მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა.
მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა.
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებას ადასტურებს მრავალი მაგალითიც ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგომისა.

დიდი მამა იყო წმინდა სვიმონი, გარეჯის წინამძღვარი. მაგრამ ისიც კი, რა თქმა უნდა, არ იყო ბოლომდე სრულყოფილი. როდესაც გარდაიცვალა, ერთი საათის შემდეგ გაცოცხლდა და მაშინვე მთელი თავისი ქონება გარეჯის მონასტრებს გაუყო "საწირავად და სალოცავად სულისა თვისისა". ერთი კვირის შემდეგ, თავისი და მონასტრის საქმე კეთილად რომ განაგო, მიიცვალა მამა სვიმონი.

წმინდა სვიმონის თანამედროვე გახლდათ წმინდა სერაპიონ გარეჯელი. ერთხელ ეკლესიაში მლოცველ მამა სერაპიონთან მივიდა ბერი და აუწყა: - ავადმყოფი ძმა სიკვდილისა პირსაა, ყველა მამა მასთან არის და შენი ნახვა უნდაო. მამა სერაპიონი ზეცად იყო ამაღლებული გონებით და არაფერი მიუგო. ახლა სხვა ბერი მივიდა და თხოვნა გაუმეორა. "წადი, შვილო, და მეც მოვალო". კიდევ დაჰყო ლოცვაში ერთი საათი. ავადმყოფი ძმა მის უნახავად გარდაიცვალა. როცა ლოცვა დაამთავრა, აიღო კვერთხი და მოხუცებულის ნელი ნაბიჯით წავიდა ბერთან. გზად შემოყრილმა მონაზონმა უთხრა: - ტყუილად ნუ დაიღლები, მამაო, მოკვდა ის ძმაო. მამა სერაპიონს ძალზე ეტკინა გული, მიბრუნდა ეკლესიაში, დაემხო ტრაპეზის წინ, "შუბლსა ქვეყანად სცემდა" და მრავლითა გოდებითა იტყოდა, ვითომ თვითონ ყოფილიყო ბერის სიკვდილის მიზეზი. როცა ღვთისგან პასუხი მიიღო, დამშვიდდა და წავიდა მიცვალებულის სენაკში, რომელსაც, წესისამებრ, დასაკრძალავად ამზადებდნენ. შევიდა სერაპიონი "ადუღებულის გულით" და მიმართა სახელით გარდაცვლილ ბერს. გარდაცვლილმა პასუხი გასცა. მამა სერაპიონმა ჰკითხა: - როგორ ხარ, ძმაოო. დიდად ავად ვარ, მამაო წმინდაოო. მამა სერაპიონი ჩაეკითხა: - ქრისტეს მადლით რომ გამოჯანმრთელდე, უკეთესად იცხოვრებ? ბერი დათანხმდა. საოცარი იყო სახილველად. მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა. ერთი წელი კიდევ იცოცხლა, უკეთესად მოღვაწეობდა და წლის თავზე მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1