მჯერა, რომ წმინდანმა გადამარჩინა
მჯერა, რომ წმინდანმა გადამარჩინა
ათენში მცხოვრებმა ქართველმა მეგობარმა, ესმა ღონიაშვილმა საბერძნეთში მოღვაწე წმინდა მამების აღსრულებული სასწაულების ცნობები მომაწოდა. ამგვარია წმინდა დიმიტრის სასწაული, თუ როგორ გადაარჩინა გოგონა ავტოავარიისგან, რომელსაც დედა თავად აღწერს.

გადავწყვიტე, მომეყოლა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდა დიმიტრიმ მოახდინა თავისი ხსენების დღეს. ჩემი ქალიშვილი, რომელიც დღეს 29 წლისაა, რამდენიმე წლის წინ უმუშევარი დარჩა. იღუმენიცაში შესთავაზეს სამუშაო. მაშინვე დათანხმდა. არც ჩვენ გაგვიწევია წინააღმდეგობა. კმაყოფილი იყო სამსახურით. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შინიდან გადიოდა დილის 10 საათზე და საღამოს 5 საათზე ბრუნდებოდა. თუ რაიმე მიზეზით აგვიანდებოდა, აუცილებლად გვირეკავდა და გვაფრთხილებდა.

ერთ დღეს, წმინდა დიმიტრის ხსენების დღე იყო, მოულოდნელად დაიბარეს სამსახურში, კონკურსი უნდა ჩატარებულიყო და მისი დასწრება აუცილებელი იყო. რატომღაც ავტომანქანამდე მივაცილე, ჯვარი გადავსახე და მიმავალს რომ ვუყურებდი, ცრემლები მომაწვა. შევშფოთდი. მაშინვე ღვთისმშობლის ხატთან ლოცვა დავიწყე, რაღაც უცნაურად ვფორიაქობდი. ჩემმა მეუღლემ ამ დღეში რომ მნახა, მისაყვედურა. მართალი იყო, უმიზეზოდ ასე არ უნდა ავღელვებულიყავი. გადიოდა დრო და ჩემი ქალიშვილი არ ჩანდა. დავურეკე მობილურ ტელეფონზე. არ მიპასუხა. დაღამდა. შიშმა დამრია ხელი. ჩემი მეუღლეც ანერვიულდა. შუაღამისას უკვე ვეღარ გავუძელით ლოდინს. ჩემი მეუღლის ბიძაშვილი დავიმგზავრეთ და წავედით იღუმენიცაში. ბიძაშვილი მანქანას მართავდა, ჩვენ გზას ვაკვირდებოდით. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩემს შვილს რაღაც შეემთხვა, მაგრამ არა გამოუსწორებელი. გზადაგზა ვჩერდებოდით, რომ სიბნელეში ადგილებს კარგად დავკვირვებოდით. როგორც კი მივუახლოვდით მთას, საიდანაც მოჩანს დაბლობი და გადაშლილია იღუმენიცა, ყელში რაღაც მომაწვა. "აქ, - შევძახე უცებ, - აქ". პატარა ეკლესია შევნიშნე, არ ვიცოდი, რომ წმინდა დიმიტრისა იყო. მეორე დღეს შევიტყვე, დიდება მის სახელს. დავიჩოქე, რომ მელოცა. ვტიროდი, რადგან თითქმის მთელი გზა გავიარეთ და ჩემი შვილი არსად ჩანდა. ჩემმა ქმარმა ვეღარ აიტანა ჩემი ყურება და გზის ნაპირისკენ წავიდა. უცებ მისი ყვირილის ხმა მოგვესმა, გავიქეცით. სიბნელეში ვერ შევნიშნეთ - ბორდიურს შეჯახებოდა ჩემი შვილის მანქანა. ფარნით დავათვალიერეთ იქაურობა. სისხლის კვალი არსად ჩანდა და ცოტა დავწყნარდით. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. გვითხრეს, გოგონა ძლიერი შოკის დიაგნოზით საავადმყოფოში გადავიყვანეთო. საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდა. ნახევარი საათის შემდეგ საავადმყოფოში ვიყავი და ატირებული ვიხუტებდი გულში. ავარიის ამბავი მგზავრებს შეუტყობინებიათ პოლიციისთვის. ვიღაცას ჩემი შვილის ჩანთა მოეპარა და ვინაობა არ იცოდნენ. ერთი წელი დასჭირდა მკურნალობას, რომ მეხსიერება დაბრუნებოდა.

წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს წმინდა დიმიტრის ეკლესიასთან შეემთხვა ჩემს შვილს ავტოკატასტროფა და წმინდანმა დაიფარა სიკვდილისაგან.

დიდება უფალს და მის წმინდანებს.

წმინდა გერასიმეს სასწაული
70-იან წლებში მამაჩემი მასწავლებლად მუშაობდა პელოპონესის ერთ მთიან სოფელში. მე მაშინ დაწყებითი კლასის მოსწალე ვიყავი და თანატოლებთან ერთად სათამაშოდ ხშირად გავცილებივარ სოფელს.

წმინდა გერასიმეს ხსენების დღე იყო. ვიცოდით, რადგან ჩვენს კლასელს გერასიმე ერქვა და შეგვპირდა, სოფლიდან ერთი კილომეტრით დაშორებით, კლდის შვერილზე, გვაჩუქებდა მტრედების ბუდეს. ძალიან გაგვიხარდა, მართალია, ღრუბლიანი დღე იდგა.

შვიდი ბავშვიდან მხოლოდ ერთი არ მოვიდა, რადგან მამისა შეეშინდა - მეჩხუბებაო. დავადექით გზას. მივედით კლდესთან. ფერდობზე ვერ ავცოცდით, რადგან გაწვიმდა და ფეხი გვიცურავდა. ეხს შევეფარეთ და წვიმის გადაღებას დაველოდეთ. წვიმამ კი მალე გადაიღო, მაგრამ აცოცება მაინც გვიძნელდებოდა. ბავშვები ვიყავით და ვერ ვხვდებოდით, რომ კლდეზე აცოცებისას საფრთხე გვემუქრებოდა. სიცილით და შეძახილებით ვამხნევებდით ერთმანეთს და უშედეგოდ ვცდილობდით აცოცებას. როგორც იქნა, მოვეჭიდე ბალახებს და ცოტაზე ავედი, მაგრამ ჩამოვცურდი და დავეცი ერთ ბუჩქს, რომელიც ფარავდა ღრმა ორმოს, შიგ ჩავვარდი. შემეშინდა. ბავშვებიც დაფრთხნენ. მესმოდა მათი შეშინებული ხმები. მოვრთე ტირილი, მაგრამ თან ვლოცულობდი, წმინდა გერასიმეს ვთხოვდი დახმარებას. უცებ შიშმა გამიარა. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვების ხმა შეწყდა. მივხვდი, სულ მარტო დავრჩი, მაგრამ თურმე კი არ მიმატოვეს, ჩამოსხდნენ დაღლილები და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ დამხმარებოდნენ. ისევ გაწვიმდა. წყალი მღვიმეშიც შემოდიოდა. ვიფიქრე, დადგა ჩემი აღსასრულის დრო-მეთქი დაDდავიწყე ისევ ლოცა. ამ დროს ჩამესმა ხმა: "დადექი ფეხზე და მიაწექი ქვას შენი მარცხენა ფეხის ქვეშ". ასეც მოვიქეცი. ქვა დაიძრა. ქვაღორღთან, ქვიშასთან და წყალთან ერთად ჩავგორდი ქვემოთ და დავეცი ჩემი მეგობრების წინ, რომლებიც გახარებულები აყვირდნენ. როდესაც ბავშვებს მოვუყევი, რაც მოხდა, ყველამ სათითაოდ გადაიწერა პირჯვარი და დაიფიცა, რომ არც ერთს ხმა არ ამოუღია და უკვირდათ, სხვას ვის უნდა სცოდნოდა ამ მღვიმის ამბავი. შეგვეშინდა და სირბილით დავბრუნდით სოფელში. მთელმა სოფელმა შეიტყო ჩემი თავგადასავალი. მეორე დღეს უამრავმა მოიყარა თავი ჩემს სახლში. აინტერესებდათ, რა შემემთხვა. სჯეროდათ, რომ წმინდა გერასიმე დამეხმარა და გადამარჩინა სიკვდილისგან, რომელსაც წვიმა მიქადდა, რადგან მღვიმე წყლით ივსებოდა. ჩემს მშობლებს კი მაინც ეეჭვებოდათ, მაგრამ მე მჯეროდა და მჯერა, რომ წმინდანმა გადამარჩინა. მისი ხმა გარკვევით გავიგე.

წმინდა ეფრემის სასწაული
როგორ გადაარჩინა ჩემი ვაჟი
ანა სიდეროპულე
რამდენიმე წლის წინ ჩემი მფარველის, წმინდა ეფრემისგან სასწაული შემემთხვა. ჩემი ვაჟი თესალონიკში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. მაშინ არ არსებობდა ეს დალოცვილი მობილური ტელეფონები. ჩემი ვაჟი ხშირად აგვიანებდა დარეკვას, მე კი მოუთმენლად ველოდი მის ზარს. შეგვპირდა, ყოველ კვირა-საღამოს, 6 საათზე დაგვირეკავდა. ზოგჯერ ასრულებდა პირობას, ზოგჯერ - არა.

დეკემბერი იდგა. აგვისტოდან არ გვყავდა ნანახი შვილი. ტელეფონით ბოლოს 23 დღის წინ ვისაუბრეთ. იმ ბინაში, სადაც თანაკურსელთან ერთად ცხოვრობდა, ტელეფონი არ იყო. ხან მიფიქრია, ჩავმჯდარიყავი ავტობუსში და თესალონიკში წავსულიყავი, მაგრამ მის გარდა კიდევ სამი შვილი მყავდა მისახედი და მაღაზია.

ჩემი მეუღლე ისე არ განიცდიდა, როგორც მე. ფიქრობდა, რომ შეყვარებული ჰყავდა და ჩვენ აღარ ვახსენდებოდით. "ამ ასაკში ახალგაზრდებს ფული სჭირდებათ და არა დედა". ვითომ ამ სიტყვებით მამშვიდებდა, მაგრამ ვერ ვწყნარდებოდი.

ერთ საღამოს დაღლილი ჩამოვჯექი დივანზე და კედელზე ჩამოკიდებულ წმინდა ეფრემის ხატს მივაჩერდი. უცებ მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: "შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ". წამოვხტი შეშინებული და ვიყვირე: "ახლავე წავალ მასთან". უცებ მოვემზადე, ჩემს მეუღლეს დავურეკე, შვილთან მივდივარ-მეთქი. ავიღე წმინდანის ხატიც, რომ უფრო მხნედ მეგრძნო თავი და გამოვიძახე ტაქსი. გული მითქვამდა, რომ ეს იყო გაფრთხილება წმინდანისგან, მაგრამ ვერავის გავუზიარებდი. შვიდსაათიანი მგზავრობის განმავლობაში თავს ცუდად ვგრძნობდი, ხატს ვიხუტებდი, რომ დავმშვიდებულიყავი. მჯეროდა, ჩემი შვილი ნამდვილად ავად იყო, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამხვდებოდა. როდესაც მივაღწიე ბინამდე და ზარზე არავინ მიპასუხა, არ გამკვირვებია, რადგან წმინდანის გამოგზავნილი ვიყავი და ვიცოდი, რაღაც ხდებოდა. გამოვიძახე ხელოსანი, რომ კარი გაეხსნა. ჩემი შვილი მაღალი სიცხისგან გონდაკარგული იწვა.Mმისი თანაკურსელი ლონდონში წასულიყო უნივერსიტეტის საქმეებთან დაკავშირებით და ამიტომ ვერ შეძლო ჩვენი გაფრთხილება. ვიდრე სასწრაფოს გამოვიძახებდი, წმინდა ეფრემის ხატს ვემთხვიე. ჩემი შვილი ერთი თვე იწვა საავადმყოფოში. ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა და მკითხა, - როგორ მიხვდი შვილის ავადმყოფობასო. როდესაც მოვუყევი, არ დამიჯერა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. რამდენიმე თვის მერე, როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, მერეღა მითხრა, - ვიფიქრე, რომ ნერვიულობისგან ტვინი აგერიაო.

ბეჭდვა
1კ1