალავდა გულის ტკივილს, ყველას უმალავდა. ჩუმად, ვაჟკაცური თავგანწირულობით ებრძოდა. არავის შეწუხება არ სურდა. სულ ამბობდა, რომ არაფერი აწუხებდა, არაფერი აკლდა, არაფერი ტკიოდა. აქეთ ამხნევებდა ყველას, ანუგეშებდა. ბოლოს მოუწია საავადმყოფოში დაწოლა. ოპერაცია უკვე ძალიან გვიანი იყო. ლოგინზე მწოლარე შვილებზე ფიქრობდა.… ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ დაავადებამ ძლიერ დაასუსტა მისი სხეული და საბრალოდ გამოიყურებოდა. უფროსმა ვაჟმა, რომელიც გემზე იყო წასული სამუშაოდ, ძლივს ჩამოუსწრო. შვილებს გული საშინლად ტკიოდათ, რომ დედას ასეთ მდგომარეობაში ხედავდნენ და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. მაშინ დედამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და უთხრა მათ: "არ იტიროთ ჩემო ძვირფასებო, მე არაფერი მტკივა." ეს იყო დედის ბოლო ტყუილი.



ციცო დეიდას გული სხვა ბევრი რამის გამოც სტკიოდა. მას არ შეეძლო ირგვლივ გამეფებული სიბეჩავის, დაკარგული ხალისის, სასოწარკვეთის, ნელ- ნელა ქრობადი ადამიანურობის ყურება. ბოლოს რომ ვინახულე, მწუხრის მზე ედგათ მის ეზოში ხეებს, თვალები ქლიავისებურად დაბინდული ლურჯი შორეთისკენ წაიღო და მითხრა:

"_ დედიკო, ყველას თავისი ბედისწერა აქვს. ჩვენ ყველანი სიკვდილის რიგში ვართ. ვერ ვწყვეტთ წინსვლას.
ასე რომ, სანამ რიგს ველოდებით:
- ვიცხოვროთ, გვიყვარდეს.
- ვეცადოთ ჩვენი თავის რეალიზაციას.
- ვაკეთოთ სიკეთე ჩვენს გარშემო.
- გავაღიმოთ ვინმე.
- შევცვალოთ.
- დავამყაროთ მშვიდობა..."

ამ სიტყვებით ბედისწერული განშორებისთვის გვამზადებდა და გვამხნევებდა. ახლაც ჩამესმის ყურში მისი ეზოს ჭიშკრის ნაღვლიანი ჭრიალის ხმა. "ვწუხ, რომ ჩემს ახლოს აღარ გაისმის ხმა შენეული."..
"და ცხოვრებამაც წარმავალი გრძნობების ხეივნებით ჩაიარა, წავიდა..." დიდი ხანია, ვისწავლე გამოთხოვება. სოფლის სიმყუდროვეში, ამ ბრძნულ უბრალოებაში, ადესის სუნით შემობურვილ ხეივნების მდუმარებაში, მიღმეთიდან რომ აღწევს შორეული ხმები და გულს ჩაწვერილი მზე რომ ესალბუნება, მივდივარ და ვფიქრობ: როგორ გაიფანტა ჩვენი წარსული, ჩვენი ბავშვური ოცნებები, ბაბუაწვერას ფუმფულა ქუდივით. "ვის ახსოვს ჩვენი კვალი.. საით მიგვაქროლებს ქარი"...ვერ შევაჩერებთ ჟამს..სად არიან, თუნდაც, ჩვენი ბავშვობის ადამიანები, ბებია-ბაბუები, ჩვენი მშობლები, აქა-იქ სიყრმის მეგობრებიც...მოცალეობის ჟამს, იმდროინდელ მათ სახლებს ჩავუვლი ხოლმე...როგორც დეიდა მაიკო იტყოდა: "იმ ადგილის ჭირიმე, სადაც თქვენ მომაგონდებითო"...სურვილი მიჩნდება, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, ფანჯრებთან ფეხისწვერებით ავიწიო და ჩემი ბავშვობის ადამიანების სახლებში შევიხედო. სახლებში, რომლებიც ვეღარაფერს ვეღარ აკავებენ, მით უმეტეს, ბავშვობის ნაკვალევს, ხელშენავლებ ნივთებს, ფიქრსა და აზრს.. და სადაც "სხვა ხალხის ისმის უკვე ჟრიამული".... როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, "დამალობანას" თამაშის დროს, ახლაც, ლამის ხმის ჩახლეჩამდე შევყვირო სამყაროს: "სად ხართ, დამალულებო, გამოდით!" რადგან: "ყველაზე ძნელია ამოყვინთვა.

როცა ყოფა ყელზე მობმული ქვასავით გკიდია და ფსკერისკენ გექაჩება.
ამ დროს მშობლიური სახლი სითეთრეში

და ბავშვობიდან, ალბათ თვალის პირველი გახელიდანვე ნაცნობი სანახები
შეიძლება ერთადერთი კაუჭი აღმოჩნდეს,
რაზეც დამაგრდები." (გ. ლობჟანიძე).
ციცო დეიდაც წავიდა...გაფრინდა მარადისობისკენ. კიდევ ერთი სახლი ჩაიკეტა სოფელში. სახლი, რომელსაც მზე ადგებოდა და რომელიც ღია იყო ყველა სითბოსდანატრებული, სიყვარულისა და ნუგეშის მძებნელი, შემცივნული გულისთვის. გონებაში ნაღვლიანად შევავლე თვალი მის დაკეტილ ჭიშკარს...
"დავეხეტები ამ სოფელში სულმთლად ეული,
ვიღას ვესტუმრო დარდით სნეული?"

ბეჭდვა
1კ1