რატომ ახსენებთ ღვთის სახელს? თქვენ ხომ სრულიად არ გაინტერესებთ საღმრთო საკითხები
რატომ ახსენებთ ღვთის სახელს? თქვენ ხომ სრულიად არ გაინტერესებთ საღმრთო საკითხები
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
* 1910 წელს პოჟარევცეს ახლოს მოხდა საოცარი ამბავი, რომელიც სულის უკვდავებას მოწმობს. ქალაქის მეზობლად არის სოფლები: პატარა ცრნიჩი და კულა. იმ წლის ზაფხულში ცრნიჩელი სტეფანი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთი დღე-ღამის მერე ცხედარი სასაფლაოზე წაასვენეს. სამარე უკვე გათხარეს. დაკრძალვის პროცესი გაჭიანურდა. ქალები დასტიროდნენ. როცა სასაფლაოს მიუახლოვდნენ, მკვდარი სტეფანი ცოცხალივით ერთიანად შეირყა. იქ მყოფთ შეეშინდათ, გაიქცნენ. სტეფანი კუბოდან წამოდგა და შინ დაბრუნდა. ყველა ეკითხებოდა, რა დაგემართაო. სტეფანმა ყველაფერს დაწვრილებით მოჰყვა. ის მართლაც გარდაიცვალა. იმ ქვეყანაში მიმავალმა მისმა სულმა მიაღწია ერთ ადგილს, რომლის იქით წასვლა აუკრძალეს. მერე კი ვიღაცის მბრძანებლური ხმა მოესმა: "ცრნიჩელი სტეფანი კი არა, კულელი სტეფანი მოიყვანეთო". ამის მერე სული დაუბრუნდა სხეულს.

ცრნიჩელებმა მაშინვე გაგზავნეს კაცი კულაში, მართლაც თუ ცხოვრობდა იქ ვინმე სტეფანი. შიკრიკმა ამბავი მოიტანა, კულელი სნეული სტეფანი სწორედ იმ დღეს და საათს მომკვდარა, როცა ცრნიჩელი სტეფანის სული სხეულს დაუბრუნდაო. ეს კულელებმა 1931 წლის შემოდგომაზე მიამბეს.

* ათასხუთასი წლის წინ ნეტარმა ავგუსტინემ სხეულიდან სულის გამოსვლის საოცარი შემთხვევა ჩაიწერა: მეზობლად ორი პატიოსანი ახალგაზრდა ცხოვრობდა. მათი სათნო ცხოვრება მთელ იმ მხარეში იყო ცნობილი. სანიმუშო ქრისტიანები იყვნენ. ორივე ერთ დღეს გახდა ავად. ერთი გარდაიცვალა, მაგრამ რამდენიმე საათის მერე გაცოცხლდა. განცვიფრდნენ ახლობლები. მან კი ყველაფერი ძალზე მარტივად ახსნა. მის სულს ანგელოზი მიაცილებდა. თითქმის მიაღწიეს სამოთხეს. მეორე ანგელოზი შეხვდათ. მან პირველს უთხრა, - დააბრუნე ეს სული, მაგას კი არა, მისი მეგობრის სულს ითხოვენო. მაშინვე წავიდნენ იმ მეგობრის სახლში - იმწუთას გარდაცვლილიყო.

მსგავსი შემთხვევები ამა სოფლად ძველთაგანვე ხდება. ისინი ახსოვთ და ჰყვებიან, რათა ცოცხლები გონს მოეგონ და განმტკიცდნენ რწმენაში.

* ბიტოლთან მდებარე სოფელ მაკარევოში ცხოვრობდა შუატანის კაცი კოსტა. ახლა ის 60 წლისაა. 30 წლისა ავად გახდა და ერთი დღე-ღამე მკვდარი ესვენა. როცა მისი სული სხეულს მოშორდა, მას სამი ანგელოზი მიუახლოვდა და ზევით წაიყვანეს. ერთ ადგილას სატანა დახვდათ და უთხრა: "მოდი, სულო კაცისავ, დალიე წყალი, ხომ გწყურია?" კოსტამ უპასუხა: "განვედ ჩემგან, სატანავ! სამი წელი ჩემი უფლის, იესო ქრისტეს გულისთვის ტრიმირიეს (სერბული ჩვეულება, დიდმარხვის პირველ სამ დღეს არც პურს ჭამენ და არც წყალს სვამენ) ვიცავდი". შემდეგ წინ წავიდა, გადაჭრა ხიდი და სამოთხეში შევიდა. ის იქ ქრისტეს მარჯვენას ემთხვია. "კეთილი იყოს შენი მობრუნება, ჩემო სულო!" - მიესალმა მას ქრისტე. კოსტა ამბობს, რომ მთელი სამსჯავრო ქრისტეს ხელთაა. თუმცა ქრისტემ უთხრა ანგელოზებს: "შეცდით, ეს კაცი რომ მოიყვანეთ, იმავე სოფლიდან სხვა კოსტა უნდა მოგეყვანათ. ამ კოსტას კი სამოთხე და ჯოჯოხეთი ანახეთო". ჯოჯოხეთთან კოსტამ ცეცხლში ჩავარდნილი ერთი გამაჰმადიანებული ქრისტიანი დაინახა, იცნო ის ქალაქელები, რომლებიც მიწაზე ცხოვრებისას ყველა სიკეთით ტკბებოდნენ, ყოყოჩობდნენ და არად მიაჩნდათ მარხვა. საბოლოოდ, კვლავ ქრისტესთან დაბრუნდა. "ნახე ყველაფერი?" - ჰკითხა მაცხოვარმა. "დიახ", - მიუგო კოსტამ. "შენ დაბრუნდები დედამიწაზე და იქ ოცდაათი წელი იცოცხლებ. ყველას უნდა უთხრა, რომ არსებობს ღმერთი, იმქვეყნიური სამსჯავრო, სამოთხე და ჯოჯოხეთი. მწუხარება და შეჭირვება აქვს ბოროტის მოქმედ ყველა ადამიანის სულს!" ამის მერე ანგელოზებმა კოსტას სული სხეულთან მიიყვანეს. ამ დროს იქ მღვდელი კოსტას ცოდვათაგან განხსნის ლოცვას უკითხავდა. კოსტამ ჰკითხა: "რა მინდა სხეულში? ამ ქვეყანაზე ცხოვრება ხომ უფრო ტკბილია". უპასუხეს, უნდა დაემორჩილო უფლის ბრძანებასო და კოსტას სული მკვდარ სხეულს დაუბრუნდა. ცოტა შეანჯღრიეს, რომ სული სხეულის ყველა ასოში შესულიყო. მღვდელი და ხალხი სასაფლაოდან გაიქცა. კოსტა ახლაც ცოცხალია. მსახურობდა ბიტოლის საჯარისო სახლში და ყველას უყვებოდა, რაც შეემთხვა. ამის მერე კოსტა დღისითაც კი ვარსკვლავებს ხედავს. ამჩნევს, ბინდ-ბუნდში როგორ დაეხეტება ეშმაკი ახალი მსხვერპლის საძებნელად. როცა ორი კაცი ჩხუბობს, უფრო ძლიერს განარისხებს.

* ლიუბოვის ახლოს, სოფელ ქვემო ოროვიცაში, 1932 წელს, ხორციელის კვირაში, 18 წლის გოგონა გახდა ავად. მალე მოკვდა და უფალ იესო ქრისტესთან წავიდა. როცა თანასოფლელებმა მისი დაკრძალვა მოისურვეს, უფალმა უთხრა: - დაუბრუნდი სხეულს და აამოძრავე, რომ არ დაგმარხონო. ასეც მოიქცა. ცხადია, აღარ დაკრძალეს. გოგონა კი კვლავ წარდგა ღვთის წინაშე. უფალმა მას სხვადასხვა სატანჯველი ანახა. მაგალითად, ერთ მასწავლებელს მეხი მაშინ დაეცა, როცა მან სილა გააწნა მოწაფეს, ძალზე ღარიბი ოჯახის შვილს. დიდმარხვაში მათ საჭმელად არაფერი ჰქონდათ, დედამისი მოწყალებას ითხოვდა. ვიღაცამ სახსნილო საკვები მისცა და მან შეჭამა. თანაკლასელებმა მასწავლებელთან დააბეზღეს. მან კი იმ საწყალს სცემა...

სხეულში დაბრუნებულმა გოგონამ ეს უამბო ხალხს. ახალმა მასწავლებელმა მოძებნა გაზეთი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი ეს ამბავი.

გოგონამ ნახა, როგორ იტანჯებოდა თხუთმეტი წლის წინ გარდაცვლილი ოროვიცელი მასწავლებელი. თურმე ის ხშირად სცემდა და დასცინოდა მოსწავლეებს. უფალმა მას უთხრა: "აქამდე სოფელს მოხუცთა ბაგეებით ვაფრთხილებდი, მაგრამ არ უჯერებდნენ. ახლა იმავეს ყრმათა ბაგეებით ვიქმ". მართლაც, ზოგიერთმა ამ გოგონას წყალობით ღმერთი იწამა. გოგონამ თავისი დეიდის სახლიც დაინახა სოფელ ბიტინოვატში, სადაც არასოდეს ყოფილა. დეიდას ხუთი შვილი ჰყავდა მკვდარი. მეექვსე გოგონაღა დარჩენოდა. უფალმა ბრძანა, ცოცხალი რომ დარჩეს, სახელი უნდა შეუცვალონო. უფალმა ასევე უბრძანა, - წადი და ამის შესახებ ყველაფერი მოუყევი მასწავლებელს, ჩაიწეროს და ყველას შეატყობინოს. თუ ასე არ მოიქცევა, საქმე ცუდად წაუვაო.

* ყოველი სერიოზული ამბავი, რაც ამ ხრწნად სოფელში მომხდარა, თავისთავში შეიცავს ტანჯვა-წამებას, თავშეწირვას, სიკვდილს. მდიდარიც ხომ იმ სოფლის იმავე კარს შეაღებს, სადაც ღარიბი შედის. ოქრიდის სამიტროპოლიტოში ხშირად მოდიოდა ერთი ღარიბი გლეხის ქალი. ყოველთვის ხალისიანი გახლდათ. ერთხელ გადავწყვიტე, დაწვრილებით გამომეკითხა, როგორ ცხოვრობდა. ვაღიარებ, მართლაც საყურადღებო რამ მოვისმინე.

"მე სოფელ ოპენიციდან ვარ, - დაიწყო ქალმა, - ჩემს ქმარს ჯორჯე ილიჩი ერქვა. იგი 1921 წელს გარდაიცვალა. ძალზე ღარიბულად ვცხოვრობდით. საქონელი არ გვყავდა, ვირიც არ გვება ბოსელში. მხოლოდ ერთი დღიური მიწის ნაკვეთი გვქონდა. ჩემმა ქმარმა ერთი თვე იავადმყოფა და მოკვდა. მიცვალებულს წვერს რომ პარსავდნენ, სახე გაუჭრეს. უეცრად ჯორჯე გაცოცხლდა და მათ უთხრა: "ცოდვად გედოთ, რომ სახე გამიჭერით. ცოტაღა დამრჩა, ხიდზე უნდა გადავიდე და იმ ქვეყანაში მოვხვდები". ჯორჯეს სიცოცხლე დაუბრუნდა და კიდევ შვიდი დღე იცოცხლა. მხოლოდ მცირეოდენი ვაშლით იკვებებოდა. ის ჰყვებოდა სულის სიკვდილის შემდგომ თავგადასავლებს.

ამ გლახაკ დედაკაცს ფანია ერქვა. 1928 წელს მან საოცარი სიზმარი ნახა. ვიღაც ქალბატონი მივიდა, ჯოხი მიაწოდა და უთხრა, ამიერიდან სოფელში მოწყალების სათხოვნელად ივლიო. გაოცებული ფანია შეეწინააღმდეგა: "მოწყალებას როგორ ვითხოვ, როცა სოფელში შესვლას ვერ ვბედავ, ძაღლების მეშინიაო". ქალბატონმა უპასუხა: "უნდა შემოიარო სოფლები და ხალხს შეახსენო, ღმერთს მოსავლისთვის მადლობა შესწირონ. თორემ დადიან და წუწუნებენ: "შემოსავალი არ გვაქვს ნაყოფიერი წლისგან, რადგან ყველაფერი გაიაფდაო". ეს წელი გვალვიანი იქნება, რომ ამით ჭკუა ისწავლონო". მართლაც, 1928 წელს ციდან ცვარი არ ჩამოვარდნილა. ასე უბრალო ხალხს უმჟღავნებს ღმერთი თავის განზრახვას.

იმავე წელს ფანიამ მართლაც დაიწყო სოფლების შემოვლა და მოწყალების თხოვნა. არსად ძაღლები თავს არ დასხმიან. შინ კი სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილი შვილი ელოდა. დადის გლახაკი ფანია სათნო გულით, ღვთის იმედით და ეჭვიც არ ეპარება, რომ ღმერთი საზღაურს მიაგებს ტანჯვისთვის, დათმენისთვის, რწმენისთვის.

ქრისტიანული ევროპა ვეღარ გრძნობს ღმერთს - ვინაიდან ჩაეფლო ღრმა კრიზისსა და უგუნურებაში, რომელზე უარესიც არ ყოფილა სოფლის დასაწყისიდან.

ღმერთი ყოველთვის უბრალო ხალხთან არის. უბრალონი კი ისინი არიან, ვის გულებშიც არ არის ბოროტება.

* 1925 წელს ჩაეტინეში ავად გახდა და გარდაიცვალა მაზრის მწერალი, უსაზღვროდ კეთილი კაცი რადოე იოვიჩიჩი. იგი ექვსი საათი იყო მკვდარი. მერე კი გაცოცხლდა. მან გვაუწყა, რომ იმ ქვეყანას სტუმრობდა, მაგრამ ნანახის მოყოლა არ ისურვა. ამ სნეულების შემდეგ ძალზე დადინჯდა და დადუმდა. დღესაც ცოცხალია.

წყაროცხოველს მხოლოდ მწყურვალნი სვამენ. ღმერთი არსებობს, მან ყოველი კაცის გულში ჩადო ფიქრი და რწმენა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდეს. სისხლი ბოროტი ხომ გულიდან განდევნის ყოველგვარ სიკეთეს. ღვთის ურწმუნოებს არ სწამთ არაფრისა. მათ სულში არ არის სიკეთე.

* მაჩკეს სოფელ კლენში დღესაც ცოცხალია სანიმუშო მეურნე ჟივიონ იოვიჩი. მამამისი ომამდე გარდაიცვალა - ავადმყოფობა უეცრად დაატყდა თავს. იმ ქვეყანაში წინამძღოლმა ანგელოზმა უჩვენა მართალთა და ცოდვილთა სამყოფლები. აქვე უთხრა, რომ ღვთის ბრძანებით კვლავ დაუბრუნდებოდა სხეულს, რათა ხალხისთვის ეუწყებინა ნანახი, რომ არსებობს ღვთის სამსჯავრო. მან დაე იქადაგოს, მოუსმენენ თუ არა, ყურადღებას ნუ მიაქცევს. თუ იქადაგებს, იცოცხლებს კიდევ 30 წელი, თუ დაიდუმებს, თხუთმეტი წელი. მან ცოტა ხანში შეწყვიტა ქადაგება და თხუთმეტი წლის მერე მოკვდა.

სოფელ კლენში ახლაც ცოცხალია ერთი კარგი ადამიანი მიხაილო ვუკაშინოვიჩი. დიდი ხნის წინ ქალიშვილი გარდაეცვალა და გაცოცხლდა სულ ექვსი საათით. იმ ქვეყანაზე ნახა ყველა გარდაცვლილი ნაცნობი და მათი ხვედრი. მის მოსასმენად მაშინ უამრავი ხალხი მოვიდა.

* თქვენ კი, უღმერთოებო და ურწმუნოებო, დღეიდან უნდა მოგესალმონ ასეთი სიტყვებით: რატომ ახსენებთ ღვთის სახლს? თქვენ ხომ სრულიად არ გაინტერესებთ საღმრთო საკითხები. მხოლოდ იმის განხილვა შეგიძლიათ, რაც გულში გაქვთ. გულწრფელად მითხარით, რომ ცოდვა და ყოველგვარი ბიწიერება უფრო გიყვართ, ვიდრე ღმერთი, რომ თქვენი გული იძირება ბიწიერ ოცნებებსა და ბინძურ საქმეებში, სულზე კი სულაც არ ფიქრობთ. ამიტომაც აღუდგებით თქვენი ბაგეებით ღვთის ძალას! მთელი შენი რწმენა ხომ ღვთის სჯულისა და მისი სახელის წინააღმდეგ ჯანყში იკრიბება. შენ გწამს ღმერთი, ოღონდ უკუღმართულად.

* ინებეთ დიდებული მაგალითი ჩვენი ისტორიიდან. წმინდა საბას ძმას, სტეფანეს, პირველ მეფედ კურთხეულს, წვავდა სურვილი, დაეტოვებინა ტახტი და მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ წმინდა საბა ამის ნებას არ აძლევდა - სახელმწიფოს ასე სჭირდებაო. სტეფანე გარდაიცვალა. ღვთის განგებულებით ამას შეესწრო წმინდა საბა, რომელიც ძალზე წუხდა, რომ სტეფანე მონაზვნად აღუკვეცელი დარჩა. შეევედრა ღმერთს. სტეფანეს სიცოცხლე დაუბრუნდა. წმინდა საბას ხელთაგან აღიკვეცა ბერად და მალევე მიიცვალა.

* წმინდა თომა მოციქულის ცხოვრების ძველ ხელნაწერებში აღწერილია ამბავი ინდოეთის მეფე გუნდაფორისა. დიდი თანხა მისცა მან წმინდა თომას, რომ მისთვის ყველაზე ლამაზი და დიდებული სასახლე აეშენებინა. მოციქულმა ფული აიღო და ობლებსა და ღატაკებს დაურიგა. მეფე განრისხდა და წმინდა მოციქული საპყრობილეში ჩააგდო. მაშინ ანგელოზმა აიღო მისი ძმის სული, აიყვანა ზეცაში და ანახა დიდებული სასახლე, რომელიც მოწყალების საქმეთაგან იყო აშენებული, მისი სადარი არსად იყო. ამის მერე ანგელოზმა სული სხეულში დააბრუნა და უბრძანა, ძმისთვის მოეთხრო ნანახი. ღმერთი ასე ასწავლის უხეშ სულებს, რომლებსაც მცირედი წარმოდგენაც კი არა აქვთ ზეციურ სამყაროზე.
ბეჭდვა
1კ1