ეკლესია არის იმ ადამიანების სამყოფელი, რომლებიც სულის ცხონებაზე ფიქრობენ
ეკლესია არის იმ ადამიანების სამყოფელი, რომლებიც სულის ცხონებაზე ფიქრობენ

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს: „გასული საუკუნის მეორე ნახევარში ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში უცნაური შემთხვევა მოხდა: ტექნიკის ყველა წესისა და კანონის დაცვით აგებულმა პარლამენტის მრავალსართულიანმა შენობამ უეცრად, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, ჩაწოლა დაიწყო.

 

თავიდან მეცნიერები ვერაფერს მიხვდნენ: ვერც გრუნტის წყლები აღმოაჩინეს, ვერც სეისმური რყევები, მაგრამ შენობა ნელ-ნელა მაინც ინგრეოდა. ბოლოს, გაირკვა, რომ მისი ფუნდამენტის ქვეშ ტერმიტების უზარმაზარი არმია დაბანაკებულიყო და მრავალი წლის მანძილზე ძირს უთხრიდა ნაგებობას. რაღაც ამდაგვარი ხდება ჩვენს ეკლესიურ სამყაროშიც. გამოჩნდნენ უხილავი ძალები, რომლებმაც მიზნად დაისახეს (შესაძლოა, გაუცნობიერებლადაც კი) ნელ-ნელა, ჯიუტად დაამახინჯონ და დისკრედიტაცია უყონ ეკლესიის სწავლებას-ისინი შეუმჩნევლად ცვლიან და სხვა ფორმებს უნაცვლებენ მართლმადიდებლურ მენტალიტეტს.

 

დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ისინი პირდაპირ მართლმადიდებლობის დოგმატებსა და კანონებს კი არ ებრძვიან, არამედ ცდილობენ, საკუთარი ინტერპრეტაცია მოახვიონ თავს, სხვა მნიშვნელობა მისცენ, შექმნან ადოგმატური რელიგია - ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესია - კანონების გარეშე და თანდათანობით დაარწმუნონ ადამიანები, რომ მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მხოლოდ გვიანდელი ზედნაშენებია სახარების სწავლებაზე, რომ მთავარი და ძირითადია სიკეთე და მოწყალება, სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა. ჩნდება რეალური შიში იმისა, რომ მთელ მსოფლიოში სურთ შექმნან ახალი, ლიბერალური ქრისტიანობა, რომელშიც თვით ქრისტე წარმოდგენილია არა როგორც სოფლის მაცხოვარი, არამედ ზნეობის მასწავლებელი, რომელმაც გოლგოთის მსხვერპლის გზით კაცთა ცოდვები კი არ გამოისყიდა, არამედ მხოლოდ თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა.

 

მათ სურთ თავის ისტორიულ ფესვებს მოსწყვიტონ ქრისტიანობა, მოსპონ მისი მისტიკური სიღრმე და მთავარი მიზნის ღმერთთან თანაზიარების ნაცვლად სხვა მიზანი დაუსახონ: კაცთა მსახურება, სინამდვილეში კი კაცთა ვნებების მსახურება. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები, რომ არ არის საჭირო სახარების სიტყვასიტყვით გაგება, რომ ასკეტიზმი ესაა კაცის ბუნებაზე ძალადობა, საუკუნო სატანჯველისა და დემონების არსებობის რწმენა ავადმყოფური ფანტაზიის შედეგია; თვით სინანულსაც კი რაღაც გაუკუღმართებად, უაზრო თვითგვემად მიიჩნევენ, ხანგრძლივ ლოცვებს დროის დაკარგვად, რომლის გამოყენებაც მოყვასის სამსახურში შეიძლებოდა და ა. შ.  განსაკუთრებით მკვეთრად ეს ტენდენციები პროტესტანტიზმში გამოვლინდა. მისმა მწარე გაკვეთილმა მაინც უნდა გამოგვაფხიზლოს და გონს მოგვიყვანოს!

 

მართლმადიდებლობა სულიერი ჭეშმარიტებაა. ლიბერალებს არავითარი ჭეშმარიტება არ სჭირდებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანს უნდა შეუქმნან პირობები, რომლებშიც ყველაზე სრულად განხორციელდება მისი სურვილები, მათ შორის ვნებებიც. სახარება ის ნათელია, რომლის ატანაც უჭირთ გარყვნილებაში ჩაფლულ ადამიანებს, ამიტომ ისინი ცდილობენ ან ძალადობის გზით ჩააქრონ ეს ნათელი, ანდა ქრისტიანობის მნიშვნელობა გააუკუღმართონ. სანამ ქრისტეს სწავლება არსებობს, იგი ამა სოფლის მსაჯული და მამხილებელი იქნება. და თუ ასეა, მაშ, რომელ ცოდვილს სურს სარკეში თავისი მახინჯი სახის დანახვა, ან იმის გაგება, რომ ამქვეყნიური ფილოსოფია საღორის ფილოსოფიაა, სადაც მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ღორს ჰქონდეს სალაფავიან ვარცლთან მიახლოების საშუალება?! იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლეში ნათქვამია, რომ „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ (1 ინ. 5, 19).

 

ჭეშმარიტი ეკლესია და ჭეშმარიტი სარწმუნოება მუდამ დევნილნი იქნებიან. წარმართებიც ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის პოზიციებიდან აწყობდნენ ქრისტიანების სისხლიან დევნას. ისინი ამბობდნენ, ქრისტიანები კაცთმოძულეები არიან საკუთარ თავსაც და სხვებსაც ცხოვრების სიხარულს უსპობენო.

 

ქრისტიანების ერთგულებას დოგმატებისადმი წარმართები ფანატიზმად თვლიდნენ. ზოგიერთ წარმართ კეისარს სურდა ქრისტეს გამოსახულება პანთეონში (ყველა ღმერთის ტაძარში) შეეტანა და დაეწესებინა მისი თაყვანისცემა, როგორც ერთ-ერთი ღმერთისა - ეს ქრისტიანობის წარმართობასთან შეერთების მცდელობა იყო. ყველაზე სასტიკი დევნის პერიოდში ქრისტიანების წინააღმდეგ, დიოკლეტიანეს დროს, ბითვინიის მმართველმა, ფელიქსმა დაწერა წიგნი, სადაც ქრისტიანებს არწმუნებდა, რომ მათსა და წარმართებს შორის არც ისე დიდი განსხვავებაა და კომპრომისულ გადაწყვეტილებას სთავაზობდა: დაე, ქრისტიანებმა თაყვანი სცენ ქრისტეს, ოღონდ მასთან ერთად სხვა ღმერთებსაც.

 

როდესაც ფელიქსი დარწმუნდა, რომ ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვიდოდა, მაშინ იგი ქრისტიანთა ერთ-ერთ ყველაზე მძვინვარე მდევნელად იქცა, იქამდე, რომ თვითონ იგონებდა წამების ახალ-ახალ, დახვეწილ სახეებს და დიოკლეტიანეს კიდევ უფრო მეტი სისასტიკისკენ აქეზებდა. მოწამეთა სისხლზე დაფუძნებულმა ეკლესიამ არამცთუ გაუძლო დევნას, გამარჯვებულიც გამოვიდა. ამის შემდეგ ეკლესიის მთავარი მტრები გნოსტიკური მწვალებლობები გახდნენ. ზოგი მათგანი უკიდურეს ასკეტიზმს მოითხოვდა, რომელიც კაცის სხეულს ბოროტ საწყისსა და დემონის ქმნილებასთან აიგივებდა, ზოგი კი მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა: ამბობდა, რომ კაცის სული ღმრთაებრივია, ამიტომ ხორციელი ცოდვა ადამიანისთვის არსებითი არ არის. ეს იყო მოწოდება ყველაფრის ნებადართულობისკენ. ყოველგვარი სექტა მოციქულთა თავდაპირველი გარდამოცემის დამახინჯებაა, ესაა ახალი ქრისტიანობის აგების სურვილი საკუთარი წარმოდგენების საფუძველზე, სულიერის მშვინვიერში გადასვლა. რაციონალისტური სექტები თავიანთ შეზღუდულ გონებას წმ. გარდამოცემაზე მაღლა აყენებენ;

 

ფსევდომისტიკური სექტები სული წმიდის მადლს მშვინვიერი, ემოციური მდგომარეობით, ფსიქიკური აღგზნებითა და ექსტაზით ანაცვლებენ. შემდეგ ჩნდება ახალი მტერი- თეოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ერთი ცენტრისაკენ მიმართული რადიუსებია. თეოსოფიისთვის არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება და წარმართულ მრავალღმერთიანობას იმეორებს. ქრისტე ზარატუსტრასა და ბუდასთან ერთად ერთ რაკურსში განიხილება; ქრისტიანობა ცხადდება რეგიონალურ რელიგიად და არა ჭეშმარიტებად ყველა ხალხისათვის. თანამედროვე ეკუმენიზმი თეოსოფიის კერძო სახეა, სადაც ტოლობის პრინციპი ჯერჯერობით მხოლოდ კონფესიებზე ვრცელდება და არა ყველა რელიგიაზე. შეიძლება გვითხრან: „გნოსტიკოსებისა და თეოსოფოსების აზრები არ არის დამახასიათებელი ჩვენი ეკლესიისათვის; ჩვენ გვწამს ქრისტე, როგორც ძე ღმრთისა და სოფლის მაცხოვარი“.

 

მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე გვინდა მივუთითოთ: ეკლესიის საძირკველქვეშ ტერმიტები აფუთფუთდნენ. ეკლესიური აზროვნების კოროზია უკვე დაიწყო და ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე შეიძლობა პერსპექტივად იქცეს ჯერჯერობით შორეულ, მაგრამ მაინც პერსპექტივად, რომელიც უკიდურეს პროტესტანტულ სექტებში უკვე რეალიზებულია. როდესაც ტერმიტები შენობას ანგრევენ, თავი იმით არ უნდა დავიმშვიდოთ, რომ სრული დაქცევა ჯერ შორს არის, რომ ეს მწერები ძალიან პატარები არიან, ეკლესიის კედლები კი ძლიერი და ურყევი. დიახ, თვითონ ეკლესიას ტერმიტები ვერ მოერევიან, რადგანაც იგი ქრისტეს აღთქმებზეა დამყარებული. მაგრამ რამდენი საცთური მოვა მათი მეშვეობით ეკლესიაში? რატომ სურთ ლიბერალებს ასე დაჟინებით საეკლესიო ტრადიციის შეცვლა, გარდამოცემისგან გადახვევა, იმის შეერთება, რისი შეერთებაც შეუძლებელია: ქრისტეს სულისა და ამა სოფლის სულისა? თუ კედლიდან ერთი ქვა გადმოვარდა, უმჯობესია მეორეც გამოიღო. ამიტომ მართლმადიდებლობა არ შეიძლება შეიცვალოს ისეთ დეტალებშიც კი, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელოდ რომ გამოიყურება.

 

მოდერნიზმი და ლიბერალიზმი ქრისტიანობის მტრები არიან, მათთან მორიგება შეუძლებელია. ყოველ დათმობას ისინი აღიქვამენ, როგორც გამარჯვებას და კიდევ უფრო გააძლიერებენ ეკლესიაზე ზეწოლას. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ლიბერალური იდეების ქადაგება ანაფორებით შემოსილმა ადამიანებმაც დაიწყეს. უკვე თვით მართლმადიდებელ სამღვდელოთა შორის იწყება პოლემიკა იმის შესახებ, რომელი სჯობს - მართლმადიდებლობა თუ კათოლიციზმი, ცხონდებიან თუ არა მაჰმადიანები, შეიძლება თუ არა ზეცათა სასუფევლის დამკვიდრება ნათლობის გარეშე და ა. შ. ეს იგივე თეოსოფიაა, ოღონდ უფრო შენიღბული ფორმით.

 

ვინც დღეს გაცხარებით ამტკიცებს, რომ ცხონება ნათლისღების გარეშეც შეიძლება, იმან ადრე თუ გვიან ისიც უნდა თქვას, რომ შესაძლებელია ცხონება ქრისტეს გარეშე, საკუთარი სათნოებების მეშვეობით. ასე ფარისევლებსაც მიაჩნდათ, თითქოს მათ უკვე გაიმზადეს ცხონება თავიანთი კეთილი საქმეებისა და აბრაამისაგან წარმომავლობის გამო, ბოლოს კი იმით დაასრულეს, რომ არა მარტო უარყვეს, არამედ ჯვარს აცვეს კიდეც ქრისტე.

 

ბეჭდვა
1კ1