წმინდა დავით გარეჯელის სასწაულები
წმინდა დავით გარეჯელის სასწაულები
ეშმაკეულის განკურნება. წმინდა გაბრიელ მცირე გვიყვება წმინდა ონისიფორე გარეჯელზე (+1786): ერთხელ ეს ღირსი მამა მონასტრიდან სოფელში გაგზავნეს საროჭიკოდ. მოიარა ქართლ-კახეთის სოფლები და იფქლს ითხოვდა. როცა ქალაქ ცხინვალს მიაღწია, იხილა-შეკრებილი ხალხი რაღაცაზე კამათობდა. ბერმა მიზეზი ჰკითხა. მათ უთხრეს, რომ ვიღაც ყმაწვილს ეშმაკი კვეთებია და ახლა ურიებთან მიჰყავთ ამის მიზეზის შესატყობადო. შეებრალა ბერს ყმაწვილი და თქვა:
- შვილებო, ეს ქრისტიანული საქმე არ არის, აბა, ეგ ვაჟი მე მომგვარეთო.
მოიყვანეს ბიჭი, დედამისი მუხლებში ჩაუვარდა ბერს და ტირილით შეჰღაღადა:
- წმინდაო ღვთისაო, შეიწყალე ძე ესე ჩემი, რამეთუ მის გარდა სხვა არავინ მყავსო.
უთხრა მას წმინდანმა:
- დასცხერ, ნუღარა სტირი, რამეთუ მაქვს წმინდა დავით გარეჯელის საფლავის მტვერი ევლოგიადო.
და ჭიქით წყალი მოითხოვა. წმინდა დავითის საფლავის მიწა წყალში გაურია, გონებით ღვთისა მიმართ ილოცა, ჭიქა პირთან მიუტანა ყმაწვილს და უთხრა:
- შვილო, ეს შესვი იესუ ქრისტეს სახელით და წმინდა დავითის ლოცვით განიკურნები.
შეასვა თუ არა ვაჟს წყალი, გავიდა მისგან ეშმაკი და განკუნებული დედამისს ჩააბარა.

"ცრემლის წყარო".
უდაბნოს მთის კალთაში არის გამოქვაბული, სადაც ძირიდან და ზემო კედლებიდან ცვარივით წვეთავს წყალი და საათში ერთი ბოთლი გროვდება, მშვენიერის ფერის და გემოსი, რომელსაც უწოდებენ"ცრემლის წყალს", ხოლო მლოცველი ხალხი კი ეძახის"მადლის წყალს","დავითის წყალს". ამ წყაროს ისტორია უკვე მოგითხრეთ. იგი ამჟამადაც წვეთობით გამოედინება კლდიდან და, როგორც ამბობენ, სხვადასხვა დაავადებას არჩენს. ბერები ხშირად ხდებიან მისი სასწაულის შემსწრენი. ამბობენ, რომ განსაკუთრებულად უშვილობასა და თვალის დაავადებებს შველის. ეს გამოქვაბული უდაბნოდან უკან დაბრუნებისას გზაზე-დაღმართზე გვხვდება. გამოქვაბული დაკეტილია, მაგრამ შიგნით წყაროს მუდამ უდგას ჭურჭელი. ამბობენ, როცა ჭურჭელი გაივსება, წვეთები წყვეტენ წანწკარს, სანამ ახალ ჭურჭელს არ დაუდგამენო. ამ წმინდა წყაროზე შეგროვებული წყალი იქვე, მონასტერშია და შეგიძლიათ დალიოთ და წაიღოთ კიდეც შინ.
ამ წყაროს წყლის ერთ სასწაულზე წმინდა გაბრიელ მცირე მოგვითხრობს: ერთხელ მონასტერში ერთი სპარსი მოვიდა რაღაც საქმის გამო, ხოლო სპარსული ონოფრეს (ონისიფორე დიდი სქემით შემოსვისას დაარქვეს) გარდა, არავინ იცოდა და მას იგი ესაუბრებოდა. ამ კაცს ცალი თვალი საშინელი სახილველი ჰქონდა: ჩამოშვებული ქვემო ქუთუთო ღაწვზე ედო და შიგნითა ხორცი ჩანდა. ჰკითხა ბერმა:
- არა გტკივა თვალი?
- კი, მამაო, ძალზე მტკივა, მაგრამ ვერავინ განმიკურნა.
მაშინ უთხრა მას ბერდიდმა:
- აქ არის წმინდა დავითის მიერ ჩვენთვის სასწაულებრივად აღმოცენებული"ცრემლის წყაროა" და ის განგკურნებს.
წმინდა ონოფრემ წმინდა დავითის წყაროს წყალით ხელი დაისველა და სპარსს თვალზე სცხო. წავიდა სპარსი. რამდენიმე დღის მერე დაბრუნდა, თვალი სრულიად განკურნებოდა.

ტყვე.
წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: წარმართებს მრავალი ქრისტიანი ტყვედ შეეპყროთ, ხელბორკილები დაედოთ. ერთი მათგანი მიხვდა, რომ დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს იყვნენ. იმავე ღამეს მხურვალე ცრემლებით შეევედრა წმინდა დავითს. ლოცვისას ხელთაგან ბორკილნი დასცვივდა. ტყვემ ისე გამოიარა მტრის ჯარი, ვერავინ შეამჩნია. კაცი გამოიპარა, მივიდა წმინდა დავითის მონასტერში და მადლობა შესწირა ღირს მამას.

წმინდა ნაწილი.
წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: ყოვლადსამღვდელო კირილე ეპისკოპოსმა, რომელიც დავითის მონასტერში აღიზარდა, ერთხელ, მღვდელმონაზვნობისას, სამონასტრო საქმის გამო სოფელში წასვლა დააპირა. მანამდე კი მივიდა წმინდა დავითის საფლავთან, მხურვალედ ილოცა, ჩაჰყო ხელი საფლავზე გაკეთებულ საევლოგიე ხვრელში, საფლავის მტვრის ამოსაღებად და ხელთ წმინდა ნაწილი მოხვდა. დიდი სიხარულით ამოიღო და არავის უთხრა. გულში განიზრახა, სოფელში წავასვენებ, ვერცხლით შევაკობ და ჩემს მეოხად დავიტოვებო. წმინდა ნაწილი ქარტაში შეახვია და მერე წმინდა მანდილში, ჩაიდო ლოცვის წიგნში და წავიდა სოფელში მხიარული.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ, როცა მოგზაურებმა გზა გაინახევრეს, მცირე სავანე მონახეს დასანაყრებლად. კირილე მათ ცოტათი მოშორდა, ილოცა და სიწმინდე ამოიღო საამბორებლად. მაგრამ როცა ქარტა გაშალა, წმინდა ნაწილი იქ ვეღარ ნახა. შეწუხდა. ქარტა და მანდილი შეკრული იყო და იქიდან წმინდა ნაწილთა დაკარგვა ცხადჰყოფდა"საღმთოსა წამისყოფით მიცვალებასა".
როცა თავის საქმე აღასრულა და მონასტერში გაბრუნდა, ჩავიდა წმინდა დავითის საფლავთან. ის წმინდა ნაწილი ისევ იქ ნახა და იცნო. მაშინ ადიდებდა ღმერთს და წმინდა დავითს ამგვარი სასწაულისთვის.

ბეჭდვა
1კ1