საკვირველი ნათება იმდენად კაშკაშა იყო, რომ რამდენიმე ასეული მეტრი ტაძრის გარშემო დღესავით ჩანდა
საკვირველი ნათება იმდენად კაშკაშა იყო, რომ რამდენიმე ასეული მეტრი ტაძრის გარშემო დღესავით ჩანდა
წმინდა სტეფანე დეჩანელის სასწაულები
წმინდა მეფე სტეფანე სერბთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. იგი გახლდათ ქტიტორი უფლის ამაღლების სახელობის მაღალი დეჩანის მონასტრისა, სადაც მისი წმინდა ნაწილები განისვენებს. დეჩანის მონასტერი მეტოქიაში მდებარეობს და ყოველთვის მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის გალავნის კედლები თურქებმა მრავალგზის დაანგრიეს, მაინც შემორჩა მე-14 საუკუნის ეკლესია თავისი დიდებული ფრესკებით. დეჩანის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ სერბეთში და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ჯარების შეჭრის მერე კოსოვოსა და მეტოქიაში, მტრულ მუსლიმანურ გარემოში, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა, მონასტერი ახლაც იზიდავს მონაზვნური ცხოვრების მოსურნეებს.

თურქთაგან დაიცვა. კოსოვოს ტრაგიკული ომის მერე თურქნი მგლებივით მოედვნენ სერბეთს, ძარცვავდნენ და ხოცავდნენ ხალხს. მრავალი სერბი ტყესა და მთაში გაიხიზნა. არაერთი მიდიოდა დეჩანის მონასტერში და წმინდა მეფის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა.

ერთხელ სავანეში განსაკუთრებით ბევრი ხალხი შეიკრიბა. ღამით მონასტრის ძმები კელიებში წავიდნენ. სიჩუმე ჩამოწვა. უეცრად მონასტრის გალავანს თურქები მოადგნენ, შემოამტვრიეს კარები და ღრიანცელით შემოიჭრნენ შიგნით. მტერი საცაა ეცემოდა უმწეო ხალხს, რომ უეცრად თურქების ფეხქვეშ მიწა იძრა, ცა ელვამ გაანათა და საშინელი მეხთატეხა ატყდა. ამ ამბის მოწმეთ ეგონათ, ქვეყნის აღსასრული დადგაო. თურქებიც და სერბებიც შიშმა მოიცვა.

ყველაფერი ისე უეცრად დამთავრდა, როგორც დაიწყო. მერე კი ტაძარი გაბრწყინდა. სინათლე მთელ მონასტერში და მის გარშემო დაიღვარა. საკვირველი ნათება იმდენად კაშკაშა იყო, რომ რამდენიმე ასეული მეტრი ტაძრის გარშემო დღესავით ჩანდა. ტაძრის კარები ხმაურით გაიღო და გამოჩნდა ოქროსფერი სამოსით მოსილი თეთრწვეროსანი წმინდა მეფე. მარჯვენაში ჯვარი ეპყრა. გარშემო შუბოსნები ედგნენ. ერთმა მხედარმა განაშიშვლა მახვილი და მეფის მარჯვენით დადგა. იგი გახლდათ კოსოვოს ომის გმირი მილოშ ობილიჩი. წმინდა მეფემ ოთხივ კუთხივ ყველას ჯვარი გადასახა, მერე კი თურქებს მიმართა:

- წარვედით, ცოდვილნო, აქედან, დაგვანებეთ თავი მე, ჩემს ხალხსა და მონასტერს.

ჩვენება გაქრა. ეკლესიის კარები დაიხურა და სინათლეც მიილია. ტაძრიდან კი საკვირველი გალობა მოისმა: "აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი". შეძრწუნებული თურქები მონასტრიდან გაიქცნენ.

როგორ გადაარჩინა ტაძარი წმინდა სტეფანემ. თურქთა ხუთსაუკუნოვანი ბატონობის დროს მტერმა სერბეთში ბევრი ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. დეჩანის მონასტრის ამაღლების სახელობის ტაძრის მეჩეთად ქცევაც უნდოდათ. ამიტომ დეჩანში უამრავი თურქი ჯარისკაცი, საერო და სასულიერო ხელისუფალი ჩამოვიდა. სერბთა აღშფოთებისა ეშინოდათ, ამიტომ ჯარისკაცები მონასტრის გარშემო განალაგეს, ხოლო სამრეკლოში, მონასტრის კარებთან ტყვია-წამალი დაალაგეს. სარდალმა იხმო მონაზვნები და ისლამის მიღება შესთავაზა. უარის შემთხვევაში უნდა გასცლოდნენ სავანეს. იღუმენმა და ძმებმა უარი უთხრეს დამპყრობთ, ცრემლმორეულნი ევედრებოდნენ, ოქროს სთავაზობდნენ - ოღონდ მონასტერში დარჩენის ნება მიეცათ. თურქებმა ბერები განდევნეს მონასტრიდან და მათ სავანის ზემოთ, ხეობას შეაფარეს თავი. თურქებმა სამრეკლოზე ნახევარმთვარე და ვარსკვლავი დაამაგრეს. იმავე სიმბოლოს აღმართვა სურდათ ტაძრის გუმბათზეც, მაგრამ სიმაღლის გამო მაშინ ვერ შეძლეს და სხვა დროისთვის გადადეს.

მონაზვნების განდევნის შემდეგ მონასტერში წმინდა სტეფანეღა დარჩა.

თურქებმა გადაწყვიტეს, ეკლესიის მეჩეთად გადაქცევის ცერემონია პირდაპირ აღსავლის კარების წინ ჩაეტარებინათ. ტაძრის გარშემო დიდებული ხალიჩები დაფინეს. შუაში ადგილი სამხედრო ხელმძღვანელობამ და დიდებულებმა დაიკავეს. თურქთა სასულიერო ხელმძღვანელობას კი მთავარ შესასვლელთან გამოუყვეს ადგილი. როცა საყვირებმა და დაფდაფებმა ზეიმის დაწყება აუწყეს, მხიარული თურქი სამხედროები მონასტრის ეზოში შევიდნენ. სასულიერო პირებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად იძრა მიწა. წმინდა გიორგის სარკმელთან ლომის ქვის ქანდაკება ჩამოვარდა, ყადის დაეცა და გასრისა. მისი სისხლი გარშემომყოფთ შეესხათ. იმავდროულად გასკდა სტოას კამარა და წმინდა სტეფანესა და დედოფალ ელენეს საფლავებს შორის მდებარე მარმარილოს ფილები. ნაპრალებიდან ამოვარდნილი ცეცხლი მოედო ტაძარს და მოსწვა თურქნი. საშინელი ქარიშხალი ამოიჭრა, რომელსაც კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი მოჰყვა... მეხი დაეცა სამრეკლოზე ნახევარმთვარეს და ცეცხლი გაუჩნდა ტყვია-წამლის მარაგს. საშინელმა აფეთქებამ დაანგრია სამრეკლო და სამეფო კარავი. ადიდდა მდინარე ბისტრიცა. ნაპირებიდან გადმოხეთქილმა წყალმა უამრავი თურქი მოწყვიტა. მთავარსარდალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ პეჩში შესვლისას მოკლა კაპიტანმა დუკაჯინაცმა და სამაგიერო გადაუხადა იმ ბოროტი განზრახვის გამო. თურქებმა ის წმინდანად გამოაცხადეს, მის საფლავზე აკლდამა ააგეს და კანდელი აანთეს. მაგრამ ამ მხარის განთავისუფლების მერე, 1912 წელს, სერბებმა აკლდამა დაანგრიეს.

თურქები მოგვითხრობენ. 1934 წელს დეჩანის მონასტერში ერთი ნოვიპაზარელი სერბი მოვიდა წმინდა მეფისთვის თაყვანისსაცემად იმ სასწაულების გამო, რომლის შესახებაც მცირე აზიაში თურქთა ტყვეობისას მოისმინა. ერთ ღამეს დეჩანში მდგარი თურქეთის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი პოსტზე იდგა. ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო, ყველას ჩასძინებოდა. თურქებს ჩერნოგორიელთა თავდასხმისა ეშინოდათ. უეცრად გამოჩნდა თეთრწვერა მოხუცი, თურქს მიუახლოვდა და ალერსიანად უთხრა: "ნუ გეშინია, აქ თავს არავინ დაგესხმებაო". და უჩინო შეიქმნა. თურქმა გაიფიქრა, ან მომეჩვენა, ანდა გავგიჟდიო, ამიტომაც არავის არაფერი უთხრა. მეორე ღამეს დარაჯად სხვა თურქი იდგა. მოხუცი მასაც გამოეცხადა და იგივე სიტყვები უთხრა. მესამე ღამეს ბერიკაცი კიდევ ერთ დარაჯს გამოეცხადა და უთხრა: "ნუ გეშინიათ, ეს წმინდა ადგილია, აქ ღმერთი დაგიფარავთო!" მესამე ჯარისკაცი ჩაფიქრებული დადიოდა. მიხვდა, რომ უჩვეულო რამ შეემთხვა. პირველმა დარაჯმა ჰკითხა, რა დაგემართაო. დიდხანს არ სურდა გამხელა, ბოლოს პირობა ჩამოართვა, - გეტყვი, ოღონდ არ დამცინოო. მოუყვა ყველაფერს. მეც იგივე ვიხილეო, - უთხრა პირველმა. მათ მეორე დარაჯმაც დაუდასტურა ნანახი. ამ მოვლენამ და ადგილობრივ ალბანელთა მონათხრობმა დაარწმუნა თურქები, რომ მათ წმინდა მეფე სტეფანე ეცხადებოდათ.

დაკრუნჩხული ალბანელის განკურნება. 1934 წელს მონასტერში ერთი დაკრუნჩხული ალბანელი მოვიდა და მამებს სთხოვა, ჩემთვის ილოცეთ წმინდა მეფის საფლავთანო. ლოცვის წაკითხვის მერე ალბანელი გაჭირვებით გაძვრა ლუსკუმის ქვეშ. მეორე გაძრომის მერე შვება იგრძნო. მესამედაც გაძვრა და წელში გამართულმა ისე გაიარა, თითქოს წელი არასოდეს სტკიებოდა. სრულიად ჯანმრთელი წავიდა მონასტრიდან. შემდგომში, ყოველთვის, როცა ლუსკუმის ქვეშ გაძვრებოდა ხოლმე, ალბანელი ჯვარს ისახავდა და მიუხედავად მუსლიმანობისა, სიღრმით გულისათ ამოიძახებდა:

- წმინდაო სტეფანე, შემეწიეო!

ალბანელი გოგონას განკურნება. 1938 წელს 15-16 წლის ალბანელი სნეული გოგონას საკვირველი კურნება მოხდა. სრულიად პარალიზებული მონასტრის კარებთან მარხილით მოიყვანეს, ხელით შეიყვანეს ეკლესიაში და წმინდა სტეფანეს საფლავთან დააწვინეს. ერთმა მღვდელმა ლოცვა წაუკითხა, სხეულზე კი წმინდანის ლამპრის ზეთი სცხო. გოგონა განკურნებული წამოდგა და მღვდლის დახმარებით თავის მარხილთან მივიდა.

ერთგულებაში გამოცადა. დეჩანელმა ალბანელმა ცან სადიკმა არქიმანდრიტ ლეონტის მოუთხრო, რომ ერთ ღამეს წმინდა სტეფანე იხილა. ეს მოხდა 1897 წელს, მარიამობამდე ცოტა ხნით ადრე: "მამაჩემი სადიკი და ბიძა რეძა მაღალ დეჩანს იცავდნენ და მუდმივად მონასტერში იმყოფებოდნენ. სადიკი ოჯახში ყველაზე უფროსი იყო და ამიტომაც მონასტერში დიდ დროს რეძა ატარებდა. მე მოზრდილი ვიყავი და რეძასთან ერთად ხშირად ვრჩებოდი მონასტერში ღამის გასათევად. ჩვენ ერთად ვდარაჯობდით, რათა საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დავხმარებოდით. ასე გადაწყვიტა მამაჩემმა. იმ ღამეს მე და ჩემი ნათესავი რეძასთან ვიყავით. ნავახშმევს ოთახში ვისხედით და ბიძაჩემს ვუსმენდით. ნათელი მთვარე ანათებდა. უეცრად ჭრიალი გავიგონეთ - თითქოს ეკლესიის დასავლეთი კარები გაიღოო. ბიძაჩემმა თხრობა შეწყვიტა, ჩვენ სარკმელთან მივირბინეთ, საიდანაც ტაძარი და ეზო მოჩანდა. რეძამ გვკითხა, - შადრევანთან ხომ არაფერს ხედავთო.

ოქროსფერსამოსიან თეთრწვერა ბერიკაცსო, - მივუგეთ.

ბიძაჩემმა მიბრძანა, თოფი აიღე და დაბლა სანახავად ჩადიო. ბერიკაცი ჭასთან იდგა და ჯვარს გვსახავდა. როცა მივუახლოვდი და მისალმების ნიშნად ხელი გავუწოდე, უცნობი უჩინო შეიქნა. მერე კვლავ გავიგონე კარის ჭრიალი, თითქოს დაიკეტაო.

შეშინებული ბიძაჩემთან გავიქეცი. ის კი რაღაცას ბუტბუტებდა, ეტყობა, ლოცულობდა. როცა ლოცვა დაამთავრა, მოვუყევი, რაც ვიხილე და გავიგონე. მან შემოგვხედა და გვითხრა:

- მეც ყველაფერი დავინახე და გავიგონე. ის წმინდა მეფე იყო. რაღაც მოვლენის წინ მან ჩვენი ერთგულება გამოცადა. ევედრეთ ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდესო.

ბიძაჩემის წინათგრძნობა მალე გამართლდა. წმინდა მეფის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის მერე მარიამობა დადგა. უამრავი ხალხი მოვიდა, მაგრამ შარშანდელივით ვერ მხიარულობდნენ. წინა დღეს ავაზაკთა ბანდის მეთაური ძმითა და ორი მეგობრითურთ მოვიდა. მისმა გამოჩენამ დააფრთხო ხალხი. რეძამ სადილსა და ღამის გათევაზე უარი ვერ უთხრა. 30 ოქროს თუ მომცემთ, მონასტერსა და ხალხს ხელს არ ვახლებო. ბიძაჩემი შავ დღეში აღმოჩნდა, მაგრამ ახსოვდა ხალხური სიბრძნე: "ყველაფერი გავცეთ ღირსების გულისთვის, ხოლო ღირსება - არაფრის გულისთვის". რეძა რჩევისთვის არქიმანდრიტ იოანიკესთან მივიდა. გადაწყვიტეს: მომხვდურნი წირვის მერე მონასტრის წინ დაეხოცათ. იმავე ღამეს მონასტერში 30-მდე შეიარაღებული მამაკაცი მოვიდა.

მეორე დღეს, წირვის მერე შინ წასასვლელად გამოსული ხალხი კარებთან იარაღმომარჯვებულმა თურქებმა შეაჩერეს და ფული მოსთხოვეს. რეძამ ძმასა და ნათესავებს უთხრა: - წადით და ფული მოუტანეთ, იქნებ თავი დაგვანებონო. მერე ავაზაკს მიუბრუნდა, - წავალ და მოგიტან, რასაც ითხოვო. მალე დაბრუნდა ხელსახოცში გახვეული სპილენძის ფულით და ავაზაკს დაუყვირა: - აიღე ხელსახოცი და გახსენიო!

იმ მომენტში, როცა ავაზაკი ფულის ასაღებად დაიხარა, გაისმა სამი გასროლა და იგი მკვდარი დაეცა. მონასტრის კარებთან დახოცეს ავაზაკის ძმა და მეგობარი. ამ შეტაკებაში დაიღუპა სადიკი, რეძა კი ფეხში დაიჭრა და მთელი სიცოცხლე კოჭლობდა.

ასე ვიცავდით მაღალ დეჩანს და წმინდა მეფეს და ამიტომაც გამოგვეცხადაო", - დასძინა ცან სადიკმა.

სასჯელი ქურდებს. ალბანელმა ბილალ რუსტომ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იცავდა დეჩანის მონასტერს, არქიმანდრიტ ლეონტის უთხრა: - წმინდა მეფის გარეშე მონასტრის დაცვას ვერ შევძლებდით. ის თვითონ იცავდა დეჩანს, ჩვენ კი მისი მსახურები ვიყავით და მის ნებას აღვასრულებდითო და დასძინა: თურმე ორმა ძმამ მონასტრის ბოსლიდან მოიპარა ორი ხარი და თავიანთი სახლების ახლოს დააბა. დარაჯმა ყველგან ამაოდ ეძება. როცა ხარების პოვნის იმედი დაკარგეს, წმინდა სტეფანემ ქურდები თვითონ მოიყვანა მონასტერში, რათა დანაშაული ეღიარებინათ. ერთხელ, დილით, როცა ძმები ცისკარს ლოცულობდნენ, გალავნის კარზე ბრახუნი ატყდა და სასიკვდილოდ განწირული ცხოველების ბღავილი მოისმა.

მცველებმა კარი გააღეს. ყველას გასაკვირად, ორი გონმიღებული ალბანელი იხილეს, ღმუოდნენ, კარებზე აბრახუნებდნენ და მონასტერში შეშვებას ითხოვდნენ. მცველმა იცნო ისინი: - წმინდა მეფემ მოიყვანა ისინი, რათა თვითონ ეღიარებინათ ხარების ქურდობაო.

მან ქურდების სახლებიდან ხალხს ხარები მოაყვანინა. ჭკუიდან გადასული ალბანელები კი ტაძარში შეიყვანეს და ლოცვა წაუკითხეს. შეიწყალა ისინი ღმერთმა და ორივეს გონება დაუბრუნდა.
ბეჭდვა
1კ1