აღმატებულია პატივი და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, ვინც ტაძარში მსახურობს!
აღმატებულია პატივი და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, ვინც ტაძარში მსახურობს!
"აქა აკურთხევდით უფალსა ყოველი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა", - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. ტაძარია ის ადგილი, სადაც შეგვიძლია ღმერთი განსაკუთრებით ვადიდოთ. ტაძარი მორწმუნეთათვის ყველაზე წმინდა და აღმატებულია. ეს არის ადგილი, სადაც თვით უფალმა დაიდო ბინა, სადაც უაღმატებულესი მსახურება - ლიტურგია სრულდება და სადაც ქრისტეს უკვდავ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. აქ ადამიანი უფლის განსაკუთრებულ შეწევნასა და სიახლოვეს გრძნობს. თითქოს ჩვენზევე სრულდება მაცხოვრის სიტყვები: სადაც შეიკრიბონ ჩემი სახელით, მათ შორის მე ვიყოო. "ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო" - ასე აფასებდნენ ღვთის სახლს წმინდანნი. ჩვენთვის, მორწმუნეთათვის, ტაძარში სიარული ერთსა და იმავე დროს პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, მაგრამ რაოდენ აღმატებულია პატივი და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, ვინც ტაძარში მსახურობს! დღეს გვსურს სწორედ მათზე გესაუბროთ.

ჩვენი რესპონდენტები იკონომოსები არიან. ამ ორ ადამიანს ღვთის სამსახური აერთიანებს. ერთმანეთს არც იცნობენ. მე კი, მიუხედავად მათი განსხვავებული ბუნებისა თუ ხასიათისა, მათ შორის ბევრი საერთოც აღმოვაჩინე.

გვესაუბრებიან წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის იკონომოსი ქალბატონი ნანა ჩიხლაძე და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) იკონომოსი ქალბატონი ნანული სოხაძე.

ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მისი ლოცვის ძალას ყოველთვის ვგრძნობ
ქალბატონი ნანა მღვდელმოწამე რომანოზ ჩიხლაძის შვილიშვილია. როგორც თავად ამბობს, ალბათ, სწორედ წინაპრის მადლმა მისცა გეზი მის ცხოვრებას.

- ქალბატონო ნანა, როგორი ბავშვობა გქონდათ? ეკლესიურად იზრდებოდით?

- ეკლესიურად არ მზრდიდნენ, თუმცა შინაგანი რწმენა ყოველთვის მქონდა. ტაძარში ხშირად შევდიოდი, სანთლებს ვანთებდი, მაგრამ რატომღაც არც მოძღვარი მყავდა და არც იმ წესებს ვიცავდი, ქრისტიანმა რომ უნდა შეასრულოს. მღვდლების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა. შეიძლება ბაბუას გამოც...

- ეკლესიაში სიარულს გიშლიდნენ?

- მოგეხსენებათ, იმხანად პირჯვრის გადაწერაც კი როგორ ცუდ ტონად ითვლებოდა. უბრალოდ, არასოდეს ვამბობდი, რომ ეკლესიაში მივდიოდი.

ოჯახში ორი და და ერთი ძმა ვიყავით. და ადრე გათხოვდა, ძმამაც ადრე შექმნა ოჯახი. ამიტომაც მოხუცი მშობლების მომვლელად მე ვითვლებოდი. თავად საკმაოდ გვიან გავთხოვდი. მშობლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. შვილი არ მყოლია, ჩემს მეუღლეს ჰყავდა ქალ-ვაჟი პირველი ცოლისგან. ვაჟი იმ დროს უკვე დაოჯახებული იყო, გოგონა კი მე გავზარდე. ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ორივე შვილივით შემიყვარდა. ახლა ჩემს გერს 6 შვილი ჰყავს. მე მის სახლში ვცხოვრობ. ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს.

მეუღლესთან 7 წელი ვიცხოვრე. დიაბეტით გარდაიცვალა. მადლობა ღმერთს, შვილები მაინც დამიტოვა. დარწმუნებული ვარ, ბევრს საკუთარი შვილი არ გაუკეთებს იმხელა სიკეთეს, რაც მათ გამიკეთეს.

- აქტიური ეკლესიური ცხოვრება როდის დაიწყეთ?

- ცამეტი წელია, ეკლესიაში დავდივარ. მახსოვს, ერთხელ სამსახურიდან გამოსული სიონში შევედი. შვიდის ნახევარი იყო. საღამოს ლოცვა სრულდებოდა. მე სწორედ ზეთისცხების დროს მივედი, დავდექი რიგში და ზეთი ვიცხე, ისე, რომ არაფერი ვიცოდი. მერე მეგობარს დავურეკე, სიონში შვიდის ნახევარზე პატრიარქი ზეთს ცხებს-მეთქი. ასე დავდიოდით კარგა ხანს ორივე და ზეთს ვიცხებდით... ალბათ იმ ზეთისცხების მადლიც შემეწია.

ბუნებით მორიდებული ვარ, სულ მიჭირდა მოძღვართან მისვლა, აღსარების თქმა. ერთხელ მეგობარმა მითხრა, ეკლესიაში მინდა მისვლაო (შვილის გამო პრობლემები ჰქონდა). მე მამა არჩილ მინდიაშვილი, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი ვურჩიე. გაგონილი მქონდა მისი ქება, ტელევიზიით თუ რადიოთი მისი ქადაგებებიც მომესმინა და მომწონდა. ჩემი მეგობარი მართლაც მივიდა მასთან. მეც მივყევი და... დავრჩი. აღმოვაჩინე, რომ უამრავი დრო დამიკარგავს. ახლა ტაძარში ბავშვებს რომ ვხედავ, კეთილი შურით მშურს მათი. ბედნიერები არიან, სიყრმიდანვე რომ დადიან ტაძარში. როცა ეკლესიური ხარ, ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ. განსაცდელები კი გხვდება, მაგრამ ძალგიძს მათ არსში წვდომა და გადალახვა. მე ეკლესიის გზა გვიან ვიპოვე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ მოვედი.

- იკონომოსობამდე თუ გიმსახურიათ ტაძარში?

- თავიდან დამლაგებელი ვიყავი, შემდეგ - მესანთლე. თავს არც ახლა ვთვლი იკონომოსად. მხოლოდ წინამძღვრის მორჩილებას ვასრულებ. იკონომოსობა ძალიან რთულია - ყველას წინაშე ვალდებული ხარ, ხალხიც სხვანაირად გიყურებს... გარდა ამისა, მე მევალება სეფისკვერების ცხობაც, ეს კი მეტად მძიმე საქმეა, მაგრამ ვგრძნობ ღვთის შეწევნასა და ბაბუაჩემის ლოცვას. ზოგჯერ, ძალიან დაღლილს, მიფიქრია, ნეტავ მეტი სეფისკვერის გამოცხობა აღარ დამავალოს-მეთქი მამა არჩილმა, მაგრამ მოსულა მამაო, უთხოვია, 300-400 კიდევ გამოაცხვეო... ამის თქმა და დაღლილობის გავლა ერთი ყოფილა. საოცარი ძალა აქვს მღვდლის კურთხევას.

- დამლაგებლადაც გიმუშავიათ, მესანთლედაც და იკონომოსადაც. თქვენი აზრით, რომელი საქმიანობაა უფრო რთული?

- ძნელი სათქმელია. ყველაზე მეტად მაინც დამლაგებლობა მომწონდა - მთელ დღეს ეკლესიაში ვატარებდი, ვწმენდდი, ვასუფთავებდი და ეს ძალიან მსიამოვნებდა. როცა მოძღვარმა მითხრა, მესანთლედ უნდა დაგნიშნოო, გული დამწყდა. მაშინ სანთლები გარეთ იყიდებოდა. ე.ი. ვერც წირვას დავესწრებოდი, ვერც ქადაგებას მოვუსმენდი... მთელი ღამე ვტიროდი, მაგრამ რა მექნა? მესანთლეობისას ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. გარს უამრავი ხალხი გახვევია, სხვადასხვა ბუნების, ხასიათის, გაგების... ყველასთან საერთო ენა უნდა გამონახო, ყველას უნდა დაუყვავო... ალბათ ამიტომაც არის ყველაზე რთული ეს საქმიანობა. საზოგადოდ, ეკლესიის ყველა მსახურება ძნელია, მაგრამ თუ ამას ღვთისა და მოძღვრის სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი გამოგივა.

- რა ევალებათ იკონომოსებს ეკლესიაში?

- ჩვენი მოვალეობაა წიგნებით, ლოცვანებით, ხატებით, სანთლით ტაძრის უზრუნველყოფა. უნდა დავიანგარიშოთ, რა ნივთი რა რაოდენობით გაიყიდა, საპატრიარქოში ყოველთვიურად შევიტანოთ გარკვეული თანხა. იკონომოსმა უნდა დაითვალოს ეკლესიის ხარჯები, დაარიგოს ხელფასები...

- ტაძრის წინამძღვართან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- არასოდეს მქონია მოძღვართან უთანხმოება. ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი რამ. წეღანაც გითხარით, რომ მოძღვრის მორჩილებას ვასრულებ. ჩემთვის მთავარი წინამძღვრის სიტყვაა, ამიტომ მისი კურთხევის გარეშე ნაბიჯსაც არ ვდგამ. ვერ წარმომიდგენია, ვეურჩო.

- იკონომოსობა სულიერ ცხოვრებაში ხელს ხომ არ გიშლით?

- ცხადია, არა. არასდროს გამიცდენია მსახურება. წირვა-ლოცვას რომ დავაკლდე, როგორღა ვიმუშავებ? ლოცვა მაძლიერებს, მანუგეშებს და ენერგიით მავსებს.

- წმინდანის შთამომავალი ბრძანდებით. მოკლედ ხომ არ გვიამბობდით ბაბუათქვენზე?

KARIBCHE KARIBCHE
ნანული სოხაძე                                                                მარჯვნივ - მამა რომანოზ ჩიხლაძე

- დეკანოზი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე 1879 წელს ხონის რაიონის სოფელ გორდში, მღვდლის ოჯახში დაბადებულა. დაწყებითი განათლება იქვე მიუღია, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია დაუმთავრებია წარჩინების დიპლომით. უმაღლესი განათლების მისაღებად უკრაინაში გამგზავრებულა, სადაც გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია და კიევის სასულიერო აკადემიაში ჩარიცხულა. აქ მასთან ერთად სწავლობდა კორნელი კეკელიძე, რომელმაც ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე აღნიშნა: "მამა რომანოზი აკადემიაში გამორჩეული სტუდენტი გახლდათ თავისი განსწავლულობითა და შრომისმოყვარეობით. სრულყოფილად ფლობდა რუსულს, ძველ ბერძნულს, ლათინურსა და გერმანულ ენებს. კარგად იცოდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ლიტერატურა". მართლაც განსწავლული კაცი ყოფილა ბაბუაჩემი, კარგად სცოდნია ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, საბუღალტრო საქმე... გამოირჩეოდა იმითაც, რომ ღარიბთა და უპოვართა შემწე, ქომაგი იყო. თუკი მრევლში რაიმე სენი იჩენდა თავს, თურმე პირადად დაადგებოდა თავზე ავადმყოფს და განკურნებამდე არ მოსცილდებოდა, უპატრონო მიცვალებულს გააპატიოსნებდა, წესს აუგებდა და სამარემდე მიაცილებდა. ქრისტეს დაუღალავი მსახურებისთვის ხელისუფლებამ მასზე საგანგებო კონტროლი დააწესა. ერთადერთი ბრალდება მღვდლობა იყო. ვერ ეღირსა მთავრობა მისგან ანაფორისა და ჯვრის დატევებას, რის გამოც სამჯერ დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არსებული სამეულის ბრძანებით დახვრიტეს.

მართალია, ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მის შეწევნას ყოველთვის ვგრძნობ. მწამს, ჩემთვის ზეციდან ლოცულობს და ეს მაძლიერებს, სარწმუნოებაში განმამტკიცებს.

რა ვიცოდი, რომ ჩემს წინ საქართველოს მომავალი პატრიარქი იდგა!
- ქალბატონო ნანული, როგორი ურთიერთობა გქონდათ ეკლესიასთან ბავშვობაში?

- სულ პატარა მომნათლეს (მაშინ ეს იშვიათობა იყო). ოთხი ნათლია მყავდა, ძირითადად - დეიდაშვილები, ვინმეს რომ არ გაეგო. ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, არ ცხოვრობდა ეკლესიურად, მაგრამ მახსოვს, სააღდგომოდ კვერცხებს უთუოდ ვღებავდით, მამა კი სუფრას ღვთისმშობლის სადღეგრძელოთი ამთავრებდა.

ერთხელ მეზობელმა მთხოვა, მისი შვილის ნათლია ვყოფილიყავი. ბავშვი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მოვნათლეთ. ნათლობა ამჟამინდელმა პატრიარქმა აღასრულა. მაშინ უწმინდესი ჯერ კიდევ ახალჩამოსული მღვდელი იყო. ეს დღე გამორჩეულად დამამახსოვრდა. რა ვიცოდი, რომ ჩემს წინ საქართველოს მომავალი პატრიარქი იდგა!

სამწუხაროდ, მღვდლებს ახალგაზრდობაში სათანადო პატივს არ მივაგებდი, მაგრამ უფლის რწმენა ყოველთვის მქონდა. ტაძარშიც დავდიოდი, ოღონდ ისე, რომ არავის დავენახე. ხატებს არ ვემთხვეოდი, პირჯვარს არ ვიწერდი... ეკლესიას 9 აპრილის მერე უფრო დავუახლოვდი. ყოფილმა თანამშრომელმა, ვენერა წიკლაურმა (ახლა დედა ანაა, მაშინ კი მორჩილი იყო), 90-ე ფსალმუნი მომცა და მირჩია, ხშირად მეკითხა. პირველად სწორედ მაშინ ვეზიარე. იმ დროს ჩემსავით ბევრი მოექცა. მერე, როცა მოძღვართან მივედი, მირჩია, მეყიდა წიგნი აღსარების შესახებ, სადაც ცოდვები იყო განმარტებული. ვიყიდე, წავიკითხე, გავიგე, რას ნიშნავს ამპარტავნება, მბრძანებლობა, განკითხვა, დავინახე, რა ახლოს იყო ეს ყველაფერი ჩემთან, ამიტომ აღსარების თქმა ვერ გავბედე. თითქმის 10 წელი დავდიოდი ასე ეკლესიაში. ყველას ვიცნობდი, მაგრამ აღსარების თქმას ვერ ვახერხებდი. ბოლოს, როცა ბარიერი გადავლახე, ისევ დედა ანას ვთხოვე, ისეთი მოძღვარი მინდა, ჩემთვის დრო რომ გამონახოს-მეთქი. მამა დავითი (შარაშენიძე, ლურჯი მონასტრის წინამძღვარი) მირჩია. მაშინ ის სიონში მსახურობდა. მამა დავითი მეც მომეწონა. ასე გავხდი მისი სულიერი შვილი. მაგრამ ჯერ კდევ ბევრი რამ არ მესმოდა. ამის გამო ერთი კურიოზი გადამხდა. 3-4 თვის სიარულისა და რამდენიმე აღსარების შემდეგ მოძღვარს ვუთხარი, ცოდვები აღარ მაქვს-მეთქი. მირჩია, მამათა დარიგებები მეკითხა. დავიწყე კითხვა და აღმოვაჩინე, რომ უამრავი ცოდვა მქონდა და მაქვს ახლაც.

- იკონომოსი როგორ გახდით?

- ერთ დღეს ჩემმა ახლობელმა, სულიერმა დამ, ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა. 2000 წლის შობა იდგა. მაშინ არც მე და არც მან არ ვიცოდით, რომ ეს იკონომოსის ხატი იყო. ორ თვეში მამაო ლურჯ მონასტერში გადმოიყვანეს წინამძღვრად. სწორედ მაშინ მკითხა, იკონომოსად ხომ არ წამოხვალო. ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი. მივუგე, ყველგან წამოვალ, ოღონდ ამიხსენით, ეს რას ნიშნავს-მეთქი... ასე გავხდი იკონომოსი. უკვე 6 წელია ტაძარში ვმსახურობ და დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს.

- ამ ხნის მანძილზე რა გაკეთდა ტაძარში?

- ტაძარი ავარიულ მდგომარეობაში იყო. ღვთის შეწევნით, მრევლის დახმარებითა და მამა დავითის წინამძღვრობით დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები. ტაძარი განახლდა. შემდეგ დავიწყეთ სამრეკლოს მშენებლობ, ახლა კი სატრაპეზოს ვაშენებთ. გვსურს, იქვე სამრევლო სკოლაც მოვაწყოთ. გაიზარდა თანამშრომელთა რიცხვი. სინოდის სხდომაზე საგანგებოდ აღნიშნეს ჩვენი ტაძრის კარგი მდგომარეობა, რამაც დიდი სტიმული მოგვცა.

- გლახაკთა მოწყალებაც თქვენს საქმიანობაში შედის?

- დიახ, არიან გაჭირვებულები, რომლებიც ყოველ კვირას მოდიან ჩვენთან და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენს ტაძარში დგას შემოწირულობის ყუთი, რომლის თანხა მთლიანად მრევლის ხელმოკლე წევრებს ხმარდებათ, ეს კი მათთვის, ცხადია, დიდი ნუგეშია.

- შეიცვალეთ თუ არა ეკლესიაში მოსვლის შემდეგ?

- რასაკვირველია! აქედან ცხოვრება სხვანაირი ჩანს. ადრე ზიარებაზე უარს ვამბობდი - კოვზის პირში ჩადება არ მინდოდა... რაც ტაძარში მოვედი, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. შემეცვალა მღვდლების მიმართ დამოკიდებულებაც. ახლა მათდამი დიდი მოკრძალება და რიდი მაქვს. მე ეკლესიის მატერიალურ მხარეს განვაგებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი უფროსად წარმოვიდგინო. მთავარი წინაძღვარია. მე მის წინაშე ანგარიშვალდებული ვარ. გარდა ამისა, მახსოვს, რომ უფალი მიყურებს, რომელსაც ვერსად დავემალები. ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, ასეთი პატივის ღირსი რომ გამხადა. ოჯახი არ მყავს. ჩემი ოჯახი ეკლესიაა. ყველა ჩემმა ახლობელმა იცის, რომ თუ ეკლესიას დავჭირდი, ნებისმიერი მათგანი უკანა პლანზე გადაინაცვლებს.

- ყველაზე მეტად რა გეძნელებათ?

- საქმიანობა სრულებით არ მღლის, პირიქით. სხვა რამ უფრო მაწუხებს: მრევლი დიდია, ყველას თავისი წილი სითბო და სიყვარული უნდა, მე კი ყველას ვერ ვუნაწილებ ამ გრძნობას. ვგრძნობ, ქრისტესმიერი სიყვარული მაკლია და ამას განვიცდი.

სულ მახსოვს წმინდა ილია მართლის სიტყვები: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე". ასე ვიქცევი მეც და ვცდილობ, სხვებს სარგებელი მოვუტანო.

უფალს ყველაზე მეტად ვთხოვ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მომანიჭოს.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვა
1კ1