კალვინისტური ანუ რეფორმაციული აღმსარებლობა
კალვინისტური ანუ რეფორმაციული აღმსარებლობა
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა. მაგრამ რეფორმაციის ინიციატორად შვეიცარიაში გვევლინება ციურიხის საკათედრო ტაძრის მღვდელი ულრიხ ცვინგლი (1484-1531). ცვინგლი დაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში. სწავლობდა ბერნში, ვენაში, ბაზელში, 1506 წელს ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1521 წლიდან იგი ციურიხის საკათედრო ტაძრის მოძღვარი ხდება. თითქმის ლუთერთან თანადროულად (1589წ.) ცვინგლი იწყებს თავის რეფორმატორულ მოღავწეობას. მის გალაშქრებას კათოლიკური სამღვდელოების უზნეობის, რელიგიის ბოროტად გამოყენების, ინდულგენციებით ბინძური ვაჭრობის წინააღმდეგ ციურიხში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივმა საბჭომ ცვინგლს მხარი დაუჭირა და ქალაქი რეფორმაციის გზას დაადგა (1529).

ცვინგლის მოძღვრება ძირითადად ემთხვეოდა ლუთერისას, მხოლოდ სწავლება ზიარების საიდუმლოს შესახებ - არსებითად განსხვავდებოდა მისი სწავლებისაგან. ცვინგლს პური და ღვინო მიაჩნდა მხოლოდ ქრისტეს ხორცისა და სისხლის სიმბოლოდ, რომელიც მორწმუნეთა მეხსიერებაში აღადგენდა ქრისტეს მიერ დედამიწაზე აღსრულებულ მის ხსნას. გამოხსნა-ცხონების საქმეც ცვინგლს მიაჩნდა ადამიანის თანდაყოლილ, მისი არსების ხელშეუხებ საქმედ, გარდა ამისა, ცვინგლი ლუთერზე მეტად აგრესიულად ებრძოდა საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაკანონებულ ტრადიციებს. მან კატეგორიულად უარყო საკურთხეველი, ხატები, ჯვარი, ყოველგვარი რელიგიური რიტუალი, ლოცვის მუსიკალური გაფორმება, ზარების რეკვა და ა.შ.

ცვინგლის მოძღვრება სწრაფად გავრცელდა შვეიცარიაში, მაგრამ სამხრეთ შვეიცარიაში სწავლება არ მიიღეს, რასაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა. ერთ-ერთი შეტაკების დროს ცვინგლი დაიღუპა (1531). მისი საქმის გამგრძელებელი გახდა ჟან კალვინი, რომელმაც თავისი რეფორმატორული მოღვაწეობა საფრანგეთში დაიწყო. კალვინს საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული პარიზსა და ორლეანში. ცნობილი არაა, იყო თუ არა იგი სასულიერო პირი. 30-იან წლებში კავშირი გაწყვიტა რომის კათოლიკურ აღმსარებლობასთან, რის გამოც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საფრანგეთი. გადავიდა შვეიცარიაში და ადგილობრივ რეფორმაციას ჩაუდგა სათავეში. მან მიიღო ცვინგლის მოძღვრება და, ერთი მხრივ, თავისებურად შეცვალა წინამორბედის ზოგიერთი შეხედულება (მაგალითად, ზიარების შესახებ), ხოლო, მეორე მხრივ, დაუმატა სწავლება ღვთაებრივი ბედისწერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ღმერთს წინასწარ აქვს განზრახული თითოეული ადამიანის ბედი. ჯერ კიდევ ლუთერი იყო მიდრეკილი უცილობელი ბედისწერის აზრისკენ, თითქოს ღმერთი, ვისაც უნდა, აცხოვნებს, ვისაც უნდა, წარწყმედს, დაღუპავს. ლუთერს ეს სწავლება თანამიმდევრულად და მკაფიოდ არ გაუშუქებია, რადგან არ უნდოდა ამის გაკეთება. რეფორმატორებმა ის უკიდურესობამდე მიიყვანეს. ცვინგლმა დაიწყო და კალვინმა დაასრულა ბნელით მოცული სწავლება ბედისწერაზე, რომლის მიხედვით ღმერთი მრისხანე და უსამართლო მსაჯულია, ზოგს დაუმსახურებლად აცხოვნებს, ზოგსაც დაღუპავს. ამ მოძღვრებით ადამიანის პირადი თავისუფლება და ყოველი ზნეობრივი გააზრებულობა დაკარგულია. ადამიანი მხლოდ პასიური იარაღია უცილობელი ღვთის ნებელობისა, ზნეობრივი სრულყოფისკენ მიმართული მთელი მისი თავისუფალი მოქმედება კი არარაობად იქცევა.

ლუთერანებთან შედარებით კალვინისტებმა კიდევ უფრო გაამარტივეს და გააუფასურეს თავიანთი კულტი. მათ უარყვეს წირვა-ლოცვის მუსიკალური მხარე, კალვინისტურ ეკლესიაში აღარ დგას ორღანი, აღარ ანთია სანთლები, გაუქმდა სასულიერო პირების საეკლესიო შესამოსელი. მთელი მათი ღვთისმსახურება ერთ ქადაგებად გადაიქცა. სამლოცველო ადგილები, რომლებშიც აღარ დარჩა ადგილი საკურთხევლისთვის, ჩვეულებრივი ოთახებია. მთელი მსახურება დარიგებაა, რომელიც რეალურად არანაირ საზრდოს არ აძლევს გრძნობასა და შინაგან სამყაროს, რაც, ისევე, როგორც გონება, საჭიროებს და მოითხოვს სარწმუნოებაში უმაღლეს დაკმაყოფილებას.

კალვინისტებს საფრანგეთში ჰუგენოტებს უწოდებდნენ, ხოლო ინგლისსა და შოტლანდიაში - პურიტანებს (პრესვიტერელებს). 1875 წლიდან არსებობს რეფორმაციული აღმსარებლობების მსოფლიო ალიანსი, რომელშიც გაერთიანებულია 70 ქვეყნის 100-ზე მეტი რეფორმაციული და პრესვიტერული აღმსარებლობა. მას 50 მილიონზე მეტი კაცი აღიარებს. ისინი უმთავრესად გვხვდებიან: შვეიცარიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, შოტლანდიაში, ნაწილობრივ ინგლისში, უნგრეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, აშშ-ში და ა.შ.

კალვინისტური აღმსარებლობის მრევლს ხელმძღვანელობენ პრესვიტერები და პასტორები, რომლებსაც მრევლი ირჩევს.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1