ვაჟა-ფშაველა - ახალი წელი ფშავში
ვაჟა-ფშაველა - ახალი წელი ფშავში
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
თან დედას ეხვეწებიან:
"დედავ, დაგვიცხვე კვერები!"
დილით თაფლ-ერბოს ელიან
ტკბილეულობის მტერები.
და-ძმებსა ერთმანერთისთვის
გადუხვევიათ ხელები.
"ჩქარა, გათენდი!" — ნატრობენ
ღვთისთვის ვედრების მთქმელები.
დარბაზში ცეცხლი ანთია,
გაჩაღებული ტკრციალებს.
სამზადისშია თეთრუა,
ჯარასავითა ტრიალებს:
ძელზე კეცები მიჰყუდა,
შეუდგა პურის ზელასა,
ხმიადის ბედის-კვერებსა
ის გამოუცხობს ყველასა,
იმით გაიგებს შვილების,
საქონლის ბედისწერასა.
თავისთვის, თავის კაცისთვის
ის კვერებს არა ცდილობდა.
რა საჭიროა, რომ მათთან
წუთისოფელი წბილობდა:
დათრთვილა ჟამთა დენამა
ორივე — ცოლი, ქმარია,
ოჯახზე ფიქრმა და ჯავრმა
დაჰჩაგრა, ხელი დაჰრია;
თავისი ბედის-კვერები
მათ ადრევ შეუჭამია.
დღეს შვილებისა მოლხენა
დედისთვისც სიხარულია,
აშრომებს ძალაუნებრივ
ბალღების სიბრალულია,
ამ დღისთვის ქმარსაც ელოდა, —
შირაქში არი ცხვარზედა;
არ მოუვიდა რადღაცა,
დაფიქრებულა მაზედა.
გარეთაც შავი ღრუბლები
არეულია ცაზედა;
ის ეგონება მნახველსა,
ზღვა დაცემულა ზღვაზედა.
"ავი კი არა შაემთხვას
იმ ბეჩავს კაცსა გზაზედა;
არ გადურჩება სიკვდილსა,
თუ წამოვიდა მთაზედა!"
ცომსა ჰზელს ვარცლში თეთრუა,
თან ამას ჰფიქრობს ქმარზედა.
გარეთ კი თოვლი ნაპენტი
მიწას ედება, დუდუნებს,
თან მოსდევს ქარი მხლებლადა,
ისიც იმასთან ზუზუნებს:
ხან კარის ზღურბლზე მოდგება,
კურატივითა ბუბუნებს;
ხევებშიც გადაიჭრება,
გარისხებული გუგუნებს.
შორს თუ წავიდა, მაშინ კი
სნეულივითა კრუსუნებს.
"ადეთ, ბალღებო, დაწევით,
უნდა გადმოვდგა კეცები.
ვერ ჰხედავთ, კერას აბანდებთ,
რადა ხართ იმდნად ბეცები?!
დაწევით, შვილო, დაწევით,
თუ გსურთ დაგიცხოთ კვერები…
აბა, აასწრობს ვინ ვისა,
ის ტკბილად დასაბერები!"
დედის ამ სიტყვის თქმაზედა
ბალღებსა სწყდებათ წელები…
დედა-ბოძისა უკანა
მათ უდგათ ჩალის ლოგინი;
ჩაეწყვნენ ძელების შუა,
უდგათ ხელების ბოტინი.
დედამ ფარდაგი წაჰხურა,
ერთიც ნაგლეჯი ფლასისა,
ფეხებზე კაბა მიაგდო
და ფაფანაგი თავისა:
"თუ გადიხადეთ, ვაი თქვენ!"
სჭუჭკავს თან მთქმელი ამისა.
პატარა ქალმა ნენემა
თან ჩაიწვინა თოჯები,
ეწყვნენ ლოგინში ბალღები,
ვით დოლფარაში გოჭები.
პურის ცხობასა, თეთრუავ,
ნეტავ როდის-ღა მორჩები?!
ლოგინის ბოლოს ვარცლი დგა,
თავით — საპურე გოდორი.
ზედა ზის ჭრელი დედალი,
მას თავს უმშვენებს ქოჩორი,
ხოლო მხარს — მისი მეუღლე,
გვირგვინოსანი მამალი.
იმათ ფეხებზე ჰკიდიათ
ქვეყნის თავგადასავალი:
მათ ახალწელი მაშინა,
როს საკენკი აქვთ მრავალი.
შუაღამეა. კერაზე
ცეცხლი ოდნავ-ღა ბჟუტავდა
და შავი კატა ცეცხლის პირს
იჯდა, თვალებსა სჭუტავდა.
ქათამი იქექებოდა,
ხამუშ-ხამუშად კრინავდა;
ზევით, მივარდნილს კუთხეში,
ხარი ნიკორაც ფშვინავდა.
გახშირებული ძილია,
მთელი დარბაზი ხვრინავდა;
გარეთ ბუნება ჯავრობდა,
დედამიწასა ჰყინავდა,
არ ისვენებდა ქარიცა,
ავს ძაღლივითა ღრინავდა;
სულს ჰხუთავს, ბუ და ღამურა
ერთიც ვეღარა ფრინავდა.
ახალს იწყობდა სიცოცხლეს,
ძველს ცხოვრებასა სწირავდა
ქვეყანა, ასე შავნიშნე;
კიდეც იმიტომ გმინავდა:
არ ეთმობოდა წარსული,
მკერდს იმჯიღავდა, დრტვინავდა.
გარიჟრაჟია. ლოგინში
დედა მიუხტა შვილებსა,
პირით ჰხდის ძველმანს სახურავს,
ჩაებუბნება ტკბილებსა:
"ენაცვლოსთ დედა-მშობელი
ამ ჩემსა ოქროს ღილებსა!"
კოვზით თაფლ-ერბოს სთავაზობს,
დააღებინებს პირებსა.
დედისგან ნაზიარებლებს
ღმერთიც დაუზდის გმირებსა.
"დაბერდით ასე ტკბილადა,
შვილებო, როგორც თაფლია,
მფარველად გედგესთ თავზედა
ღვთის და ხატების მადლია!"
დედისა ხელით ნაჭმევი,
შხამიც რომ იყოს, ტკბილია,
თავის თავს უკვდავადა ჰგრძნობს
ასეთ ძღვნის შემდეგ შვილია.
წამოიშალნენ ბალღები,
ვის აგონდება ძილია? —
შეექცევიან თაფლ-ერბოს,
ჭამეს სხვა და სხვა ხილია:
ზოგი რამ კახური ვაშლი
და ზოგიც პანტის ჩირია.
ხინკლისთვის საკიდელზედა
დიდრონი ქვაბი ჰკიდია:
უხინკლოდ ახალი წელი
არაფერსა ჰგავს, ფინთია.
მეკვლე არა სჩანს, საცაა
იმისი მოსვლა წესია,
არ მოდის მოსალოცადა,
ენა არ გაულესია.
აგერ, გამოჩნდა მოხუცი,
მოლოდინაანთ ბერია,
უკვალავს თოვლსა მოჰკვალავს,
თან ჯოხი დაუბჯენია.
წინ მიეგება თეთრუა
და მიაწოდა კვერია;
აგორებს ისიც დარბაზში, —
სცნან, ღმერთს რა დაუწერია:
ღვთით, კვერი წაღმა დაბრუნდა,
ვერ გაიხარებს მტერია…
კმაყოფილია თვით მეკვლე,
რომ კაი კვალი ჰქონია;
დიასახლისსაც უხარის, —
ღმერთი თავის შინ ჰგონია.
მეკვლე მიჰბიჯავს დარბაზში,
თან ამას ამბობს მტკიცედა:
"ფეხი ჩემი და კვალი ღვთის!"
ღიმილიც მოსდის პირზედა:
"ახალმა წელმა ახალი,
ვთხოვ უფალს, მოგცეთ ბედია, —
ცხვარი და ძროხა ურიცხვი,
დოვლათი მეტის-მეტია!
შენ იყავ, ღმერთო, გამგონე
რაც ეხლა დავიყბედია!"
აბერებს ყველას თაფლითა,
თხილს აძლევს… დასაკვნეტია.
ჯიბე აივსეს ბალღებმა,
ცას ეწევიან ლხენითა…
მეკვლეც ჩამოსვეს ტახტზედა,
ტკბილ-მოუბარი ენითა.
წინ ხონჩით პური მიართვეს,
ზედ თაფლიანი ჯამია,
მხოლოდ ეს ესმის მეკვლესა:
"აბა მიირთვი, ჭამია!"
გვერდს უდგა სასმლით ხელადა,
იქ რომ სამფეხა სკამია,
თეთრუაც წამოჩოქილი
ცალს მუხლზე იქვე არია.
"მიირთვი, ბერო, არაყი,
თუმცა ვერ არი მწარია;
არ დავაცადე, ავჩქარდი,
ოხერი უფუარია".
— არაყს მიზეზი არა აქვ,
რაც გითხრა, უტყუარია.
— აბა მაშ კარგა მიირთვი! —
თან მიაწვადა ყანწია, —
არაყისათვის ნუ გვზოგავ,
გადაიწურე, ასწია!
მეკვლეც ჰსვამს, ხოლო ნარჩომსა
ცეცხლს უძღვნის, ადის ალია.
— არაყს ხო ქება არ უნდა,
ვატყობ ექნება ძალია!..
კვალად და კვალად სთავაზობს
დად გაფიცული რძალია…
მეკვლესა სადღეგრძელონი
პირს მოსდის, როგორც წყალია.
ქვაბში ხინკალი თლუხთლუხებს,
იგი უსმელად მთვრალია,
ბედნიერია ოჯახი,
ტრიალებს ღვთისა თვალია,
იკურთხოს მისვლა მეკვლისა,
იკურთხოს მისი კვალია!
ბეჭდვა