წმინდა ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენ!
წმინდა ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენ!
ამჯერად რამდენიმე სანუგეშო ამბავს მოგითხრობთ, რომელთაგან ერთი არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 1993 წელს მოხდა რუსეთში:

ერთხელ ქალბატონმა მარიამ სოფლად თავისიანების მონახულება გადაწყვიტა. სადგურზე, სადაც გზა მიასწავლეს, ურჩიეს, - მგლების ლუკმა რომ არ გამხდარიყო, ტყეში ათკილომეტრიანი გზის გავლა დაღამებამდე მოესწრო...

გზის დასაწყისში გამვლელები ხვდებოდნენ, მაგრამ ტყეში სწრაფად ბინდდება და მალე ქალი მარტოდმარტო აღმოჩნდა. რა უნდა ეღონა? უკან, სადგურამდე, გათენებისას თუ ჩააღწევდა და საგონებელში ჩავარდნილ ქალს აღმოხდა:

- წმინდაო ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენ! - და ცრემლი წასკდა...

ირგვლივ მდუმარება გამეფებულიყო, ბნელ ცაზე კი მხოლოდ ვარსკვლავები კიაფობდნენ...

მოულოდნელად მარიას ზურგს უკან ბორბლების ჭრიალის ხმა გაისმა...

ტყიდან ვიღაც მოდის! - გაუელვა ქალს და ამ ხმას გაედევნა... ხედავს, ბილიკზე ერთ ცხენზე შებმული ურიკა მოხმაურობს კოფოზე მოხუცით... ბერიკაცის სახე მარიას არ უხილავს, მხოლოდ მისი თავი და ზურგი გაარჩია, რომლის გარშემოც შარავანდედი ბრწყინავდა...

- წმინდა ნიკოლოზ, ეს ხომ თავად შენ ხარ! - შეჰყვირა ქალმა და ურიკას თავქუდმოგლეჯილი გაედევნა, ურიკა კი ტყეს შეერია... ქალი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მისდევდა და მისძახოდა: - მოიცადე, გევედრები, მოიცადე!..

ურიკა თვალს მიეფარა, ამ სრბოლაში ტყეც გაილია და მარია მიხვდა, რომ სოფელს მიადგა... განაპირა ქოხის წინ, მორებზე, მოხუცები ჩამომსხდარიყვნენ...

მარიამ იკითხა: - ამწუთას აქ ბერიკაცს ცხენშებმული ურიკა ხომ არ ჩამოუტარებიაო?

მოხუცებმა გაიოცეს: - საათია, აქ ვზივართ და სულიერს არ გაუჭაჭანებიაო...

გაოგნებული ქალი დადუმდა და გზა განაგრძო...

ასე მყისიერად გამოიხსნა წმინდა ნიკოლოზმა ტყეში გზააბნეული, რომელმაც მხურვალედ მიმართა ადამიანთა უდიდეს შემწეს...

***
მამა თეოდორე მახოვი, თმაჭაღარა, ახოვანი და მკვეთრნაკვთიანი მოხუცი, ღვთის არსებობაში მაშინ დარწმუნდა, რაც წყალში დახრჩობას გადაურჩა.

ერთხელ, შინ დაბრუნებისას, მას მოსკოვის მახლობლად მდებარე მდინარე პეხორკაზე მოუწია გადასვლა, რომელიც სულ მთლად გაყინულიყო... გვიანი საღამო იდგა, ზამთარში ხომ ადრე ბნელდება, და გზაც აღარ ჩანდა... უკვე მდინარის შუაგულამდე იყო მისული, რომ უეცრად ყინული გაირღვა და თეოდორე წყალში აღმოჩნდა, იმ ადგილას კი წყალი იმდენად ღრმა იყო, რომ ზაფხულობითაც ვერ აღწევდნენ ცურვისას ფსკერამდე...

ყინულქვეშეთში უკუნს დაესადგურებინა... მახოვი აფართხალდა და მთელი ძალით შეეცადა, როგორმე ზემოთ ამოცურებულიყო... რამდენიმე წუთში მართლაც შეძლო ზემოთ ამოსვლა, თუმცა ყინულჭრილში ვერ მოხვდა და შიშველი თხემით დაეჯახა ყინულს...

საბრალო კაცი სასოწარკვეთამ და შიშმა მოიცვა, უკვე აღარ იცოდა, საით გაეცურა და ჩაძირვა იწყო... ფსკერისკენ რომ ეშვებოდა, უფალს მთელი ძალით შეჰღაღდა: "ღმერთო, თუ არსებობ, მიშველეო!"

სიტყვების აღმოსათქმელი ძალაც აღარ ჰქონდა და ოდენ გონებით შესთხოვდა შველას, მთელი არსებით გაჰყვიროდა და ზემოთ მიიწევდა...

უეცრად ყინულქვეშეთი განათდა...

" - ვერავის ვხედავდი, მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ყინულქვეშ წყალი განათდა, - ჰყვებოდა მოგვიანებით თეოდორე, - ნათელი მომიახლოვდა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაც ძალამ თმაში ჩამჭიდა ხელი, მაღლა ამწია და ყინულჭრილის კიდეზე ამომაგდო... აშკარად ვიღაც დამეხმარა, ღმერთმა ან მისმა ანგელოსმა ამომიყვანა ყინულქვეშიდან...

თავდაპირველად ყინულზე ძლივს გავხოხდი, შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და წავლასლასდი... პალტო ყინულივით ცივი და მძიმე იყო, მაგრამ გაყინვამდე შინ მისვლა მოვასწარი...

ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, ღმერთი უეჭველად არსებობს, სხვანაირად ცოცხალი ვერ გადავრჩებოდიო", - ამბობს თეოდორე.


ბეჭდვა
1კ1