ეს განსაცდელია, განიკურნები და ამას მთელი მსოფლიო გაიგებს
ეს განსაცდელია, განიკურნები და ამას მთელი მსოფლიო გაიგებს
გთავაზობთ კამარიზის წმინდა ნექტარიოსის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ნექტარიოსის ინტერვიუს. მამა ნექტარიოსი კამარიზში 1965 წელს დასახლდა და შემდგომში მრევლის სიმრავლის გამო გადაწყვიტა, ახალი დიდი ტაძარი აეგო. ეს ამბავიც იმ ხანებში მოხდა. ინტერვიუ ჩაიწერა წმინდა ნექტარიოსის ცხოვრების აღმწერელმა არქიმანდრიტმა ნექტარიოსმა (ზიომბალასი).

მამა ნექტარიოსი: - 1980 წელს ქრისტეშობის შემდგომ დღეებში სულიერი დატვირთვის შემდეგ უძლურება ვიგრძენი და თერაპევტთან წავედი. მან მითხრა: "ნუთუ არ იცით, რომ მკერდიდან ჩირქი და სისხლი გდით?" მეგონა, ეს მეტანიებისგან მჭირდა, თანაც ვფიქრობდი, რომ გაღიზიანებული მქონდა კუჭი. მან სასწრაფოდ მიკრობიოლოგიური გამოკვლევა და რენტგენის გადაღება მირჩია. წავედი კლინიკაში პროფესორ პაპაკონსტანტინოსთან. 2,5 თვის სიცოცხლეღა დაგრჩაო, - მითხრა. ტაძრის მშენებლობა დავიწყე და ამიტომ სხვა საავადმყოფოში წავედი, იქაც იგივე მითხრეს.

- კიბო გქონდათ?

- ფილტვის კიბო. გამაფრთხილეს, რომ გარდაცვალებამდე საქმეები მომეგვარებინა. იქ ერთმა პროფესორმა ჩემს დანახვაზე თქვა: "მამაო, ალილუია, ალილუია". ამან უფრო ცუდად გამხადა. ფერი დავკარგე. მკერდიდან გაზებთან ერთად სისხლი და ჩირქი ამომდიოდა. საშინლად მტკიოდა, ვგრძნობდი სიკვდილის მოახლოებას.

მივედი წმინდა ნექტარიოსის ხატთან. შევევედრე: "ეს რა არის, წმინდაო ნექტარიოს? მუხლჩაუხრელად ვშრომობ. განა არ შეგიძლია, ქრისტეს უთხრა, რომ მაცოცხლოს? მაშ, რატომ მითხარი, ეკლესია ამეშენებინა (მანამდე წმინდა ნექტარიოსი რამდენჯერმე გამოეცხადა მას და უთხრა: "სახლი ამიშენეო")? შენ კი რას აკეთებ? მაგრამ, დაე მოვკვდე".

ამის შესახებ გაიგო ხალხმა, მორწმუნეებმა იწყეს ლოცვა, ტირილი. ესეც ვუთხარი წმინდანს: "გამომაჯანმრთელე, რათა ტაძარი დავასრულო, წმინდა ტრაპეზთან აღვასრულებ წმინდა ლიტურგიას და მერე თუნდაც მოვკვდე".

მერე წავედი დამკრძალავ ბიუროში: "სიკვდილისთვის მინდა ყველაფერი მოვამზადო, გამიკეთეთ კუბო, ზემოდან გამჭვირვალე, რათა ამბორი არ შეზიზღდეთ".

მოვიდნენ ჩემი ახლობლები, და-ძმები და გაბრაზდნენ წმინდა ნექტარიოსზე. რატომ გვართმევ ძმასო, ყვიროდნენ. ძმებმა პირეაში სხვა ექიმებთან წამიყვანეს. იქ ერთმა უთხრა, - რატომ ტანჯავთ, მშვიდად სიკვდილი აცალეთო. შემდეგ ცენტრალურ სახელმწიფო საავადმყოფოში წამიყვანეს. ბოლოს ერთმა პროფესორმა თქვა: "მაისის ბოლომდე თუ არ მოკვდება, ორ ივნისს მომიყვანეთ და ოპერაციას გავუკეთებო".

ძალზე ვიტანჯებოდი იმ დღეებში, გაჭირვებით, ძლივსღა დავდიოდი. უეცრად კარების ხმა გავიგე და დარაჯს ვთხოვე: წადი, ნახე, გაიგე, რა უნდა! ცნობისმოყვარეობისგან ფარდა გავწიე. უცნობი მოძღვარი იყო, ანაფორითა და სკუფიით. მოვიდა დარაჯი და მეუბნება: - ჩემო მამაო, ის მონაზონი ჩვენს ხატზე დახატულ წმინდანს ჰგავსო. მივხვდი, ამას ჩემს სანუგეშოდ ამბობდა.

- გმადლობ, ქალბატონო სოფია, ზრუნვისთვის, დედასავით მივლი.

უცნაური "სტუმარი" ქვედა ტაძრის კანკელთან მივიდა, აიღო სანთელი და აანთო, ემთხვია ქრისტეს, ღვთისმშობლის, ნათლისმცემლის ხატებს. უეცრად კითხულობს:

- მოძღვარი აქაა?

- არა, - ეუბნება დარაჯი, - გრიპით არის ავად და შინაა. დავუძახო სამრევლო მღვდელს, რომ მოვიდეს?

- არა, არა, - თქვა მან, - მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ, - და წავიდა (ახლოვდებოდა 1980 წლის აღდგომა).

ყველაფერ ამის მხილველი იყო აგიოგრაფი ელენე კიტრაკი. მან გახარებულმა მოირბინა ჩემთან და მითხრა:

- მამაო, თვით წმინდა ნექტარიოსი იყო აქ და წავიდა.

რადგანაც ისინი დაჟინებით ამბობდნენ ამას, ვუთხრი:

- წადით და უკან დააბრუნეთ.

თითქოსდა დამარწმუნეს ქალებმა, გაჭირვებით ავდექი, მივედი ჯვარცმასთან და ვუთხარი უფალს: - ქრისტე ჩემო, ან განმკურნე, ანდა წამიყვანე, რადგან მეტი აღარ შემიძლია-მეთქი.

მოირბინეს ქალებმა:

- მოვიდა, მამაო, ბერი მოვიდა.

გაჭირვებით მივუხლოვდი და შევეცადე, ხელზე ვმთხვეოდი, მაგრამ ნება არ მომცა, დაიხარა და ხელზე მაკოცა. მე დაჟინებით მივაჩერდი და ვუთხარი:

- მამაო, დარაჯმა იცრუა, გრიპი კი არა, კიბო მაქვს, გევედრები, ჯვარი გადამსახე (მამა ნექტარიოსი ატირდა).

უეცრად ვეუბნები:

- სახით წმინდა ნექტარიოსის ხატს გჰავხარ.

გაეღიმა.

მხნეობა მოვიკრიბე, ხელი ჩავჭიდე და ვეუბნები:

- არ გაგიშვებ, ვიდრე არ მეტყვი, გამოვჯანმრთელდები თუ არა. მზად ვარ, აღსარება ვთქვა (მე აღსარებას მამა სიმონს ვაბარებდი).

თვალთაგან ცრემლები წამსკდა. რაღაცა მითხრა, მაგრამ ვერ გავიგე. მომეხვია. აღვფრთოვანდი და მეც მინდოდა მოვხვეოდი. თუმცა თავიდან ვფიქრობდი, რომ უსხეულო იყო, აღმოჩნდა, რომ ხორცნი ესხა. ხელი გამოვართვი, შუბლით შევეხე ჩვეულებისამებრ და მაშინ კი სიცარიელეს "ჩავეკონე". მხოლოდ ახლა მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ქალები გაოცებულნი მიცქერდნენ. მას მაშინვე ვუთხარი: "წავიდეთ მუზეუმში, ვნახოთ რა გვაქვს იქ".

წავედით. უეცრად ჯიბიდან ამოიღო სათვალე, რომელიც მსგავსი იყო წმინდა ნექტარიოსის იმ სათვალისა, რომელიც ეგინელი მონაზვნისადმი მიძღვნილ მონასტერში ინახება. უცნაური რამ იყო. ის მაშინვე ემთხვია თავის წმინდა ნაწილებს. ჩვენ გადავხედეთ ერთმანეთს. კიდევ მივედი მასთან და ვკითხე:

- მამაო, სად ცხოვრობ?

მან ჭერზე მიმითითა:

- ჩემი სახლი მზად არ არის და გუნება მაქვს გაფუჭებული (იგულისხმა ზედა ტაძარი).

- მითხარი, მოვკვდები თუ ვიცოცხლებ? - ვკითხე.

- განსაცდელია, შვილო ჩემო, - მომიგო.

ვხედავდი, რომ წასვლა უნდოდა. კვლავ მივმართე:

- გთხოვ, გევედრები, თუ გამოვჯანმრთელდები, მითხარი, რომ გავითვალისწინო.

KARIBCHEის ქრისტეს ხატთან მივიდა. მე კვლავ ვივმართე - მამაო-მეთქი. მან კი მიპასუხა: "ჰო, შვილო ჩემო ნექტარიოს, გულს ნუ გაიტეხ, ეს განსაცდელია, განიკურნები და ამას მთელი მსოფლიო გაიგებს".

კარები დაიკეტა და წავიდა. დაბნეულები ვიდექით.

- გაჰყევით, - ვუთხარი ქალებს, - ნახეთ, სად წავა.

მათ დაინახეს, რომ ის ავტობუსის ბოლო გაჩერებასთან მივიდა. შევიდა ავტობუსში. ბუნებრივია, ყველამ მიაქცია ყურადღება. ხალხმა შეამჩნია, რომ ის ჩვენი ტაძრიდან მოდიოდა. როცა ავტობუსი ლავრაში ჩავიდა და გაჩერდა, ის გაუჩინარდა. გამოდის, რომ ბილეთიც იყიდა? შემთხვევით ის კამარიზის სათემოს უფროსმაც ნახა.

მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობა არ გამომიკეთდა. აუტანელი ტკივილები ორი თვე გრძელდებოდა. ბოლოს დადგა 1880 წლის 2 ივნისი, დღე, როდესაც წმინდა საბას საავადმყოფოში საოპერაციოდ უნდა მივსულიყავი. ჩემს გასაცილებლად მოვიდნენ ხმელთაშუა ზღვისა და ლაკრიის მიტროპოლიტი და სხვანი. ხალხი ლოცვით შემეწეოდა. ავიღე სუდარა, წმინდა ნექტარიოსის ხატთან მივედი და ვუთხარი:

- წმინდაო, რატომ არ ისწრაფე ჩემს დასახმარებლად, მე მივდივარ, გევედრები, მოდი ჩემთან. მინდა უკან დავბრუნდე, რათა განვაგრძო ცხოვრება და კუბოში არ ჩავწვე. მინდა, რომ საკუთარი ფეხით დავბრუნდე (მამა ნექტარიოსი კვლავ ტიროდა) და როცა დავბრუნდები, მოწყალებას შევაგროვებ და ვერცხლით მოვაპერანგებ შენს ხატს.

ჩვენ ყველანი წავედით წმინდა საბას საავადმყოფოში. იქ მაშინ რექტორი იყო ბატონი პაპაკონსტანტინოსი, მორწმუნე კაცი. მიტროპოლიტმა მას უთხრა:

- გაბარებთ ჩემს მღვდელს, უთხარით ექიმებს, გაუფრთხილდნენ მას, რადგან მისი სიკვდილი აატირებს ქვრივებს, ობლებს, პატიმრებსა და გატანჯულ ხალხს, რომელთაც ის შემწედ და შუამდგომლად ჰყავთ ლავრაშიო.

რექტორმა უპასუხა:

- არ არის საჭირო, თქვენო მაღალმეუფებავ, პროფესორების შეწუხება, ორმა მათგანმა ყველაფერი გააკეთა.

- ვინ ორმა? - ჰკითხა მეუფემ.

- წმინდა ნექტარიოსმა და მამა ნექტარიოსმა.

სიცოცხლე შემმატა მოსმენილმა.

- თუ იცოდა რექტორმა, რაც შეგემთხვა?

- არა (აქედან ჩანს, რომ ამ დროს ღმერთი მოქმედებდა თავისებურად).

დამაწვინეს საკაცეზე და წამიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში. ამ დროს დედაჩემის სულს დავუწყე ვედრება, რომ ჩემს დასახმარებლად მოსულიყო. დრამატული წამები გახლდათ.

- მე მოვალ შენს შესახვედრად, დედა. დამეხმარე, მე ხომ ეკლესია ჯერ არ ამიშენებია.

ჩემს წინ ნიღბიანი ექიმები იდგნენ.

ანესთეზიოლოგმა მითხრა:

- მამაო, დაგაძინებ, მაგრამ თუ ვერ გაიღვიძებ, შენი სულისთვის მე ხომ არ მომეკითხება?

- არა, - ვუპასუხე, - შევევედრები ჩემს საკუთარ "პროფესორს", რომ აქ მოვიდეს და ვთქვი: "წმინდაო ნექტარიოს, სასწრაფოდ მოდი, დანები უკვე გამზადებულია "დასაკვლელად". გევედრები, სასწრაფოდ მოდი. როცა მოხვალ, მარტო ნუ იქნები, გევედრები, ჩაუარე ჯოჯოხეთს, ამოიყვანე იქიდან დედაჩემის სული და თავის შვილთან მოიყვანე, რამეთუ სული დედაჩემისა ეთაყვანებოდა შენს სულს და ჩემს გადარჩენას გევედრებოდა". ამ დროს ნარკოზისგან თავბრუ დამეხვა. უეცრად ვიგრძენი, რომ ვიღაცის ნაზი ხელი მეფერება. დედა მოვიდა.

- გმადლობ, დედიკო. ძალზე მსიამოვნებს შენი ალერსი, მახსოვს, როგორ მეფერებოდი პატარაობისას. მე შენი მადლიერი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხვედი. გმადლობ, ჩემო ტკბილო დედიკო.

- ეს ნათქვამი სხვებსაც ესმოდათ?

- დიახ. ამის მერე მოძღვრის ხმა გავიგე: "ჩემო შვილო, მე დედაშენი კი არა, წმინდა ნქტარიოსი ვარ და ახლა ღვთის საყდრიდან ამოვედი, რათა ქრისტესგან გაუწყო, რომ ჩვენ შენი ოპერაციის ნებას არ მივცემთ. ჯანმრთელი იქნები, ჩემო შვილო, სასწაული მოხდება და ამის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს!"

რამდენიმე საათის მერე გამეღვიძა, ვიწექი საავადმყოფოს სალონში და არა პალატაში, რადგან ცოცხალი გადავრჩი. ჩემს წინ ხალხი იდგა. მე ცნობისმოყვარეობით ვითვალირებდი სხეულს, სად გამჭრეს-მეთქი. ეტყობა, ეს ექიმებმა შეამჩნიეს და მითხრეს:

- ნუ წუხხართ. წმინდა ნექტარიოსმა თქვენი გაჭრის ნება არ მოგვცა. მოვიდა პროფესორი, რომელმაც თავს იდო თქვენი ოპერაცია, ყურადღებით გაგსინჯათ, მერე კი სპეციალური ლინზა გაიკეთა და ნახა, რომ სიმსივნე, რომელიც თქვენს ფილტვებზე იყო მოდებული, გამოვიდა, გარეთ გამოჟონა, - მთლიანად შავი, განავლის სახით. ახლა აღარ გჭირდებათ ოპერაცია, კიბო უკვე აღარ გაქვთ. აბა, ყველას ჯვრის ნიში გამოგვსახე.

სასიხარულო ამბავი ყველგან გავრცელდა. რადგანაც ბევრი ლოცულობდა და ელოდებოდა აქ. ტაძარში როცა შეიტყვეს, სიხარულისაგან ზარების რეკვა დაიწყეს. გაჭირვებით გადმოვედი მანქანიდან, ხელთ სამედიცინო დასკვნა მეპყრა. ძვალი და ტყავიღა ვიყავი. დამეხმარნენ, რომ მუხლი მომეყარა ქვედა ტაძრის შესასვლელში. კარების ფართოდ გაღებისა და ზარების რეკვის შეწყვეტა ვითხოვე. თვალი მოვკარი წმინდა ნექტარიოსის ხატს და შევღაღადე: - მამაო, შენი შვილი დაბრუნდა-მეთქი (ამ დროს მამა ნექტარიოსი კვლავ ატირდა, თითქოს კიდევ ერთხელ განიცადა ის წამები), მაგრამ დაბრუნდა არა კუბოთი და კატაფალკით, გულზე ხელებდაწყობილი, არამედ საკუთარი ფეხით. გევედრები, გამოდი ჩემს სანახავად. მოდი და განახებ, როგორი დიპლომი (ექიმის დასკვნა) მომცეს. დამადგინე შენს ტაძარში, რათა საქმე ბოლომდე მივიყვანო. მოდი ჩემთან, მინდა, რომ მაგრად მოგეხვიო ჩემი განკურნებისთვის. მოდი, ჩემო დიდებულო წმინდანო. გმადლობ შენ, მიიღე ჩემგან მდაბალი მადლობა, მე კი მოწყალებას შევაგროვებ შენი ხატის ვერცხლის პერანგისთვის.

ძლივს მივედი ხატამდე და დავდე ექიმის დასკვნა. ძნელია იმის აღწერა, რა ხდებოდა მრევლში და იქ მყოფ ხალხში. სადიდებელი და სამადლობელი პარაკლისი აღვუვლინეთ ღმერთსა და წმინდანს.

როგორც ცნობილია, შემდგომში აშენდა ტაძარი და ყველაფერი, რაც აქ არის და თუმც მხოლოდ ერთი ლიტურგიის ჩატარების ნებას ვითხოვდი, მან მე, აი, უკვე 19 წლის სიცოცხლე მომცა. საამისოდ დილიდან საღამომდე ვშრომობდი კიბოთი და სხვადასხვა სნეულებით და პრობლემებით მოცულ გარემოში და შემეძლო მომესმინა, თანამეგრძნო, მერჩია.

ჩვენმა წმინდა მამამ აქ ახალი სილოამის საბანელი მოაწყო. მოდიან სნეულები, უძლურები და კურნებას პოვებენ.

შემდგომში ზოგიერთმა ოჯახმა ეს გამოსახულება კედელზე დაკიდა. ესაა მომენტი, როცა წმინდანმა საავადმყოფოში მომინახულა.

...თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა მივატოვე დედა, და-ძმები, მაშინ არაფერი ვიცოდი მონაზვნური ცხოვრებისა. მე შემეწია ღმერთი და წმინდა ნექტარიოსი. 15 წლისამ (1944წ.) მუხლი მოვიყარე წმინდანის საფლავთან და ბავშვური სიჯიუტით ვუთხარი: "წმინდაო ნექტარიოს, მე ვირწმუნე, რომ წმინდანი ხარ, მითხარი, მღვდელი გავხდები თუ არა?" ერთ მომენტში, როცა თავი მარმარილოს ფილაზე მქონდა დადებული, ხმა მომესმა: "მღვდელი იქნები და ჩემს სახელს აიღებ!" მართლაც, მან ამის ღირსი გამხადა. ყველა წმინდანი მიყვარს, მაგრამ წმინდა ნექტარიოსთან ბავშვობიდანვე დიდი ისტორიული "კავშირი" მაქვს.

იგი მამა ნექტარიოსია, ჩემი შუამდგომელი, ჩემი დედა, ჩემი მამა, ჩემი ექიმი, რომელსაც მძიმე წუთებში მივმართავ. ხალხი ამბობს: "მოძღვარი წმინდანს ესაუბრება". მართლებიც არიან. მივდივარ ხატთან და ვეუბნები: "ამას ეს უნდა, იმას - ის, გევედრები, გამოაჩინე მადლი და წყალობა. ქენი, რომ მართლაც სასწაულმოქმედი ხარ". სხვა ავადმყოფი მოვა და ახლა იმისთვის ვეუბნები: "მოდი, ჩემო საყვარელო მამაო, ქენი მადლი, ხომ გესმის? თუ შენ არ გააკეთებ, რასაც შეგთხოვ, მაშინ მე წავალ..."

ყურებში, ტვინში ჩვეულებისამებრ მესმის ხოლმე: "რაო, შვილო, რას მსაყვედურობ, განა მე შენ მუდმივად არ გეხმარები?"

აი, ამგვარად ვესაუბრები, როგორც შვილი მამას... ერთხელაც წმინდა ნექტარიოსმა მითხრა, რომ დავთანხმდე, კუბო სამრეკლოს ძირში გამიმართონ, მაგრამ უარი ვუთხარი. ვევედრები მას, რომ მემკვიდრე მაპოვნინოს. აქ ყველაფერი გამზადებული და აშენებულია, ქვემოთ მუზეუმი არის. ასე რომ, მოვიდეს ისეთი მემკვიდრე, რომელიც ყვლაფერს შეინარჩუნებს და განაგრძობს ამ სულიერ საქმეს, რომელიც სისხლის დათხევითა და დაძაბული შრომით აღსრულდა.

გევედრებით, აღავლინეთ ჩემთვის ლოცვა წმინდა ტრაპეზის წინაშე.
ბეჭდვა
1კ1